„აფხაზებს სხვის ომში ჩაბმის ვალდებულება არ გვაქვს“ - კვირის პალიტრა

„აფხაზებს სხვის ომში ჩაბმის ვალდებულება არ გვაქვს“

მას ირონიულად ბოევიკ-პოლიტიკოსსაც უწოდებენ, რეგიონში დაბრუნდა და აფხაზურ მედიას ბოლოდროინდელ აქტუალურ მოვლენებზე ესაუბრა, მათ შორის იყო "პროქართული განწყობის გაძლიერების საფრთხე".

ინტერნაციონალური დაჯგუფება "პიატნაშკას" ლიდერ ახრა ავიძბას მიმართ აფხაზებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ - ნაწილისთვის ის "პატრიოტია", ზოგისთვის კი, "აგრესიული კაცი", რომელსაც ყველგან დაპირისპირება შეაქვს. როგორც ავიძბამ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, აფხაზ საზოგადოებაში საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების განწყობა გაჩნდა, რაც "უკიდურესად უსიამოვნოა".

"ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს რევანში სურს. ეკონომიკური და ჯანდაცვის საკითხებით, მრავალწლიანი პროგრამით ჩვენს ჩათრევას ცდილობენ, რათა შემდგომ სამხედრო გზით დაგვიბრუნონ... საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის რეალური საფრთხე არსებობს. ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნა და ჩვენზე თავდასხმა სურს. 2008 წელს მათ იარაღით ამარაგებდნენ. დღესაც გემებით შედის თურქეთიდან საქართველოში იარაღი. იმართება სწავლებები და მიმდინარეობის ძალების მობილიზება", - განაცხადა ავიძბამ.

ბიჭვინთის აგარაკზე საუბრისას ის რუსეთის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ "მალე რუსეთისა და აფხაზეთის ფინანსურ-ეკონომიკური ურთიერთობებიც შეიცვლება... სამ წელიწადში ჩვენი მილიცია, ჯანდაცვა, თავდაცვა, მასწავლებლები და სხვა საბიუჯეტო აპარატი დღევანდელი დაფინანსების მხოლოდ 15%-ს მიიღებენ. დავუშვათ, დახმარება გაგვიგრძელეს, რის საფუძველზე მოხდება ეს? სარკინიგზო კრედიტიც კი მხოლოდ დროებით გადაგვივადეს. ალბათ, მანამდე, სანამ ჩვენ თავად არ ვითხოვთ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. ახლა აფხაზეთი უფსკრულის პირასაა და ქვეყანა ამ მდგომარეობამდე ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ მიიყვანა", - ამბობს ავიძბა.

ავიძბას განცხადებებს ხისტი და დაუფიქრებელი უწოდეს აფხაზეთში. ბლოგერი სარა კაპბა ამბობს, რომ საბედნიეროდ, ის პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნის.

"ავიძბა არ სარგებლობს ისეთი ავტორიტეტით, რომ მის სიტყვას საზოგადოებ­რივი აზრის შექმნა შეეძლოს. მას სულ არეულობა, ქაოსი, იარაღით სირბი­ლი, შეუზღუდავი გავლენები სურს... საზოგადოებას სტაბილურობა, განვითარება უნდა და არა სისხლიანი თავგადასავლები. რაც შეეხება პროქართული განწყობის ზრდას, შესაძლოა ეს ავიძბამ ანტირუსულ გამოსვლებში დაინახა. პოლიტიკურ მხარეზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ქართულ მხარესთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე დადებითი განწყობა ნამდვილად არის. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ქართული ბაზრით დაინტერესება გაიზარდა და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავთ, ისევე, როგორც ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობაში...

არ ვიცი, ვისი დავალებით დაბრუნდა დონბასიდან ავიძბა, მაგრამ თუ ვინმეა დრომოჭმული, თავადაა თავისი ძალადობრივი იდეოლოგიით. მას ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები აქვს. ჯერ ამბობს, რომ ხელმძღვანელობას მის შევიწროებას აპატიებს იმ შემთხვევაში, თუ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკს რუსეთს არ გადასცემს, მაგრამ შემდეგ აცხადებს, რომ აფხაზეთის რუსეთისთვის მიერთება მხოლოდ დროის ამბავია... თუ მაინც რუსეთს უნდა მივუერთდეთ, მაშინ რა აზრი აქვს ბიჭვინთის აგარაკზე ჩაბღაუჭებას?.. აფხაზეთი არავისთან მიერთებას არ განიხილავს.­.. ახლა, როდესაც რუსეთს ისე უჭირს, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ავიძბა აფხაზეთში დაბრუნდა. შესაძლოა მას აფხაზეთიდან მოხალისეების წაყვანა აქვს განზრახული, რაც იმედია, არ გამოუვა. სხვის ომში ჩაბმის ვალდებულება არა გვაქვს".