"კარგა ხანია კადიროვმა თვალი დაადგა თუშეთს" - კვირის პალიტრა

"კარგა ხანია კადიროვმა თვალი დაადგა თუშეთს"

მას შემდეგ, რაც პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა, საქართველოში მასობრივად შემოდიან რუსეთის მოქალაქეები. რუსებისგან განსხვავებით, ჩრდილოკავკასიელების ნაწილი ჩივის, რომ მათ მესაზღვრეები საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან და მიზეზის აუხსნელად უკან აბრუნებენ. რა მოჰყვება ამდენი ადამიანის საქართველოში შემოსვლას, რა საფრთხის შემცველია ჩრდილოკავკასიელების აქ ყოფნა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

mamuka areshidze.jpg

- ბატონო მამუკა, უკრაინა მაქსიმალურად ცდილობს დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები, ნელ-ნელა რუსეთის გავლენა სუსტდება. ხომ არ გამოიწვევს ეს თუნდაც კადიროვის გავლენის დასუსტებასაც ჩეჩნეთში?

- ამ კითხვაზე პასუხი რომ გასცე ჩრდილოეთ კავკასიის მაგალითზე, უნდა იცოდე იქაური სოციუმის ცხოვრების წესი. სოციუმისა და სახელმწიფო წარმონაქმნების ცხოვრების წესი აგებულია კლანურ მმართველობაზე, გამონაკლისი მხოლოდ დაღესტანია. ჩეჩნეთის ხელისუფლებაში კლანია, რომელიც კრემლის დიდი კეთილგანწყობით სარგებლობს, ფინანსებიც იქიდან მისდით და კლანისთვის სიკვდილის ტოლფასია ამ მდგომარეობის შეცვლა, ამიტომ ასრულებენ მოსკოვის ყველა დავალებას. ჯერ კიდევ ელცინის დროს შექმნეს ხელოვნური ბიუჯეტური დეფიციტი შვიდივე რესპუბლიკაში - ცენტრი იძლევა ფულს, თვითონ კი არ გამოიმუშავებენ. უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ბიუჯეტის 40-45% გამოიმუშაონ, უარეს შემთხვევაში 10-12%, როგორც აფხაზეთშია. თუ ეს არ ექნებათ, სახელმწიფო წარმონაქმნები ქაოსში ჩაიძირება. ამიტომ იქ მოსკოვის გავლენა შესუსტდაო, ამის თქმა ნაადრევია, მაგრამ შესუსტდა ავტორიტეტი, შიშის სინდრომი. 7 რესპუბლიკიდან, სულ მცირე, 5-ში საპროტესტო განწყობაა - ყაბარდო-ბალყარეთში, ადიღეში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში. ორში - ჩეჩნეთში, სპეციფიკური ვითარებაა, ყველაფერს კადიროვის ჯგუფი განაგებს, ხოლო ჩრდილოეთ ოსეთი მოსკოვზეა მიბმული. ის უფრო ლოიალურია მოსახლეობა-ხელისუფლებიანად. ჩრდილო ოსეთსა და დაღესტანში არაადგილობრივი პირია ხელისუფლების სათავეში. ეს დაღესტანში იმისთვის გაკეთდა, რომ დაებალანსებინათ სხვადასხვა ეთნიკური კლანის ურთიერთობა, ამიტომ სხვა რეგიონიდან შემოიყვანეს ადამიანი ხელმძღვანელად. რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთს, იქ რუსი დანიშნეს, რათა უფრო აქტიურად გააკონტროლონ რეგიონი. რუსია, მაგრამ უკრაინული გვარით. ოსები ლოიალურები არიან მოსკოვის მიმართ, რადგან კარგად იციან, რომ იქიდან გასვლის შემთხვევაში კარგი დღე არ დაადგებათ, ისინი ხომ მიტაცებულ ყაბარდოელებისა და ინგუშების ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

რაც შეეხება ჩეჩნეთს, იქ სხვა ვითარებაა. დიდი ხანია მოსკოვის გავლენა იქ შესუსტებულია და ავტორიტეტი შერყეულია, სამაგიეროდ, კრემლის მეფისნაცვლის მდგომარეობაა უაღრესად ძლიერი. კადიროვმა შექმნა ტოტალიტარული სახელმწიფო, სადაც სხვა აზრის გაჭაჭანების გამო სიკვდილი გემუქრება ადამიანს, უკეთეს შემთხვევაში, წამება. ამიტომ გაიქცა იქიდან უამრავი ჩეჩენი და ვინც დარჩა, ისინი ხმის ამოღებას ვერ ბედავენ.

- ანუ ჩეჩნეთში ვითარება არ შეიცვლება?

- ამ სიტუაციაში გამორიცხულია. თუ რუსეთი დამარცხდება და კრემლის გავლენა მოისპობა, შეიძლება მინიმალურად მოხდეს რაღაც. კადიროვს დაახლოებით 70 000-კაციანი ჯარი ჰყავს: ზოგი სხვადასხვა სტრუქტურაშია, ზოგი პირადი გვარდიაა, ზოგი თავდაცვაშია, ზოგი შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ისინი ნომინალურად ექვემდებარებიან თავიანთ ფედერალურ სტრუქტურებს, ყველანი კადიროვზე არიან დამოკიდებული. ამ ჯარით მას შეუძლია ძალიან იოლად გაუმკლავდეს როგორც თავის რესპუბლიკაში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში საპროტესტო აქტივობების წევრებს. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო დაპირისპირებოდა კადიროვს, ისლამისტები იყვნენ, მაგრამ ისინი კადიროვმა წელში გადატეხა - შექმნა ტრადიციული ისლამის მიმდინარეობა, რითაც რელიგიურად დაუპირისპირდა ისლამისტებს, ფიზიკურად კი, როგორც მოგახსენეთ, ომი გამოუცხადა და მოსპო.

- ფიქრობთ, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც კადიროვს შეებრძოლება?

- ჩეჩნეთში არა, მაგრამ გარეთ კი - ის უზარმაზარი დიასპორა, რომელიც გაფანტულია მსოფლიოში, მაგრამ ეს ძალაც არ არის ჯერ ისე კონსოლიდირებული, რომ დარტყმა მიაყენოს კადიროვს, მაგალითად, პარტიზანული მოძრაობით.

- ჩვენთვის კადიროვი რამდენად წარმოადგენს საფრთხეს?

- კადიროვი ყველა მეზობლისთვის საფრთხეა. ეს უკვე გამოცადეს ინგუშებმა და დაღესტნელებმა. ის ჩვენთვისაც სახიფათოა. კარგა ხანია კადიროვმა თვალი დაადგა თუშეთს. საქართველოს მთიანეთის ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს, პირიქითა კავკასიას ვგულისხმობ, და კადიროვი თვლის, რომ მისი საზღვრის გასწვრივ რაც ჩრდილოეთ კავკასიას ეკუთვნის გეოგრაფიულად, მისია. ვიცი, რომ მან აქ მცირერიცხოვანი, მაგრამ საყრდენი მაინც მოიპოვა და ისინი პანკისელი ქისტები არ არიან. ბევრს ძალიან უხარია რუსეთის მარცხი უკრაინაში, სასიხარულოა, იმიტომ, რომ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში ხელი გაგვეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მეორე მხრივ, ამას ექნება ცუდი მხარეც - იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური ხელისუფლება შემცირდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ამას მოჰყვება უმართავი პროცესი, ქაოსი კი საკუთარ საზღვარზე ყოველთვის სახიფათოა.

- თუ კადიროვს მოსკოვმა ფინანსები გადაუკეტა, მაშინ?

- ყველაფერი ისე მოხდება, რაც 90-იან წლებში იყო. იყო თავისუფლებისთვის ბრძოლაც, მაგრამ იყო კრიმინალი ყოველგვარი საზღვრების გარეშე. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ რუსეთის ბედზე, ჩვენთვის მისაღებია დასუსტებული, ლოიალური რუსეთი, ვიდრე დაშლილი და დაქუცმაცებული.

- უკრაინელები ყოველდღე ათავისუფლებენ ტერიტორიებს. თქვენი აზრით, იქ როგორ განვითარდება მოვლენები?

- უკრაინამ ბევრი მიზეზის გამო მოახერხა სტრატეგიული უპირატესობის ხელში ჩაგდება. ეს განაპირობა იმან, რომ უკრაინელებმა რუსეთს მობილიზაცია დაასწრეს. მათ ბევრად მეტი ჯარისკაცი ჰყავთ ფრონტის ხაზზე, ვიდრე რუსებს. ამიტომ გამოაცხადეს რუსებმა მობილიზაციის ახალი ტალღა, თუმცა მობილიზაციას სჭირდება წვრთნა და აღჭურვა. უკრაინელებმა ამაშიც დაასწრეს რუსებს, წვრთნაც და აღჭურვაც დასავლელი პარტნიორების ხელშია.

უპირატესობა აქვთ უკრაინელებს, მაგრამ არა გადამწყვეტი. აქედან გამომდინარე, არ ვიცით მოვლენები როგორ განვითარდება, საქმე მივა თუ არა ბირთვულ ომამდე. ძალიან რთულია სიტუაციის პროგნოზირება, თუმცა ვამბობ, თუ ეს ომი ამ რეჟიმით გაგრძელდა, რუსეთი მოახერხებს საქმეში რეზერვების ჩართვას. გაწვრთნილი იქნება თუ არა, ცოცხალი ძალა მაინც ამოავსებს სიცარიელეს ფრონტის ხაზის გასწვრივ. რუსული მანქანის წესია, გვამებით ამოავსოს სიცარიელეები. თუ პუტინმა ბირთვული იარაღი არ გამოიყენა, ეს ომი კარგა ხანს გაგრძელდება.

- ბირთვული იარაღის გამოყენებას პუტინი გაბედავს?

- როგორც ჩანს, გაბედავს, თუნდაც მცირე მუხტის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს იმის მიუხედავად, რომ იცის, საპასუხო დარტყმას მიიღებს. რუსებმა დააგვიანეს არა მარტო მობილიზაცია, არამედ პროპაგანდაც, რომ ომი ახლა მათ ტერიტორიაზეა, მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს რეგიონების შემოერთება რუსეთისთვის. როდის დაასრულებენ მობილიზებულების გაწვრთნას, არავინ იცის. თუ მოსკოვმა დაინახა, რომ კარგავს ყირიმს, შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენებაზე იფიქროს.

- მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან გარბიან მამაკაცები. დაღესტანშიც დიდი ხმაური იყო.

- მთელ რუსეთში იყო საპროტესტო გამოსვლები, მაგრამ კრემლმა ყურადღება უფრო გაამახვილა ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. ჩრდილო კავკასია ყველაზე სუსტი წერტილია რუსეთისთვის. კარგად იციან, რომ მათი გავლენა დამყარებულია არა მოსახლეობის ლოიალურობაზე, არამედ ძალასა და ცენტრიდან გაგზავნილ თანხებზე. ამიტომ ზოგიერთი კატეგორიის მობილიზებული სახლში გაუშვეს. გაითვალისწინეს დაღესტნის მუფთის თხოვნა, რომ 6 თვით გადაედოთ გაწვევა დაღესტნიდან. მუფთის წერილში წერია, ჩვენ თვითონ მოვამზადებთ ჩვენს ტერიტორიაზე რეზერვს, რადგან ეს ხალხი მოუმზადებელიაო. შედეგად, გადაიდო მათი გაწვევა, ოღონდ იმ მიზნით, რომ განელებულიყო ხალხის აღშფოთება და დაძაბულობა განმუხტულიყო. დააკვირდებიან პროცესს, თუ დაინახეს, რომ მუხტი არ არის, დაიწყება გაწვევა, თუ დაინახეს, რომ მუხტი ძლიერია, ისევ თავს შეიკავებენ. რუსეთი ყოველთვის კბილებს იტეხდა, როცა ჩრდილო კავკასიას ეხებოდა საქმე. ამიტომ ყოველთვის ფრთხილობდა.

- ფრთხილობს, როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლებაც. გავრცელებული ინფორმაციით ლარსზე შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ ჩრდილოკავკასიელებს, მათ უკან აბრუნებენ.

- აბრუნებენ ჩრდილოკავკასიელების განსაზღვრულ კატეგორიას, ყაბარდოელებს ვგულისხმობ. გასაგებია, რომ ჩეჩნების შემოშვება პრობლემურია, რადგან ძნელად გასარკვევია, ვინ ისლამისტია და ვინ არა, მაგრამ რატომ არ უშვებენ ინგუშებს, რომლებიც ყველაზე ლოიალური ხალხია საქართველოს მიმართ. სანამ დაიწყებოდა მობილიზაცია, მანამდეც ასე იყო. ამიტომ ინგუშები და ჩეჩნები იძულებული იყვნენ დაკავშირებოდნენ დაღესტნურ ტურისტულ ფირმებს და ჩამოსულიყვნენ როგორც დაღესტნელი ტურისტები. კანონით მებაჟე არ არის ვალდებული მიზეზი განმარტოს, მაგრამ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა გაირკვა მიზეზი. მაგალითად, ერთი პირი იმიტომ გააბრუნეს, რომ ნამყოფი იყო საუდის არაბეთში ჰაჯიზე, ვიღაც აფხაზეთში იყო ნამყოფი. ზოგიერთ შემთხვევაში ვერ გავიგეთ მიზეზი.

- ლარსიდან შემოსულები ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეა?

- ბევრია ისეთი, რომელმაც არ იცის, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ამ დღეებში აქ შემოსულმა რუსებმა "ტვიტერსა" და "ტელეგრამზე" გაავრცელეს ცხელი ხაზის ნომერი და ეხმარებიან თანამემამულეებს, იურიდიულად თუ ფინანსურადაც. მთელ მსოფლიოში აგროვებენ ფულს და საზღვარზე გადმოსულებს საჭმელსა და წყალს აწვდიან, ეხმარებიან ტრანსპორტით, აძლევენ რჩევებს რომელ ორგანიზაციას მიმართონ ბინების დასაქირავებლად. მათ გავრცელებულ ინფორმაციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული. თავისთავად, ეს კარგია, რადგან ჩამოსულების დიდმა ნაწილმა ეს არ იცის, ან იცის და იტყუება, რომ არ იცის. არის ერთი კატეგორიაც, რომელიც დარწმუნებულია, რომ კრემლი საქართველოსთან არ ტყუის. ასე რომ, მათთვის რქების მოტეხა არ არის რთული, მაგრამ ის კატეგორიაა სახიფათო, რომელიც კონკრეტული დავალებით შემოდის. ამიტომ, სახელმწიფომ ბევრად აქტიურად უნდა იმუშაოს აქ შემოსულ რუსეთის მოქალაქეებთან.