ის, რაც ვერ შეძლო აგვისტოს ომში საქართველომ, დღეს უკრაინა უსრულებს რუს ოკუპანტებს... - კვირის პალიტრა

ის, რაც ვერ შეძლო აგვისტოს ომში საქართველომ, დღეს უკრაინა უსრულებს რუს ოკუპანტებს...

მოწინააღმდეგის დაუფასებლობა არ შეიძლება იმის ყვირილით, რომ თურმე ჟანგიანი ტანკები ჰყავს, ისევე როგორც გადაფასება, მარტო ჩექმების ურიცხვი რაოდენობით "დაგვბომბავენო". სწორედ ასეთი, უკიდურესად განსხვავებული რადიკალური შეფასებები გვესმოდა აგვისტოს ომის წინ როგორც მაშინდელი ხელისუფლებისგან, ისე საზოგადოებისგან.აგვისტოს ომის მწარე შედეგებს დღემდე ვიმკით, მაგრამ იმ რამდენიმედღიან ომშიც შეგვეძლო ბევრად დამაზიანებელი დარტყმები მიგვეყენებინა მომხვდურისთვის, რაც გულის მოსაფხანად მაინც დაგვრჩებოდა - მაშინ რუსეთის არმიამ იმდენი ელემენტარული შეცდომა დაუშვა, რომ ჩვენს ადგილას ცოტა მეტად ძლიერი ქვეყანა რომ ყოფილიყო, კრემლი მაშინვე წაიტეხდა ცხვირს. მაგრამ მას შემდეგ გავიდა 14 წელი და პუტინმა იმავეს გამეორება უკვე უკრაინაში მოინდომა აგვისტოს ომის სცენარით, თუმცა რა მიიღო თვეების შემდეგ, ვხედავთ.

მეორე თვე დაიწყო, რაც უკრაინის არმია განაგრძობს კონტრიერიშებს ოკუპირებული უკრაინის მიწების გასათავისუფლებლად, თანაც ერთდროულად ორ მიმართულებაზე, და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, გამოსდის...

ბოლო დღეებში ოკუპირებულ ხერსონის ოლქში 30-მდე დასახლებული პუნქტიდან განდევნეს რუსი ოკუპანტები. პარალელურად, ხარკოვის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებშიც ათავისუფლებენ ქალაქებს. რა ხდება? რუსეთის საოკუპაციო ძალები, რომლებიც კვირებსა და თვეებსაც კი ანდომებდნენ ვთქვათ, იზიუმისა თუ ბალაკლავის დასაპყრობად, როგორ თმობენ მათ ორ-სამ დღეში? კრემლი, რომელიც კიევის დაპყრობასა და იქ პრორუსი მარიონეტების დასმას უკრაინაში შეჭრიდან სამიოდე დღეში აპირებდა, დღეს როგორ ეგუება დამარცხების ყოველდღიურ ცნობებს ფრონტის ხაზიდან? უკრაინის არმია, რომელსაც რუსეთის პროპაგანდა მწარედ დასცინოდა, როგორ ამარცხებს "მსოფლიოს მეორე არმიას" (აქამდე თავად რუსები ასე აფასებდნენ თავის არმიას)?

ეს და ბევრი სხვა კითხვა არა მარტო ფრონტის ორივე მხარეს აწუხებთ, არამედ მსოფლიოს დიდ ნაწილს (და არა მარტო სამხედროებს) აინტერესებს, რამ მოახდინა გარდატეხა რუსეთ-უკრაინის იმ რვათვიან ომში, რომლის დასაწყისში ძალიან ბევრი უკრაინას სრულ მარცხს უწინასწარმეტყველებდა და მხოლოდ იმაზე კამათობდა, რამდენ ხანს გაუძლებდნენ უკრაინელები სამჯერ მეტი რიცხოვნობის აგრესორ რუსეთს.

მიზეზები იმისა, თუ რატომ არ გამართლდა ბევრის პესიმისტური პროგნოზი ომში უკრაინის წაგებაზე და პირიქით, როგორ ახერხებს უკრაინის არმია წარმატებული კონტრიერიშების სერიის გაგრძელებას, ბევრია და არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო და სხვა სახის...

რუსი ოკუპანტების ბოლოდროინდელი საბრძოლო მარცხის მიზეზები შეიძლება იყოს:

1. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელისუფლებამ თავდასხმამდე არასწორად შეაფასა უკრაინის სამხედრო პოტენციალი და დონბასში რვაწლიანი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება, რაც ათიათასობით უკრაინელმა სამხედრომ მიიღო;

2. რუსეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვის მცდარი ანალიზის საფუძველზე კრემლმა დაასკვნა, რომ უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობის უმრავლესობა, ასევე მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ საბრძოლო მოქმედებებს არ მიიღებდა როგორც სამამულო ომს სამშობლოს ტერიტორიის დასაცავად და ადვილად შეეგუებოდა კიევში დასმულ კრემლის მარიონეტულ პრორუსულ ხელისუფლებას;

3. რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს დამუშავებული ბლიცკრიგის, ანუ სხვადასხვა მიმართულებიდან უკრაინის დედაქალაქზე სწრაფი შეტევების გეგმა, შეიძლება იდეალურად გამოიყურებოდა ოპერატიულ რუკებზე, მაგრამ მან ხორცი ვერ შეისხა, თუნდაც ზემოთ მოყვანილი პირველი და მეორე მიზეზების გამო;

4. ბლიცკრიგის ჩაშლისა და მტკივნეული დანაკარგის მიღების გამო რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შემდგომი მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგია აირია, რადგან უკრაინასთან ხანგრძლივი ომისთვის რუსეთის ფედერაცია არ ემზადებოდა და პუტინს ადვილ გასეირნებად წარმოედგინა;

5. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის არმია, ისევე როგორც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და მთლიანად ამ ქვეყნის ეკონომიკა, არ იყო მზად ხანგრძლივი და თანაც ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებისთვის, პრობლემებმა თავი მალევე იჩინა, უპირველესად კი საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების როტაციასა და დაკომპლექტებაში, მით უმეტეს, მნიშვნელოვანი საბრძოლო დანაკარგების ფონზე;

6. რუსეთის გენერალური შტაბის, ასევე სამხედრო ოლქებისა და მიმართულებების სარდლობების მოქმედება ოპერაციების დაგეგმვა-შესრულების ეტაპებზე ბევრ ხარვეზს შეიცავდა და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რუს გენერლებს თავი ჩეჩნეთსა თუ საქართველოში ეგონათ, როდესაც მათი არმია სრულ უპირატესობას ფლობდა;

7. მთავარი მიზეზი რუსეთის საოკუპაციო ძალების მარცხისა კი მაინც ისაა, რომ მისი ჯარისკაცებიც და ოფიცრებიც გრძნობენ, რომ მათი ქვეყანა დამპყრობელ ომს აწარმოებს და არ არის მართალი. შესაბამისად, მათი საბრძოლო მოტივაციაც ძალიან დაბალ დონეზეა, თუმცა სხვა ქვეყანა რომ დასხმოდა თავს რუსეთს და ახლა ბრძოლები უშუალოდ მის ტერიტორიაზე მიმდინარეობდეს, იგივე ჯარისკაცები ბევრად დიდი სულისკვეთებით იბრძოლებდნენ.

უკრაინელების ბოლოდროინდელი საბრძოლო წარმატება ფრონტის სხვადასხვა უბანზე ბევრი მიზეზითაა განპირობებული:

1. მოტივაცია - უკრაინელები იცავენ საკუთარ მიწას და მორჩა!

ამასთან, მას შემდეგ, რაც რუსეთის არტილერია, ავიაცია და სარაკეტო შენაერთები დაუნდობლად ბომბავენ უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს, ეს მოტივაცია მაქსიმუმამდე იზრდება, მათ შორის ისეთ ქალაქებშიც, რომელთა მოსახლეობასაც თავად უკრაინელებიც ომამდე უფრო პრორუსულად თვლიდნენ;

2. ყირიმის ნახევარკუნძულის უბრძოლველად ჩაბარების შემდგომ დონბასში მიღებულმა რვაწლიანმა ბრძოლების გამოცდილებამ უკრაინის შეიარაღებული ძალები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლ არმიად ჩამოაყალიბა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის საბრძოლო ხელწერა მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დონბასის ბრძოლებისგან;

3. უკრაინამ მოსახლეობის ძალიან მაღალი მოტივაციის წყალობით შეძლო მასობრივი მობილიზაციის დაწყება, რითაც რიცხობრივ უპირატესობას მიაღწია რუსეთის საოკუპაციო ძალებზე. არადა, თუკი რუსეთის გენშტაბს ამ ომში გამარჯვება სურდა, მაშინ უკრაინის დასამარცხებლად არა 160 ათასამდე სამხედრო, არამედ 3-5-ჯერ მეტი მაინც უნდა გაეგზავნა. ამ მობილიზაციის შედეგი გახლდათ უკრაინის ქალაქებსა და თვით სოფლებშიც კი ტერიტორიული თავდაცვის რაზმების სწრაფი ჩამოყალიბება. მართალია, ისინი არ გამოირჩეოდნენ დიდი ორგანიზებით, საბრძოლო მომზადებითაც მოიკოჭლებდნენ და დისციპლინითაც ბევრი პრობლემა ჰქონდათ, მაგრამ იმ კრიტიკულ საწყის პერიოდში მათ მაინც უდიდესი დახმარება გაუწიეს უკრაინის რეგულარულ არმიას, რომლის მეთაურობამ უკვე აღარ იცოდა, რუსების შემოტევების რომელი მიმართულება გადაეკეტა;

4. დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური დახმარება ასევე გადამწყვეტი აღმოჩნდა უკრაინის გადასარჩენად ომის პირველ პერიოდში. ფაქტობრივად, უკრაინელებმა განაცხადეს, სისხლი ჩვენი, იარაღი თქვენიო და როცა დასავლეთმა დაინახა, რომ უკრაინელები თავგანწირვით იბრძოდნენ და არ აპირებდნენ გაქცევას, დაიწყო უკრაინის არმიის შეიარაღება, თუმცა ეს პროცესი შეიძლება უფრო ინტენსიური და მოცულობითი იყოს. მაგალითად, საზენიტო-სარაკეტო სისტემების დროულად და შედარებით დიდი რაოდენობით გადაცემა უკრაინის ბევრი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენდა რუსული რაკეტებით უკრაინის ქალაქების დაუნდობლად დაბომბვების დროს;

5. დასავლური შეიარაღების კონკრეტული სახეობებისა და ტიპების გადაცემამ განაპირობა ომის მსვლელობის შემოტრიალება უკრაინელების სასარგებლოდ.

"ჯაველინებმა", "სტინგერებმა", "ჰაიმარსებმა", "ექსკალიბურებმა", "ბაირაქტარებმა" და კიდევ ბევრმა სხვა შეიარაღებამ დადებითი როლი შეასრულა და ასრულებს ამ ომში, უპირველესად კი იმიტომ, რომ "ჭკვიანი" იარაღის თაობას განეკუთვნება და იქ, სადაც რუს არტილერისტს ძველი ჰაუბიცით ოცი თუ ოცდაათი ჭურვის გასროლა სჭირდება, რომ მოწინააღმდეგის პოზიციის სიახლოვეს მაინც მოახვედროს, უკრაინელი სამხედრო "ჰაიმარსის" მართვადი რაკეტითა და "ექსკალიბურის" მართვადი ჭურვით ერთი-ორი გასროლით ზუსტად მიზანში ახვედრებს;

6. შეიძლება დიდად არ აფიშირდება, მაგრამ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ნატოს წევრი აშშ, დიდი ბრიტანეთი, შეიძლება გერმანია და საფრანგეთიც, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სისტემატურად აწვდიან იმ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელსაც რუსეთის ტერიტორიის, ასევე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების კოსმოსური და საჰაერო დაზვერვის დროს მოიპოვებენ. ომის დასაწყისში ასეთი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების ოპერატიულობა შეიძლება არ იყო მაღალი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს პროცესი დაიხვეწა და ახლა, მაგალითად, ვორონეჟის ბალტიმორის სამხედრო აეროდრომიდან რუსული ბომბდამშენების აფრენისთანავე უკრაინელი მეზენიტეები საბრძოლო მზადყოფნაში არიან. იგივე ითქმის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კორვეტებიდან "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტების სტარტზე თუ ბელგოროდის ოლქიდან აფრენილ "ისკანდერებზე".

კიდევ არაერთი მიზეზის მოყვანა შეიძლება იმის ასახსნელად, თუ რატომ ხდება გარდატეხა რუსეთ-უკრაინის ომში, მაგრამ მთავარია, ეს პროცესი კვლავ გაგრძელდეს საბოლოო გამარჯვებამდე - უკრაინის და იმედია, საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე.