პუტინის სუპერსიამაყე და უკრაინელების სუპერსამიზნე - ყირიმის ხიდი სუპერდივერსიით აფეთქებულია... - კვირის პალიტრა

პუტინის სუპერსიამაყე და უკრაინელების სუპერსამიზნე - ყირიმის ხიდი სუპერდივერსიით აფეთქებულია...

ყირიმის ხიდის ხანგრძლივად მწყობრიდან გამოყვანას, წმინდა სამხედრო და პოლიტიკური შედეგების გარდა, ოფიციალური კიევი დიდ პროპაგანდისტულ დატვირთვასაც აძლევს - ხომ ვაფრთხილებდით საჭირო დროს საჭირო ადგილზე ავაფეთქებდით რუსეთის ოკუპაცია-ანექსიის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოს - ყირიმის ხიდსო...

სიმბოლოებს ომშიც ითვალისწინებენ და რუსეთის პრეზიდენტს 70-ე წლისთავზე უკრაინელებმა სიმბოლურად ყირიმის ხიდის აფეთქება უძღვნეს, იმ ხიდისა, რომელსაც თავად პუტინი წარმოადგენს ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპირება-ანექსიის სიმბოლოდ.

ყირიმის ხიდი კრემლის მთავარი ბინადრის ყველაზე საყვარელი "სათამაშოა", რომლითაც მუდმივად ამაყობდა და რუსეთის მილიონობით თანამოქალაქეს არწმუნებდა, რომ ყირიმის ხიდი საიმედოდ იყო დაცული ჰაერიდან, ხმელეთიდან, ზღვიდან თუ წყალქვეშიდან ნებისმიერი თავდასხმისგან. მაგრამ როგორც ხედავთ, რუსეთის ასე გაპიარებულმა სპეცსამსახურებ­მა და არმიამ ვერ შეძლეს თავიანთი პრეზიდენტის სიამაყის დაცვა, რის გამოც რუსეთს წინ ჯერ კიდევ ბევრი უსიამოვნება ელოდება.

ოთხი წლის წინ აშენებული 19 კმ სიგრძის ყირიმის ხიდი იმ სტაციონარულ საკომუნიკაციო საშუალებად იქცა, რომლის გამოყენებითაც კრემლმა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ რეგიონად გადააქცია და როგორც აღმოჩნდა, სწორედ იმისთვის, რომ ყირიმიდან მიეტანა შეტევა უკრაინის სამხრეთ ნაწილზე. რომ არა ყირიმიდან დაწყებული შეტევები, უკრაინას არც ხერსონის, არც მელიტოპოლის, არც ბერდიანსკისა და შეიძლება თვით მარიუპოლის დაბრუნების პრობლემა არ გასჩენოდა.

ამიტომაც წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, სანამ ყირიმის ხიდი არ ფუნქციონირებს, უკრაინის გენშტაბმა შეიძლება იჩქაროს ოპერატიულ-ტაქტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე შეტევა.

ყირიმის ხიდზე აფეთქება პოლიტიკურად ურტყამს კრემლს, რადგან ის უკრაინის ოკუპირებულ-ანექსირებულ ტერიტორიებს უკვე რუსეთის ფედერაციის "საკუთრებად" თვლის, ესე იგი, თავად პუტინის ლოგიკით გამოდის, რომ უკრაინა უკვე რუსეთის ტერიტორიას ურტყამს, რისი შეჩერებაც კრემლს არ შეუძლია?!

samx3-1665334123.jpg
ყირიმის ხიდის თანამგზავრული სურათი და აფეთქების ადგილი

კიდევ უფრო სავალალოა საინფორმაციო-პროპაგანდისტულ ომში პუტინის რეჟიმის დამარცხება, რადგან მისი რეიტინგი კატასტროფულად ეცემა რუსი ობივატელის თვალში - კრეისერ "მოსკვას" გვიძირავენ, დაპყრობილ კუნძულ ზმეინის, ბალაკლავას, იზიუმს, ლიმანს ერთიმეორის მიყოლებით გვართმევენ, "ჰაიმარსებით" საბრძოლო მასალების საწყობებს გვინადგურებენ და ახლა ასე დაცული ყირიმის ხიდიც კი აგვიფეთქესო, უკვე თვალში საცემია სოციალურ ქსელებში რუსეთის უკმაყოფილო მოქალაქეების აღშფოთება.

როგორ ააფეთქეს დაცული ყირიმის ხიდი

ყირიმის ხიდის აფეთქებით უკრაინელები ჯერ კიდევ დიდი ომის დაწყებამდე იმუქრებოდნენ, ხოლო ა.წ.-ის თებერვალში რუსეთის ფართომასშტაბიანი და მრავალმიმართულებიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ოფიციალური კიევისთვის ყირიმის საოკუპაციო ხიდი სუპერსამიზნედ გადაიქცა.

სოციალურ ქსელებში დაუფარავად განიხილავდნენ ყირიმის ხიდის აფეთქების საშუალებებსა და ხერხებს როგორც ბლოგერები, ისე უკრაინელი პოლიტიკოსები და თვით დასავლელი გადამდგარი გენერლებიც კი.

გამომდინარე იქიდან, რომ ყირიმის ხიდი 300 კმ-მდე მანძილზე მდებარეობს უკრაინის არმიის პოზიციებიდან, აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს დიპლომატიური ხაზით არააფიშირებულად სთხოვდნენ ამ მანძილზე მოქმედი "ჰაიმარსიდან" გასაშვებ ბალისტიკურ რაკეტებს, მაგრამ უშედეგოდ.

samx2-1665334123.jpg
ყირიმის ხიდზე აფეთქებულ ავტოტრაილერში, სავარაუდოდ, რამდენიმე ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ჩატვირთული

საბრძოლო თვითმფრინავით მიფრენა რუსეთის გაძლიერებული საჰაერო თავდაცვის ნახევარსფეროში მოქცეულ ყირიმის ხიდამდე უკრაინელ პილოტებს ნამდვილ კამიკაძეებად აქცევდა და თანაც ისე, რომ ხიდამდეც ვერ მიაღწევდნენ. წყალზედა და წყალქვეშა გზები რუსეთის შავი ზღვის ფლოტს გადაკეტილი ჰქონდა...

...და აი, გამოინახა სხვა ალტერნატიული გზა ყირიმის ხიდის მწყობრიდან გამოსაყვანად - ხიდზე მიმავალი დანაღმული სატვირთო ავტომობილის აფეთქება.

ამ სცენარში შეიძლება გამოიყენეს თავად ის სამხედრო-სარკინიგზო ეშელონი ან სამხედრო ავტოკოლონა, რომლებსაც ყირიმის ხიდის გავლით საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები გადააქვთ ფრონტის ხაზზე მებრძოლი დანაყოფებისთვის, თუმცა ამისთვის აუცილებელი გახდებოდა თავად კონკრეტულ რუსულ სამხედრო დანაყოფში შეღწევა, რაც დამატებით სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული.

ამიტომაც გამოიძებნა კომპრომისული ვარიანტი - რამდენიმე ტონა ტროტილი, ჰექსოგენი ან სულაც ამონიუმის გვარჯილა ჩატვირთეს ამერიკულ წითელკაბინიან ავტოტრაილერზე და ის, სავარაუდოდ, კრასნოდარის მხრიდან დაიძრა ჯერ ტამანის მიმართულებით და შემდეგ ყირიმის ხიდზე შევიდა.

ყირიმის ხიდთან ეს ავტოტრაილერი რუსმა ავტოინსპექტორებმა შეაჩერეს და გასინჯეს, რისი ვიდეოჩანაწერიც გავრცელდა, თუმცა ვიზუალური შემოწმება მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ მძღოლმა ტრაილერის უკანა კარები გამოაღო და ინსპექტორმა ორიოდე წამით შეიხედა.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით რუსეთის პოლიციასა და სპეცსამსახურებს ყირიმის ხიდის შესასვლელთან დამონტაჟებული აქვთ სპეციალური სტაციონარული რადიოტექნიკური კომპლექსი, რომელშიც ატარებენ მანქანას, მათ შორის უზარმაზარ ავტოტრაილერებსაც და კომპიუტერის ეკრანზე ჩანს მანქანისა და ტვირთის მთელი "შიგნეულობა". წითელი ავტოტრაილერი ასე დეტალურად არ შეუმოწმებიათ. შეიძლება ამიტომაც შეარჩიეს აფეთქების ორგანიზატორებმა ოპერაციისთვის ადრიანი დილა, როცა ინსპექტორები სანახევროდ თვლემდნენ და დეტალური შემოწმება დაეზარებოდათ.

ყირიმის ხიდზე უამრავი ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, ამიტომაც გაადვილდა აფეთქების "წინაისტორიის" რამდენიმე საათში აღდგენა:

ავტოტრაილერი ავტოსტრადის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე მიდის, იმ წერტილამდე, საიდანაც იწყება აღმართი ხიდის თაღებამდე, რა დროსაც ხდება საშინელი ძალის აფეთქება და ამას სხვა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.

შედეგი - ჩანგრეული საავტომობილო ხიდის ორი სექცია, დაზიანებულია ასევე საავტომობილო ხიდის პარალელურად 30 მეტრში გამავალი სარკინიგზო ხიდიც, რომელზეც იმწუთას საწვავისცისტერნიანი სარკინიგზო შემადგენლობა იდგა, და მას ცეცხლი მოედო.

აფეთქება ან თავად კამიკაძე-მძღოლის ნახელავია, ან დისტანციურად მოხდა და მძღოლმა არაფერი იცოდა. ის, რომ ავტოტრაილერი სწორედ მაშინ აფეთქდა, როდესაც გვერდითა ხიდზე საწვავიან სარკინიგზო შემადგენლობას გაუსწორდა, შეიძლება უფრო დისტანციურად აფეთქების ვერსიაზე მეტყველებდეს, რომელიც უკან მიმავალი მანქანიდან იყო შესაძლებელი.

მაგრამ სულ ცოტა რომ მოეცადათ და კიდევ 700 მეტრი გაევლოთ, ავტოტრაილერი ხიდის თაღებში შევიდოდა, რა დროსაც მომხდარი აფეთქება სიძლიერით ბევრად დააზიანებდა ყირიმის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების პარალელურ თაღებს.

p.s. რა დასამალია და, აგვისტოს ომამდეც განიხილებოდა გორული ვაშლით დატვირთული "კამაზის" "გაფუჭება" უშუალოდ როკის გვირაბის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში (სადაც გვირაბის ყველაზე სუსტი წერტილია) და სანამ მძღოლი ბუქსირის მოსაძებნად იქნებოდა წასული, გორული ვაშლი "იფეთქებდა".

ჩვენი დოსიე:

2016-2019 წლებში აშენებული ყირიმის 19 კმ-იანი ხიდი, ფაქტობრივად, პარალელურად მიმავალ საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალს წარმოადგენს, რომლის შუაში 227 მ სიგრძის თაღია დატანებული, რათა ხიდის ქვეშ უპრობლემოდ გაცუროს 35 მ სიმაღლის გემმა შავიდან აზოვის ზღვაში, ან პირიქით. ყირიმის ხიდის ყველაზე კონტრასტულ მონაკვეთს წარმოადგენს სწორედ მისი 227 სიგრძის თაღი, რომელიც წყლის ზედაპირიდან 80 მ-ის სიმაღლეზეა და საუკეთესო სამიზნეს წარმოადგენს როგორც რადიოლოკაციური, ისე ოპტიკური დამიზნების სისტემების მქონე მართვადი რაკეტებისთვის.ყირიმის ხიდის აგებით რუსეთმა, ფაქტობრივად, ჩაკეტა აზოვის ზღვაში შესასვლელი, ხოლო მარიუპოლისა და ბერდიანსკის დაპყრობით აზოვის ზღვაზე სრული კონტროლი დაამყარა.