"გოგონას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. დანაშაული მეგობარმა მამაკაცმა ჩაიდინა" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თელავში მოკლული ქალის შესახებ? - კვირის პალიტრა

"გოგონას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. დანაშაული მეგობარმა მამაკაცმა ჩაიდინა" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თელავში მოკლული ქალის შესახებ?

სამწუხაროდ, ისევ გახშირდა ფემიციდის შემთხვევები. მორიგი უმძიმესი დანაშაული თელავში, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. მოკლულია 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილი. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ამ დეტალებს სამართალდამცველები დაადგენენ. როგორც ირკვევა, მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა. 26 წლის მარიამს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ადგილობრივების თქმით, დანაშაულს მოკლულის შვილებიც შეესწრნენ. როგორც ისინი ამბობენ, გოგონას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. დანაშაული მეგობარმა მამაკაცმა ჩაიდინა, როგორც ჩანს, ის ძალადობდა მასზე ამ ტრაგედიამდეც. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. ტრაგედიის ადგილას სამართალდამცველები და კრიმინალისტები დიდხანს მუშაობდნენ. რის შემდეგაც, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ძალოვნებმა ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელეს. უწყების ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შელაპარაკება გახდა:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, 1996 წელს დაბადებულ მ.გ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს,“ – ამბობენ შს სამინისტროში.

2000 წელს დაბადებული თ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით საკანშია გამოკეტილი და მისთვის წაყენებული მუხლი 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ადგილობრივების მონათხრობით ირკვევა, მამაკაცი ქალზე ძალადობდა. ეს ფაქტი სამართალდამცველებმაც იცოდნენ, თუმცა სამწუხაროდ, ქალის დაცვა ვერავინ შეძლო.

"ამ ქუჩაზე ვცხოვრობ, დღეს ცუდი ამინდი იყო და ძირითადად, სახლში ვიყავით შეკეტილები. მკვლელობა მე-12 კორპუსში მოხდა, შუა დღეს გავიგეთ ეს ამბავი. ახლობელი ცხოვრობს იმ კორპუსში და ეს რომ გავიგე, მერე მეც გადავედი იქ. მითხრა, ბინიდან ხმაური არ გამიგიაო, მაგრამ როგორც ჩანს, ჩხუბობდნენ და ამ დროს, ბავშვების თვალწინ მოკლა საწყალი გოგო.

ეს გოგონა თელავის ერთ-ერთი სოფლიდან, ართანადან ყოფილა, პირველი ქორწინებიდან ჰყავს მას შვილები. ამ ბიჭთან ოფიციალურად დაქორწინებული არ ყოფილა, მაგრამ ერთად ცხოვრობდნენ. თურმე ქალს მოკვლით ადრეც ემუქრებოდა ის. ეს პოლიციისთვისაც იყო ცნობილი, კორპუსთან ვნახე გოგოს ნათესავი და ის ამბობდა, პოლიციამ ერთხელ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, მაგრამ ამან მოძალადე ვერ შეაჩერა, ისევ იძალადა ქალზე. ამის შემდეგ მარიამმა პოლიციას ისევ აცნობა და მოძალადის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, დააკავეს კიდეც, მაგრამ სასამართლომ რამდენიმე დღის წინ 2000-ლარიანი გირაოთი გამოუშვა, ამის შემდეგ მარიამს ეშინოდა, რადგან მოკვლით ემუქრებოდა და ეს მუქარა აასრულაო.

ეტყობა, ისიც არ აპატია, რომ პოლიციაში უჩივლა. ჯერ უცემია, ახრჩობდაო, უფროსი შვილი გამოიქცა თურმე და ყვიროდა, ტიროდა, შველას ითხოვდაო. ვერავინ შეძლო ქალის დაცვა, მოკლა დამნაშავემ და ის გაიქცა ბინიდან. პოლიციამ კი დააკავა. არ ვიცი, ასე უცებ მომხდარი პოლიციას ვინ აცნობა, მაგრამ მალევე იქ გაჩნდნენ და იქვე ახლოს დააკავეს დამნაშავე.

უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ასეთი მოძალადე, ის რომ არ გამოეშვა მოსამართლეს, ეს ტრაგედია ხომ არ დატრიალდებოდა. გოგოს ეს ბინა 10 დღის ნაქირავები ჰქონია და შვილებთან ერთად იქ ცხოვრობდა. ეტყობა ბინაც კი შეიცვალა, რომ მოძალადეს მისთვის არ მიეგნო, მაგრამ მოხდა ამხელა ტრაგედია. სადისტი იყო ეტყობა, ასეთი დამნაშავე ციხეში უნდა გამოკეტო მუდმივად, როგორ მოკლა გოგო შვილების თვალწინ, როგორ გაუნადგურა ამ ბავშვებსაც ცხოვრება.

ძალიან შემძრა ამ ამბავმა, მერამდენე ქალი მოკლეს, კანონი უნდა გამკაცრდეს", - გვითხრა ამ ქუჩაზე მაცხოვრებელმა ქალბატონმა.

მოკლულის ახლობლები ადასტურებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას დაკავებული ჰყავდა და რომ ის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, ოქტომბრის დასაწყისში სასამართლომ გარეთ გამოუშვა. დღეს, დაახლოებით 4 საათზე მიაკითხა გოგონას სახლში, ისევ შეკამათდნენ, რა დროსაც დანით ჭრილობები მიაყენა. დამნაშავეს ბრალს მალე წაუყენებენ. მას მოუწევს გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რატომ მოკლა ახალგაზრდა ქალი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

(სპეციალურად საიტისთვის)