"სამხრეთ კავკასია ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ამბიციებს ამოწმებს" - კვირის პალიტრა

"სამხრეთ კავკასია ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ამბიციებს ამოწმებს"

ბრიტანული გაზეთის "ფაინენშელ თაიმსის" (Financial Times) 9 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "სამხრეთ კავკასია ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ამბიციებს ამოწმებს" (ავტორი - ტონი ბარბერი, გაზეთის ევროპული ვერსიის რედაქტორი), რომელშიც განხილულია ევროკავშირის პოლიტიკის ძირითადი მიზნები სამხრეთ კავკასიაში და ამ ფონზე - სომხეთ-აზერბაიჯანის წინააღმდეგობრივი ურთიერთობის მოგვარების გზები, საქართველოს ევროპული პოლიტიკის ასპექტები და ა.შ.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს, სომხური გამოცემის News.am-ის ვერსიით:

ევროკავშირმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებათა გამოძიების პარალელურად, აუცილებელია სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს ჩადენილი მსგავსი დანაშაულებების გამოძიება. ეს განცხადება სავსებით თავსდება ჟოზეპ ბორელის მიერ ჯერ კიდევ მარტში გამოქვეყნებულ მოწოდების ჩარჩოებში, რომლის თანახმად, ევროკავშირი აღარ უნდა იყოს უტყვი დამკვირვებლის როლში იმ მოვლენების მიმართ, რაც ხიფათით სავსე თანამედროვე მსოფლიოში ხდება.

საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის მოწოდება ეხება ევროკავშირის მოსაზღვრე ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებს, პოსტსაბჭოთა სივრცეს, სადაც ბოლო დროს ქაოსური პროცესები ვითარდება. რუსეთ-უკრაინის ომთან ერთად, შეიარაღებული ინციდენტები განმეორდა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის (სამხრეთ კავკასიაში), ტაჯიკეთ-ყირგიზეთს შორის (ცენტრალურ აზიაში).

ევროკავშირის თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება სამხრეთ კავკასია, სადაც სამი სახელმწიფო - აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი მდებარეობს.

სამხრეთკავკასიურ პრობლემას სამი ასპექტი აქვს: შეიარაღებული შეტაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ევროკავშირის დიდი ინტერესი აზერბაიჯანის, როგორც ენერგორესურსების მქონე ქვეყნის მიმართ და საქართველოს არამდგრადი გზა ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით.

მიუკერძოებლობა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მიმართ?

როცა ორმა ქვეყანამ 1990-იან წლებში ერთმანეთთან ომი დაიწყო სადავო ტერიტორიის - მთიანი ყარაბაღის გამო, შეტაკებებში 30 ათასი ადამიანი დაიღუპა. მრავალი ასეული ადამიანი იმსხვერპლა 2020 წელს განახლებულმა საომარმა მოქმედებებმაც. იმ დროს, როცა რეგიონში სისხლი იღვრებოდა, ევროკავშირი თითქმის ყოველთვის განზე რჩებოდა ხოლმე. ბრიუსელის ინიციატივა-პროექტი "აღმოსავლეთის პარტნიორობა", რომლის განხორციელება 2009 წელს დაიწყო, უუნარო გამოდგა, რამე შეეცვალა ამ საკითხში.

მაგრამ ბოლო წლებში ევროკავშირმა უფრო აქტიურად დაიწყო პირდაპირი სამშვიდობო ჩარევა ბაქო-ერევნის ურთიერთობების მოგვარების მიზნით: 2020 წლის ნოემბრიდან ევროკავშირის ეგიდით ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ, ხოლო ბოლო, მეხუთე შეხვედრა სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა პრაღაში, ახალი ორგანიზაციის - "ევროპის პოლიტიკური გაერთიანების" დაფუძნების სამიტის დროს. მოლაპარაკებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეგიონს მალე ევროკავშირის სამოქალაქო მისია ეწვევა, სიტუაციის შესწავლისა და ნდობის განმტკიცების მიზნით.

რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში და, კერძოდ, მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში, თურქეთი და რუსეთი არიან ჩაბმულები, მაგრამ ახლა რუსეთი უკრაინასთან ომობს, თანაც ორივეს მიკერძოებული ინტერესები აქვთ - მოსკოვი ისტორიულად უფრო მეტად სომხეთის მიმართ ავლენდა სიმპათიებს, ანკარა კი - აზერბაიჯანის მხარეს იდგა.

როგორც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების საბჭოს წარმომადგენელი მარი დიმულენი ამბობს, ევროკავშირი ორივე მხარის მიმართ მეტ-ნაკლებად თანაბარ ინტერესს იჩენს, ის "გეოპოლიტიკურად გაიზარდა" - ბრიუსელი აღიარებს აზერბაიჯანის კონტროლს მთიან ყარაბაღზე, იმავდროულად კი - სომხური მოსახლეობის უფლებების გარანტორის როლსაც ასრულებს. მაგრამ აქაც ეჭვები ჩნდება: განა შეუძლია ევროკავშირს მიუკერძოებელი შუამავლის როლის შესრულება, როცა სულ ახლახან მას აზერბაიჯანის მიმართ მზარდი ენერგეტიკული ინტერესები გაუჩნდა?

ევროკავშირი და აზერბაიჯანის ენერგეტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ბაქოს ივლისში ეწვია და ხელი მოაწერა მემორანდუმს აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ექსპორტის გაფართოებაზე, რომელიც 2027 წლისათვის, დაახლოებით, 20 მილიარდი კუბმეტრი ბუნებრივი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს (გასული წლის 8 მილიარდ კუბმეტრთან შედარებით).

რასაკვირველია, კასპიის გაზის მოცულობა თამაშის წესებს ვერ შეცვლის. 2021 წელს აზერბაიჯანული გაზის წილი ევროპის ენერგოუზრუნველყოფაში მხოლოდ 2%-ს შეადგენდა, რუსეთის წილი იყო 45%. ევროკავშირი აზერბაიჯანზე მეტ გაზს იღებდა ალჟირისგან, ყატარისგან, ნორვეგიისგან, აშშ-სგან... არ არის გამორიცხული, რომ ოდესმე ირანიც უფრო მნიშვნელოვანი მიმწოდებელი გახდება, ვიდრე - აზერბაიჯანი. და მაინც, რასაკვირველია, გაზის ყოველ დამატებით კუბმეტრს აქვს პოზიტიური მნიშვნელობა.

მაგრამ ამ დროს ორი კითხვა ჩნდება - ერთ-ერთი ასეთია: მზადაა თუ არა ევროკავშირი, ენერგოინტერესების გამო, გვერდზე გადადოს და ყურადღება არ მიაქციოს იმ უხერხულ გარემოებებს, ვთქვათ, როგორაა დაცული ადამიანის უფლებები აზერბაიჯანში და რა დონის კორუფციაა? ისე, როგორც ამას ბრიუსელი დღეს საუდის არაბეთის მიმართ აკეთებს.

მეორე კითხვა - განა ბაქოსთან ურთიერთობის გაფართოებით ევროკავშირს მეტი გავლენის ბერკეტი ექნება ამ ორი ქვეყნის დავის მიუკერძოებლად და დაბალანსებულად მოგვარების დროს? პირიქით, დავის მოგვარების მცდელობა, ალბათ, უნაყოფო იქნება. ამ მხრივ ევროპელებს წინ რთული სიტუაცია ელოდებათ.

საქართველო: ევროკავშირის ეჭვები

ივნისში ევროკავშირის ლიდერებმა მოლდოვას და უკრაინას წევრობის კანდიდატების სტატუსი მიანიჭეს, საქართველო კი გვერდზე დატოვეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო თბილისის უკანდახევა დემოკრატიისაგან: ევროკავშირს სურს, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, განხორციელდეს მასმედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული რეფორმები, არ იყოს ღრმად პოლარიზებული პოლიტიკური სისტემა და მოხდეს ეკონომიკის "დეოლიგარქიზაცია" - მინიშნება ბიძინა ივანიშვილზე - მილიარდერზე, რომელიც მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" დამფუძნებელს წარმოადგენს.

ევროკავშირმა საქართველოში ფრთხილად უნდა იმოქმედოს. ერთი მხრივ, მოსახლეობის დიდი ნაწილი პროევროპულად არის განწყობილი და მათ ანტისამთავრობო აქცია მოაწყვეს, როცა ევროკავშირმა თბილისს კანდიდატის სტატუსი არ მისცა; მეორე მხრივ, რეალობა ისეთია, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, "ქართული ოცნების" არასაიმედო მოქმედების გამო, უკვე დიდი ხანია, არასასურველ მდგომარეობაში იმყოფება და გაუმჯობესებას საჭიროებს.

ისევე, როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შემთხვევაში, საქართველოც გახდება ევროკავშირის მხრიდან ერთგვარი შემოწმების ობიექტი, ჯოზეპ ბორელის მოწოდების ჩარჩოებში - "გადავაქციოთ ევროკავშირი ისეთ ორგანოდ, რომელსაც არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ძალაც ექნება". წყარო წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ