"ჩემს ქალაქში ძარცვაც როგორი "რაღაცნაირი" იყო, არა? ქუთაისში ყველაფერი სხვაგვარად ხდება, რაღაცნაირი ხალხი ვართ" - კვირის პალიტრა

"ჩემს ქალაქში ძარცვაც როგორი "რაღაცნაირი" იყო, არა? ქუთაისში ყველაფერი სხვაგვარად ხდება, რაღაცნაირი ხალხი ვართ"

სახელი, გვარი: მარიტა როხვაძე.

განათლება: დაამთავრა ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

პროფესია: მომღერალი, ტელეწამყვანი.

ამჟამინდელი საქმიანობა: ჰყავს ბენდი - "სკარლეტი". მუშაობს ახალ სიმღერასა და კლიპზე, ქუთაისელ რეპერ პაჯოსთან ერთად.

ჰობი: ქარგვა.

ცხოვრების დევიზი: "იყავი მიზანდასახული".

- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- მხიარულ, პოზიტიურ ადამიანს. საერთოდ, ბევრი მეუბნება, - ძალიან პოზიტიური ხარო.

- შენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- მეგობრების წრეში ყოფნა, მათთან ერთად სადმე დასასვენებლად წასვლა.

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?

- დედას. რაკი მე თბილისში ვარ, დედა კი - ქუთაისში, ვუყვები ხოლმე, დღის განმავლობაში რა მოხდა. ძირითადად, დილით და საღამოს (სამსახურის დასრულების შემდეგ) ვსაუბრობთ.

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- თითქოს ძალიან წარმატებული ვარ და ყველაფერი მაქვს, რაც მინდა.

- შენთვის "ძალიან წარმატებული" რას ნიშნავს?

- წარმატებას კარიერაში, პირად ურთიერთობაში... სხვათა შორის, ჩემი სიზმრები კარგად მაქვს დაცდილი: ძირითადად, კარგი სიზმრები მიცხადდება, ცუდი - არა.

- შენთვის რა არის წარმატების მწვერვალი, რისკენაც მიისწრაფვი?

- ის, რომ მთელი მსოფლიო მიცნობდეს.

marita-1665390013.jpg

- ამჟამად ამისთვის რას აკეთებ?

- ჩემს ბენდთან ერთად ვმუშაობ. გოგონების ბენდი მყავს, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთაც ძალიან კარგი პროექტია. მყავს პროდიუსერი. ასე რომ, ჩემს კარიერულ წარმატებას მაინც უფრო მეტად, ბენდს ვუკავშირებ: წარმოიდგინე, სცენაზე 9 ქალი დგას, კარგი გარეგნობა აქვთ, პროფესიონალი მუსიკოსები არიან... ვოკალისტის შესახებაც ამბობენ, - ძალიან კარგიაო (იცინის)... საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჩემს ბენდთან ერთად, წარმატებას აუცილებლად მოვაღწევ.

- პროექტისთვის 9 ქალი როგორ შეიკრიბეთ - დაემთხვა თუ?..

- ასეთ პროექტს "დამთხვევით" ვერ გააკეთებ, ამას კარგი გეგმა სჭირდება. ბენდის წევრი, თუნდაც დამწყები, მაგრამ ნიჭიერი ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომელსაც მუშაობა არ დაეზარებოდა, მოწესრიგებული, ჩამოყალიბებული ადამიანი იქნებოდა, რომელსაც სიახლეების კეთება შეეძლებოდა... გოგონები კახა ხოშტარიამ შეკრიბა. ისინი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანები არიან, აუცილებლად იმაზე დიდ წარმატებას მივაღწევთ, ვიდრე ახლა გვაქვს.

- რომელი მომღერლის კარიერა იწვევს შენს აღფრთოვანებას?

- ამ ეტაპზე ვისი მოღვაწეობა და პირადი ურთიერთობაც მომწონს, ბიონსეა. ბიონსე და ჯეიზი საოცარი წყვილია, რომლებმაც ერთმანეთი გამოწრთეს. რა თქმა უნდა, თავის დროზე, ჯეიზი ბიონსეს პროდიუსერი იყო, მაგრამ ერთმანეთი დიდხანს უყვარდათ, ოჯახიც შექმნეს, კარიერაშიც ორივემ საოცრებები აკეთა და დღემდე აკეთებენ... ჩემთვის მათი წყვილი მისაბაძია.

- როგორ ფიქრობ, უკეთესი ტელეწამყვანი ხარ თუ მომღერალი?

- ტელევიზიასთან შეხება ბავშვობიდან მაქვს. შესაბამისად, კამერასთან მუშაობის კომპლექსი არასოდეს მქონია, ხალხთან ურთიერთობა მიყვარდა და დღემდე ასე ვარ. რეალურად როგორიც ვარ, ეკრანზეც ისეთი ვიყავი - თამაში არ მჭირდებოდა. თან, სახალისო, პოზიტიური გადაცემის წამყვანი გახლდით... მიმაჩნია, რომ მომღერალი უკეთესი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, ნაკლებად კარგი ტელეწამყვანი ვიყავი-მეთქი, რადგან "კამერას ვუყვარვარ" და მეც მიყვარს კამერებთან მუშაობა...

- როცა არასასურველი ადამიანი გეფლირტავება, როგორ იქცევი?

- ძალიან მარტივია, ასეთ ადამიანს კულტურულად უთხრა, რომ მასთან ურთიერთობა არ გინდა. ზოგჯერ ძალიან გადაკიდებაც სჩვევიათ, მაგრამ შეგიძლია, მათ მარტივად მოერიო. თუ ადამიანი ძალიან შემაწუხებელია, იქ სხვა გამოცდილება, სხვების ჩარევაა საჭირო...

- მსგავსი შემთხვევა გქონია?

- კი, როცა მარტო ვერ გავმკლავებივარ, სხვების ჩარევა დამჭირვებია, რის შემდეგაც ყველაფერი დაწყნარებულა, დამშვიდებულა და ის ადამიანი ჩემს ცხოვრებაში საერთოდ აღარ გამოჩენილა.

- ახლობლების ჩარევას გულისხმობ თუ პოლიციის?

- უფრო - ახლობლების. ხომ იცი, ამ დროს მამაკაცებს ეუბნები, - თავს არ მანებებსო, მათ კი სათანადოდ მოუვლიათ, როგორც საჭიროა.

- საზოგადოებამ რა არ იცის შენ შესახებ?

- ყველასთან 90%-ით პოზიტიური ვარ, მაგრამ ფართო საზოგადოებამ 10% არ იცის, თუ როგორი ხასიათი მაქვს და როგორი შეიძლება, ვიყო გაბრაზებული: მკაცრი, ცოტათი უხეშიც... იმედი მაქვს, ასეთს არც მნახავენ - ის 10% სამეგობროს და ოჯახის წევრებსაც ეყოფათ (იცინის).

- რამ შეიძლება წონასწორობა დაგაკარგვინოს - გაბრაზდე, გამკაცრდე?..

- ტყუილმა და წუწუნმა. წუწუნა ადამიანები არ მიყვარს. ადამიანს ყოველთვის ვეკითხები, - შემიძლია, ამ სიტუაციაში დაგეხმარო-მეთქი? თუ მეტყვის, - არა, უბრალოდ ვწუწუნებო, ვეუბნები, - მოდი არ იწუწუნო-მეთქი. თუკი შემიძლია, რომ მას რაღაც პრობლემა გადავუწყვიტო, დავეხმარო, რა თქმა უნდა, ბოლომდე შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ თუ ისე მეწუწუნება, ძალიან მღლის და ენერგიას მაცლის, არ მინდა, მადლობა (იცინის)... ტყუილს რაც შეეხება: როცა კონკრეტულ სიტუაციაში ადამიანი მართალი ხარ, მაგრამ მაინც საწინააღმდეგოს გეუბნებიან, ეს ნერვებს მიშლის. შეიძლება რაღაცები დავამტვრიო, დავლეწო... ვფიქრობ, კეთილსინდისიერ ადამიანებთან არაფრის დამტკიცება არაა საჭირო. თუ ვინმე რამეში შეცდება, არც ბოდიშის მოხდაა "გრეხი" და დანაშაული, მაგრამ როცა ყველანაირ ზღვარს გადადის და ვერაფერს აგებინებ, ასეთს ან უნდა შეეშვა, თავი დაანებო, ან - საკუთარი თავი მწარედ დაამახსოვრო (იღიმის).

- ბევრს ახსოვხარ მწარედ?

- არა და არც მინდა, ბევრს მწარედ დავამახსოვრდე, რადგან ეს ჩემი სტილი არ არის, პირიქით - ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ, ლმობიერი, გამგები ვიყო, თუმცა ჩემიც უნდა გაიგონ, რა თქმა უნდა.

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?

- არასოდეს. არ მინდა, თავი ასე ვიგრძნო. თუკი ეს მოხდება, ჩემი ცხოვრება მაშინ დასრულდება. ვისაც გვერდით ძალიან კარგი ადამიანები - მეგობრები, ოჯახის წევრები, პარტნიორი, თანამშრომლები ჰყავს, გამორიცხულია, თავი უსარგებლოდ იგრძნოს. თან, თუ კარგი ხასიათი აქვს, პოზიტიურია, მასთან ურთიერთობა, მეგობრობა ყველას უნდა. რაღაცნაირად, თავისი ენერგიით სხვებს კვებავს... ირგვლივ ბევრი ისეთი ადამიანი მყავს, ვინც მართლა მინდა, გვერდით მყავდეს და ვისაც მართლა უნდა გვერდით ვყავდე. ჰოდა, ჩემს შემთხვევაში, გამორიცხულია, თავი უსარგებლოდ ვიგრძნო.

- ეჭვიანი ხარ?

- ზომიერების ფარგლებში, მაგრამ თუ ადამიანზე ვიეჭვიანებ, მორჩა, მასთან მეგობრობას აღარ გავაგრძელებ. პირად ურთიერთობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია: საქმე თუ საეჭვიანოდ გამიხდა, გვერდით ასეთი პიროვნება არ მჭირდება.

- შენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- სცენაზე დგომა, სიმღერა და იმ ადამიანების ბედნიერი სახეების ყურება, ვინც ჩემს "ლაივ" კონცერტებზე დადიან, უსმენენ ჩემს სიმღერებს ან თუნდაც იმ "ქავერებს", რომლებსაც ჩემი ინტერპრეტაციით ვასრულებ.

roxvaze-1665385726.jpg

- ვინმე გძულს?

- მართლა არავინ მძულს. როცა ვინმეს შესახებ ამბობენ, - ვერ ვიტან, მძულსო, ყოველთვის ჩავეძიები ხოლმე, თუ რატომ შეიძლება ადამიანი სძულდეთ? ისეთი რა ჩაიდინა, რომ შესძულებოდათ?!. "სიძულვილს" ვერ დავარქმევ, მაგრამ ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც ღლიცინებენ თუნდაც, რელიგიაზე, ვიღაცის საქმიანობაზე, წარმატებაზე... მგონია, ასეთი ხალხი ყოველთვის თავადაა წარუმატებელი, გულში ბოღმა აქვთ... პირადად მე, ადამიანები მიყვარს - საერთო ენის გამონახვა ყველასთან შეიძლება...

- ბოლო დროს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით გავრცელებულმა რომელმა ინფორმაციამ მიიქცია შენი ყურადღება?

- ქუთაისში ბანკის ძარცვამ. ხომ ნახეთ, ჩემს ქალაქში ძარცვაც როგორი "რაღაცნაირი" (თითქოს - შეხმატკბილებული) იყო, არა (იცინის)? ქუთაისში ყველაფერი სხვაგვარად ხდება, რაღაცნაირი ხალხი ვართ... ისე, მართლა ძალიან ვინერვიულე. კარგა ხანს საქმეც ვერ გავაკეთე: ისეთი სიტუაცია წარმოვიდგინე, როგორიც ფილმებში მინახავს და დავიძაბე... მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

- როცა ადამიანს პირადად ხვდები, შენს ყურადღებას მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს?

- თვალები და ღიმილი. არ ვამბობ, რომ ადამიანების შეცნობა შემიძლია, მაგრამ ინტუიცია კარგად განვითარებული მაქვს - ღიმილი და თვალები ჩემთვის ბევრ რამეზე მეტყველებს.

- როგორ ფიქრობ, მეორე ნახევრის გარეშე, ადამიანს ბედნიერების სრულყოფილად განცდა შეუძლია?

- ეს თავად ადამიანის გადასაწყვეტია. მყავს მეგობრები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ოჯახს არ შექმნიან - უბრალოდ, მათ პირად ცხოვრებაში სხვა ადამიანის ადგილი არ არის. ესეც მისაღებია, მათი გადაწყვეტილებაა... პირადად მე, მიმაჩნია, რომ შეიძლება, კარიერაც გქონდეს და ოჯახი, შვილებიც გყავდეს, ყველაფერი კარგად "დაალაგო", ყველაფერი გქონდეს საყვარელ ადამიანთან ერთად (მნიშვნელობა არ აქვს, შეყვარებული იქნება, ქმარი თუ უბრალოდ, პარტნიორი - მთავარია, ყველაფერი შეხმატკბილებულად იყოს).

- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- საქმეში წინდაუხედავ ნაბიჯს არასოდეს ვდგამ. როცა საქმეს ვაკეთებ, ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ქმედებით სხვას არ ვავნებ. არიან ადამიანები, რომლებსაც წარმატებისთვის მიუღწევიათ, მაგრამ - ცოტათი სხვაგვარი ხერხებით და ამით ვიღაცისთვის ზიანი მიუყენებიათ... ყოველთვის ყველაფერს ჩემი შრომით ვაღწევ. შეიძლება, ეს ცოტათი რთული იყოს, მაგრამ - მაინც...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"