ომის წასაგებად განწირული პუტინი ბარბაროსულად ბომბავს კიევს - კვირის პალიტრა

ომის წასაგებად განწირული პუტინი ბარბაროსულად ბომბავს კიევს

პუტინმა გული მოიოხრა - ყირიმის ხიდის აფეთქების შურისსაძიებლად უკრაინის დედაქალაქის კიევის ცენტრი დაბომბა...

10 ოქტომბრის დილას რუსული შორი მოქმედებისა და სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდი-ბომბდამშენი თვითმფრინავებიდან, უშუალოდ რუსეთის საჰაერო სივრციდან (ასევე ბელარუსიდან) უკრაინის ქალაქების მიმართულებით რამდენიმე ათეული ფრთოსანი რაკეტა იქნა გაშვებული, კიევის გარდა დაიბომბა დნეპრი, ლვოვი, ნიკოლაევი, ზაპოროჟიე, ხარკოვი, ხმელნიცკი, კრივოი როგი, ოდესა...

ეს უკვე ქალაქების ტოტალური დაბომბვებია, ისეთივე, როგორც მეორე მსოფლიო ომში, წაგებისთვის განწირული ჰიტლერი ომის ბოლოს ლონდონს და ევროპის სხვა ქალაქებს ბომბავდა...

პუტინი, როგორც უკრაინაზე დილაუთენია თავდასხმითა და ჩაფლავებული ბლიცკრიგით დაემგავსა ჰიტლერს, ისე - ომის წაგებისკენაც იმავე გზით მიდის და იმედია, ბუნკერში სიკვდილითაც მეოცე საუკუნის დიქტატორის ბედს გაიზიარებს...

რას მიაღწევს პუტინი უკრაინის ქალაქების ბარბაროსული დაბომბვით?

სამხედრო წარმატებებს - ნამდვილად ვერ, სამაგიეროდ, ამ საკაცობრიო დანაშაულით ის ცდილობს, დააშინოს უკრაინის მოსახლეობა, რომ მან ერთგვარი ზეგავლენა განახორციელოს თავის ხელისუფლებაზე, რათა კიევი მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს და კრემლის პირობებზე ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს...

კრემლის პირობებზე დათანხმება და ომის გაყინვა, წლებით დარჩენილ ნაწილობრივ ოკუპირებულ უკრაინას ნიშნავს ანუ, ასევე, ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველოს მაგალითის გამეორებას.

მაგრამ მაშინ, როდესაც ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე უკრაინის არმია საბრძოლო უპირატესობას ფლობს, კონტრშეტევებზეა გადასული და მეტ-ნაკლები სისწრაფით ათავისუფლებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რატომ უნდა დათანხმდეს ზელენსკი პუტინის მოთხოვნებს?

მით უმეტეს იმ პუტინისა, რომლის რეჟიმი თავად რუსეთშიც უკვე სერიოზულად შეირყა და ფრონტის ხაზზე რუსეთის საოკუპაციო ძალების კიდევ ორი-სამი სერიოზული მარცხისა და უკანგამოქცევის შემდეგ, შეიძლება ხუხულასავით ჩამოიშალოს, ისევე, როგორც თიხის ფეხებზე შემდგარი გოლიათი...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ მოსახლეობას ამცნო, რომ 10 ოქტომბრის შუადღისთვის რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 75 ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, აგრეთვე, 14 დრონი-კამიკაძე გაუშვეს, რომელთაგან 41-ის ჩამოგდება შეძლეს უკრაინელმა მეზენიტეებმა.

აღსანიშნავია, რომ რუსული რაკეტების სამიზნეები უკრაინის დიდი ქალაქების ცენტრებში მხოლოდ მოედნები და სკვერები როდი გახდა, რუსმა ოკუპანტებმა დარტყმები უკრაინულ თბოელექტროსადგურებსაც მიაყენეს, ზემოხენებული მთავარი მიზეზით - რაც შეიძლება მეტი პრობლემები შეუქმნან უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, მით უმეტეს - ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით...

პუტინის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის საწინააღმდეგოდ მოწყობილი ეს ბარბაროსული სარაკეტო დაბომბვები კიდევ უფრო სისხლისმღვრელს და ფართომასშტაბიანს გახდის ამ ომს, რადგან ამის შემყურე დასავლეთს აღარ დარჩება არგუმენტები, არ გადასცეს უკრაინის არმიას შორსმოქმედი სარაკეტო შეირაღება, თუნდაც იმ რუსული აეროდრომების გასანეიტრალებლად, საიდანაც აფრენილი რუსული ბომბდამშენების ეკიპაჟები ასეთ დაუნდობელ დაბომბვებს ახდენენ უკრაინის ქლაქებში...

პ.ს. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ თავის წვლილი დანაშაული იმ დასავლელ პოლიტიკოსებსაც მიუძღვით, რომლებმაც ამ ომის რვა თვის განმავლობაში უკრაინას არ გადასცეს შორი მოქმედების საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებითაც უკრაინელი მეზენიტეები უფრო მეტ რუსულ რაკეტას მოიგერიებდნენ და, შესაბამისად, უფრო მეტი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლე - ბავშვი, ქალი, მოხუცი გადაურჩებოდა თავის სახლში რუსი ოკუპანტებისგან ნასროლი რაკეტების აფეთქებას...