"რა გამოდის, რომ ჩვენ კი არა, უკრაინის ხელისუფლებას საყვედურობენ და იმ დეპუტატებს, ვინც ეს კანონპროექტი კანონად აქცია" - კვირის პალიტრა

"რა გამოდის, რომ ჩვენ კი არა, უკრაინის ხელისუფლებას საყვედურობენ და იმ დეპუტატებს, ვინც ეს კანონპროექტი კანონად აქცია"

ოპოზიცია ჩვენი მისამართით საყვედურს თუ გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა მორგებულიყო კონკრეტულ სახელსა და გვარს, ეს აბსურდია, ვინაიდან თუ ისინი ჩვენ გვსაყვედურობენ, გამოდის, რომ უკრაინის ხელისუფლებას საყვედურობენ იმას, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო, დაწერა კანონი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს, ოპოზიციამ უკრაინული მოდელი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

„რა გამოდის, რომ ჩვენ კი არა, უკრაინის ხელისუფლებას საყვედურობენ და იმ დეპუტატებს, ვინც ეს კანონპროექტი კანონად აქცია, აქამდე მივიდნენ, რომ უკრაინული მოდელი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს უკრაინელი დეპუტატების მიერ გაწეული სამუშაო, რატომ არ გაითვალისწინეს, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა მოექციათ ამ კანონის ფარგლებშიო. ჩვენ არ მიგვიღია ეს კანონი, ჩვენ არ შეგვიქმნია, ერთი ერთში გადმოვიტანეთ ეს უკრაინული მოდელი საქართველოში და ეს სწორად გაკეთდა. პირიქით, ვინმეს კითხვის ნიშნები რომ არ გასჩენოდა ჩვენთან მიმართებაში, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ლოიალურია იმ დამფუძნებელთან მიმართებაში, რომელმაც ეს გუნდი დააფუძნა და ჩვენ რომ შეგვემუშავებინა რაიმე, ისეთი ტიპის ცვლილებები, რომლითაც შეიძლებოდა ვინმე შემოგვდავებოდა ლოიალობას ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, რომ მან დააფუძნა ეს გუნდი, მან შექმნა და ამიტომ, ისეთი ცვლილებები შემოგვთავაზესო, რომლითაც ეს ადამიანი ამ რეგულაციაში არ ექცევაო, ამის პრევენცია მოვახდინეთ და ამიტომ ავიღეთ ობიექტური საზომი, რომ თუკი, საკითხი გამოწვევად არის რეგიონში მიჩნეული, ამ გამოწვევაზე პასუხი უკრაინულ მოდელს აქვს გაცემული და თუ კითხვის ნიშნები უჩნდებათ და რამე აქვთ სადაო, გამოდის, რომ უკრაინელებს ედავებიან, რატომ არ გაითვალისწინეს ისეთი მოდელი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად იქნებოდა მიჩნეული“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მან ასევე განმარტა უკრაინული მოდელის მიხედვით, თუ რა შემთხვევაშია პირი ოლიგარქად მიჩნეული.

„უკრაინული მოდელით, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, რომელიც ჩართულია პოლიტიკაში და მონაწილეობს, ვისაც გავლენა აქვს მედიაზე, ვისაც დომინირებული როლი აქვს საბაზრო ურთიერთობაში და პრაქტიკულად მიჩნეულია, რომ პირი არის დომინანტი და საარსებო მინიმუმის მილიონჯერ მეტი ოდენობის თანხის ფლობს. ამ ოთხი კომპონენტიდან ნებისმიერი სამი კომპონენტი სახეზე თუ არის, პირი ოლიგარქად იქნება მიჩნეული და სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, შეყვანილი იქნება ოლიგარქთა რეესტრში და სამართლებრივად ეზღუდებათ დაფინანსების განხორციელება პოლიტიკური პარტიებისთვის, დემონსტრაციების დაფინანსება და ა.შ. ჩვენ ველოდებით საექსპერტო მოსაზრებას ვენეციის კომისიის მხრიდან, როგორი იქნება მათი მხრიდან დამოკიდებულება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, თუკი, პარლამენტში დაისმება კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ადამიანის უახლოესი გარემოცვა მართავს ქვეყანას და მაღალ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობებზე იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის მიერ იყვნენ დასაქმებული, რა პასუხი ექნება მმართველ გუნდს, ოხანაშვილი ასე პასუხობს:

„ძალიან მარტივი შეკითხვაა და არსებობს უმარტივესი პასუხი. შეგიძლიათ, ივლისის თვეში, ბატონი ჰარცელის გაკეთებული ორი განცხადება ნახოთ, რომელმაც იმის საპასუხოდ, აქ მოიაზრება თუ არა კონკრეტული სახელი და გვარი და ბიძინა ივანიშვილზე დაყრდნობით უნდა მოხდეს თუ არა, კანონის აგება, უპასუხა, რომ აქ სახელები და გვარები არ მოიაზრება, რომ ეს არის ფენომენი, ეს არის გამოწვევა რეგიონული თვალსაზრისით და ამაზე საჭიროა შესაბამისი რეგულირება. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის მაშინდელი ელჩის პოზიციიდანაც კი, რომელიც ამ პროცესში ჩართული იყო და ერთ-ერთი კარგი განმმარტებელი შეიძლება იყოს ამ საკითხის, რომელმაც პოზიცია დააფიქსირა, განაცხადა, რომ ეს კანონი სახელებით და გვარებით არ უნდა დაიწეროს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პრევენციულად, რომ სამომავლოდ, ვინმემ მოჭარბებული ძალაუფლებით გავლენები არ მოახდინოს პოლიტიკაზე. ვინც რა არ უნდა თქვას, დემოკრატიულ ქვეყანაში დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული კანონები პრინციპებზე დაფუძნებით იწერება კონკრეტული გამოწვევების საპასუხოდ და არა სახელებზე და გვარებზე", - განაცხადა ოხანაშვილმა.

IPN