"სანქცირებულ კომპანიას ვაძლევთ საშუალებას შემოიტანოს ბენზინი, ინფორმაციას მივაწვდით პარტნიორებს" - კვირის პალიტრა

"სანქცირებულ კომპანიას ვაძლევთ საშუალებას შემოიტანოს ბენზინი, ინფორმაციას მივაწვდით პარტნიორებს"

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სანქციების გვერდის ავლის მორიგ სავარაუდო ფაქტს ასაჯაროებს.

როგორც ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე, ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, სახმელეთო, სარკინიგზო გზით, გარდაბნის საბაჟო გამშვები პუნქტიდან, საქართველოში რუსული სანქცირებული კომპანიის „როსნეფტის“ მიერ 81 ათასი ტონა ბენზინი შემოვიდა.

„რუსეთის ქმედებები უნდა შეფასდეს ცალსახად ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებები. რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო. სამწუხაროდ, ეს სიტყვები ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი მთავრობის მხარიდან არ გვესმის და ამის მოლოდინი არავის აქვს ამის გამო მე მიწევს მორიგი სავარაუდო სანქციების თავიდან არიდების შემთხვევების გასაჯაროება. დღეს, ანტიკორუფციულმა მოძრაობამ გაასაჯაროვა დოკუმენტი, სადაც ნათლად წერია, რომ სახმელეთო, სარკინიგზო გზით, საქართველოს გავლით შემოვიდა რუსული სანქცირებული კომპანიის „როსნეფტის“ მიერ 81 ათასი ტონა ბენზინი. ამ პირობებში, მით უმეტეს რუსეთიდან შემომავალი და სანქცირებული კომპანიის მიერ შემოტანილი ტვირთი უნდა იყოს განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ. დოკუმენტებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ წარმოშობის ქვეყანა უცნობია. ანუ ჩვენ სანქცირებულ კომპანიას ვაძლევთ საშუალებას შემოიტანოს ბენზინი, რომელიც არ ვიცით,რომელი ქვეყნიდან მოდის. ეს აჩენს ეჭვს, რომ არა მხოლოდ სანქცირებულ კომპანიას შემოაქვს, არამედ, შეიძლება სანქცირებული ტვირთიც იყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმედია, რომ სახელმწიფო, რომელიც არ იცავს სანქცირების რეჟიმს, პირიქით ეძებს ხვრელებს, რაიმე რეაგირებას გააკეთებს. მაგრამ ჩვენ ამ ინფორმაციას მივაწვდით ჩვენ პარტნიორებს, რაც იქნება კიდევ ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ პერსონალური სანქციებით დაისაჯონ ის ადამიანები, ის კონკრეტული პირები და სქემები, რომლებიც ამ სასტიკ ომში რუსეთის მხარდაჭერას ხელს უწყობენ და ჩრდილს აყენებენ საქართველოს სახელმწიფოს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„დროას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტვირთის მიმღები „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

„ეს კომპანია უკრაინის მთავრობის მიერ დასასანქცირებელთა სიაში მყოფი “Petrocas Energy Group”-ის საკუთრებაშია, თავად პეტროკასი კი ფორმალურად ასევე უკრაინის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქის დავით იაკობაშვილის და ივანე ნაკაიძის მფლობელობაშია. იმპორტიორმა კომპანიამ, სავარაუდოდ, დამალა ინფორმაცია და ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჩაწერა, რომ პროდუქტის წარმოშობის ადგილი უცნობია და შემოსავლების სამსახურმა ასეთი ტვირთის საქათველოში შემოსვლა დასაშვებად მიიჩნია. სავარაუდოდ, ეს არის სანქციებისთვის თავის არიდების გზა, რადგან სანქციების ქვეშ არის როსნეფტის მომპოვებელი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. შესაბამისად, მიმღებ კომპანიას არ სურდა გამოეჩინა ბენზინის წარმოშობის ადგილი და კავშირი სანქცირებულ ქარხნებთან. „ქართული ოცნების“ ინტერესი რომ იყოს სანქციების რეჟიმის ზედმიწევნით დაცვა და ის, რომ საქართველო არ გახდეს სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მარშრუტი, შემოსავლების სამსახური და სხვა უწყებები მოითხოვდნენ ნავთობიმპორტიორებისგან წარმოშობის ადგილის მითითებას. ეს არ არის სანქცირებული ნავთობპროდუქტების სავარაუდო შემოტანის პირველი შემთხვევა და როგორც აქამდე, ასე ამ შემთხვევაში, ინფორმაციას ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მივაწვდით“, - აცხადებენ „დროაში“.

IPN