"უცხო ქვეყანაში ცხოვრება უამრავ ხარჯთან არის დაკავშირებული. ბევრი დიდი ამბიციით მიდის და შემდეგ მხოლოდ თავის გატანაზე ზრუნვა უწევს" - კვირის პალიტრა

"უცხო ქვეყანაში ცხოვრება უამრავ ხარჯთან არის დაკავშირებული. ბევრი დიდი ამბიციით მიდის და შემდეგ მხოლოდ თავის გატანაზე ზრუნვა უწევს"

პირველი ინტერვიუ ნიკოლოზ ბარტყულაშვილთან 2015 წელს ჩავწერე. მაშინ ის აცხადებდა, „მსოფლიოში პირველი ადამიანი ვარ, რომელიც 29 წლის ასაკში 106 ქვეყანაშია ნამყოფი“. მას შემდეგ მან მოგზაურობა გააგრძელა და მთელი მსოფლიო მოიარა. გადაადგილების საშუალება მრავალფეროვანი იყო: თვითმფრინავი, ავტობუსი, მანქანა, გემი, ველოსიპედი, ცხენი, სპილო, აქლემი... დასახულ მიზნამდე მისაღწევად, საკმაოდ დიდი მანძილი ფეხითაც უვლია და თანაც ყველანაირ ამინდსა თუ სეზონზე. ამჯერად ამერიკაში იმყოფება და უმთავრესად, საპროდიუსერო საქმიანობით არის დაკავებული, სამოდელო ბიზნესშიცაა ჩართული და იმ ადამიანებს, ვისთანაც იდეურ თანხვედრას ხედავს, სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ეხმარება.

- ნიკოლოზ, ჩვენი პირველი ინტერვიუს შემდეგ, თქვენ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა გააგრძელეთ, თუმცა ბოლო ხანს ამერიკაში დამკვიდრდით, ასეა?

- მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა სხვა რიტმებით ვცხოვრობ. დიახ, ბოლო ხანს ამერიკაში მომიწია გაჩერებამ, 2 წელიწადზე მეტია, რაც უმთავრესად, ფლორიდასა და კალიფორნიაში ვიმყოფები, თუმცა აქედანაც მიწევს ხოლმე გასვლა. ამერიკის ყველა შტატში დავდივარ და ვმოგზაურობ. ქართველების დაახლოებით 80% ნიუ-იორკში ცხოვრობს, 20% - ფილადელფიაში. ვინაიდან ყველა შტატში მიწევს ყოფნა და შეიძლება ითქვას, აქ მყოფ ქართველებს „სხვა ამერიკა“ აღმოვუჩინე. რაც შეეხება მოგზაურობას, დღემდე 182 ქვეყანა მოვიარე, ფაქტობრივად - მთელი მსოფლიო. ამ ციფრს აღარ ვასახელებ და „მთელ მსოფლიოს“ ვამბობ, რადგან ზოგჯერ რამდენიმე პატარა ქვეყანა გარკვეული დროით გამოიყოფა ან რაღაც ოლქი დროშას აsწევს და ქვეყანას დაირქმევს. მთელი მსოფლიოს მოვლის შემდეგ, გადავწყვიტე, ცოტა დიდხანს დავრჩენილიყავი ამერიკაში. შეიძლება მომავალში ავსტრალიაში გადავსახლდე და 1-2 წელი იქ გავჩერდე. სისტემატური მოგზაურობა კი ამოვწურე.

- რას საქმიანობთ ამერიკაში?

- 2007 წლიდან კინოპროდიუსერი ვარ. გარდა ამისა, ვპროდიუსერობ მომღერლებსა და დიჯეებს. ამ ეტაპზე აყვანილი მყავს ორი სხვადასხვა სტილის გოგონა, ერთი ლონდონელი მომღერალი და ერთიც ესტონელი დიჯეი, რომლებსაც კარიერას ვუქმნი. მუსიკას ვაწერინებ, კლიპებს ვუღებ, კონცერტებს ვუგეგმავ და მათ პოპულარულს ვხდი. ჩემი საქმიანობის მეორე მიმართულება კი სამოდელო ბიზნესია. მაგალითად, როცა „ნიუ-იორკ ფეშენ ვიქი“ ტარდება, ხან ჟიურის წევრი ვარ და ხანაც ორგანიზატორად მიწვევენ. მომწონს, როცა ადამიანებს წარმატების მიღწევაში ვუწყობ ხელს. ამავდროულად ქართველებს ამერიკაში ბიზნესის წამოწყებასა და დასაქმებაში ვეხმარები. თავად ჩემი ბიზნესი არ მაქვს, ინვესტორი ვარ. მსურველებს პროექტებს ვუგეგმავ, ბიზნესგეგმებს ვუწერ და მენეჯმენტს ვუწევ მათ საქმეს, რომლის მიხედვითაც რამდენიმემ გახსნა რესტორანი, პიცერია და ა.შ.

5-1664870638-1665468730.jpg

- ახლახან „ტაურუსის“ მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოების ცერემონიალზე, საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაში ქართველმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ლაშა მძინარიშვილმა გაიმარჯვა (რეჟისორ მეთიუ ვონის ფილმი The King’s Man). მას თან ახლდით როგორც ცერემონიალის მსვლელობისას, ისე ჰოლივუდში ვოიაჟისას...

- ყველა ქართველის საქმიანობა და წარმატება მახარებს. როცა მსგავს ამბებს ვიგებ, იმ შტატში ჩავდივარ, სადაც იმყოფებიან და რაც შემიძლია, ვაკეთებ, საორგანიზაციო საკითხი იქნება ეს თუ რამე სხვა. რაც შეეხება ლაშას, როგორც კი შევიტყვე, რომ ნომინირებული იყო, ძალიან გამიხარდა. აქ, ასე ვთქათ, ფეხმოკიდებული ვარ, თავისუფალი დროც მეტი მაქვს და როცა ჩემმა მეგობარმა, რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ ლაშასთან დამაკავშირა, რასაკვირველია, აეროპორტში დავხვდი და პირველი დღიდან მის გვერდით ვიყავი. სხვადასხვა კინოსტუდიის შიდა სამზარეულოში კარგად ვერკვევი, მაქვს კონტაქტები და ეს ყველაფერი კარგად დაემთხვა. ასეთ დიდ ფილმში რომ ქართული ცეკვის ილეთები დაფიქსირდა, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლაშასთვის, არამედ ქვეყნისთვის. პირადად მას კი ეს წარმატება გზას გაუკაფავს და მომავალშიც რასაც დაგეგმავს, სიხარულით დავუდგები გვერდით.

- ამერიკაში არსებული კინოკომპანიის მხრიდან, ლაშასთან თანამშრომლობის პერსპექტივა რამდენად არსებობს? რამე პროექტი ხომ არ დაიგეგმა, რაზეც უკვე შეიძლება ლაპარაკი?

- ალბათ ლაშა ინტერვიუებში ამ თემაზე თავად ისაუბრებს, მაგრამ მე, როგორც პროდიუსერი, რომელსაც საკმარისი გამოცდილება მაქვს მოლაპარაკების მიმართულებით, გეტყვით, რომ აქ ცოტა სხვაგვარად ხდება ყველაფერი და ისეთი მარტივი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუ საქართველოში სიტყვიერი მოლაპარაკება უკვე საკმარისია და ეს უკვე შეთანხმებას ნიშნავს, ამერიკაში გაგიღიმებენ, საუბარში შეიძლება ყველაფერი დადებითად გადაწყვეტილი გეგონოს, მაგრამ ამ ყველაფრის ოფიციალურ გაფორმებამდე შეიძლება 2-3 წელი გავიდეს, ანუ ბიუროკრატიას, მენეჯერების საუბრებსა და დოკუმენტაციის იურიდიულად მომზადებას მიაქვს თვეები და ზოგჯერ წლებიც.

- ბევრი ოცნებობს, კარიერა საზღვარგარეთ აიწყოს. რამდენად მარტივი ან რთულია ეს ყველაფერი?

- პიროვნებას გააჩნია, მაგრამ ზოგადად, უცხო ქვეყანაში ცხოვრება უამრავ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ბევრი დიდი ამბიციით მიდის და შემდეგ მხოლოდ თავის გატანაზე ზრუნვა უწევს. ფიქრობენ, რომ სანამ ფეხს მოიკიდებენ, რამე დროებით სამსახურს დაიწყებენ. ვთქვათ, ადამიანს 5 ათასი დოლარი აქვს შემოსავალი. აქედან 2.500-ს ქირაში იხდიან, 1.000 ან მეტი, კვებასა და სხვა ხარჯებში მიდის. რაც რჩება, ცდილობენ, ოჯახსა და ახლობლებში გაგზავნონ. შესაბამისად, თავისი იდეების განსახორციელებლად არც დრო რჩებათ და არც თანხები. ამ რიტმიდან ამოსვლა კი ჭირს და ოცნებები ოცნებად რჩება.

პროექტის შექმნა და დამზადება საქართველოში ძალიან იაფი ღირს, იდეური ხალხის შეკრებაც მარტივია. პროექტები საქართველოში უნდა დამზადდეს და შემდეგ მის საზღვარგარეთ განხორციელებაზე იფიქრო და არა იმაზე, რომ ამერიკაში ნულიდან დაიწყო ყველაფერი. აქ თანამოაზრეებს ვერ იპოვიან. თუ ნახავენ, საათობრივად უნდა უხადონ, რასაც ვერ გასწვდები, ეს რთულია მსხვილი ბიზნესმენისთვისაც კი. შესაბამისად, პროექტის საქართველოში დამზადება და ამერიკაში განხორციელება უფრო რეალურია, ვიდრე ყველაფერზე ამერიკაში ფიქრი. კიდევ ერთი დაბრკოლება ენის ბარიერია. ადამიანმა რაც უნდა კარგად იცოდეს ინგლისური, აქაურ საუბრის მანერას, სტილსა და მენტალიტეტს მორგება სჭირდება. ბევრი დეტალია და ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ ვინც გამტანი, პრინციპული, მიზანდასახული და ჯიუტია, შეიძლება ადრე თუ გვიან, დასახულ მიზანს მიაღწიოს.

6-1664870623-1665468753.jpg

- მსოფლიო მოიარეთ და ამერიკა რატომ შეარჩიეთ დიდი ხნით შესაჩერებლად?

- გინდა, არ გინდა, მსოფლიო ინფორმაციას ამერიკა მართავს და ამიტომ, აქ გარკვეული დროით ყოფნა მჭირდება. ჩაფიქრებული ფართომასშტაბიანი პროექტები რომ განვახორციელო, ფეხი ბოლომდე კარგად უნდა მოვიკიდო და ყველა საქმე „დავალაგო.“ შემდეგ შეიძლება ჩემთვის მეტად კომფორტულ ქვეყანაში ვიცხოვრო, ეს იქნება საქართველო, კოსტარიკა, შრილანკა თუ სხვა, რომელიც თავისი კლიმატით და ბევრი სხვა დეტალით მომწონს. შეიძლება ესპანეთშიც დავსახლდე, რომელიც საქართველოს შემდეგ, ჩემთვის უსაყვარლესი ქვეყანაა. ნომერ პირველი კი საქართველოა, მაგრამ რადგან მასშტაბებია პატარა, დიდხანს ვერ გავჩერდები. თუმცა, სადაც უნდა ვიყო, ბუნებრივია, ამერიკასთან კონტაქტს არ გავწყვეტ, ჩამოვალ ფესტივალებზე, გამოფენებზე, კონკურსებზე, უბრალოდ საცხოვრებლად კი საჩემო ქვეყანა არ არის. თან, მე მაინც მოგზაური ვარ და დიდხანს ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. რაც გრძელდება, ერთ ადგილს მაწებებს, ეს კი არ მომწონს, რადგან სულ ცვლილებები და განვითარება მჭირდება. მაგალითად ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა, ესპანეთში ავაშენე განსხვავებული დიზაინის დიდი სახლი. ბევრს მოეწონა და მსგავსი დამიკვეთეს, თუმცა ფიზიკურად არ შემეძლო იგივე პროექტი შემექნა, მხოლოდ ფულის გამო კი ამას ვერ გავაკეთებდი. თბილისშიც გავაკეთე სასტუმრო, ორი შენობა ერთმანეთზე თოკის ხიდებით „გადავაბი“, 4 სართულზე დახვეული კიბით და საკმაოდ განსხვავებული დიზაინით გამოვიდა. ასე რომ, ბევრი ინტერესის სფერო მაქვს, ზოგისთვის ასტროფსიქოლოგი ვარ, ზოგისთვის არქიტექტორ-მშენებელი, პროდიუსერი, მოგზაური. ზოგადად, სიახლეები მიყვარს, განვითარება, ადამიანებთან კონტაქტი...

- აზია განსაკუთრებით გხიბლავთ, როგორც ვიცი...

- დიახ, აზია ძალიან „ღრმაა“ თავისი მრავალფეროვანი კულტურითა და ისტორიით. მას შემდეგ, რაც მსოფლიო მოვიარე და ქვეყნები შევისწავლე, აზია ჩემთვის ყოველთვის იყო და დარჩება ადგილად, სადაც დღესაც და ყოველთვის სიამოვნებით ვიმოგზაურებდი.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"