"მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ჩვენი სათქმელი გვეთქვა, ამ ომს გამოვხმაურებოდით" - ჭაბუკა ამირანაშვილის ახალი პროექტი freedom chabuka და call 4 freedom - კვირის პალიტრა

"მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ჩვენი სათქმელი გვეთქვა, ამ ომს გამოვხმაურებოდით" - ჭაბუკა ამირანაშვილის ახალი პროექტი freedom chabuka და call 4 freedom

ჯერ კიდევ უკრაინის ომის დაწყებამდე ჯგუფმა “შარამ” თავისუფლებას სიმღერა მიუძღვნა. შემდეგ ომი დაიწყო და ერთი სიმღერა დიდ პროექტად იქცა. მუსიკოსმა ჭაბუკა ამირანაშვილმა ჯგუფი შეკრიბა, თავისი უცხოელი მეგობრები დაიხმარა და freedom chabuka და call 4 freedom შეიქმნა - სიმღერების კრებული, რომელიც რამდენიმე ენაზეა შესრულებული, ყველა მათგანს კი ერთი რამ - თავისუფლებისა და მშვიდობის მოტივი აერთიანებს.

"კვირის პალიტრა" ჭაბუკა ამირანაშვილს ახალ წამოწყებაზე სასაუბროდ დაუკავშირდა.

- ბატონო ჭაბუკა, კარგი ამბით დაგვიბრუნდით. იმ ქართველ შემსრულებელთა შორის ერთ-ერთი ხართ, რომელმაც უკრაინის ომს სიმღერა მიუძღვნა, მოგვიყევით ახალ სიმღერაზე?

- სიმღერა, სახელად “თავისუფლება”, ადრე ჯგუფ “შარასთან” ერთად ჩავწერეთ, ამ თემაზე ვიდეოკლიპის გადაღებას ვაპირებდით, თუმცა ორ თვეში რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და თემატიკაც შეგვეცვალა.

- მაშინ, თქვენს საინტერესო წამოწყებაზე ვისაუბროთ, რა არის freedom chabuka და რას ემსახურება ეს წამოწყება?

- მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ჩვენი სათქმელი გვეთქვა, ამ ომს გამოვხმაურებოდით. ჩავთვალეთ, რომ დღეს ეს youtube-ზე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. დავუკავშირდით ჩვენს მეგობრებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - უკრაინაშიც და გადავწყვიტეთ, ეს სიმღერა იმ ენებზე ჩაგვეწერა, რომლებზეც უფრო ფართო საზოგადოება ნახავდა, დედამიწაზე ყველას რომ მივწვდომოდით.

სიმღერები არის ინგლისური, გერმანული, ესპანური, იტალიური, უკრაინული და რუსულენოვანიც. სიმღერა სხვადასხვა ენაზე ჩაიწერა იმ დროს, როდესაც ოდესა იბომბებოდა. ეს ერთადერთი პროექტია ჩემთვის, რომელშიც სიამოვნებასთან ერთად შიშიც ვიგრძენი. რომ არა ჩემი მეგობარი, მემო რაინი გერმანიიდან, რომელიც ჩამოფრინდა სპეციალურად ამ პროექტისთვის თბილისში, ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა. დროის სხვაობა იყო სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ დღეს და ღამეს ვეღარ ვგრძნობდით, სულ ვმუშაობდით და ახალ სიმღერას ვქმნიდით. ხან ესპანეთში, ხან ბრაზილიაში, ამერიკაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებთან და პროდიუსერებთან გვქონდა კავშირი, სულ ხაზზე ვიყავით.

ამ დიდი პროექტის ფარგლებში, უნდა გამზადებულიყო სიმღერები სხვადასხვა ენაზე, კლიპები სხვადასხვა ვერსიით, მათ შორის, ომის კადრებით. სტუდიები, საიტი, რომელზეც აიტვირთებოდა ეს ყველაფერი და იქნებოდა დონაციის ბმულიც. საბოლოოდ, ყველაფერი შედგა და დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც მცირედი მონაწილეობა მაინც მიიღო ამ პროექტში. დღეს უკვე მსურველებს შეუძლიათ სპეციალურ საიტზე შევიდნენ, ჩვენ მიერ შექმნილ მუსიკას მოუსმინონ და იქვე დონაციაც გაიღონ, უკრაინას დაეხმარონ.

- რა იყო თქვენი სათქმელი, რა გადმოეცით სიმღერით?

- ჩემი სათქმელის გადმოცემა რთულია, ბევრი რამის თქმა მინდოდა. გამომდინარე სიმღერის ტექსტიდან, რომელიც, პირველად ცხოვრებაში, მე დავწერე, არის ის, რომ არწივი ცაში ლაღად დაფრინავს და შეჰყურებს ლამაზ ბუნებას, იცავს თავის ცასა და ტერიტორიებს და ამბობს, რომ არც ერთ მტერს არ დაუთმობს (არ დაანგრევინებს და არ წააშლევინებს) ამ სილამაზეს, რომელსაც თვითონ ხედავს, უყვარს მისი სილამაზე და აფასებს ყველას, ვინც ამ ლამაზ ბუნებაში არსებობს.

სიმღერის იდეა მშვიდობიდან წამოვიდა. მშვიდობა ჩემთვის არის წყნარი და სრულფასოვანი არსებობა კაცობრიობისათვის. ეს ერთადერთია, რაზეც მუდამ ოცნებობდა კაცობრიობა. მშვიდობა - ეს ლამაზი მუსიკაა, ეს გრძნობაა, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ ბოლომდე მოუსმინო მუსიკას, უწყვეტად, დატკბე სიცოცხლით, ბუნებით, საყვარელი ადამიანებისა და კაცობრიობის წყნარი და ლამაზი ცხოვრებისათვის.

- სიმღერები, რომლებიც რამდენიმე ენაზე დაიწერა და სხვადასხვა ეროვნების შემსრულებელი ჰყავს, მეტნაკლებად უკვე იცის მსმენელმა. გვიამბეთ, საზოგადოების მხრიდან რა რეაქცია და რა კომენტარები მოჰყვა feedom chabuka-ს გამოჩენას?

- ვინც მოისმინა და გაეცნო, ყველა კმაყოფილებას გამოხატავდა, როგორც მუსიკაზე, შესრულებლებზე, ტექსტზე, ასევე, სიტუაციაზე, რომელიც გამოიხატებოდა უკრაინელი ხალხისა და სიმამაცის მიმართ. ხაზგასასმელია ისიც, რომ ყველა მუსიკოსი სხვადასხვა ქვეყნიდან ამას უანგაროდ აკეთებდა, სტუდიებიც და მთლიანი მენეჯმენტი, პროდიუსინგი უანგარო იყო.

- სულ ახლახან კიდევ ერთი დისკი დაბეჭდეთ გერმანიაში, კუბელ და მექსიკელ მუსიკოსებთან ერთად, რომელიც მალე, გაორკესტრებული, CD-ზეც ჩაიწერება. როგორ აღმოგაჩინეს მექსიკელმა და კუბელმა მუსიკოსებმა?

- ეგ ნაწარმოებები ჩემმა ერთმა გერმანელმა მეგობარმა მოისმინა - მემო რაინმა, რომელმაც ყველაფერი ითავა და დიახ, მალე ახალი CD გამოვა. მის გარეშე არც თავისუფლების სიმღერა გამოვიდოდა. ის მომეხმარა ყველაფრის გაკეთებაში. მემომ დამაკავშირა იმ მუსიკოსებთანაც.

- და ბოლოს, call 4 freedom, feedom chabuka-სგან კიდევ რამე სიახლეს ხომ არ უნდა ველოდოთ ახლო მომავალში?

- რა თქმა უნდა, ეს დასაწყისია, უკვე ვმუშაობთ ახალ შემოქმედებაზე და როგორც კი მზად იქნება, შეგატყობინებთ, ჯერ წინასწარ არ ვიტყვი, თავს შევიკავებ.

- თქვენს სიახლეებს "კვირის პალიტრის" მკითხველიც დაელოდება.

- დიდი მადლობა თქვენ, ყველას.

(სპეციალურად საიტისთვის)