"პუტინის რჩეული გენერალი, სერგეი სუროვიკინი ტერორს ომის კანონიერ ნაწილად თვლის" - კვირის პალიტრა

"პუტინის რჩეული გენერალი, სერგეი სუროვიკინი ტერორს ომის კანონიერ ნაწილად თვლის"

ბრიტანული ჟურნალის - The Spectator-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "პუტინის ქოფაკ ძაღლს უკრაინაში უფრო საშინელი ომი მოაქვს - გენერალი სერგეი სუროვიკინი ტერორს ომის კანონიერ ნაწილად თვლის" (ავტორი - მარკ გალეოთი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ყირიმის ხიდის აფეთქება უსიამოვნო საჩუქარი გახდა როგორც ვლადიმერ პუტინისათვის, რომელმაც წინა დღით დაბადების 70 წლისთავი აღნიშნა, ასევე, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ახალი მთავარსარდლის - გენერალ სერგეი სუროვიკინისთვისაც. თუმცა 10 ოქტომბრის დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმებით - კიევში, ხარკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში, რომლის მსგავსი ომის დაწყებიდან არ ყოფილა - მათ ორივემ [იგულისხმება ვლადიმერ პუტინი და გენერალი სუროვიკინი] უკრაინას სამაგიერო გადაუხადა. რაკეტებმა და "კამიკაძე დრონებმა" მთელი რიგი სამიზნეები გაანადგურეს, რომელთაგან ზოგიერთი, ფართო გაგებით, შესაძლოა, მართლაც სტრატეგიული ობიექტია - ვთქვათ, ხიდები და სარკინიგზო კვანძები, მაგრამ უმეტესობა მაინც სამოქალაქო ხასიათის ნაგებობა იყო. უკრაინის დასავლეთი ნაწილი, კერძოდ, ქალაქი ლვოვი, რომელიც დღემდე არ გამხდარა რუსული რაკეტების ფართომასშტაბიანი დაბომბვის ობიექტი, ასევე, აღმოჩნდა დაბომბილი ქალაქების ჩამონათვალში.

რა თქმა უნდა, შეტევის მიზანს აშკარად უკრაინელების დასჯა და დატერორება წარმოადგენდა, შურისძიებას ყირიმის ხიდის აფეთქებისათვის, რაც მოსკოვმა "ტერორისტულ აქტად" შერაცხა, "რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებმა განახორციელეს".

ეს არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს: ვლადიმერ პუტინს საპასუხო ზომების მიღება მოუწია ხიდის აფეთქების გამო, რომელიც მისთვის დამამაცირებელი იყო - რუსეთის პრეზიდენტმა ხომ პირადად გახსნა ყირიმის ნახევარკუნძულისა და მატერიკის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდი... მართალია, ჯერ არავითარი ეჭვი არ არსებობს იმისა, რომ რუსეთის ლიდერის მდგომარეობას რამე სერიოზული საფრთხე ემუქრება, მაგრამ რადგანაც მომხდარი აფეთქება მისი ავტორიტეტისადმი გამოწვევას წარმოადგენს, ამას პასუხის გაცემა სჭირდებოდა. მით უმეტეს, რომ რუსულ ტელეარხებში და სოციალურ ქსელებში "საპასუხო ზომების მიღების" კამპანია სახელისუფლებო "ქორებმა" [იგულისხმება რუსულ სატელევიზიო სივრცეში პოპულარული პროპაგანდისტები] სპეციალურად გააძლიერეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ თვით სერგეი სუროვიკინსაც თავისებური სახე აქვს. იგი რუსეთის არმიის კადრის ოფიცერია, იბრძოდა ავღანეთში, ტაჯიკეთში და ჩეჩნეთში, ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის ოპერატიულ სამმართველოს, რაც, ჩვეულებრივ, იმას ნიშნავს, რომ ოფიცერს უმაღლესი სარდლობისათვის ამზადებენ. მართლაც და, 2017 წელს სერგეი სუროვიკინი რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების სარდლად დაინიშნა, რითაც წარსულის ტრადიცია მკვეთრად დაირღვა - მას ხომ თანამდებობის შესაბამისი სამხედრო სპეციალობა არ აქვს!

სერგეი სუროვიკინი ორჯერ იყო სირიაში - 2017 და 2019 წლებში, ანუ იმ პერიოდში, როცა განსაკუთრებით დაუზოგავად იბომბებოდა სირიის მთავრობის წინააღმდეგ ამბოხებულების ხელში არსებული ქალაქები - ალეპო და გუტა. სირიაში განმტკიცდა სერგეი სუროვიკინის რეპუტაცია - როგორც კომპეტენტური, მაგრამ, იმავდროულად, უკიდურესი მკაცრი ადამიანის. მისი აზრით, ტერორის განხორციელება ომში კანონიერია და უფრო მეტიც - ტერორი ომის შემადგენელ აუცილებელ, გარდაუვალ ნაწილს წარმოადგენს.

ახლა, როცა სერგეი სუროვიკინი უკრაინის წინააღმდეგ მოქმედი რუსეთის ჯარების მთავარსარდალია და არა მხოლოდ ერთი ფრონტისა, მას დიდი უფლებამოსილება აქვს, ისარგებლოს რუსეთის არმიის ჩვეულებრივი იარაღით, მაგრამ ისეთით, რომელსაც სტრატეგიული დანიშნულებაც აქვს - შორეული მოქმედების ბომბდამშენებით და შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ხომალდებით, რომლებიც ფრთოსანი რაკეტებით არიან აღჭურვილნი. ახლა სერგეი სუროვიკინს შეუძლია პირადად განახორციელოს ოპერაციების კოორდინაცია ყველა ფრონტზე, რაც მას ადრე არ შეეძლო.

გენერლის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა რუსეთის ჯარის გააქტიურების სიგნალს წარმოადგენს. ახლა არმია ახალწვეულების შემატების მოლოდინშია - ათი ათასობით მობილიზებული რეზერვისტის სახით, რომელიც რუსეთის ჯარს შესაძლებლობას მისცემს, შეტევა განახორციელოს. შეიძლება ეს პატივმოყვარე ადამიანის ამბიციებია, მაგრამ, ერთი შეხედვით, სერგეი სუროვიკინი სწორედ იმ აგრესიული და ბრძოლისუნარიანი სამხედრო მოსამსახურის ტიპს წარმოადგენს, რომლის მთავარსარდლად ხილვაც ვლადიმერ პუტინს სურს.

მაგრამ მთლად ასე არ არის. მე ერთ-ერთ გადამდგარ ოფიცერს ვესაუბრე, რომელიც ადრე სერგეი სუროვიკინს ექვემდებარებოდა და ვკითხე, თუ რას ფიქრობდა იგი გენერლის შესახებ. "იგი ჩამოყალიბებული გარეწარი და ნაძირალაა", - მითხრა მან. ერთ-ერთი დასავლელი სამხედრო ატაშე, რომელიც სერგეი სუროვიკინთან არის შეხვედრილი, აღნიშნავს, რომ ამ ადამიანში ღრმად არის გამჯდარი სიძულვილი და მძვინვარება. აი, ვინ ხელმძღვანელობს რუსეთის ომს უკრაინაში და ვინ არის პასუხისმგებელი არმიის მოქმედებაზე.

როგორც ამბობენ, სერგეი სუროვიკინმა 2004 წელს ისე მკაცრად დატუქსა ერთ-ერთი თავისი ხელქვეითი, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არის თვალსაზრისი, რომ სერგეი სუროვიკინმა სამომავლოდ შეიძლება რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი შეცვალოს, რომელსაც [განცდილი მარცხის გამო] უკვე ზურგსუკან დასცინიან. ახლად დანიშნულმა გენერალმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას ომის დინამიკის შეცვლა შეუძლია. კაცმა რომ თქვას, სერგეი სუროვიკინს ეს ძალიან გაუჭირდება, რადგან უკრაინას სულ უფრო მეტი გაწრთვნილი და მომზადებული ჯარსიკაცი ჰყავს, უფრო მეტი თანამედროვე დასავლური იარაღით აღჭურვილი და მაინც, მოსალოდნელია, რომ იგი [პოზიტიური] შედეგის მიღწევას შეეცდება, ანუ ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ უკრაინის ქალაქების თავზე საჰაერო განგაშის სირენების ხმა სულ უფრო გახშირდება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ