გაიმეორებს თუ არა პუტინი ბელარუსიდან უკრაინაზე თავდასხმას?! - კვირის პალიტრა

გაიმეორებს თუ არა პუტინი ბელარუსიდან უკრაინაზე თავდასხმას?!

ბელარუსის ტერიტორიაზე იწყება ბელარუს-რუსული რეგიონული შეიარაღებული დაჯგუფების ჩამოყალიბება.

რაღაც ამგვარი უკვე იყო შექმნილი ამ წლის თებერვლისთვის, როდესაც რუსეთი სხვადასხვა მიმართულებიდან დაესხა თავს უკრაინას.

მაშინ რუსული თავდასხმის ერთ-ერთი მიმართულება და ყველაზე მოკლე მარშრუტი სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან, ჩერნობილის გავლით, კიევისკენ გადიოდა.

კიევისთვის ბრძოლებში რუსი აგრესორები დამარცხდნენ და საერთოდ გაიყვანეს ბრძოლებში შელახული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები უკრაინის ტერიტორიიდან უკან, ბელარუსში, შემდეგ კი ისევ რუსეთში დააბრუნეს, ძალების აღსადგენად.

აი, გადის ომის ნახევარ წელზე მეტი და რუსეთი ისევ იწყებს თავისი სამხედრო დანაყოფების დაბრუნებას ბელარუსის ტერიტორიაზე და, ამასთან, ქმნის ერთობლივ სამოკავშირო შეიარაღებულ დაჯგუფებას - ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ პუტინს სურს, გაიმეოროს უკრაინის დედაქალაქ კიევზე ახალი შეტევების დაწყება და ამისთვის უკვე ბელარუსის არმიაც ამოიყენოს მხარში?

ამის საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. რამდენიმე დღის წინ ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინა, თურმე, მეზობელ ბელარუსზე აპირებს თავდასხმას და ამიტომაც მინსკი, მოსკოვთან ერთად, ყველა ღონეს მიიღებს ამ „თავდასხმის“ მოსაგერიებლადო...

ბავშვიც მიხვდება, რომ ეს სრული სისულელეა - უკრაინის არმიას რეზერვების მოძიება უჭირს, რათა როგორმე გაათავისუფლოს რუსების მიერ ოკუპირებული უკრაინული სოფლები და ქალაქები ხერსონის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკისა თუ ზაპოროჟიეს ოლქებში და მას დამატებით ბელარუსის შესაძლო ფრონტზე ბრძოლის არავითარი სურვილი არ აქვს.

სამაგიეროდ, სხვისთვის იმის წინასწარ დაბრალება, რასაც თავად აპირებ გააკეთო, ძველი, გამოცდილი ხერხია - ასე აკეთებდა ჰიტლერი პოლონეთზე თავდასხმის წინ და ასე გააკეთა პუტინმა უკრაინაში შეჭრამდე. ნუთუ იმავეს გამეორებას აპირებს ულვაშებიანი „მინიდიქტატორი“ ლუკაშენკოც?

უკრაინა-ბელარუსის სახმელეთო საზღვრის სიგრძე 1 084 კმ-ს შეადგენს, საიდანაც შეტევების განხორციელება არა მარტო კიევისკენ შეიძლება, არამედ - არანაკლებ მნიშვნელოვან მიმართულებაზე - ლვოვისკენაც, რათა რუსეთ-ბელარუსის გაერთიანებულმა დაჯგუფებამ უკრაინას გადაუჭრას დასავლეთისგან შეიარაღების მიწოდების საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციები...

მაგრამ შეძლებს კი ბრძოლებში ძალაგამოცლილი რუსული და ბრძოლებში გამოუცდელი ბელარუსის არმიები კიევზე ხელახალი, ფართომასშტაბიანი შეტევების ორგანიზებას ან კიდევ დასავლეთ უკრაინაში სატრანპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას?

ძალზე საეჭვოა, იმის გათვალისწინებითაც, რომ თებერვლისგან განსხვავებით, ახლა ბელარუსში კრემლი, ძირითადად, ახლად მობილიზებულებს გზავნის, ხოლო თავად ბელარუსის არმიის პირადი შემადგენლობის უდიდესი ნაწილიც იმაზე ლოცულობს, რომ „ბატკამ“-ლუკაშენკომ ისინი უკრაინელებთან ძმათამკვლელ ომში არ ჩართოს...

თუკი ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევების განხორციელების თავი პუტინს აღარ აქვს, ხოლო ლუკაშენკოს მარტივი ეშმაკობით თავის დაძვრენა სურს პრინციპით - არც მწვადი დაწვა და არც შამფური ანუ უკრაინასთან ომშიც ღიად არ ჩაერთოს და არც პუტინი გაანაწყენოს, მაშინ რისთვისღა ხდება ორი ქვეყნის ახალი სამხედრო დაჯგუფების შექმნა უშუალოდ უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან?

2-b-1-1665479687.jpg
უკრაინა ბელარუსთან საზღვარს ყოველი შემთხვევისთვის ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით ამაგრებს...

ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ეს კეთდება იმისთვის, რომ უკრაინის არმიის არანაკლებ ოთხი-ხუთი კარგად მომზადებული ბრიგადა ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთიდან მოხსნას და ბელარუსთან საზღვრის გასამაგრებლად (სადაც ახლა ძირითადად უკრაინელი მესაზღვრეები და ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონები დგანან) გადაისროლოს კიევმა და სულ იმის მოლოდინ-შიშში იყოს, დღეს-ხვალ ამ მიმართულებიდანაც დაიწყება შემოტევაო...

ისედაც არანაკლებ ორი ბრიგადა სწორედ ამიტომ უყენია უკრაინის არმიას მოლდოვასთან, საზღვრის იმ მონაკვეთზე, რომელიც დნესტრისპირეთის პრორუსი სეპარატისტების დე ფაქტო ხელისუფლების ქვეშ იმყოფება და იქვეა განთავსებული რუსული საოკუპაციო ბაზაც.

შესაბამისად, ფრონტის ხაზიდან მოხსნილი ოთხი ან მეტი ბრიგადა თავის საშტატო მძიმე შეირაღებით ძალზე დააკლდება უკრაინის მიერ წამოწყებულ კონტრიერიშებს, განსაკუთრებით კი - ხერსონისა და ლუგანსკის მიმართულებებზე...