ლუსტრაციის პროცესის შუქ–ჩრდილები: სანდო არქივების გარეშე ლუსტრაცია უდიდესი საფრთხე იქნება - კვირის პალიტრა

ლუსტრაციის პროცესის შუქ–ჩრდილები: სანდო არქივების გარეშე ლუსტრაცია უდიდესი საფრთხე იქნება

ლუსტრაციის პროცესის სირთულე სპეცსამსახურების ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკითაა განპირობებული. ოპერატიული მუშაობა მრავალ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, თანმიმდევრული ღონისძიების გატარებას გულისხმობს. განსაკუთრებით რთულია ფარული თანამშრომლების აგენტურული მუშაობის დოკუმენტირება, რომელიც შეიძლება ერთი ანონიმური წერილით ე.წ.“სიგნალით“ იწყებოდეს და თანდათან იზრდებოდეს. საქმიდან თუნდაც ერთი დოკუმენტის ამოღება ან პირიქით, `შეცურება, თავდაყირა დააყენებს ისტორიულ ფაქტს და სიმართლეს.

ზოგადად ლუსტრაციის პროცესი ერთ-ერთი ურთულესი სოციალურ–პოლიტიკური მოვლენაა და ბევრ კითხვაზე ათასჯერ მოზომილ პასუხს მოითხოვს. უპირველესად გასარკვევია:

1. როგორია სპეცსამსახურების არქივების დღევანდელი მდგომარეობა და რა რეალური ბაზა გაგვაჩნია ლუსტრაციის პროცესის დასაწყებად?

2. რა საკანონმდებლო შეზღუდვებია ამჟამად ამ კუთხით და როგორ უნდა შეიცვალოს საკანონმდებლო ბაზა?

3. რა პრობლემებს წააწყდნენ პოსტსოციალისტური ქვეყნები სპეცსამსახურების არქივების გახსნის და ლუსტრაციის მხრივ?

4. რა თანმდევ ნეგატიურ პროცესებს უნდა მოველოდეთ საზოგადოებაში ლუსტრაციის დაწყების შემთხვევაში?

5. ვინ და როგორ უნდა ჩაატაროს ლუსტრაცია?

ყველა სპეცსამსახური ცდილობს აგენტურა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე სტრატეგიული მიმართულებებზე ჰყავდეს, ესა: პოლიტიკური პარტიები; სპეცსამსახურები; თავდაცვისა და განათლების სფეროები; ეკონომიკა და ფინანსები; ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა და ტრანსპორტი; სასამართლო; პრეზიდენტისა და პრემიერის კანცელარიები და ა.შ.

მოწინააღმდეგე სპეცსამსახურის მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად დაეხმაროს თავის აგენტურას კარიერულ წინსვლაში, გზა გაუნთავისუფლოს დაწინაურებისკენ და პარალელურად პატრიოტი კადრები ჩამოაშოროს ქვეყნისთვის სამსახურს. აგენტის “მომწიფების” პროცესი დაახლოებით 8-14 წელი გრძელდება, იმისდა მიხედვით, თუ რა ეტაპზე მოხდა მომავალი აგენტის გადაბირება. თუმცა საკმაოდ ხშირია გამონაკლისებიც, განსაკუთრებით მართვადი “პოლიტიკური ქაოსის” დროს.

ახალი აგენტის საჭირო პოსტზე გასაყვანად “ლოკომოტივად” იყენებენ უკვე მომძლავრებულ ძველ აგენტურას. აი ასე, ხელიხელჩაკიდებული მუშაობენ ისინი. ამიტომ რა გასაკვირი იქნება, რომ 1991 წლის 9 აპრილის შემდგომ პერიოდში რუსეთის აგენტურას უკვე შეღწია ზემოაღნიშნულ სტრატეგიულ სფეროებში.

ჩვენთვის მთავარი უნდა იყვეს იმის გარკვევა, დაშანტაჟების გზით ხომ არ მოახერხეს რუსეთის ან სხვა ქვეყნების საიდუმლო სამსახურებმა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების “დაკონსერვებული” ან ფარული აგენტების გადაბირება, გააქტიურება და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოყენება. ამ შემთხვევაში ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის კი არა, უკვე რუსეთის (ან სხვა ქვეყნის) აგენტურაა.

სად არის ეს აგენტურა დღეს და რას საქმიანობს? – ამის გარკვევა უნდა იყოს ჩვენი კონტრდაზვერვის მთავარი ამოცანა. არქივები ხომ მათ ხელშა და თავისუფლად შეუძლიათ “ყოფილი” და “ახალი” აგენტურის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების იდენტიფიცირება? იქნებ გვითხრან (რაოდენობა მაინც დაასახელონ, თუ გვარებს არ გაგვიშიფრავენ) რამდენი “ყოფილი” და შემდეგ გააქტიურებული აგენტი აღმოჩნდა ლუსტრირებული და სულ მცირე სამსახურიდან გათავისუფლდა?

pageigor-1665481569.jpg
თენიზ კიტოვანი; ვარდიკო ნადიბაიძე

აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებში (პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი და სხვ.) უშიშროების არქივები საზოგადოებრივ კომისიებს გადაეცათ და შემდგომ ისინი ახდენდნენ კანონის მიხედვით ლუსტრაციის რეესტრის წარმოებას. ამ დროს ობიექტურობის ხარისხი უფრო მაღალია. ყველაზე მთავარი კი ის არის, თუ ვინ უხელმძღვანელებს ლუსტრაციის კომისიას.

გერმანიის გაერთიანების შემდეგ კომუნისტური გერმანიის მთავარი სპეცსამსახურის “შტაზის” არქივები გადაეცა ახლად შექმნილ “პერსონალური მონაცემების დაცვის ფედერალურ კომისიას”, რომლის ხელმძღვანელადაც დაინიშნა საეკლესიო პირი და ყოფილი დისიდენტი იოაჰიმ გაუკი. “შტაზის” თანამშრომლების აგენტების შესახებ საარქივო ინფორმაციას სწორედ “გაუკის კომისია” აწვდიდა სახელმწიფო სტრუქტურებს.

“გაუკის კომისიის” მუშაობა მსოფლიოში მიჩნეულია ლუსტრაციის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და სამაგალითო ვარიანტად. იოაჰიმ გაუკი უკვე კარგა ხანია აღარ ხელმძღვანელობს ამ კომისიას, თუმცა მისი დამსახურება, როგორც ლუსტრაციის კანონის გერმანული ვარიანტის შემქნელის და პრაქტიკაში გამტარებლის, საყოველთაოდაა აღიარებული.

2007 წლის გაზაფხულზე იოაჰიმ გაუკი საქართველოს გოეთეს საზოგადოების მოწვევით თბილისს სტუმრობდა. მას შეხვედრები ჰქონდა იმ საქართველოს პარლამენტის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ლუსტრაციის კანონზე მუშაობდნენ. მაშინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გერმანელ სტუმარს სიტყვა-სიტყვით განუცხადეს, რომ სუკ-ის არქივების უდიდესი ნაწილი განადგურებულია, ხოლო დანარჩენი რუსეთშია გატანილიო. ამის შემდეგ გავიდა ორი წელი და მაშინდელმა ხელისუფლებამ უცბად „აღმოჩინა“, რომ ლუსტრაციისთვის აუცილებელი საარქივო ბაზა არსებობს. საინტერესოა საიდან?

1992 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა ფრთხილად დაიწყეს კა-გე-ბეს და გე-ერ-უს საქართველოს რესპუბლიკაში დარჩენილი ძველი აგენტურის „გაცოცხლება“ და ახალის გადაბირება.

ეს არცაა გასაკვირი, რადგანაც მათ ხელთ ჰქონდათ აგენტურასთან მუშაობის სამი, ყველაზე მთავარი საარქივო დოკუმენტი:

1. აგენტურის ოპერატიული აღრიცხვის საქმეები;

2. მოქმედი სპეცკონტიგენტის სია, ოპერატიული ფსევდონიმების გაშიფრვით;

3. აგენტურასთან დაკავშირების ხეხები და მეთოდები.

ეს ყველაფერი თუ გაქვს შეგიძლია ქვეყანაც კულისებიდან მართო!

igor3-1665481568.jpg

იგორ გიორგაძე

მხოლოდ რამდენიმე ყოფილი მინისტრის გვარს შეგახსენებთ, რომლებიც რუსეთის მოთხოვნით იყვნენ დანიშნული და თავადაც არ მალავდნენ, რომ “კრემლზე” მუშაობდნენ, ამის შემდეგ თვითონ განსაჯეთ, როგორ უნდა ვენდოთ მათ სამინისტროებში დარჩენილ საარქივო მასალებს:

თენგიზ კიტოვანი (საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992 09.05. – 1993 05.05);

ვარდიკო ნადიბაიძე (საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1994 26.04.- 1998 27.04.);

იგორ გიორგაძე (საქართველოს უშიშროების მინისტრი (1993 11. 10. – 1993 02.09.);

შოთა კვირაია (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 1993 11.10 – 1995 14.02.., შემდეგ საქართველოს უშიშროების მინისტრი 1995 15. 12. – 1997 06.07.)

განა ძნელი მისახვედრია, რომ საქართველოში დარჩენილი აგენტურული საქმეების საარქივო ერთეულები მხოლოდ “წვრილფეხობას” შეეხება?

ყველაზე მნიშვნელოვანი და მომავალში პერსპექტიული ფარული თანამშრომლების საქმეები კი, კარგა ხანია ეფ-ეს-ბეს და გე-ერ-უს საცავებშია.

ამიტომ უპირველესად გასარკვევია, თუ როგორია სუკ-ის არქივების დღევანდელი მდგომარეობა, რა რეალური ბაზა გაგვაჩნია ლუსტრაციის პროცესის დასაწყებად და რა დოკუმენტურ წყაროებს უნდა ვენდოთ. რა კრიტერიუმებით, სამართლებრივი ბაზით და რომელი არქივებით უნდა ვისარგებლოთ აგენტების დასახელებისას?

ლუსტრაციას, მაქსიმალურად მოწესრიგებული არქივების პირობებშიც კი, უამრავი ობიექტური მორალური და პოლიტიკური პრობლემები აქვს.

დღეს კი საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად გაუჭირდება კა–გე–ბეს საარქივო დოკუმენტების ზუსტი რიცხვის დასახელება და მათ სრულ სანდოობაზე თავის დადება.

(მეორე ნაწილის დასასრული)