"განქორწინების შემდეგ, მამამ პატარა პიერი სკოლა-პანსიონში გაგზავნა, სადაც ორშაბათობით მძღოლს ლიმუზინით მიჰყავდა, შემდეგი 5 დღე კი ღარიბულად უწევდა ცხოვრება" - კვირის პალიტრა

"განქორწინების შემდეგ, მამამ პატარა პიერი სკოლა-პანსიონში გაგზავნა, სადაც ორშაბათობით მძღოლს ლიმუზინით მიჰყავდა, შემდეგი 5 დღე კი ღარიბულად უწევდა ცხოვრება"

ფრანგული კინოს ერთ-ერთი შეუდარებელი წარმომადგენელი პიერ რიშარი მსოფლიოში გამორჩეული მსახიობია. ქერა, მაღალი ფრანგი მამაკაცი, რომელიც სამსახიობო ოსტატობით გამოირჩეოდა, არისტოკრატთა ოჯახში 1934 წლის 16 აგვისტოს, ქალაქ ვალანსიენში დაიბადა.

მსახიობის მამა ქსოვილების მწარმოებელი იყო. ერთხელაც მან რამდენიმემილიონიანი ქონება აზარტულ თამაშში წააგო და მეუღლე შვილთან - პიერ რიშართან ერთად მამასთან გაუშვა საცხოვრებლად. მალე მომავალი მსახიობის მშობლები განქორწინდნენ. როგორც ცნობილია, რიშარის ბაბუა თავიდანვე წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების, ვაჟის განქორწინების შემდეგ პატარა პიერი სკოლა-პანსიონში გაგზავნა, იქ, სადაც ღარიბი ბავშვები სწავლობდნენ. მსახიობი შემდეგ იხსენებდა, რომ სკოლა-პანსიოში ორშაბათობით ის მძღოლს ლიმუზინით მიჰყავდა და შემდეგი 5 დღე მას ღარიბულად უწევდა ცხოვრება. მდიდარ ბავშვს კლასელები ეჭვის თვალით უყურებდნენ, ამიტომ რიშარი ჯამბაზის ნიღაბს იკეთებდა და მათი გულის მოსაგებად ბევრს ხუმრობდა, ცელქობდა.

სწორედ ამ პერიოდში მიხვდა მსახიობი, რომ თუ შენზე იცინიან, მაშინ არც გცემენ და არც შეგიძულებენ. მასწავლებლები მას ხშირად ეჩხუბებოდნენ და არისტოკრატულ წარმომავლობას ახსენებდნენ. როგორც შემდეგ მსახიობმა აღნიშნა, მასში ორი ადამიანი ებრძოდა ერთმანეთს: ერთი - არისტოკრატი, მეორე კი - ჩვეულებრივი ადამიანი.

uzn-15761411902-1665485835.jpg

რიშარის სამსახიობო ნიჭს მხოლოდ ბაბუა, დედის მამა უჭერდა მხარს, გარდაცვალებამდე კი ბაბუამ ყველას განუცხადა, რომ პიერი აუცილებლად მიაღწევდა დიდ წარმატებას. 18 წლის პიერმა ზუსტად იცოდა, რომ თეატრალურზე უნდა ჩაებარებია, თუმცა ოჯახი წინააღმდეგი იყო და ამიტომ იგი შინიდან გაიქცა.

პიერი პარიზში დასახლდა და სამსახიობო კარიერის დასაწყებად თეატრალურ კურსზე ჩაბარება გადაწყვიტა, თუმცა განსხვავებული გარეგნობის გამო მას მიღებაზე უარი უთხრეს. უარის მიუხედავად, რიშარმა მაინც დაასრულა სამსახიობო კურსი. დამატებითი შემოსავლისთვის იგი კაბარეში და მიუზიკლებში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ის დიდ კინოში 33 წლის ასაკში მოხვდა.

ფრანგი მსახიობის შემოქმედებითი ბიოგრაფია 1967 წლიდან იწყება, როცა პირველ ფილმში, სახელად - „იდიოტი პარიზში“, გადაიღეს. დროთა განმავლობაში რიშარი მაყურებელმა შეიყვარა. 1972 წელს მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმი - „მაღალი ქერა მამაკაცის დაბრუნება“, კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა.

6fb1aa60b2773e2a55b4df64afcb5c07-1665485669.jpg
პიერ რიშარი და ჟერარ დეპარდიე

კიდევ ერთი წარმატებული ფილმი - „უიღბლონი“ პიერ რიშარისა და ცნობილი მსახიობის - ჟერარ დეპარდიეს დუეტისა და მეგობრობის საწყისად იქცა.

ორი სრულიად განსხვავებული წარსულისა და ოჯახის მქონე ადამიანი ერთმანეთს კინომ შეახვედრა და მას შემდეგ საუკეთესო მეგობრები არიან.

აღსანიშნავია, რომ ფილმში „უიღბლონი“ პიერ რიშარის პერსონაჟის როლის შესრულება დეპარდიეს სურდა, თუმცა როლი რეჟისორმა რიშარს მისცა. როგორც ამბობდნენ, დუეტის წარმატების მთავარი საიდუმლო მათი კონტრასტი გახლდათ.

„პიერი შესანიშნავი ადამიანია, ისეთივე კარგია ცხოვრებაში, როგორიც - ფილმებში. საერთოდ, ის ჩემი ფილმების პერსონაჟი უფროა, ვიდრე - მსახიობი. არ უყვარს შეცდომის გასწორება და თვლის, რომ პირველი დუბლი საუკეთესოა. ვერ ხვდება, როდის ვთხოვ, იყოს სერიოზული“, - ამბობდა რიშარის დახასიათებისას რეჟისორი ვებერი.

image-1665485669.jpg
პიერ რიშარი და ჟერარ დეპარდიე

„ჟერარს შეუძლია ყველა როლი შესანიშნავად შეასრულოს, მას შეუძლია ერთდროულად იყოს მგრძნობიარეც და სასაცილოც“, - აღნიშნავდა რეჟისორი ფრანსის ვებერი დეპარდიესა და რიშარის დუეტის შეფასებისას.

აღსანიშნავია, რომ კინემატოგრაფის გარდა, რიშარს ღვინის კულტურა იტაცებს და ის საკმაოდ ცნობილი სომელიეა. 80-იან წლებში იგი საფრანგეთის სამხრეთით 80 ჰექტარი ვენახების მფლობელი გახდა და ღვინის წარმოება დაიწყო, რომელიც საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აღმოჩნდა. 2013 წელს მან ღვინის ახალი კოლექციაც წარადგინა.

2015 წელს კი თაყვანისმცემლებს საავტორო წიგნიც გააცნო.

პირადი ცხოვრება

ფრანგ მსახიობს, რომლის შესრულებული როლებიც ყველასთვის სახალისოა, არასდროს უყვარდა პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა მისი ურთიერთობები ქალბატონებთან მუდამ განხილვის საგანი იყო.

როგორც ცნობილია, იგი მისაბაძი მეუღლე და მამა იყო. მისი პირველი მეუღლე ბალერინა დანიელ მინაცოლი გახლდათ, რომელთანაც მსახიობს ორი შვილი შეეძინა. მსახიობის შვილებმა მუსიკალური კარიერა აირჩიეს, ისინი კონტრაბასსა და საქსაფონზე უკრავენ.

uzn-15761414449-1665485669.jpg
პიერ რიშარი ვაჟთან ერთად

ყველასგან მოულოდნელად, რიშარმა სრულიად შეცვალა პირადი ცხოვრება, იგი მეუღლეს დაშორდა და სასიყვარულო ურთიერთობა ახალგაზრდა ქალბატონებთან ჰქონდა. რომანებზე არასდროს ლაპარაკობდა, არც კომენტარს აკეთებდა, თუცა მის რომანს მაინც ყველა განიხილავდა.

ბოლოს მას სასიყვარულო ურთიერთობა 25 წლით უმცროს ბრაზილიელ მოდელთან - სეილა ლასერდასთან ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. თავად რიშარი ამბობდა, რომ ეს ბრაზილიელი გოგონა მისი ცხოვრების სიყვარულია.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი 88 წლისაა, აღნიშნავს, რომ მეუღლის წყალობით თავს ახალგაზრდად გრძნობს. მათ ურთიერთობას ასაკობრივი სხვაობა ხელს არ უშლიდა.

ამბობდნენ, რომ სეილა რიშარის მეოთხე ცოლი იყო, თუმცა თავად მსახიობი ამბობს, რომ მას მხოლოდ ორი ცოლი ჰყავდა.

როგორც ცნობილია, მაშინ, როცა რიშარმა სეილა გაიცნო, გოგონა ფოტოგრაფზე იყო დაქორწინებული. სეილამ არ იცოდა, ვინ იყო რიშარი, რადგან არ იცოდა ფრანგული ენა და არც ფრანგ მსახიობებს იცნობდა. როგორც აღმოჩნდა, ენის ბარიერმა მათ სიყვარულს ხელი არ შეუშალა. ფრანგი მსახიობი ბრაზილიელი მოდელის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა. საბოლოოდ, სეილა განქორწინდა და რიშართან დაიწყო ურთიერთობა. ზოგიერთი ამბობდა, რომ მსახიობმა ქმარი მიატოვა და „მოხუცთან წავიდა“. ისინი 20 წელზე მეტია, შეუღლებულნი არიან.

pier-1665485669.jpg

"როცა ერთმანეთი გავიცანით, სეილამ არ იცოდა ფრანგული, მე კი - პორტუგალიური. ერთმანეთს ინგლისურად ვესაუბრებოდით. როგორც მოდელმა, მან უცხო ენა შესანიშნავად იცოდა, მე კი - არც თუ ისე კარგად. ახლაც მიკვირს, როგორ გავუგეთ ერთმანეთს", - აღნიშნა მსახიობმა მეუღლეზე საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ცნობილ გადაცემაში სტუმრობისას, ფრანგმა მსახიობმა ის საიდუმლო გაამხილა, რისი წყალობითაც ასე კარგად გამოიყურება:

„ღვინოს ვსვამ, ბევრს ვმოგზაურობ და არ ვკარგავ გაოცების უნარს”, - განაცხადა რიშარმა.

ყველასათვის საყვარელი მსახიობი საქართველოსაც სტუმრობდა. ის ნანა ჯორჯაძის ფილმში „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ გადაიღეს. ფილმი პარიზელი შეფმზარეულის თავგადასავალზე გვიამბობს.

"ქართველები ნამდვილად განსაკუთრებულები არიან.. ისინი ბუნებით არიან მსახიობები. ქართველებს შეუძლიათ როიალზე, ვიოლინოზე დაკვრა, არაჩვეულებრივი სიმღერა და თანაც სხვადასხვა ხმებში.

საქართველოში გავიგე, როგორ უნდა იცხოვრო და დატკბე სიცოცხლით. ყველაფერი მახსოვს: როგორ ვმღეროდით, ვსვამდით, ვქეიფობდით! არასოდეს მქონია ისეთი ბედნიერი და ლამაზი დაბადების დღე, როგორიც იქ გადავიხადეთ", - აღნიშნა პიერ რიშარმა საფრანგეთის ტელევიზიით.

ასევე დაგაინტერესებთ: "რამაზ ჩხიკვაძის შემყურე პიერ რიშარი დაკომპლექსდა"