"თამაშის დროს სკანდალური სიტუაცია მოუწყო ნიკას. ამის მერე ნელის აკრედიტაცია გააუქმეს და ტურნირიდან გამოიყვანეს" - რას აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა? - კვირის პალიტრა

"თამაშის დროს სკანდალური სიტუაცია მოუწყო ნიკას. ამის მერე ნელის აკრედიტაცია გააუქმეს და ტურნირიდან გამოიყვანეს" - რას აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა?

"ნიკას მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ არანაირი ძალადობა არ ყოფილა - არც ყვირილი, არც აგრესიულად შენიშვნის მიცემა" -

ნიკას მხრიდან ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ არანაირი ძალადობა, არც ყვირილი ყოფილა, არც აგრესიულად შენიშვნის მიცემას ჰქონია ადგილი , - ამის შესახებ ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

ჩოგბურთელის დედა დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით იკითხება, სადაც ჰყვება იმას, თუ რა ტიპის ურთიერთობა ჰქონდა ოჯახს ნელი დოროყაშვილთან.

ნატალია ნაჭყებიას თქმით, როდესაც წყვილს შორის უკვე დაძაბული იყო სიტუაცია, ქონებრივ საკითხზე დავა იყო დაწყებული და განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება იყო მიღებული, ნელი დოროყაშვილმა საკუთარი ინიციატივით ნიკოლოზ ბასილაშვილთან ტურნირზე აშშ-ში წასვლა გადაწყვიტა,სადაც სკანდალური სიტუაცია მოუწყო.

“ნელი აშშ-ში ნიკას ტურნირზე თავისი ინიციატივით ჩავიდა, რაც ძალიან გამიკვირდა. ვიცი, რომ იქ ნელიმ სკანდალური სიტუაცია მოუწყო, რაც მოხდა, ალბათ, თვითონ ნიკა იტყვის. ვიცი ის, რომ ნიკა დაუკავშირდა ნელის მამას და უთხრა, ასეთი სიტუაციაა, დაითანხმეთ, რომ დროზე წავიდეს. როგორც ვიცი, თამაშის დროს სკანდალური სიტუაცია მოუწყო ნიკას. ამის მერე ნელის აკრედიტაცია გააუქმეს და გამოიყვანეს ტურნირიდან. აკრედიტაცია ნიკამ გააუქმა, რადგან თავისი საქმის სრულფასოვნად განხორციელებაში ხელი ეშლებოდა”,- განაცხადა ნატალია ნაჭყებიამ.

ამასთან, როგორც ბრალდებული ჩოგბურთელის დედამ აღნიშნა, საკითხი, რაც მას ძალიან აწუხებდა, იყო ის, რომ შვილიშვილის ნახვას და კომუნიკაციას ვერ ახერხებდა.

“მე გამოვიარე სასამართლო პროცესი და ჩემთვის ყველაზე მწვავე იყო ძალადობის საკითხზე პროცესი, შეიძლება ადამიანმა რაღაც დაგაბრალოს, მაგრამ ეს იყო ურთულესი ამბავი.

ნიკას განქორწინება ჰქონდა მოთხოვნილი და ბავშვის ყოველი ნახვა იყო უდიდესი პრობლემა, ეს ინტრიგებთან, შანტაჟთან იყო დაკავშირებული.

მინდა გავიხსენო 2019 წლის 17 ნოემბერი, კარგად მახსოვს ნიკა ჩვენთან იყო სახლში. გვიან ღამით ნელიმ დარეკა, რა დროსაც ემოციურად და ჩხუბით უთხრა ნიკას, მოდიი და ბავშვი დააძინეო. თვითონ ეს ფაქტი იყო გასაკვირი, რადგან ამ ყოველდღიურ რეჟიმში, დაძინება და ა.შ. ნიკა არ იყო ჩართული. მან უთხრა ნელის, რომ ვერ მოვალო, რაზეც ნელიმ უპასუხა, მაშინ მე თვითონ მოვალო. აქ უკვე გასაგები იყო ყველაფერი”,- განაცხადა ნატალია ნაჭყებიამ.

მისი თქმით, ამის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი დაუკავშირდა ადვოკატს, რომელმაც ურჩია, რომ “ნელის ხასიათიდან გამომდინარე ადგილზე პატრულის თანხლებით მისულიყვნენ”.

ნატალია ნაჭყებიას თქმით, დოროყაშვილთან ადგილზე მისულებს სახლში, სასტუმრო ოთახში დამსხვრეული ჭურჭელი დახვდათ.

ნატალია ნაჭყებიამ ასევე გაიხსენა ის ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც მისი მტკიცებით, ნელი დოროყაშვილი მათთან ოჯახში მივიდა, რომ შვილი წამოეყვანა.

ნაჭყებიას თქმით, დოროყაშვილის მხრიდან აგრესიას ამ შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი.

მისი თქმით, ნელი დოროყაშვილმა მას ხელი აუქნია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მოსამართლემ მოწმეს მიუთითა, თუ რა შეურაცხმყოფელ სიტყვებზე იყო საუბარი, რა დროსაც ნატალია ნაჭყებიამ აღნიშნა, რომ იმ შეურაცხმყოფელ სიტყვას საჯაროდ, პროცესზე ვერ იტყოდა.

მოსამართლის მითითების შესაბამისად, აღნიშნული სიტყვა ნატალია ნაჭყებიამ ფურცელზე დაწერა.

გარდა ამისა, ნატალია ნაჭყებიას თქმით, მან ნახა მიმოწერები, რითაც ირკვევა, რომ ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს საკუთარ დედაზე შეურაცხმყოფელ სიტყვებს წერდა.

“ადამიანს უნდოდა, რომ ყველანი მწყობრიდან გამოვეყვანეთ. თავმოყვარე ადამიანს დედაზე ასეთ "მესიჯს" რომ წერ, ერთია რომ ეს არის ემოციური მდგომარეობა, მეორეა ის, რომ ნორმალური ადამიანი განსაზღვრავდა, ამას მოჰყვებოდა ცუდი რეაქცია. ეს მესინჯები ემსახურებოდა იმას, რომ ნიკა გამოეყვანა მწყობრიდან”,- აცხადებს ნატალია ნაჭყებია.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეუღლეს ქორწილის დღეს მიაყენა შეურაცხყოფა, ნატალია ნაჭყებია მსგავს ფაქტს გამორიცხავს.

“ეს მე არ დამინახავს და არც ინფორმაციას ვფლობ ამაზე, ჩემი შეფასებით, ეს გამორიცხულია“, - განაცხადა ნატალია ნაჭყებიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

IPN