"არსებობს გადაწყვეტილებები, რომლის მისაღებადაც ძალა აღარ შეგვწევს - ეს ზოგჯერ არის ჩვენი დასავლური ოჯახის არასწორ დროს გაჩუმების, ან არასათანადო ქმედების შედეგიც" - კვირის პალიტრა

"არსებობს გადაწყვეტილებები, რომლის მისაღებადაც ძალა აღარ შეგვწევს - ეს ზოგჯერ არის ჩვენი დასავლური ოჯახის არასწორ დროს გაჩუმების, ან არასათანადო ქმედების შედეგიც"

ჩვენი საერთაშორისო მეგობრები არიან აქ, რომლებსაც აქვთ მთავარი რეცეპტი, როგორ უნდა გვიშველონ. მაგრამ არსებობს გადაწყვეტილებები, რომლის მისაღებადაც ძალა აღარ შეგვწევს, რომ მივიღოთ. ასევე, ეს ზოგჯერ არის ჩვენი დასავლური ოჯახის არასწორ დროს გაჩუმების, ან არასათანადო ქმედების შედეგიც, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ცივილიზებულ სამყაროს პოზიტიური ვალდებულება აქვს, გაჭირვებაში მყოფი ერები რაღაცნაირად იხსნან.

„ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, უცხოელი მეგობრები არიან აქ, რომლებსაც აქვთ მთავარი რეცეპტი, როგორ უნდა გვიშველონ. მაგრამ არსებობს გადაწყვეტილებები, რომლის მისაღებადაც ძალა აღარ შეგვწევს, რომ მივიღოთ. ეს სამწუხაროდ ასეა, ჩვენი გადაწყვეტილებების შედეგია, მაგრამ ასევე ეს ზოგჯერ არის ჩვენი დასავლური ოჯახის არასწორ დროს გაჩუმების, ან არასათანადო ქმედების შედეგიც. ჩვენს წინაშე ვალში არიან-თქო, მე ამის თქმა ნამდვილად არ მინდა, მაგრამ პოზიტიური ვალდებულება ცივილიზებულ სამყაროს, ლიბერალურ დემოკრატიებს ნამდვილად აქვთ, რომ გაჭირვებაში მყოფი ერები რაღაცნაირად იხსნან მაშინ, როდესაც მათ ფორსმაჟორული ძალები უპირისპირდებიან, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რუსეთის ვგულისხმობ“, - განაცხადა გვარამიამ.

ამავე სასამართლო სხდომაზე ნიკა გვარამიამ ასევე ისაუბრა მედიის დაფინანსების საკითხზე და აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს პროდასავლური ძალების გაძლიერება როგორც მედიაში, ასევე პოლიტიკაში.

„ჩვენს მოკავშირეებს აუცილებლად მინდა ვუთხრა, ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში ანტიდასავლური ძალაა ხელისუფლებაში, როცა ამ ძალას ხაზგასმით აფიშირებული აქვს „პოს ტვ“, პარალელურად კი, რეიტინგით ყველაზე დიდი პროდასავლური ძალა სულს ღაფავს, ამ ვითარებაში ამ ძალის საგრანტო ადამიანებისთვისაცაა უარის თქმა, დასავლური ფონდების მხრიდან, არ დავასახელებ ორგანიზაციებს, პოტენციურად იწვევს ამ არხების დახურვას. ეს არის პასუხი პროდასავლური ქართული საზოგადოებისთვის. გვინდა ეს თუ არ გვინდა, ეს არის ასე. სიმეტრიული პასუხი ამ ანტიდასავლური ძალებისთვის ის კი არ არის, რაღაც აბდაუბდას რომ გამოაქვეყნებენ და მერე ამის საპასუხო განცხადებები ვრცელდება, სიმეტრიული პასუხია პროდასავლური ძალების გაძლიერება გინდა მედიაში, გინდა პოლიტიკაში.

ძალიან დიდი ამოცანა არ სჭირდება ამ არხების გადარჩენას. კრიტიკულ მედიას ახლა ყველას უჭირს. თურმე 102 მილიონი ლარი აქვს „იმედს“. "რუსთავი 2"-ს ჰქონდა ყველაზე დიდი, 50 მილიონი ლარი. „საზოგადოებრივი მაუწყებელზე“ აღარ ვილაპარაკებ, რომელიც „იმედს“ ჯობს ხარისხითაც, მაგრამ თურმე მასზე ნაკლები დაფინანსება ჰქონია. ამას არც ვიფიქრებდი. ჩვენი გადარჩენაც შეუძლია საზოგადოებას. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ საზოგადოებამ დანიშნა ოპოზიცია ახლა განტევების ვაცად იმიტომ, რომ საკუთარი უუნარობის ხშირ შემთხვევაში და კონსოლიდაციის შეუძლებლობის აღიარება არ უნდა. როგორც ყველა სხვას არ უნდა თავისი სისუსტეების აღიარება და მონახა ის, ვისაც პრობლემები აქვს და ყველაფერი უნდა დაბრალდეს. ეს არ არის სამართლიანი. მე ძალიან დიდი პრეტენზია მაქვს და მათ პირდაპირ ვეუბნები, როცა ჩემთან მოდიან. ოპოზიციის დასუსტება ვაღიარებთ ამას თუ არა, მარტო ბიძინა ივანიშვილს აძლიერებს, სხვას არავის. ჩვენი სურვილები ნაციონალური უნდა იყოს“,- განაცხადა გვარამიამ.