"პუტინის დამქაშები - პუტინის წინააღმდეგ? რუსეთის პრეზიდენტის ხელისუფლების ილუზიები იმსხვრევა" - კვირის პალიტრა

"პუტინის დამქაშები - პუტინის წინააღმდეგ? რუსეთის პრეზიდენტის ხელისუფლების ილუზიები იმსხვრევა"

ბრიტანული გამოცემის - "სფექთეითორის" (The Spectator) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "პუტინის დამქაშები - პუტინის წინააღმდეგ? რუსეთის პრეზიდენტის ხელისუფლების ილუზიები იმსხვრევა".

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

რამდენადაც კიევის გაბედული კონტრშეტევის შედეგად რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში ისევ უკანდახევას აგრძელებს და ოკუპირებულ ტერიტორიას კარგავს, მასთან ერთად კი - ტექნიკას და ცოცხალ ძალას, იმდენად კრემლში შიდა ბრძოლა ძლიერდება. დამნაშავის ძიებაში რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა დონის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ თავდაცვის მინისტრის - სერგეი შოიგუს უწყებას, მაგალითად, ჩეჩნეთის გავლენიანი ლიდერი რამზან კადიროვი, რომელმაც გენშტაბისა და სამხედრო მაღალჩინოსნების ფრონტზე გაგზავნა მოითხოვა ("სირცხვილი სისხლით უნდა ჩამოირეცხოთ!"). მართალია, კრემლი შეეცადა კადიროვის ემოციების შერბილებას, მაგრამ, როგორც ჩანს, მას მაინც ანგარიში გაუწია - 10 ოქტომბრის დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმებით ვლადიმერ პუტინი, ალბათ, კადიროვის მსგავსი "ქორების" დამშვიდებას შეეცადა.

მთლიანობაში, ეს იმას მიუთითებს, რომ ვლადიმერ პუტინი, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აბალანსებდა მძლავრი სამთავრობო კლანების ინტერესებს, დღეს მათზე კონტროლს კარგავს. სხვათა შორის, 11 ოქტომბერს იგივე შეფასებით გამოვიდა ჯერემი ფლემინგიც - დიდი ბრიტანეთის სამთავრობო კავშირის ცენტრის (GCHQ) ხელმძღვანელი, რომელმაც განაცხადა: "რუსები ხედავენ, რომ პუტინმა სიტუაცია ჯეროვნად ვერ შეაფასა".

მართალია, რამზან კადიროვმა თავდაცვის უწყება კი გააკრიტიკა, მაგრამ მაინც თავი შეიკავა და ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი სერგეი შოიგუ არ დაუსახელებია. არადა, სწორედ მას უწოდებენ ირიბად "განტევების ვაცს". ცეცხლზე ნავთს ასხამს და რამზან კადიროვს მხარს უჭერს კერძო სამხედრო კომპანიის - "ვაგნერის" შემქმნელი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინიც. ცნობილია, რომ "ვაგნერის" მიერ დაქირავებული მებრძოლები ომებისა და კონფლიქტების დროს ვლადიმერ პუტინის მნიშვნელოვანი დასაყრდენი არიან, ხოლო ევგენი პრიგოჟინი სერგეი შოიგუსთან მეტოქეობს საბიუჯეტო თანხებისა და სხვა რესურსების გადანაწილებაში.

ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ კადიროვ-პრიგოჟინის ტანდემის გამოსვლა თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ კრემლის ინტერესებში თავსდება, რომელიც მოქიშპე მხარეების ერთგვარი დამაწყნარებლის როლში გამოდის, მაგრამ სინამდვილეში ასეთი სიტუაცია ვლადიმერ პუტინს კუთხეში ამწყვდევს და ძალაუფლებას უზღუდავს. რასაკვირველია, არსებობს მიზეზები, თუ რატომ იქცევიან ასე რამზან კადიროვი და ევგენი პრიგოჟინი. კაცმა რომ თქვას, არც ერთი არ წარმოადგენს ისეთ პიროვნებას, რომ ვლადიმერ პუტინი საიდუმლოდ შეხვდეს რაღაც მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად. უბრალოდ, ორივე სისხლის სუნს გრძნობს და, როგორც ჩანს, სარგებლობს სიტუაციით, რათა მეტი ფული და მეტი კონტრაქტები მიიღოს კრემლის თანხმობით.

საერთოდ, რამზან კადიროვი დიდი ხანია, ნეგატიურ ემოციებს აფრქვევს: უწოდებს რა თავის თავს "ვლადიმერ პუტინის ერთგულ ჯარისკაცს" (მას უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ეროვნული გვარდიის ჩეჩნური ქვედანაყოფი - სპეცრაზმი "ახმატი" ჰყავს გაგზავნილი, რომელიც ასობით მებრძოლს ითვლის). ჩეჩენი ლიდერი ვაჭრობს კრემლთან მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ყოფილი სეპარატისტი და ამბოხებული მისი მამის - ახმატ კადიროვის სიკვდილის შემდეგ, 2005 წელს, იგი რეგიონის ლიდერად დასვა.

2015 წელს ოპოზიციური პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობა კრემლთან ახლოს რამზან კადიროვთან დაახლოებულ გარემოცვას მიეწერება. ამ ფაქტმა რუსეთის უშიშროების უწყებებში იმედგაცრუება და უკმაყოფილება გამოიწვია. მართალია, მკვლელობა, ერთი მხრივ, კრემლისადმი ლოიალობის გამოხატვა იყო, მაგრამ, იმავდროულად, გაფრთხილებაც - აშკარად ჩანდა, რომ რამზან კადიროვის მომხრეების გაკონტროლება, რომლებიც თითქოსდა ვლადიმერ პუტინის "მსახურები" იყვნენ, სულ უფრო რთულდებოდა.

უკრაინაში შეჭრამდე, იანვარში, კადიროვმა ღიად განაცხადა, რომ ჩეჩნეთს მოსკოვის მიერ გადარიცხული ფულების გარეშე არსებობა არ შეუძლიაო, ამას წინათ კი მან მოსკოვს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საზენიტო კომპლექსების განლაგება მოსთხოვა, რომლებიც მას დაექვემდებარებოდა - ისევე, როგორც "ახმატი" ემორჩილება. ეს ნაბიჯი ვლადიმერ პუტინის მიმართ კიდევ ერთ ფარულ მუქარად იქნა აღქმული.

იცის თუ არა რამზან კადიროვმა, რამდენად არაერეალურია მისი ამბიციები? ძნელია თქმა, მაგრამ მისი ქცევა იმას მიანიშნებს, რომ ვლადიმერ პუტინს თავისი ვასალების დამორჩილება უჭირს. ევგენი პრიგოჟინი იმავე ტრაექტორიით გახდა ცნობილი, როგორითაც რამზან კადიროვი: კრემლმა მას ჯერ ჭუჭყიანი საქმეების "ჩარეცხვა" დაავალა, "ვაგნერის" დაქირავებულების მეშვეობით, შემდეგ კი მან ისეთი გავლენა მოიპოვა, რომ თვით თავდაცვის სამინისტროს დაუპირისპირდა. საერთოდ, რუსეთში არის იმის მაგალითები, თუ როგორ იშორებენ კონტროლიდან გასულ პირებს.

იმ რვა წლის განმავლობაში, რომელიც ყირიმის ანექსიის დროიდან გავიდა, ვლადიმერ პუტინი დონბასში თავისი ჩრდილოვანი ჩარევის დროს ყველა ჯურის ფრილანსერებს, საეჭვო ბიზნესმენებს და პიროვნებებს ეყრდნობოდა. მათ შორის ყველაზე შესამჩნევ ფიგურას წარმოადგენდა იგორ გირკინი. 2014 წლის აპრილში უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერმა ათობით [დაქირავებული] მებრძოლი გადაიყვანა უკრაინაში (დონბასში), საბოლოოდ კი, თვითონ გახდა პრორუსული სეპარატისტების სამხედრო ხელმძღვანელი. სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, როცა იგი კონტროლიდან გასვლას შეეცადა, ჩუმად მოაშორეს თანამდებობას.

როცა ვლადიმერ პუტინი თავის ვასალების მიმართ პასუხისმგებლობის დელეგირებას ახდენს, ამას ბოლო წუთებში აკეთებს, თავისთვის კი მოქმედების რაც შეიძლება მეტ ვარიანტს იტოვებს. მაგრამ მას საბოლოოდ სულ უფრო ნაკლები "კარგი ვარიანტი" რჩება. ზოგადად, თუ მხედველობაში ვიქონიებთ უკრაინაში რუსეთის სავარაუდო დამარცხებას, პრეზიდენტისთვის გადარჩენის ყველაზე კარგი შანსია დანაკარგების შემცირება, მაგრამ რადგანაც სამთავრობო ელიტებს ჯერჯერობით ეშინიათ მისი გაკრიტიკების, ამიტომ ისრები თავდაცვის უწყებისაკენ არის მიმართული. ამასთან, ვლადიმერ პუტინი ინარჩუნებს სერგეი შოიგუს - იგი მას მსხვერპლშეწირვისათვის გამოადგება.

თუმცა ამ პროცესში პრეზიდენტი თავის დამაბალანსებელ უნარს კარგავს, სხვადასხვა დაჯგუფებების გასაკონტროლებლად. იგი სახიფათო ილუზიების ტყვეობაში იმყოფება - იმ მირაჟში, რომელშიც მან დასავლეთიც შეიყვანა, საკუთარი ხალხიც და - თავისი თავიც. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ