"ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე რვა ადამიანია დაკავებული - ტვირთის გადატანაში საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ" - რუსული მედია - კვირის პალიტრა

"ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე რვა ადამიანია დაკავებული - ტვირთის გადატანაში საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ" - რუსული მედია

ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით რვა ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი - უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებში იყო შენიღბული, სამშენებლო პოლიეთილენის ფირით 22 პალეტზე, რომლის საერთო წონა 22 770 კილოგრამს შეადგენდა“, - აცხადებენ უწყებაში.

რუსული მედიის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი გაიგზავნა ოდესის პორტიდან ბულგარეთის რუსეს პორტში, ბულგარეთიდან ტრანსპორტირება საქართველოს ფოთის პორტში, შემდეგ კი სომხეთში გაგრძელდა.

„გადატანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინოსარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი“, - წერს რუსული მედია.

მათივე ცნობით, 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთი განაბაჟეს, შემდეგ კი საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანით, ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე, გადაკვეთა ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადმოტვირთეს.

მედიის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა, გამგზავნად მიუთითეს შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო მიმღებად - ყირიმში არარსებული კომპანია.

„იმავე დღეს, პალეტები რუსეთის მოქალაქის, 1971 წელს დაბადებული მახირ იუსუბოვის სატვირთო მანქანაში ჩატვირთეს, ხოლო 2022 წლის 8 ოქტომბერს დილის 06:03 საათზე ყირიმის ხიდზე გადაკვეთისას აფეთქება განხორციელდა,“- აცხადებენ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურის მტკიცებით, ტვირთის გადაადგილებას მთელ მარშრუტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი აკონტროლებდა, რომელიც სქემის მონაწილეებს თავი წარუდგინა როგორც „ივან ივანოვიჩი“. მათივე მტკიცებით, ქმედებების კოორდინაციისთვის მან გამოიყენა ვირტუალური ანონიმური ნომერი, ასევე კრემენჩუგის მცხოვრებზე რეგისტრირებული ტელეფონი.

IPN