გაღიმებული რუსი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთად იღებდნენ ფოტოებს - რამ განაპირობა ასეთი გულთბილი შეხვედრა? - კვირის პალიტრა

გაღიმებული რუსი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთად იღებდნენ ფოტოებს - რამ განაპირობა ასეთი გულთბილი შეხვედრა?

გაღიმებული რუსი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთად იღებდნენ ფოტოებს - რამ გამოიწვია ასეთი გულთბილი შეხვედრა?

გასულ კვირას სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ერთმანეთს ამერიკისა და რუსეთის სამხედროები შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, საკმაოდ რთული ვითარებაა, ჯარისკაცების შეხვედრა მეგობრული იყო. ისინი ერთმანეთს მიესალმნენ და ფოტოებიც გადაიღეს. ამ ამბავთან დაკავშირებით ფოტორეპორტაჟი „ფრანს პრესმა“ გამოაქვეყნა.

jari2-1665560203.jpg

ეს ნამდვილად იყო ის იშვიათი შემთხვევა, როცა ორი საწინააღმდეგო მხარე ერთმანეთს მეგობრულად ხვდება.

უკრაინის საკითხის გარდა, სადაც ამერიკა კიევის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია, სირიის სამოქალაქო ომშიც, რომელიც 2011 წლიდან მძვინვარებს ქვეყანაში, ამერიკა და რუსეთი სხვადასხვა მხარეს დგანან.

მაგრამ დილით, 8 ოქტომბერს, აშშ-სა და რუსეთის სამხედრო საპატრულო ეკიპაჟის გზები გადაიკვეთა. ისინი ერთმანეთს ქალაქ ალ-კაჰტანიასთან, ნავთობის საბადოსთან შეხვდნენ. ამ რეგიონის ნაწილს სირიის ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, ნაწილს კი - ქურთების ადმინისტრაცია, რომელსაც აშშ უჭერს მხარს.

jari3-1665560203.jpg

ამ მონაკვეთში ჯარისკაცები ერთმანეთს აქამდეც შეხვედრილან, თუმცა ამჯერად, გვერდის ავლის ნაცვლად, ისინი შეჩერდნენ, ერთმანეთს მეგობრულად მიესალმნენ და ფოტოებც გადაიღეს.

jari4-1665560203.jpg

2020 წელს სირიის ამ რეგიონში ერთი ინციდენტი მოხდა, როცა ერთმანეთს რუსეთის ჯავშანმანქანა და აშშ-ის სამხედრო ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდნენ ამერიკელი ჯარისკაცები. ინფორმაცია ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა გაასაჯაროვეს, რუსულმა მხარემ კი განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები რუსების საპატრულო მანქანის ბლოკირებას ცდილობდნენ.

jari5-1665560203.jpg

კორესპონდენტის ცნობით, ჯარისკაცებმა ერთმანეთში სუვენირებიც გაცვალეს.

მოგვიანებით რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი ამერიკელებს რუსულად უცენზურო სიტყვებით ჰპირდება, რომ მათ აუცილებლად დაამარცხებენ.

შეგახსენებთ, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-მა, კოალიციის ფარგლებში, პირველად ჯარები 2014 წელს განათავსა, ისინი ქვეყანაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ.

რუსული მხარე კი ბაშარ ასადის მმართველობის მომხრეა, თუმცა მათ 2019 წლამდე ჯარები სირიაში არ შეუყვანიათ, ეს მაშინ მოხდა, როცა თურქეთმა ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია წამოიწყო. (წყარო)