უმოწყალოდ დაბომბილი უკრაინული ქალაქების შემყურე გერმანიამ ბოლოს და ბოლოს დააჩქარა ულტრათანამედროვე საზენიტო IRIS-T SLM-ების გადაცემა... - კვირის პალიტრა

უმოწყალოდ დაბომბილი უკრაინული ქალაქების შემყურე გერმანიამ ბოლოს და ბოლოს დააჩქარა ულტრათანამედროვე საზენიტო IRIS-T SLM-ების გადაცემა...

11 ოქტომბერს უკრაინის ტერიტორიაზე ჩაიტანეს ულტრათანამედროვე IRIS-T SLM ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა.

ულტრათანამედროვე იმიტომ, რომ მისი წარმოება გერმანიამ მხოლოდ წელს დაიწყო და მისი მიღების რიგში ნატოს არა ერთი ქვეყანა დგას, თუმცა უკრაინა ყველამ ურიგოდ გაუშვა წინ, გასაგები მიზეზების გამო...

მაგრამ იქცევა კი IRIS-T SLM-ები იმ ჯადოსნურ ჯოხად, რომელიც ყველა აბეზარ რუსულ "ბუზს" მოიგერიებს ფრთოსანი რაკეტებისა თუ თვითმფრინავების სახით?

რა თქმა უნდა, არა და ვერა, რადგან: ჯერ ერთი, უკრაინა მხოლოდ ოთხიოდე ასეთ საზენიტო-სარაკეტო სისტემას თუ მიიღებს, რომლებიც მარტო კიევის გარშემო ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის ზღუდის შექმნასაც კი არ ეყოფა და მეორეც - IRIS-T SLM-ები სითბური დამიზნების "ჰაერი-ჰაერის" კლასის მართვადი რაკეტების "მიწა-ჰაერის" კლასად მოდიფიცირებულ საზენიტო რაკეტებს წარმოადგენენ, რომლებსაც საჰაერო სამიზნის დაზიანება-ჩამოგდება მაქსიმალურ - 40 კმ-ის რადიუსში და 20 კმ სიმაღლეებამდე შეუძლიათ.

იმის მსგავსს, რასაც დღეს გერმანია აძლევს უკრაინას რუსული თვითმფრინავების მოსაგერიებლად... საქართველო უკვე იყენებდა 14 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, იმავე რუსული მოიერიშეებისა და საფრონტო ბომბდამშენების ჩამოსაგდებად, ისრაელისგან ნაყიდი "სპაიდერების" სახით...

2-spa-1665562727.jpg
ისრაელისგან ნაყიდმა ქართულმა „სპაიდერებმა“ „პითონ 4“ საზენიტო რაკეტებით საბრძოლო ნათლობა ჯერ კიდევ აგვისტოს ომის დროს მიიღეს...

ქართული "სპაიდერი" "პითონის" ტიპის საზენიტო რაკეტას უშვებს, რომლის "წინაპარი", ასევე, "ჰაერი-ჰაერის" კლასის მართვადი რაკეტა "პითონ-4"-ი გახლავთ და ის 15 კმ-ის რადიუსში და 9 კმ სიმაღლემდე მოქმედებს.

უფრო მეტიც, ჯერ ისრაელმა "პითონების" და შემდეგ გერმანიამ - IRIS-T-ების შექმნა-მოდერნიზაცია საბჭოთა "ჰაერი-ჰაერი" კლასის Р-73 ტიპის მართვადი რაკეტების მიბაძვით დაიწყეს, იმ რაკეტებისა, რომლებსაც სერიულად... თბილისის საავიაციო ქარხანაში 1984 წლიდან აწყობდნენ და 6 ათასზე მეტი ასეთი რაკეტა გამოუშვეს.

და კიდევ ერთი ისტორიული რაკურსი - აფხაზეთის ომის დროს თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადდა, ასევე, "ჰაერი-ჰაერის" კლასის Р-60М ტიპის მართვადი რაკეტების (1974 წლიდან ამ ტიპის 30 ათასზე მეტი რაკეტაა აწყობილი თბილისის საავიციო ქარხანაში) მიწიდან გასაშვები დანადგარები, მათი საზენიტო რაკეტებად გამოყენების მიზნით.

შემდგომში ამ მიმართულებით საკონსტრუქტორო სამუშაოები შეწყდა, მაგრამ Р-60М ტიპის რაკეტის ნაცვლად ბევრად უფრო ძლიერი სარაკეტო ძრავის მქონე Р-73-ები რომ გამოეყენებინათ, "ჰაერი-ჰაერის" კლასის რაკეტის "მიწა-ჰაერის" კლასის რაკეტად წარმატებით "გადანათვლა" პირველად დამოუკიდებელ საქართველოში და "თბილავიამშენში" მოხდებოდა...