როგორ და რა მომსახურებას იღებენ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ჰოსპიტალურ და სადაზღვევო სექტორში? - კვირის პალიტრა

როგორ და რა მომსახურებას იღებენ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ჰოსპიტალურ და სადაზღვევო სექტორში?

ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში უცხოელი მოქალაქეების რაოდენობამ იმატა, მათ შორის მკვეთრად შესამჩნევი კი სწორედ რუსი მოქალაქეები არიან. უკვე თბილისის ქუჩებში ყველგან შეხვდებით ავტომობილებს რუსული ნომრებით, წყვილებს, რომლებიც ტურისტულ თუ არატურისტულ ლოკაციაზე რუსულად საუბრობენ და აქ, საქართველოში ცხოვრებისთვის შესაფერის პირობებს იქმნიან. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ქვეყანაში რუსი მოსახლეობის სიმრავლე დიდ პრობლემას უქმნის, თითქმის ყველა სექტორში შესამჩნევად არიან ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც პუტინის დაუნდობელ რეჟიმსა და კრემლის მიუღებელ პროპაგანდას საქართველოში აფარებენ თავს.

რა თქმა უნდა, რუსი მოქალაქეების შემოდინება სამედიცინო სექტორზეც აისახა, გაზრდილია მიმართვიანობა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროებათა შორის, ახლა ყოველდღიურად არიან რუსი მოქალაქეებიც. "კვირის პალიტრა" ამ თემით დაინტერესდა და სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სექტორის სამი სხვადასხვა მიმართულების ექიმს ვესაუბრეთ - პირველადი რგოლის ექიმს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს და სადაზღვევო კომპანიის ექიმებს. მათი თქმით ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდილია როგორც რუსი, ისე - უკრაინელი მოქალაქეების რიცხვი და, შესაბამისად, მიმართვიანობაც.

- შემოდგომის სეზონია, გრიპების და გაციების რაოდენობა იმატებს, თუმცა ამჯერად საქართველოში რუსეთის მოქალაქეების სიმრავლეს მინდა შევეხო, თქვენ ოჯახის ექიმი ხართ, პაციენტთან პირველი შეხება გაქვთ, კლინიკებშიც მოიმატა რუსი მოქალაქეების რაოდენობამ?

ხათუნა ნუცუბიძე, ოჯახის ექიმი, თერაპევტი:

- რომ გითხრათ, რუსი მოქალაქეების ვიზიტი საგრძნობლად შეიმჩნეოდა ან ამ ეტაპზე შეიმჩნევა-მეთქი, ნამდვილად მოგატყუებთ, თუმცა უცხოელი ტურისტების რიცხვი ნამდვილად მომატებულია. მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იყო უკრაინაში მიმდინარე ომის დასაწყისში. პროფესიით ოჯახის ექიმი ვარ, სისტემაში პირველადი ჯანდაცვის რგოლს წარმოვადგენ. პირველადი ჯანდაცვაა ის, სადაც უმეტესად ისეთი პაციენტები მოდიან, რომლებიც საყოველთაო დაზღვევით სარგებლობენ. საყოველთაო დაზღვევის გასააქტიურებლად აუცილებელია პირი საქართველოს მოქალაქე იყოს, მხოლოდ მაშინ მიიღებს ის სახელმწიფოსგან გამოყოფილ უფასო მომსახურებას. სხვა ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს კერძო დაზღვევით ან დაზღვევის გარეშე ვიზიტის შემთხვევაში, გადაიხადოს კონსულტაციის თანხა.

გადაუდებელი დახმარება, იგივე “emergency” ემსახურება, როგორც საყოველთაო, ისე - არასაყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტებს, შესაბამისად, იქ მომართვიანობა უფრო მეტად შეინიშნება. როდესაც ადამიანს გადაუდებელი დახმარება სჭირდება, კლინიკას მიმართავს და არა - პირველადი ჯანდაცვის რგოლს ანუ პოლიკლინიკას. რომ განვმარტოთ, პირველადი ჯანდაცვის რგოლია ოჯახის ექიმი, უბნის ექიმი, პოლიკლინიკური სტრუქტურა, ხოლო პირველად რგოლში არ შედიან კერძო დაზღვევის ექიმები და კლინიკები, სტაციონარი, რომელიც ნებისმიერ პაციენტს ემსახურება.

- როგორც ახსენეთ, პირველად რგოლში მცირე რაოდენობა მაინც შეიმჩნევა უცხოელი, კერძოდ კი - რუსი მოქალაქეების, ისინი რა საჭიროებით მოდიან თქვენთან?

- რადგან კოვიდპანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს, ძირითადად, მომართვიანობა არის რესპირატორული სინდრომიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს: სიცხეს, ყელის ტკივილს, ცემინებასა და სხვას. მომართვიანობაც ამასთან არის ასოცირებული.

eles-deda-1665571272.jpg

- ქართული ჯანდაცვის სისტემა როგორ მოქმედებს უცხოელ პაციენტებთან მიმართებაში?

- როგორც ვახსენე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან ჩვენი, საქართველოს მოქალაქეები საყოველთაო დაზღვევით ვერ ისარგებლებენ, თუმცა მათ თავისუფლად შეუძლიათ კერძო დაზღვევით სარგებლობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა საქართველოს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიას აქვს, მსხვილი კომპანიები, ძირითადად, კორპორაციებზე მუშაობენ და ინდივიდუალურად პირთა დაზღვევაზე უარს ამბობენ.

- აქვე სეზონურ გრიპებსა და ვირუსებს გამოვეხმაურებით, დაიწყო უკვე გრიპის ციებ-ცხელება?

- დიახ, დაიწყო, უკვე შემოვიდა გრიპის აცრა და მოიცავს გარკვეულ პოპულაციას, მაგალითად, პენსიონერებს, თუმცა წელს სახელმწიფომ საკმარისი რაოდენობის გრიპის ვაქცინა შეიძინა და, სურვილის შემთხვევაში, ყველა მოქალაქეს შეუძლია აცრის გაკეთება.

- გრიპის აცრა უცხოელი მოქალაქეებისთვისაც იქნება გამოყოფილი?

- წელს ქვეყანაში ბევრი გრიპის ვაქცინა გვაქვს, როგორც კომერციული, ასევე - სახელმწიფოს მიერ შეძენილი. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია აიცრას. გადაიხდიან თანხას და კლინიკაში აიცრებიან. სტუდენტური ასაკიდან საპენსიო ასაკამდე კატეგორიაში მოხვედრილ პაციენტებს სახელმწიფო გრიპის აცრა უფასოდ არ ეკუთვნით, არ აქვს მნიშვნელობა, ეს საქართველოს მოქალაქე იქნება თუ - რუსეთის.

პირველადი ჯანდაცვის რგოლი რუსი მოქალაქეების სიმრავლეს არ გრძნობს, ეს ლოგიკურია, რადგან სახელმწიფო დაზღვევა მათზე არ მოქმედებს, შესაბამისად, პოლიკლინიკაში სტუმრობასა და კონსულტაციაში თანხის გადახდას, აუცილებელი საჭიროების გარეშე, თავს არიდებენ, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები სხვა რამეს გვეუბნებიან. როგორც მათთან საუბრიდან ვიგებთ, რუსი მოქალაქეების მომართვიანობა სამედიცინო სექტორში გაზრდილია.

- თქვენ სასწრაფო დახმარების ექიმი ბრძანდებით და ყოველდღიური შეხება გაქვთ სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების პაციენტთან, რას გვეტყვით ამ თემაზე?

ქეთი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი:

- შემიძლია ვთქვა, რომ რუსი მოქალაქეების რიცხვი, მომართვიანობის კუთხით, ნამდვილად მომატებულია, საკმაოდ ხშირად იძახებენ სასწრაფოს, თუმცა ზუსტი რიცხვის დასახელება გამიჭირდება. შეიძლება 24 საათის განმავლობაში საერთოდ არ იყოს მათი მხრიდან გამოძახება, მაგრამ ხშირად არის ისეთი დღეები, როდესაც 3-4 გამოძახებაზე რუსი მოქალაქეები გვხვდებიან. ადრე, სანამ ომი დაიწყებოდა, ეს სამიც არ იყო, შესაბამისად, ახლა რაოდენობა გაზრდილია. დღესდღეობით, ქალაქს 100 ბრიგადა ემსახურება, თუ ყველას სამი-ოთხი შეხვდება, დღეში 300 რუსი მოქალაქის გამოძახება გამოვა, ეს რიცხვი არც ისე პატარაა ერთი ქვეყნისთვის. 3-4 ეს მხოლოდ ჩემი მონაცემებია და ამას სასწრაფო დახმარების სხვა ექიმთა მონაცემებიც ხომ ემატება.

- ძირითადად, რა დიაგნოზით მოდის გამოძახებები?

- ბავშვებში შეიმჩნევა რესპირატორული დაავადებები, ვირუსები, შეიძლება გადავიყვანოთ და კოვიდი დაუდასტურდეს ან სხვა რამე გრიპის ვირუსის მატარებელი იყოს. მოზრდილებში უფრო იშვიათია გამოძახება, მათთანაც, ძირითადად, ვირუსულ ინფექციებზე. მეტი მოთხოვნა უფრო პედიატრიაზე მიდის.

- საინტერესოა, როგორ მოქმედებს ქართული ჯანდაცვის სისტემა უცხოელ პაციენტებთან, რამე რეგულაცია ან პროტოკოლი თუ არსებობს?

- არა, არანაირი, როგორც საქართველოს მოქალაქეებს ვემსახურებით, ზუსტად ისეთივე სამედიცინო დახმარებას ვუწევთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც. მათ არანაირი გადასახადი არ უწევთ. კლინიკებში გადაყვანის შემთხვევაში, საქმე უკვე განსხვავებულადაა. იქ განთავსების შემთხვევაში, ხშირად გადასახადი უცხოელ მოქალაქეებზე მეტია ხოლმე, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარება ყველასთვის ერთია, ყველასთვის უფასოა.

- რას გვეტყვით უკრაინელ მოქალაქეებზე, მათი რაოდენობაც გაზრდილია?

- დიახ, მათი რაოდენობაც მომატებულია, ომამდე ამდენი უკრაინელი საქართველოში ნამდვილად არ იყო, ახლა ნელ-ნელა კიდევ უფრო იზრდება მათი რიცხვიც.

სამედიცინო სექტორში ერთ-ერთ მთავარ რგოლს დაზღვევა წარმოადგენს, ამიტომ, საყურადღებოა, როგორი ვითარებაა სადაზღვევო კომპანიებში, ამისთვის სადაზღვევო კომპანიის ექიმს, მარიამს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ:

- ცხადად ჩანს, რომ ბოლო დროს საქართველოში გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, დაზღვევისთვის თუ მოგმართავენ?

- დიახ, მოგვმართავენ, დაზღვეულ პაციენტებს შორის რუსეთის მოქალაქეები ნამდვილად არიან, თუმცა უფრო მეტი გვყავს უკრაინელი მოქალაქეები. ომის დაწყების შემდეგ მათი რიცხვი უფრო გაიზარდა და ვვარაუდობთ, რომ კიდევ მოიმატებს.

- დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში, რამე შეღავათი ან განსხვავებული პირობები ხომ არ მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებზე?

- საქართველოს ჯანდაცვა და სადაზღვევო სისტემა სრულიად ერთნაირად აზღვევს ყველა მსურველს, უპირატესობით არც ერთი ერის წარმომადგენელი არ სარგებლობს. არ არსებობს განსხვავებული პროტოკოლი. ყველას ვაზღვევთ ერთნაირად, უბრალოდ, განსხვავებული სადაზღვევო პირობებით, რომელსაც თვითონ ირჩევენ.

- დაზღვეულებს შორის, ძირითადად, რა დიაგნოზით, რა ჩივილებით მოგმართავენ ხოლმე?

- ძირითადად, უცხოელი პაციენტები მწვავე ან რამე ქრონიკული დაავადებებით მოდიან ხოლმე, მათ შორის არიან როგორც ბავშვები, ისე - მოზრდილები. ყველა ასაკისა და თაობის ადამიანს სჭირდება დაზღვევა.

ჩვენ მიერ ჩატარებულმა პატარა კვლევამ საინტერესო სურათი მოგვცა, დღეს სამედიცინო სექტორში მცირედით აზრთა სხვადასხვაობაა, კლინიკებსა და პოლიკლინიკებში რუსი მოქალაქეების რიცხვი მომატებულია, პირველადი ჯანდაცვის რგოლი და სადაზღვევო სისტემა არც ისე მკაფიოდ ადასტურებს ამას, რასაც ვერ ვიტყვით სასწრაფო დახმარების ექიმებზე - რუსი მოქალაქეების რიცხვის ზრდა, საჭიროებიდან გამომდინარე, უფრო მეტად სასწრაფო დახმარების გამოძახებათა სიხშირეზე აისახება.

(სპეციალურად საიტისთვის)