რას აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ყირიმის ხიდზე აფეთქების საქართველოსთან კავშირის შესახებ - კვირის პალიტრა

რას აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ყირიმის ხიდზე აფეთქების საქართველოსთან კავშირის შესახებ

საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია - თუ ეს სპეკულაციაა, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ, მე გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა,- ასე ეხმიანება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, საქართველოს ტერიტორია გაიარა.

მისი თქმით, ის არ არის ვალდებული ოკუპანტის ბრალდებებს უპასუხოს, რომლის უკანაც არგუმენტები არ დგას.

"კონტროლის ნაწილში საბაჟო სამსახურები როგორ მუშაობენ ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ძალიან კარგად იცის, მათ შორის როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ- ის მხრიდან, მუდმივ რეჟიმში გვაქვს მათთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით საბაჟო სამსახურს. რაც შეეხება ბრალდებებს, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებიდან, გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. ყოველთვის შეუძლია ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დააბრალოს და თუ ამის უკან არგუმენტი არ დგას, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკან არაფერი დგას. არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს თუ ვაგონს. არ მაქვს არანაირი ვალდებულება თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან. ოკუპანტი ქვეყნის ბრალდებაზე მე თავი უნდა ვიმართლო?! ასე ფიქრობთ? თუ ეს სპეკულაციაა, ამას შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ. მე გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, დანარჩენი თუ ეს სპეკულაციაა, ამას ვინ აკეთებს, როგორ აკეთებს, შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ კომენტარს და მე არ მაქვს კომპეტენცია მათ ნაცვლად ვისაუბრო, მე არ მაქვს არც ამის უფლებამოსილება. ჩემი პასუხისმგებლობა არ არის და არც ჩემი კომპეტენციაა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილში კომენტარი მე გავაკეთო, არ არის ჩემგან სწორი და არ გავაკეთებ,"- განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 8 ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი - უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებში იყო შენიღბული, სამშენებლო პოლიეთილენის ფირით 22 პალეტზე, რომლის საერთო წონა 22 770 კილოგრამს შეადგენდა“, - აცხადებენ უწყებაში.

რუსული მედიის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი გაიგზავნა ოდესის პორტიდან ბულგარეთის რუსეს პორტში, ბულგარეთიდან ტრანსპორტირება საქართველოს ფოთის პორტში, შემდეგ კი სომხეთში გაგრძელდა.

„გადატანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინასარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი“, - წერს რუსული მედია.

მათივე ცნობით, 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთი განაბაჟეს, შემდეგ კი საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანით, ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე, გადაკვეთა ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადმოტვირთეს.

მედიის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა, გამგზავნად მიუთითეს შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო მიმღებად - ყირიმში არარსებული კომპანია.

„იმავე დღეს, პალეტები რუსეთის მოქალაქის, 1971 წელს დაბადებული მახირ იუსუბოვის სატვირთო მანქანაში ჩატვირთეს, ხოლო 2022 წლის 8 ოქტომბერს დილის 06:03 საათზე ყირიმის ხიდზე გადაკვეთისას აფეთქება განხორციელდა,“- აცხადებენ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.

IPN