ჩეხეთი რუსებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს - კვირის პალიტრა

ჩეხეთი რუსებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

ჩეხეთის მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსული რაკეტები ეცემა სათამაშო მოედნებსა და ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ სამსახურში დადიან, რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ყოველდღიურად ჩეხეთში ჩადის საერთაშორისო აეროპორტის გავლით“ , - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპოვსკიმ და დასძინა: „ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც შედიან ჩეხეთის ტერიტორიაზე შენგენის გარე საზღვრებით - კერძოდ კი, ჩვენი საერთაშორისო აეროპორტით - ტურიზმის, სპორტის ან კულტურის მიზნით, ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ“ , - განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ძალაში 25 ოქტომბერს შევა და გავრცელდება რუს მოგზაურებზე, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი შენგენის ვიზა.

ამრიგად, ჩეხეთი შეუერთდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთს და ფინეთს, რომლებმაც წინა კვირებში რუსი ტურისტებისთვის საზღვრები ჩაკეტეს.

"ინტერპრესნიუსი"