"მაინცდამაინც ყავა უნდა დამელია თქვენთან ერთად? " - რატომ დაუპირისპირდნენ ბექა დავითულიანი და გიორგ ვაშაძე ერთმანეთს - კვირის პალიტრა

"მაინცდამაინც ყავა უნდა დამელია თქვენთან ერთად? " - რატომ დაუპირისპირდნენ ბექა დავითულიანი და გიორგ ვაშაძე ერთმანეთს

იმ კანონებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაარეგისტრირა, სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. ნეტავ მივიღოთ და თქვენთან მოვალ ეთერში, ბოდიშს მოვიხდი. თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მაშინ ბატონი ბექა მოვიდეს და ბოდიში მოიხადოს , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გადაცემაში ბექა დავითულიანისთვის განკუთვნილი საეთერო დროის ამოწურვის შემდეგ, სტუდიაში გიორგი ვაშაძე შევიდა და „ქართული ოცნების“ მიერ ევრორეკომენდაციების ფარგლებში შემუშავებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამოთქვა პრეტენზიები.

გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის დეპუტატს მიმართა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ.

„იმ კანონებით, რაც დაარეგისტრირეს, სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. ნეტავ მივიღოთ და თქვენთან მოვალ ეთერში, ბოდიშს მოვიხდი. თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მაშინ ბატონი ბექა მოვიდეს და ბოდიში მოიხადოს. მე რომ მქონდეს 76 ხმა, საერთოდ არ ვკითხავდი ოპოზიციას, [რა კანონები უნდა მიმეღო]. დებატებში არსად არ ჯდება "ქართული ოცნება“. მაინცდამაინც ყავა უნდა დამელია თქვენთან ერთად? ჩვენ ვიმუშავეთ და ნამუშევარი მოგიტანეთ, როცა წაიკითხავთ, მაშინ გეშველებათ. არ წაიკითხავთ? - ხალხი გიშველით თქვენ, გაგიშვებთ ხელისუფლებიდან. თქვენ ყველაფერს აკეთებთ რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. თქვენ დაიჭირეთ გვარამია იმ დღეს, როცა პრემიერი ჩავიდა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ვეტო დაძლიეთ იმ კანონზე, რაზეც მთელი ევროპა გეუბნებოდათ არ ქნათო. სიმართლე იცით რა არის? - ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. თქვენს გამო არ ვართ დღეს კანდიდატები და თქვენ გამო დავკარგავთ ამ ისტორიულ შანსს. და პასუხს აგებთ ამისთვის აუცილებლად“, - მიმართა ვაშაძემ დავითულიანს, რაზეც დავითულიანმა ვაშაძეს უპასუხა, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ერთად არ იმუშავა, კანდიდატის სტატუსი კი ქვეყანამ პოლიტიკური კონტექსტის გამო ვერ მიიღო.

„ამ ხელისუფლებამ გააკეთა ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. კანდიდატის სტატუსი არა ჩვენს გამო, არამედ პოლიტიკური კონტექსტის გამო არ გვაქვს. თქვენც მუშაობდით რომ ეს სტატუსი არ მიგვეღო“, - მიმართა დავითულიანმა ვაშაძეს.

„საქმე რა არის? - ის, რომ ხალხს ატყუებთ ივანიშვილი არ არის ოლიგარქიო? აბა, ემაა ოლიგარქი? ყველას ჩვენი სიმართლით გაგვიმარჯოს ჩვენს ხალხთან მიმართებაში“, - მიმართა ვაშაძემ დავითულიანს, რაზე უმრავლესობის წევრმა უპასუხა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ყველა კანონპროექტი პირდაპირ მიყვება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს.

ვაშაძემ აღნიშნულზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ეცოდება, რადგან შინაგანად ისინი პრორუსულები არ არიან.

„ქართული ოცნება“ პრორუსი არ არის და მართლა არაფერი არ გვჭირს გიორგი შენი შესაცოდი. როგორ შეიძლება ჩვენ ვიყოთ შესაცოდები, როცა შენ იყავი მიშა სააკაშვილის მინისტრის მოადგილე და დეპუტატი წლების განმავლობაში? გჯერა რასაც ამბობ? გელოდებით და ფაქტები მოგვიტანე“, - მიმართა დავითულიანმა ვაშაძეს.

წამყვანის შეთავაზების მიუხედავად, რომ უმრავლესობის წევრსა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს შორის დებატები გადაცემაში გამართულიყო, ბექა დავითულიანმა სტუდია დატოვა.