"ანტიდასავლური განცხადებები შოკისმომგვრელია, ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმები ძალიან შემაშფოთებელი" - საფრანგეთის ელჩი - კვირის პალიტრა

"ანტიდასავლური განცხადებები შოკისმომგვრელია, ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმები ძალიან შემაშფოთებელი" - საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი „ხალხის ძალის“ განცხადებებს შოკისმომგვრელს, მტრულსა და ძალიან აგრესიულ ანტიდასავლური ნარატივს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ზიანს აყენებს საქართველოს და მის ინტერესებს.

როგორც კოლასმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, რასაც ისინი ე.წ მეორე ფრონტთან დაკავშირებით ამბობენ, სრულიად ტყუილია და ასეთი რამის გაკეთების მოთხოვნა არასდროს ყოფილა.

კითხვაზე, როგორ უყურებს „ხალხის ძალის“ განცხადებებს და იმას, რომ საზოგადოების ნაწილი მათი რიტორიკის უკან „ქართულ ოცნებას“ მოიაზრებს, კოლასი ასე პასუხობს - „დარწმუნებული არ ვარ, რომ ვიცი“.

„ვფიქრობ, არ მინდა ამაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება. რასაც მძაფრად შევიგრძნობ არის ის, რომ ეს ძალიან მტრული, ძალიან აგრესიული ანტიდასავლური ნარატივი ზიანს აყენებს საქართველოს და მის ინტერესებს. ის ძალიან ხშირად აბსურდულად არაზუსტი და მცდარია. რასაც ე.წ მეორე ფრონტთან დაკავშირებით ამბობენ, აბსოლუტური ტყუილია. ასეთი რამის გაკეთების მოთხოვნა არასდროს ყოფილა. ბევრი განცხადება არაზუსტია და ზოგადად, ეს ანტიდასავლური განცხადებები შოკისმომგვრელია. მიმაჩნია, რომ თავდასხმები ამერიკის ელჩ კელი დეგნანზე, რომელიც არის ჩემი მეგობარი და ადამიანი, ვისთანაც მუშაობა ძალიან მსიამოვნებდა, ძალიან შემაშფოთებელია. როგორც უკვე გითხარით, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს, რომ რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც დაიწყო და დინამიური გახდა ამ ზაფხულიდან მოყოლებული და რომელსაც დადებითად ვაფასებ, საფრთხის ქვეშ არ დადგეს პრობლემური ნარატივებითა და ნეგატიური ამბებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტიური დღის წესრიგი, რეფორმის დღის წესრიგი, რეალობად იქცეს და პოზიტიურ ნარატივად ითარგმნოს. არსებობს დიდი რისკი, რომ ეს პროცესი შეფერხდეს, რაც ძალიან სამწუხარო იქნება. ახლა არ მინდა განცხადებები გავაკეთო, თუ ვინ რას აკეთებს, ვინ ვის უკან დგას და ამ ყველაფერში. ამაზე მე არ უნდა გავაკეთო კომენტარი, მაგრამ როდესაც ამას ვუყურებ, შეშფოთებული ვარ“,- განაცხადა დიეგო კოლასმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.