"რვა წლის ქეთა ჩემს მშობლებთან დავტოვე და ემიგრანტების უზარმაზარ არმიას შევუერთდი. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში" - კვირის პალიტრა

"რვა წლის ქეთა ჩემს მშობლებთან დავტოვე და ემიგრანტების უზარმაზარ არმიას შევუერთდი. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში"

"მაშინ ჟურნალისტიკა ჯადოსნური სამყარო იყო, რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო" - ქართველი ჟურნალისტი, რომელიც იტალიაში წარმატებით საქმიანობს

„იქიდან გამომდინარე, რომ იტალიელი მეუღლე მყავს და მაქვს ქართულ-იტალიური ოჯახი, მიჭირს თქმა, რა იქნება წლების შემდეგ, მაგრამ ემიგრაციამ იმდენად გამიმძაფრა ეროვნული იდენტობის განცდა, გაცნობიერებულად თუ უნებლიედ, ჩემი ყოველი ნაბიჯი იმდენად უკავშირდება და უახლოვდება ჩემს სამშობლოს, რომ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ფიზიკურად სად ვიქნები“, - ამბობს ნინა მამუკაძე, რომელიც გვიამბობს, როგორ შეძლო ყველა დაბრკოლების გადალახვა, როცა იქ ჩასულმა იტალიურად სალამიც არ იცოდა, დღეს კი ერთ დროს მისთვის უცხო ქვეყანაში წარმატებულ ჟურნალისტად მიიჩნევა...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"პირადად ჩემთვის, ტელევიზია და ზოგადად ჟურნალისტიკა ჯადოსნური სამყარო იყო, რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო, მაგრამ როგორც ჩანს, იდეა, ვყოფილიყავი მეოთხე ხელისუფლების ნაწილი, იმდენად ღრმად მქონდა ჩაბეჭდილი, რომ შევარდნაძის დროს გამეფებულმა უმაღლესში მისაღები გამოცდების "მაფიამაც" ვერ შემაშინა და მოხდა ისე, რომ პროფესია _ ჟურნალისტი ჩემი ორგანული ნაწილი გახდა, რომელმაც ემიგრაციაში ბოლომდე შეისხა ხორცი..."

309253739-5902738273089352-6248836960423116898-n-copy-1665646087.jpg

"რვა წლის ქეთა ჩემს მშობლებთან დავტოვე და ემიგრანტების უზარმაზარ არმიას შევუერთდი. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მონატრების ტკივილს დაემატა ის, რომ ჟურნალისტი, რომლის გონებაც და სამეტყველო აპარატიც სინქრონში, აქტიურ რეჟიმში მუშაობას იყო მიჩვეული, ერთბაშად დაადუმეს. გონება ისევ იმ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას, ენა კი ვეღარ ეწეოდა, რადგან როდესაც აქ ჩამოვედი, ერთი სიტყვაც არ ვიცოდი იტალიურად. საშინელი სტრესი მივიღე..."

"დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მომზადებულმა იტალიურენოვანმა სიუჟეტმა, ქართული სუბტიტრებით. საიდან აღარ მწერდნენ იტალიელები, წარმოუდგენელ სითბოსა და ყურადღებას გამოხატავდნენ. დღემდე მეუბნებიან, რომ აუცილებლად ჩავლენ საქართველოში. გარდა იმისა, რომ ხვიჩა თავისი ქართველობით ისედაც პოპულარიზაციას უწევს ჩვენს სამშობლოს, სიუჟეტში ჩართული მქონდა საქართველოს შესახებ ინფორმაცია, ფოტომასალა. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ აკრედიტაცია მოვითხოვე ხვიჩას მატჩზე და ასე აღმოვჩნდი როგორც აკრედიტებული ჟურნალისტი ფლორენციის არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონის ჟურნალისტთა ლოჟაში. მომდევნო ნაბიჯი ხვიჩასთან ინტერვიუა..."

309058234-2889443344684514-1272279702986312399-n-1665646101.jpg

"არც ერთ დედას არ ვუსურვებ შვილთან თუნდაც დროებითი დაშორების ტკივილს. ჩემსა და ქეთას შორის ძალიან ცოტაა ასაკობრივი სხვაობა, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ და სულ იმას ვამბობ, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი თავად გავაჩინე. საოცარი აურის გოგოა და ძალიან წარმატებული მოსწავლე..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 13 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე