"ეს არის უტანკო, უთოფო ანექსია, რომელსაც საქართველოს გადაყლაპვა მოჰყვება" - კვირის პალიტრა

"ეს არის უტანკო, უთოფო ანექსია, რომელსაც საქართველოს გადაყლაპვა მოჰყვება"

რას მოუტანს საქართველოს მრავალრიცხოვან "დევნილთა" ნაკადი? მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მეზობელ ქვეყნებს ათასობით რუსეთის მოქალაქე მიაწყდა: ყველა, ვისაც მობილიზაციის საფრთხე ემუქრება, ცდილობს, როგორმე თავი დააღწიოს არასასურველ ომში მონაწილეობას. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებმა თავი შეაფარეს, საქართველოა: ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ათასობით ადამიანი უსასრულო რიგში იდგა, რომ საქართველოში შემოსულიყო. ამ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია: ზოგი მათ ამართლებს და ამბობს, რომ პუტინის რეჟიმს გამოექცნენ, მეორე ნაწილი კი "დეზერტირებს" უწოდებს და ამდენი რუსის ქვეყანაში შემოსვლას პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს. ამ საკითხისადმი გაორებული დამოკიდებულება ჩვენი რესპონდენტების ნაამბობშიც იგრძნობა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ეს არის უტანკო, უთოფო ანექსია, რომელსაც საქართველოს გადაყლაპვა მოჰყვება"

გია ბუღაძე, მხატვარი:

"დიდი ფიქრი და ანალიზი არ სჭირდება იმას, რომ საზღვარზე ერთბაშად შემოსული ამდენი ადამიანი პრობლემებს შეგვიქმნის. ამიტომ, საფუძვლიანად უნდა გამოეკვლიათ, რატომ მოდიან და რამდენ ხანს აპირებენ საქართველოში დარჩენას. ამტკიცებენ - დევნილები არიანო, მაგრამ დევნილი როგორ ვუწოდო ისეთ ხალხს, რომელიც აქ ბიზნესს არეგისტრირებს და საცხოვრებლად დიდი ხნით რჩება? საქართველოში ათასობით რუსეთის მოქალაქის შემოსვლა არ არის მარტივი ამბავი... ამ დღეებში მე თვითონ შევესწარი ასეთ ფაქტს: ვიღაც კაცი მიმდგარიყო და კედლიდან შლიდა წარწერას - "რუსეთი ოკუპანტია!" როდესაც მივედი და ვკითხე: ვინ დაგავალა, რატომ შლი-მეთქი? ხმა არ გამცა! საკმაოდ კარგად იყო ჩაცმული და ხელში ძვირად ღირებული სპრეი ეჭირა, რომლითაც წარწერას შლიდა. აშკარა იყო, დავალება ჰქონდა მიცემული და ყველაფერს შეგნებულად აკეთებდა. ასე ხდება, როცა ქვეყანას აქვს აგენტურით გაძეძგილი სახელმწიფო აპარატი, რომელიც ლამის ეფესბე-ს ფილიალად გადაიქცა..."

"დამშვიდდით - ამ ხალხის დიდი ნაწილი საქართველოში გაჩერებას არ აპირებს"

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

"შემიძლიათ დაგამშვიდოთ: რუსეთიდან შემოსული დევნილები ვერც არეულობას გამოიწვევენ და ვერც დემოგრაფიულ ფონს შეცვლიან. რატომ? - უმეტესობას აქ გაჩერება არ უნდა - ეს მე დანამდვილებით ვიცი. ასე რომ, მათი დიდი ნაწილი საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენებს და ევროპაში ან ამერიკაში წავა..."

"რუსეთში ვინც იყვირა, რომ პუტინი არ უყვარს, ყველა ათწლიან ციხეში ჩასვეს"

ნუგზარ კვაშალი, მომღერალი:

"ჩემს აზრს დაუფარავად გაგიზიარებთ: რუსეთში ახლა არეულობაა და ეს ხალხი რეჟიმს გამოექცა. დევნილთა ნაკადს ჯაშუში შემოჰყვება თუ კონტრაბანდისტი, ეს უშიშროების სამსახურმა უნდა შეამოწმოს, ხოლო ჩვენ - მილიონზე მეტ ქართველზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც უკვე წლებია რუსეთში ცხოვრობს. იმ ქართველების ნაწილიც ხომ ჩამოვიდა? რაც ახლა ხდება, ჩვეულებრივი მოვლენაა: გამოიქცნენ ისინი, ვინც პუტინის რეჟიმს ვერ იტანს. რატომ რუსეთში ვერ გააპროტესტეს და ვერ იყვირეს? - იქ ვინც იყვირა, რომ პუტინი არ უყვარს, ყველა ათწლიან ციხეში ჩასვეს. თუ ყველა ციხეში ჩაჯდება, ვინ უნდა შეებრძოლოს დიქტატურას, რომელიც პუტინმა თავის ქვეყანაში დაამყარა?.."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 2022 წლის 13 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე