რატომ არ ეშინია ექსპერიმენტების ბაკურციხელ მეურნეს - კვირის პალიტრა

რატომ არ ეშინია ექსპერიმენტების ბაკურციხელ მეურნეს

"ნამჯის წნეხი ძირებში, სადაც სარეველა იყო გასათოხნი, იქ დავყარე. მას შემდეგ ერთწლიანი სარეველა აღარ ამოსულა, მხოლოდ მრავალწლიანი ამოდის, მაგრამ ხელს არ მიშლის. ადრე თუ ბუჩქებად ამოდიოდა, მულჩის ქვეშ შეიძლება აქა-იქ ერთი-ორი ღერი ამოიწვეროს. არც ეს მიშლის ხელს - გვალვის პერიოდში, ფაქტობრივად, ჩრდილია, რაც ყურძნისთვის მშვენიერი რამ არის"

იურისტია, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია. დღესდღეობით მისი საქმიანობის სფერო სოფლის მეურნეობაა. მეურნეობა კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში აქვს, საიდანაც არის წარმოშობით. ბესო სამადაშვილს ექსპერიმენტებისა და თამამი ნაბიჯების არ ეშინია და ამაში მისი ინტერვიუს კითხვისას დარწმუნდებით.

lali2-1665647710.jpg

ბესო სამადაშვილი:

- სოფელი ძალიან მიყვარს. შევარდნაძის პერიოდში მეურნეობები რომ დაიშალა, ჩემს ოჯახს 2000 კვადრატი ერგო, მაგრამ სოფელთან უფრო ხშირი კონტაქტი რომ მქონოდა, გაფართოება გადავწყვიტე (მაშინ ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი 500-დან 1000 ლარამდე ღირდა). მიწის შესაძენად პატრონს ნაკვეთში რომ მივყვებოდი, იმხელა სარეველა იყო, თავისი ნაკვეთი ძლივს იპოვა.

პანდემიის შემდეგ სოფელს ბევრი დაუბრუნდა, აგარაკებს, პატარა ბოსტნებს უვლიან, ამუშავებენ, რომ ოჯახის წევრებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი აჭამონ. მოკლედ, ასე ნელ-ნელა შევაგროვე მიწის ფართობები. 2 ჰექტარზე ვენახი მაქვს გაშენებული, 30 ჰექტარზე ქართული ხორბალი მომყავს, იონჯასა და მის თესლს კი უკვე 8 წელზე მეტია ვაწარმოებ და ადგილობრივ ბაზარზე ვყიდი. შემოტანილ პროდუქტს კონკურენციას ვუწევ ფასითაც და ხარისხითაც.

- ბიოპროდუქტს აწარმოებთ?

- ნაკვეთთან მომიჯნავე ვენახების მეპატრონეები სხვადასხვა მეთოდით 12-14-ჯერ წამლავენ. ამიტომ ვენახი თუ ცალკე არ გავაშენე, ბიოს ვერ ვაწარმოებ. თუმცა ვცდილობ ხელოვნურად არ ჩავერიო, არ ვხნავ, მხოლოდ ვთიბავ. ძალიან არ მიყვარს ჰერბიციდის გამოყენება. იმ გათიბულ ბალახსაც ნიადაგზე ვტოვებ, ეს ვენახს გვალვების პერიოდში ეხმარება. არც ვრწყავ, მირჩევნია, ნაკლები მოსავალი იყოს, მაგრამ ხარისხიანი. საფერავი და რქაწითელი მაქვს. ერთი ნაწილი უკვე დავწურე და შესანიშნავი ღვინო გამოდის, ცოტას, მაგრამ ხარისხიანს ვიღებ.

lali4-1665647711.jpg

- ისე, უცნაურია, ვენახს კახეთში წყალს რომ არ აწვდით და თავისით მოდის?

- კი, ასეა. თავსაც არ ვაჭრი, მავთულზე ვახვევ. თავიდან ჩემს მეთოდს მევენახეები ცოტა გაოცებული უყურებდნენ და ამბობდნენ, ვენახს არ უვლისო. არც ვხნავდი და არც კულტივაციას ვუკეთებდი და მოსავალი მინიმალური ჩარევით (5-6 მინიმალური შეწამვლა) მომყავდა. თავიდან პირველი ვენახი გამიფუჭდა და ამიტომ ნიადაგის გამოსწორება გადავწყვიტე, ძირებში გამოსათოხნი იყო, მაგრამ გამოთოხვნას მულჩირება ვარჩიე. ეს მეთოდი ნიადაგს გამოშრობისგან იცავს. ნამჯის ქვეშ მიკროფლორა წარმოიქმნება, ლპობის შედეგად კი - სასუქიც.

- მოკლედ, ბუნებრივად მიხვედით მულჩირებამდე...

- ნამჯის წნეხი მქონდა და ძირებში, სადაც სარეველა იყო გასათოხნი, იქ დავყარე. მას შემდეგ ერთწლიანი სარეველა აღარ ამოსულა, მხოლოდ მრავალწლიანი ამოდის, მაგრამ ხელს არ მიშლის. ადრე თუ ბუჩქებად ამოდიოდა, მულჩის ქვეშ შეიძლება აქა-იქ ერთი-ორი ღერი ამოიწვეროს. არც ეს მიშლის ხელს - გვალვის პერიოდში, ფაქტობრივად, ჩრდილია, რაც ყურძნისთვის მშვენიერი რამ არის.

ვენახს მხოლოდ ვთიბავ და ის ბალახიც ნიადაგზე რჩება, ესეც სასუქია. ჩემი მომიჯნავე მევენახეები მეკითხებიან, დიდად არაფერს აკეთებ და ასეთი კარგი ვენახი როგორ გაქვსო? შარშან რომ დავკრიფე და წამოვედი, ზამთარში აღარ მიმიკითხავს, მითხრეს, სანამ ყინვამ არ მოუწია, მწვანე ფოთოლი ჰქონდაო. ეს მაშინ, როცა სხვაგან ხმელი ფოთოლიც აღარსად იყო შემორჩენილი. ყურძენს რომ დავწურავ, მერე გამოწნეხილ ჭაჭას ვენახს ძირებში ვუყრი. სასწაული სასუქია.

lali3-1665647711.jpg

- ფაქტობრივად, უდანაკარგო მეურნეობა გაქვთ.

- საიტებზე ძალიან ბევრი ინფორმაციაა, საზღვარგარეთაც, წამყვან ქვეყნებში ბევრი გადავიდა ბიომეურნეობაზე. ჭაჭის ამგვარი გამოყენების შესახებ პირველად ჯიღაურის საცდელ მეურნეობაში გავიგე, სემინარზე. მითხრეს, იდეალური სასუქია ვაზისთვისო.

ეს ვენახი უკვე 6-7 წელია მაქვს. გასხვლა და დაკავება აუცილებლად სჭირდება. თავებს რომ არ ვაჭრი, ეგეც ეხმარება ფოტოსინთეზში, მზისგან საჭირო ენერგიას იღებს. როცა ქვედა ფოთლები ბერდება, ამ დროს ზედა ფოთლები ეხმარება. მოკლედ, მინიმალური ჩარევით ვეხმარები ვენახს.

- საბოლოოდ 2 ჰექტარზე რამდენი ყურძენი მოდის და რამდენ ღვინოს წურავთ?

- მოსავალი საშუალოდ 10-დან 15 ტონამდეა. წელს გვალვიანი ზაფხული იყო და შედარებით მცირე მოსავალი მომივიდა. საფერავი რქაწითელთან შედარებით ნაკლებია, ერთ ჰექტარზე დაახლოებით 8-დან 10 ტონამდე. ვიღაცები 4-5-ჯერ რწყავენ და შეიძლება 20 ტონაც მოიყვანონ, მაგრამ კარგ ღვინოს ვერ დააყენებ. მათ ჩასაბარებლად უნდათ და რაც მეტს მოიყვანენ, მათთვის უკეთესია.

lali5-1665647711.jpg

- ღვინოს ქვევრებში აყენებთ?

- ქვევრების ჩაყრას ახლა ვაპირებ. ეზოში მარანი ავაშენე, მაქვს თანამედროვე სახდელი აპარატი, ღვინისგან ბრენდს ვაწარმოებ, ოღონდ ჯერ დაბრენდილი არა მაქვს, მომავალი წლიდან ვაპირებ. საბრენდე ღვინო კასრებშია, მაქვს ასევე 6-7 წლის დაძველების კონიაკის ბრენდი.

- პროდუქტს სად ყიდით?

- წლების განმავლობაში ვინც გასინჯა და მოეწონა, ისევ მოდის და სხვაც მოჰყავს, კლიენტების სიმცირეს არ ვუჩივი.

- მოკლედ, გაამართლა თქვენმა ექსპერიმენტმა.

- ექსპერიმენტების არ მეშინია, ბევრს ვატარებ და მეურნეები ცოტა ცერადაც მიყურებენ. სხვათა შორის, მულჩის ქვეშ კარტოფილიც მაქვს დათესილი - უბრალოდ მიწა დავაყარე და ნამჯა მოვაფინე. სამი თვე წვიმა არ მოსულა, არც გამითოხნია და არც შემიწამლავს. აქ ბევრს კარტოფილი ჭიამ შეუჭამა, ჩემთან ერთიც არ ყოფილა.

- საზამთროც ხომ არ მოგყავთ ასეთი მეთოდით?

- თბილისში საკუთარი სახლი მაქვს, სადაც პატარა ბოსტანი გავაშენე. პანდემიის დროს კვლები ავამაღლე, ნიადაგი არ ვარგოდა და ახალი მიწა დავყარე. შემაღლებული კვლების გარდა, თაღიც გავაკეთე, რომელზეც ნესვი და საზამთრო დავთესე.

- ესე იგი, მიწას თბილისშიც ამუშავებთ...

- რა თქმა უნდა, მინდა ამ საქმეში ჩემი შვილებიც ჩავრთო. ძალიან უყვართ მოვლა, მორწყვა, თან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მიირთმევენ, კიტრი, პამიდორი, ბადრიჯანი, მარწყვი, მოცხარი - ყველაფერი გვაქვს. რისი მოყვანაც 700-800 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე შემეძლო, 80 კვადრატზე მომყავს.

- თამამ ნაბიჯებს, ექსპერიმენტებს არ უშინდებით, შედეგიც გაქვთ. რას ნიშნავს ეს საქმიანობა თქვენთვის?

- მახსოვს, თბილისში საბავშვო ბაღში რომ დავდიოდი, მოხუცი მებაღე გვყავდა, რომელიც ტერიტორიას უვლიდა. მოხუცს ხშირად ვეხმარებოდი და ვფიქრობ, იქიდან დაიწყო ჩემი მიწის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. მინდა შვილებს ჩემი შრომით მაგალითი ვაჩვენო, რადგან წარსულის იმ მაგალითებმა დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. ექსპერიმენტებსა და შეცდომებს არ უნდა შევუშინდეთ. შეცდომა დიდი პრაქტიკაა. ჩემთვის ეს საქმე სიამოვნებაა. ფინანსური სარგებელიც მოაქვს. რასაც აკეთებ, ის საქმე უნდა გიყვარდეს. მიზანდასახულობაა მთავარი - მთავარია, მიზანი დაისახო და დღეს თუ არა, ხვალ მაინც მიაღწევ. უცებ არაფერი გამოდის. მოთმინებაც უნდა.