„უნაბით წლეულს უფრო მეტი შემოსავალი მივიღეთ, ვიდრე ყურძნით“ - კვირის პალიტრა

„უნაბით წლეულს უფრო მეტი შემოსავალი მივიღეთ, ვიდრე ყურძნით“

მსოფლიოს სხვა ქვეყნებში უნაბს ბევრად უკეთ მოუარეს, ვიდრე ჩვენთან. მაგალითად, კალიფორნიაში გამოიყვანეს მისი მსხვილნაყოფა ჯიშები, რომლებიც 1930 წლიდან ჩვენშიც შემოიტანეს. ის მოსახლეობას იმდენად მოეწონა, რომ უნაბს მთელ საქართველოში რგავდნენ. შემდგომში კი, როცა კენკრის სამრეწველო გამოყენება აღარ მოხერხდა, კულტურა ნელ-ნელა გადაშენდა. ამის აბსურდულობა ბოლო წლების უნაბის სამეცნიერო კვლევამ კვლავ დაადასტურა - უნაბს იმაზე მეტი სასარგებლო თვისებები ჰქონია, ვიდრე აქამდე ვიცოდით. ეს მართლაც ასეა: არა მარტო უნაბის ნაყოფი გამოიყენება ფილტვების, ძვლების, ჰიპერტონიისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, არამედ მისი ფოთლების ჩაისაც კი მრავალმხრივი სამკურნალო ეფექტი აქვს. ამ თვისებების გამო, მას "სიცოცხლის ხეს" უწოდებენ. ამან უნაბის გავრცელებას კვლავ შეუწყო ხელი, მათ შორის, დასავლეთ საქართველოში.

ტენიან რაიონებშიც კი, ჩვენს ზღვისპირეთში, სადაც მოჭარბებული ტენიანობის გამო უნაბის შაქრიანობა ოდნავ ეცემა, უნაბს უკვე ბევრგან შეხვდებით, მაგრამ არა ბაღების სახით. მიზეზი ისევ და ისევ უნაბის საბაზრო მოთხოვნილების დღემდე გაურკვევლობაა.

აღმოსავლეთ საქართველოში უნაბის გავრცელების საუკეთესო პირობებია და მისი ბაღების გაშენების იდეას აქაც კი ეჭვით უყურებენ, გარდა ბოლოდროინდელი გაბედული ექსპერიმენტატორებისა - მათ დაამტკიცეს, რომ უნაბის ბაღით კი არ წააგებ, არამედ მოიგებ, ხშირ შემთხვევაში კი ეს კულტურა შესაძლოა უფრო მოგებიანი იყოს სხვა კულტურებთან შედარებით. ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანში მცხოვრები ბესო კეკენაძე იმ იშვიათ ფერმერთაგანია, რომელმაც უნაბი წლეულსაც მოკრიფა, ჩააბარა და ძალიან კმაყოფილია.

- ბატონო ბესო, რადგან ჯერჯერობით უნაბის ექსპორტზე არ არის საუბარი,N არც მოველოდი, რომ უნაბის თუნდაც მცირე ბაღი კახეთში ვინმეს ექნებოდა. არადა, უნიკალური კულტურაა.

- სიმართლე გითხრათ, უნაბის პატარა ბაღი მეც მამაჩემის დამსახურებით მაქვს. მამა ალღოიანი მეურნეა, სწორედ ამიტომ ჩამოიტანა უნაბის ნერგები აჭარიდან - თუ სიკეთე გვინდა, მხოლოდ ერთი სახის მოსავლის იმედად არ უნდა ვიყოთ, ვცადოთ უნაბის მოშენებაც, სასარგებლო მცენარეა და აუცილებლად გამოგვადგებაო. ნერგებმა საუკეთესოდ გაიხარა. უნაბი თითქმის ყოველნაირ ნიადაგს ეგუება და ჩვენთან რატომ გაუჭირდებოდა. საბედნიეროდ, ძალიან ნაყოფიერ ადგილებში გვაქვს ბაღები, დალოცვილი ალაზანი გვეხმარება ნიადაგის განოყიერებაშიც და მორწყვაშიც. მამამ რამდენიმე ნერგი ჩამოიტანა, მაგრამ შემდგომში, უნაბით სარგებელი რომ ვნახეთ, პატარა ბაღიც გავაშენეთ.

წელს ყურძნის ფასი დაბალი იყო, ზოგან ვაზი საერთოდ გადაიწვა და გაფუჭდა, ჩვენ კი უნაბი ზუსტად ყურძნის ფასად ჩავაბარეთ - 1 კილოგრამი 1 ლარად და უნაბით უფრო მეტი შემოსავალი მივიღეთ, ვიდრე ყურძნით. უნაბის შემსყიდველებმა მუშახელის ფასიც თავად გადაიხადეს. იცით, ალბათ, მუშახელი ძალიან ძვირია - დღეში 50 ლარი.

- რაც ნიშნავს, რომ უნაბზე მოთხოვნა გაიზარდა.

- თავისთავად. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო კონფლიქტის გამო ექსპორტი შემცირდა, უნაბზე მაინც მოთხოვნა იყო. მართალია, შარშან გაცილებით ძვირი ღირდა, მაგრამ წლეულს შემსყიდველებმა უკვე მუშახელის ქირაც გადაიხადეს.

unabi2-1665649871.jpg

- უნაბი უკვე 4-5 ლარი ღირს მარკეტებში, ბაზარზე კი - ოდნავ იაფი. ცხადია, ეს არც ისე მცირე ფასია. დასანანია, რომ მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობა თავადვე არა გაქვთ, შემოსავალი გაცილებით მაღალი გექნებოდათ.

- ეს მხოლოდ უნაბს კი არა, ჩვენს ყველა მოსავალს ეხება. ფერმერს ნამდვილად არა აქვს შესაძლებლობა, რომ დროის დიდი ნაწილი ბაზარში გაატაროს და არა პლანტაციაში. გარემო მძიმე ფაქტორები რომ არ მოქმედებდეს, წესით, მშრომელ ადამიანს პრობლემები არ უნდა ჰქონდეს. ახლა თუნდაც საწვავის გაძვირებამ უფრო გაგვირთულა მდგომარეობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უშრომლად გავჩერდე, ან საზღვარგარეთ გავემგზავრო სამუშაოს საძებნელად. თავის სარჩენი შემოსავალი საკუთარ მიწაზეც მაქვს. გამრჯე ოჯახი ვართ, სკოლის მოსწავლე ჩემი შვილებიც ჩემთან ერთად შრომობენ.

როგორც მითხრეს, უნაბი ექსპორტზე ჩირად გადის. მისი ჩირი მართლაც გამონაკლისია - თუ დაჩირებამდე უნაბში შაქრის შემცველობა 20-28%-ია, ჩირში შაქრის შემცველობა 63-64%-მდე ადის. როგორც შემსყიდველებმა მითხრეს, უნაბი რამდენიც უნდა მოვიწიოთ, ყველას იყიდიან და არც რეალიზაცია იქნება პრობლემა.

უნაბი კახეთში ჯერ ცოტაა. იმედია, მისი გაშენებით მომავალში მაინც დაინტერესდებიან. როგორც ვიცი, უკვე სოფელ აფენშიც დარგეს.

- მოსავალი წელს რამდენი მიიღეთ?

- ჩემი ბაღი ჯერ პატარაა, მაგრამ მაინც მოვკრიფეთ 500 კილოგრამი უნაბი. მისი კრეფა 3-4 დღეს გრძელდება. უნაბს ასეთი წესი აქვს: მწიფე ნაყოფს გამოკრეფ და რამდენიმე დღეში დანარჩენიც მწიფდება.

- უნაბი ეკლიანია, ეს მის კრეფას აძნელებს.

- თუ დააკვირდებით, უნაბის გამოყვანილი ჯიშები არც ისე ეკლიანია. ასე რომ, ჩვენი ქალები სხარტად კრეფენ. საერთოდ, კიბით ვკრეფთ. უნაბი, ფაქტობრივად, ბუჩქია, ოღონდ მაღალი და თითო ძირი მალე იკრიფება, დაახლოებით 3-4 საათში. ამ მცენარეს დაკვირტებამდე ნაკელი უყვარს, ეს მისთვის საუკეთესო საკვებია. დაკვირტების შემდეგ კი, უკვე მწიფობის პერიოდში, თუ გვალვაა, წყალი აუცილებლად სჭირდება. მორწყვა ნაყოფს არბილებს და ამსხვილებს, საბაზრო ღირებულება კი მსხვილსა და ხარისხიან უნაბს აქვს.

- როგორც ამბობენ, საუკეთესოა მურაბაც. უნაბის მურაბას თუ ამზადებთ?

- როგორ არა, ეგ ჩვენი ოჯახისა და დარწმუნებული ვარ, სხვებისთვისაც, საუკეთესო დესერტია. უნაბის მურაბას ძალიან ლამაზი, გამჭვირვალე ფერი აქვს. გემოს ნაკლებად აღგიწერთ, რადგან ეგზოტიკურია, თუმცა ოდნავ მსხლის მურაბას ჰგავს.