ზურა პაპას სკვერი გლდანში - კვირის პალიტრა

ზურა პაპას სკვერი გლდანში

"ამ სკვერს 11 წლის განმავლობაში ვაწყობდი, მსგავსი რამ საქართველოში არავის გაუკეთებია", - ამბობს 73 წლის ზურაბ ოზაშვილი, რომელმაც გლდანში ულამაზესი სკვერი მოაწყო. ის თავად გვიამბობს, როგორ ცდილობს სხვებისთვის საოცარი გარემო შექმნას...

ზურაბ ოზაშვილი:

- სამი შვილი მყავს, ტყუპი ვაჟი და გოგო, ხუთი შვილიშვილი... პროფესიით შალის სპეციალისტი ვარ, მაუდის კომბინატში დიდხანს ვმუშაობდი. ამჯერად სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურში ვმუშაობ. დილაადრიან გავდივარ, 5 საათზე, და ღამის 12 საათზე მოვდივარ. მერე ერთ დღეს ვისვენებ და ამ დროს სულ სკვერს ვუთმობ. იმდენად მიყვარს ძალიან ადრე ადგომა და ბაღში გასვლა, ოდნავ თუ შემაგვიანდა, რომელიმე მეზობელი რეკავს, ზურა ხომ კარგად არის, სკვერში არ ჩანსო.

2000 წელს ბინის ამხანაგობის თავმჯდომარედ ამირჩიეს. 22 წლის განმავლობაში, რაც კი რამ ყოფილა მერიის დაფინანსება კორპუსებისთვის, ყველა პროგრამა ათვისებული მაქვს.

- სკვერის მოწყობა როდის დაიწყეთ?

- სადაც ახლა სკვერია, 400 კვადრატული მეტრია, რაც საკმაოდ დიდია. რატომღაც იქაურობა სამანქანე გზად აქციეს, ამიტომ 11 წლის წინ მოვიწვიე კორპუსის კრება და წამოვაყენე იდეა, სკვერი მოგვეწყო. ზოგს გარაჟები სურდა, ზოგს ისევ გზა, მაგრამ საბოლოოდ სკვერზე შევთანხმდით. თავიდან მარადმწვანე, პატარა ბუჩქებით შემოღობვა დავიწყე, შემდეგ ბოძები ჩავუყენე და მავთულიც გავაბი. ორი წლის განმავლობაში ვრგავდი ნერგებს. ნერგს საღამოს რომ ჩავრგავდი, დილით აღარ მხვდებოდა. ერთ ღამეში 16 ძირი ერთდროულად მომპარეს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ხელფასზე ვარ, ძვირად ღირებულ, განსაკუთრებულ დეკორატიულ მცენარეებს ვყიდულობდი. რადგან სკვერის მოწყობა ჩავიფიქრე, მართლაც განსაკუთრებული მსურდა. ახლა მეზობლებიც მომეხმარნენ და კამერებიც დავაყენეთ, მაგრამ მანამდე ბევრი სირთულე გამოვიარე.

60 ძირი დეკორატიული ხე გვაქვს და სკვერი ზამთარშიც ულამაზესია.

- როგორც ვიცი, ვარდების უამრავი სახეობაც გაახარეთ...

- დიახ, 80 ძირი ვარდია და გაზაფხულიდან მოყოლებული სულ ყვავიან. ვარდი ძალიან რთული მოსავლელია, ბევრი ახალი და უცნაური ფერის ვარდი მაქვს. გვალვის დროს ვარდი უფრო რთული მოსავლელია. ბევრი შრომა სჭირდება, ჩვენი მეზობელი პატარა ბავშვები ცდილობენ დამეხმარონ. თუ დაინახეს, რომ ვინმემ ვარდი მოწყვიტა, ეჩხუბებიან, ზურა პაპამ ჩვენთვის დარგოო.

ქალაქში რამე ლოდი თუ მომეწონებოდა, მიმყავდა მანქანა და ბაღში მომქონდა. თავდაპირველად ჩემი ხელით გაკეთებული სკამები ჩავდგი, მერე უკეთესებიც მივამატეთ, წყალი გავიყვანეთ.

ეზოში სადარბაზოებთან დიდი ქოთნები მიდგას, საგანგებოდ დავამზადებინე, შიგ მარადმწვანე ხეები მაქვს დარგული.

საიდან აღარ მოდიან და ფოტოებს იღებენ. მხატვარი მოვიყვანე და კედელი მოვახატვინე. აღარ ვიცი, რამდენმა გამიცნო ამ სკვერის მეშვეობით, ქუჩაში მხვდებიან და მეუბნებიან, ბავშვები დილით რომ იღვიძებენ, გვთხოვენ, ზურა პაპას ბაღში წაგვიყვანეო, რაც ძალიან მახარებს. ხალხი სხვადასხვა რაიონიდანაც კი მოდის სანახავად. მაგას რა ჯობია, ყველა მოვიდეს, და აქ ყოფნით გაიხაროს.

სკამებს ყოველ წელიწადს ლამაზ ფერებში ვღებავ. სანამ ცოცხალი ვარ, სულ ვიმუშავებ! სამსახურს თავს ვერ დავანებებ, არ შემიძლია! 73 წლის ვარ და მეუბნებიან, 60 წელზე მეტის არ იქნებიო. შრომა აკეთილშობილებს, ამხნევებს ადამიანს, ეს ტყუილად ნათქვამი არ არის!

parki2-1665649871.jpg

- სახელმწიფო არაფრით დაგეხმარათ?

- ბაღში მერიის დახმარებით კიბე გავაკეთეთ, განათებაც, კედელზე კი სენსორული განათება.

- პატარა ქანდაკებებიც დაგიდგამთ...

- დიახ... ჩარლი ჩაპლინის ქანდაკებაა, ქალი ჩირაღდნით ხელში, არწივი და რადგან კახელი გახლავართ, ჩოჩორიც ჩავდგი. ჩოჩორი ბავშვებს ძალიან უყვართ, ხშირად მოდიან, ზედ სხდებიან და სურათებს იღებენ.

ჩვენთან შორიახლოს მერიამ პატარა სკვერი გააკეთა და სკამები დადგა. ბალახი მოცელეს და შემდეგ ისე გაიზარდა, სკამების ძელებს შორის ამოვიდა. რომ გავიარე, სკამებზე ქალები ისხდნენ და ვუთხარი, ეგ ბალახები ხომ შეგიძლიათ სკამებს მოაშოროთ-მეთქი. ცოტა არ იყოს, უხეშად მომივიდა, მაგრამ შინაური ხალხი იყვნენ და მაპატიეს. გამიცინეს, რას ჰქვია, ჩვენ გავაკეთოთ, მერიას ევალებაო. არ გეგონოთ, დღესაც ყველა ჩემი მხარდამჭერი იყოს. ზოგს ისევ გარაჟები ურჩევნია, ზოგი სულ ილოცება და მადლობას მეუბნება. მოწინააღმდეგეებს არაფერს ვეუბნები, არ მიყვარს ჩხუბი და კონფლიქტი.

- სახლშიც გაქვთ მცენარეები?

- სამწუხაროდ, არა... სკვერის გვერდით მაქვს პატარა ბაღი, იქაც ვარდები დავრგე. ვაზიც მაქვს, წლეულს ათი კალათი დავკრიფეთ. მარწყვი მაქვს, რომელიც ყველა სეზონზე ისხამს.

- პანდემიის დროს როგორ უვლიდით სკვერს?

- ყველაფერს ვახერხებდი, თან ვმუშაობდი კიდეც... თავად ორჯერ მქონდა კოვიდი, მაგრამ იოლად გადავიტანე, რადგან სამჯერ აცრილი ვიყავი. სკვერში რომ ჩავდიოდი, პირბადე მეკეთა და ჩემთვის ვმუშაობდი. სკვერის მოუვლელად მიტოვება წუთითაც არ შემიძლია და არც შეიძლება! ხომ გითხარით, სახლიდან დილის ხუთ საათზე უკვე გასული ვარ, ჯერ სკვერს შემოვუვლი, ყველა კუთხეს დავათვალიერებ და სამსახურში მერე მივდივარ. წარმოიდგინეთ, ასე ადრიანად მივდივარ და სკვერში ყოველთვის ვიღაც მხვდება. უყვართ სუფთა ჰაერზე სილამაზით ტკბობა. ეს იმდენად დიდ ძალას მაძლევს, მინდა უფრო მეტი გავაკეთო. სანამ ცოცხალი ვიქნები, სულ ვეცდები რაღაც განვაახლო და გავალამაზო!