"ჩემო დიდო ტკივილო, როგორ მენანები, როგორ მაკლიხარ, ვინღა მანუგეშებს?" - უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას ცხედარს სამშობლოში ჩამოასვენებენ - კვირის პალიტრა

"ჩემო დიდო ტკივილო, როგორ მენანები, როგორ მაკლიხარ, ვინღა მანუგეშებს?" - უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას ცხედარს სამშობლოში ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ გმირს, ედიშერ კვარაცხელიას 15 ოქტომბერს, 4 საათზე ჩამოასვენებენ საქართველოში. სამწუხაროდ, უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მეომრების რიცხვი გაიზარდა. ამ შვიდ თვეში 20 ქართველი ვაჟკაცი შეეწირა ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას.

10 ოქტომბერს 44 წლის ედიშერ კვარაცხელია დონეცკის ოლქში ოკუპანტების სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. მისი ცხედარი დონეცკიდან კიევში, წმინდა ვლადიმირის ტაძარში მიასვენეს. იქ მას უამრავმა ადამიანმა მიაგო პატივი, მათ შორის იყვნენ უკრაინელი და ქართველი თანამებრძოლები. კიევში საქართველოს ჰიმნიც გაისმა და ახლა ედიშერს თავის სამშობლოში, საქართველოში ელოდებიან მისი ოჯახის წევრები, ნათესავები და, უბრალოდ, ის ქართველები, რომლებსაც მასზე გული შესტკივათ.

15 ოქტომბერს აეროპორტში დახვდება ხალხი გმირულად დაღუპული ქართველის ცხედარს. აეროპორტში აპირებს მისვლას მომხდარით განადგურებული ედიშერის დედა, რომელსაც წლებია, შვილი არ უნახავს და დღეს მწარე რეალობის წინაშეა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მისი მეუღლე.

"ედო, ჩემო მეუღლევ, ჩემო დიდო ტკივილო, როგორ მენანები, როგორ მაკლიხარ, ვინ გამიქარწყლებს ტკივილს, ვინღა მანუგეშებს? წახვედი ისე, რომ არც კი გამომემშვიდობე, ვერ მოვასწარით ამ წლების მანძილზე შეხვედრა. შვილებს და მე იმედი გვქონდა, ერთ მშვენიერ დღეს ერთად, ოჯახურად შევიკრიბებოდით, ავინაზღაურებდით იმ წლებს, თვეებს და დროს, მაგრამ აღარ ხარ, გაგვიფრინდი უფალთან. თან წაგიყვანა ისე, რომ შენთან ჩახუტების ნებაც კი არ დამრთო... კიდევ დაუჯერებლად მეჩვენება ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ მგონია, დამირეკავ, შენს ხმას გავიგონებ, მოიკითხავ შვილებს...

ღმერთო, რა მწარე ყოფილა, რა გაუსაძლისი ტკივილია", - წერს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე - ოფელია.

ედიშერი ორი შვილის მამაა, მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. ედიშერ კვარაცხელიას თბილისის აეროპორტიდან ქაშვეთის ტაძარში მიასვენებენ, იქ გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, პატივს მიაგებენ ომში დაღუპულ ვაჟკაცს და ამის შემდეგ, 19 ოქტომბერს, წალენჯიხაში, მის მშობლიურ სახლში გადაასვენებენ. ედიშერს თავის სოფელში, დაღუპული მეომარი მამის გვერდით მიაბარებენ მიწას.

როგორც ახლობლები ამბობენ, ედიშერი უკრაინაში 2014 წლიდან მსახურობდა, 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის წევრი იყო. ბოლოს, თურმე, „ქართული ლეგიონის“ რიგებში ირიცხებოდა.

jariskaci-kvaracxelia-2-1665737825.jpg

ბადრი ვეკუა, ედიშერის ნათესავი:

- 44 წლის არის ედიშერი, ძალიან კარგი ადამიანი შეეწირა მტრის წინააღმდეგ ბრძოლას. მისი მეუღლე და ორი შვილი თბილისში ცხოვრობს. ბავშვები ჯერ სკოლაში დადიან, ძალიან მძიმეა ყველასთვის ეს ტრაგედია. გული მტკივა, რადგან ედიშერი ჩემს ხელში, ჩემ თვალწინ გაიზარდა. საოცრად დიდი გულის ბიჭი იყო, ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. საქართველოშიც ომობდა, აგვისტოს ომის მონაწილეა, აქტიურად იყო ჩართული. ძალიან უნდოდა აფხაზეთის დაბრუნება. სულ ამას იძახდა, ვერ მოვისვენებ, თუ სოხუმს და აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთო.

სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წავიდა და 2014 წლიდან უკრაინაში იყო, იქ სულ ომობდა. გამნაღმველი იყო, ურთულეს ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. სულ ბეწვის ხიდზე გადიოდა, სულ წინა ხაზზე იბრძოდა და, სამწუხაროდ, შეეწირა მისი სიცოცხლე.

2014 წლის შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. იქ უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად ომობდა, იქაურ არმიაში იყო და მისი მიზანი ოკუპანტის დამარცხება იყო. პერიოდულად გვიკავშირდებოდა. რაც ეს ომი დაიწყო, მას შემდეგ მოსვენება დაკარგული გვქონდა ნათესავებს, სულ ვღელავდით და ინტერნეტით ვეკონტაქტებოდით, ასე ვიგებდით მის ამბავს. მებრძოლი სულის ბიჭი იყო. მისი მამაც მეომარი გახლდათ, "ზვიადისტი" იყო, კარგი, ეროვნული კაცი და მამა რომ გარდაეცვალა, ედიშერი ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ერთი ძმა ჰყავს, საოცრად კარგი დედის აღზრდილები არიან ძმები. დედამისი სულ ეხვეწებოდა, ჩამოდიო, მაგრამ ვერ ჩამოვიდა...

მოგვიკლეს, ეს დიდი ტრაგედიაა. დედა ძალიან უყვარდა, სულ უფრთხილდებოდა და მასზე ღელავდა. როცა დაჭრეს, ეს ამბავი დედამისს არ გაუგია, რომ არ ენერვიულა, ახლა კი უმძიმეს დღეშია... სასწრაფოს სასწრაფოზე იძახებენ. ისეთი მძიმე მდგომარეობაა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ...

ველოდებით ჩვენი გმირის ჩამოსვენებას. 15 ოქტომბერს, 4 საათზე, აეროპორტში დავხვდებით ჩვენს მეომარს, მონატრებულს, სამშობლოზე თავდადებულ ბიჭს, მერე მისი ცხედარი დასვენებული იქნება ქაშვეთის ტაძარში, იქ გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი. 19 ოქტომბერს კი გადავასვენებთ მშობლიურ კუთხეში, წალენჯიხაში, იქ სადაც გაიზარდა, დავაჟკაცდა და იქ დაიკრძალება.

- ბატონო ბადრი, ხომ არ ესაუბრეთ მის თანამებრძოლებს, დაღუპვის დეტალებზე უფრო მეტ ინფორმაციას ხომ არ ფლობთ?

- როგორც ვიცით, გარკვეული ტერიტორია დაიბრუნეს უკრაინელებმა და იქ გაწმენდითი სამუშაოები მიდიოდა. ბუნებრივია, იქ იყვნენ გამნაღმველები და ამ დროს ოკუპანტებმა 12 ქალაქი დაბომბეს და ამ დაბომბვის შედეგად დაიღუპა სულ 5 ადამიანი, მათ შორის - ედიშერი, საოცრად კარგი ბიჭი. ჩემი სახლის გვერდით მისი ბებია-ბაბუის სახლია, ფაქტობრივად, მე და დედამისი სოფელ ახუთში, ერთ ეზოში ვართ გაზრდილები, მერე იქ დარბოდნენ ედიშერი და მისი ძმა. წამოიზარდნენ, სკოლა დაამთავრეს და წამოვიდნენ თბილისში. მართლა უპატიოსნესი ადამიანი აღარ გვყავს, სულ ამას იძახდა, სოხუმი უნდა დავიბრუნოთო. სამშობლოს სიყვარულის გამო ჩაერთო აგვისტოს ომშიც, მერე - უკრაინის ომში.

ძალიან დიდი გულისტკივილია ჩვენთვის, განადგურებულები ვართ.

- როგორც შევიტყვე, ის ამ ტრაგედიამდე დაჭრილიც იყო, ეს იცოდით?

- ვიცოდით, რომ დაჭრილი იყო. დედამისს არ ვეუბნებოდით ამ ამბავს, უთხრა, ვითომ ხელში იყო დაჭრილი. საავადმყოფოში იწვა და იქიდან გამოსული ისევ ბრძოლის წინა ხაზზე, საომრად წავიდა. მესენჯერით ველაპარაკე და ვნახე, რომ კოჭლობდა, ვკითხე, გამოჯანმრთელებული არ ხარ-მეთქი? ჯერ კიდევ მტკივა ფეხი, მალე მომიშუშდებაო. ენატრებოდა აქაურობა, თავისი მეუღლე, შვილები, დედა, ძმა, ყველა, მაგრამ ვერ ჩამოვიდა ცოცხალი, ასეთი დიდი ტრაგედია მოხდა... დედამისი სულ ინტერნეტით ეკონტაქტებოდა.

ნეტავ, ბევრი გვყავდეს ასეთი კარგი ადამიანი. დედამისი არ ჩერდება, ამბობს, უნდა დავხვდე ჩემს შვილს აეროპორტშიო, ხომ წარმოგიდგენიათ დედის გული, რა დღეში იქნება ახლა!

ჩვენ ასევე დავუკავშირდით უკრაინაში მებრძოლ ქართველს, ზაალ ლატარიას, რომელიც კარგად იცნობდა ედიშერს.

ზაალ ლატარია:

- ჩვენი ედიშერ კვარაცხელია დაიღუპა. ჩვენ ძმები ვიყავით. ეს არის დიდი ტკივილი. უპატიოსნესი ბიჭი იყო, ასეთი ადამიანი იშვიათია, მაგარი მებრძოლი, მაგარი პიროვნება, ძალიან თბილი, ხალისიანი, სულ იღიმოდა, სულ ცხოვრების ხალისს გაძლევდა. 2014 წლიდან, სულ წინა ხაზზე იყო და მართლა იბრძოდა. დაჭრილიც იყო. ჩვენ სხვადასხვა ნაწილებში ვიყავით, მაგრამ ერთმანეთთან ურთიერთობა სულ გვქონდა. როცა საშუალება იყო, ვხვდებოდით კიდეც ერთმანეთს. ბოლოს დაჭრილი იყო, საავადმყოფოში იწვა, ფეხი მორჩენილი არ ჰქონდა, ისე წავიდა ისევ ფრონტის ხაზზე. დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ამ ტრაგედიის წინა დღეს ვესაუბრე, საათ-ნახევარი ვილაპარაკეთ. ახლა მე ვარ კლინიკაში. ჩვენ, მეომრები, სულ ერთმანეთს ვაფრთხილებდით და ვეუბნებოდით, ფრთხილად იყავიო და იმ დღესაც ასე ვუთხარი - ედო, ფრთხილად იყავი-მეთქი. - ვისაც რა ბედი აქვს, იმას ვერ ასცდებაო, ასე მიპასუხა, მეორე დღეს დაიღუპა.

ძალიან მტკივნეულია, როცა თანამებრძოლი გეღუპება, ეს ყველაფერი ნერვებზე მოქმედებს. ვჯდები და პატარა ბავშვივით ვტირი. ამდენ სამეგობროს რომ დაკარგავ ადამიანი, ამას ნერვები ხომ უნდა? მეოცე ქართველი მებრძოლი დავკარგეთ ამ 7 თვის განმავლობაში. ძალიან მტკივნეულია. ჩვენ ყველანი თუ დავიხოცეთ, ვინ დაიცავს ჩვენს სამშობლოს? აქ ისეთი ომი მიდის, რომ ყოველ წამს შეიძლება ადამიანი დაიღუპოს, მაგრამ ბრძოლის ველზე როცა ვართ, სიკვდილზე არ ვფიქრობთ, ვფიქრობთ მხოლოდ მტრის განადგურებაზე.

ედიშერი ძმასავით იყო ჩემთვის, ყოველდღე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. მეც კონტუზია მაქვს, მაგრამ გამოვჯანმრთელდები და ისევ წავალ ფრონტის ხაზზე. აქ ისეთი ამბავია, ენით ვერ აღვწერ.

დიდება გმირებს, ჩვენი, მეომრების ბედი ხომ ასეთია - ვიხოცებით, ზოგი ინვალიდდება, რას ვიზამთ? მთავარია, დავამარცხოთ მტერი. ოკუპანტს ბოლომდე ვებრძვით.

"კვირის პალიტრა" უსამძიმრებს ედიშერ კვარაცხელიას ოჯახსა და ახლობლებს ამ ტრაგედიას.

(სპეციალურად საიტისთვის)