რუსული ბელგოროდი საპასუხო ბალისტიკური სარაკეტო დარტყმების სამიზნე ხდება... - კვირის პალიტრა

რუსული ბელგოროდი საპასუხო ბალისტიკური სარაკეტო დარტყმების სამიზნე ხდება...

14 ოქტომბრის დილას რუსეთის ბელგოროდის ნოვოოსკოლის რაიონში გამავალ სარკინიგზო მაგისტრალზე მძლავრი აფეთქება მოხდა, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა სარკინიგზო ხაზი და შეუძლებელი გახადა რუსეთის არმიის საბრძოლო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების გადასროლა უკრაინის საზღვრისკენ.

დაზიანებულ სარკინიგზო ხაზს კი აღადგენენ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მისი აფეთქება „ტოჩკა-უ“-ს ტიპის ბალისტიკური რაკეტის ზუსტი დარტყმის შედეგად განხორციელდა, რაზეც მეტყველებს შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი და გადაღებულ ფოტოზე ასახული ამ ოპერატიულ-ტაქტიკურიდანიშნულების ბალისტიკური რაკეტის ძრავის ნაწილისა და სტაბილიზატორის ფრაგმენტი.

ბალისტიკური „ტოჩკა-უ“-ს ამ ფრონტისპირა რუსული ოლქისკენ გამშვები რომ მხოლოდ უკრაინის არმია შეიძლება იყოს, მარჩიელობაც არ უნდა, მაგრამ ოფიციალური კიევი ჯიუტად აგრძელებს თავის პოლიტიკას და არც ადასტურებს და არც უარყოფს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დაბომბვას, თანაც - ბალისტიკური რაკეტით, რომელსაც, სხვათა შორის, 50 კილოტონამდე ტროტილის სიმძლავრის ბირთვული მუხტის გადატანაც შეუძლია მაქსიმალურ, 120 კმ სიშორეზე.

3-bel-1665732638.png
უკრაინის არმიის „ტოჩკა-უ“

რუსულ სარკინიგზო ხაზზე მომხდარი აფეთქების ადგილი უკრაინის საზღვრიდან ორმოციოდე კმ-ითაა დაშორებული, რაც საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ „ტოჩკა-უ“-ს გაშვება უკრაინის ტერიტორიის სიღრმიდან მოხდა.

ეს ფაქტი შეიძლება შეფასდეს უკრაინის მცირე მცდელობად, გასცეს პასუხი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების საცხოვრებელი უბნების ამასწინდელ ბარბაროსულ სარაკეტო დაბომბვებს.

თუმცა აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ უკრაინელების საპასუხო სარაკეტო დარტყმა არა რუსული ბელგოროდის საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელდა (რაც, ტექნიკური თვალსაზრისით, ბევრად ადვილი იქნებოდა), არამედ - მცირე ზომის (სულ ათიოდე მეტრი სიგანის) სარკინიგზო მაგისტრალის მიმართულებით, რომელიც სტრატეგიულ საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს რუსეთის არმიისთვის.

თუმცა რაკეტის მოხვედრას რუსეთის ქალაქი ბელგოროდი მაინც ვერ გადაურჩა - ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, თუ როგორ ხვდება რაკეტა ბელგოროდის მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს და სამშენებლო მასალების ფრაგმენტები ქუჩაში როგორ ცვივა...

მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა პროპაგანდამ თავიდანვე სცადა ამაში უკრაინელების მიერ გაშვებული რაკეტა დაედანაშაულებინა, მალევე გაირკვა, რომ საცხოვრებელ კორპუსს მართლაც რაკეტა „ესტუმრა“, ოღონდ ... თავად რუსეთის არმიის საჰაერო თავდაცვის მიერ გაშვებული საზენიტო „პანცირი“, რომლის რაკეტული ძრავის ნაწილი იქვე მეზობელ ეზოში აღმოაჩინეს...

გარდა ბელგოროდისა, რუსეთის კიდევ სხვა საზღვრისპირა ოლქებშიც, მათ შორის - კურსკსა და ვორონეჟში, გახშირდა აფეთქებები, რომელთა ნაწილი დივერსიულ ხასიათს ატარებს, ნაწილი კი - ნაღმსატყორცნების ნაღმებით, საარტილერიო ჭურვებით, რაკეტებითა და უპილოტო დრონი-კამიკაძეებით ხორციელდება.

2-bel-1665732663.png
ასე იწვის რუსული ელექტროქვესადგური დრონი-კამიკაძის „სტუმრობის“ შემდეგ...

კურსკის ოლქში, დასახლებულ პუნქტ ტიოტკინოში, რომელიც შვიდიოდე კმ-ითაა დაშორებული უკრაინის საზღვრიდან, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა საარტილერიო ჭურვის მოხვედრა ელექტროქვესადგურზე, ხოლო მანამდე, კიდევ ერთი ელექტროქვესადგური იქნა აფეთქებული უპილოტო-კამიკაძის ზუსტი „სტუმრობით“...

ეს ყველაფერი კი იმას მიუთითებს, რომ სურს თუ არა კრემლს, რომ ეს ომი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე „ჩაკეტოს“, საბრძოლო მოქმედებები ადრე თუ გვიან მაინც გადავა თავად რუსეთის ჯერ საზღვრისპირა ტერიტორიებზე და შემდგომ - შეიძლება ღრმა ზურგშიც კი...