ლუსტრაციის სკანდალური ფაქტები: ლიეტუვის ექს-პრემიერი კა-გე-ბეს აგენტი იყო? - კვირის პალიტრა

ლუსტრაციის სკანდალური ფაქტები: ლიეტუვის ექს-პრემიერი კა-გე-ბეს აგენტი იყო?

ლუსტრაციის პროცესს უამრავი “წყალქვეშა რიფი” და ხშირად გაუთვალისწინებელი მოვლენები ახლავს თან, რომელიც მაქსიმალურად წინდაწინ უნდა გავითვალისწინოთ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია ლუსტრაციის პროცესში ძალზე დიდ პრობლემებს წავაწყდეთ.

ამ რამდენიმე წლის წინ ლიტვაში (ამჟამად ლიეტუვა) მომხდარი სკანდალი მალევე აღმოჩნდა მასმედიის ყურადღების ცენტრში. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ცნობილი პოლიტიკოსი, ქალბატონი კაზიმერა პრუნსკენე ლუსტრაციის კომისიამ კა-გე-ბეს ფარულ თანამშრომლად აღიარა. კომისიის ყველა წევრმა საარქივო მასალების შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ პრუნსკენე საბჭოთა დაზვერვისა და კონტრდაზვერვის დავალებებს ასრულებდა. თითქოს საკითხი ამოწურულია, თუმცა ნუ ვიჩქარებთ. ლიეტუვის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტიკური გაერთიანება “საუდისის” აქტიური წევრი, პროფესორი კაზიმერა პრუნსკენე ალბათ ბევრს ახსოვს თავისი ანტისაბჭოთა გამოსვლებით. ეს ქალბატონი დამოუკიდებელი ლიეტუვის პირველი პრემიერ-მინისტრი გახლდათ 1990-1991 წლებში. 1992 წელს ლიეტუვის უმაღლესმა სასამართლომ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით კაზიმერა პრუნსკენეს კა-გე-ბესთან თანამშრომლობის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა ამას ხელი არ შუშლია პრუნსკენეს აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისთვის. 1996 წლიდან მოყოლებული ის მუდმივად ლიეტუვის სეიმის დეპუტატი იყო.

2003 წელს ვილნიუსის საოლქო სასამართლოს დადგენილებით პრუნსკენეს საბჭოთა სპეცსამსახურთან თანამშრომლობის ფაქტი საარქივო დოკუმენტების მიხედვით დადასტურებულად არ მიიჩნია. ამის შემდეგ ქალბატონ პრუნსკენეს 2004 წელს სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი ეკავა და იმავე წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი მონაწილეობდა. ხუთი წლის შემდეგ, 2009 წელს კი ის კვლავ კა-გე-ბეს აგენტი გახდა? კახელები, რომ იტყვიან “აღარა კმარაა, ჯო”. ბოლოს და ბოლოს ვინ არის პრუნსკენე – დამოუკიდებელი ლიეტუვისთვის თავდადებული მებრძოლი ქალბატონი, თუ კა-გე-ბეს აგენტი? აი ამგვარ სიურპრიზებს არ აკლებს ლიეტუვაში მოქმედი ლუსტრაციის კანონი ადგილობრივ პოლიტიკოსებს. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ამ კანონით ლიეტუვაში ბევრია უკმაყოფილი. თავად ლუსტრაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ალგიმანტას ურმონასი ლიეტუვაში მოქმედ კანონში სერიოზული ცვლილებების შეტანის მომხრეა.

ლიეტუვის ექს-პრეზიდენტი ვალდას ადამკუსიც არ მალავს უკმაყოფილებას ქვეყანაში მიმდინარე ლუსტრაციის პროცესისადმი. მისი აზრით კანონი დაგვიანებით იქნა მიღებული და ამჟამად პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად არის ქცეული. ბევრ ლიეტუველ პოლიტიკოსს მიაჩნია , რომ ლიეტუვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტი, რომელმაც საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ლუსტრაციის სახელმწიფო კომისიას, პოლიტიკური ნიშნის მიხედვით მოქმედებს - ინფორმაციას გარკვეულ პიროვნებებზე “პოულობს”, სხვებზე კი შეგნებულად ვერა. ამიტომ მთავარი პრობლემა სპეცსამსახურების არქივების განკარგვაა. ლიეტუვაში ბევრი პარლამენტარი მოითხოვს, რომ საარქივო დოკუმენტები სახელმწიფო სტრუქტურებიდან გადაეცეს საზოგადოებრივ ორგანიზაცია “გენოციდისა და წინააღმდეგობის კვლევით ცენტრს”, რომელიც ლუსტრაციის სახელმწიფო კომისიის მოთხოვნით მიაწვდის მას საიდუმლო თანამშრომელთა სიას. მანამდე კი კა–გე–ბეს აგენტების გამოაშკარავებასთან დაკავშირებული სკანდალები ამ ქვეყანაში კვლავ გრძელდება. 2018 წლის იანვარში ლიეტუვაში სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა. ადგილობრივი მასმედიის მტკიცებით კა-გე-ბეს აგენტი-ინფორმატორები იყვნენ ლიეტუვისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის გამოჩენილი მსახიობი დონატანას ბანიონისი (აგენტურული ფსევდონიმი “ბრიუნისი”) და ასევე სახელგანთქმული მუსიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი საულიუს სონდეცკისი (აგენტურული ფსევდონიმი “სალიუტასი”). ორივე ხელოვანს საბჭოთა სპეცსამსახური აშშ-ში მცხოვრები ლიეტუველი ემიგრანტების წინააღმდეგ ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციებისთვის იყენებდა.

dalia2-1665737430.jpg

დონატანას ბანიონისი

დ. ბანიონისს (1924-2014) საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება ჰქონდა მინიჭებული, ხოლო 1974 წელს ლიეტუვის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატადაც (ანუ პარლამენტის წევრად) იყო არჩეული. საინტერესოა რომ დ. ბანიონისს საყოველთაო აღიარება მოუტანა 1960-იანი წლების ბოლოს გადაღებულმა საბჭოთა კინოფილმმა “მკვდარი სეზონი”, სადაც ის ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში არალეგალურად მოქმედი საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტის როლს ანსახიერებს. შესაძლოა სწორედ ამ ფილმის გადაღების პროცესში გამოვლინდა მისი “აგენტურული ნიჭი”. ამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ბანიონისის პოპულარობამ ზენიტს მიაღწია და ჩემი აზრით გადაწყვეტილება მისი გადაბირების შესახებ საბჭოთა კა-გე-ბეს უმაღლეს, თვით მისი შეფის, იური ანდროპოვის, დონეზე იქნებოდა სანქცირებული. რამდენიმე წლის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა მოსაზრება, რომ ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში მუშაობის დაწყება სწორედ ამ ფილმის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა. ორი გამოჩენილი პიროვნების კა-გე-ბესთან თანამშეომლობის სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა “ლიეტუვის მცხოვრებთა გენოციდისა და წინააღმდეგობის ცენტრმა”, რომელიც უკვე ათეული წლებია საბჭოთა ლიეტუვაში მოქმედი კა-გე-ბეს აგენტურის ლუსტრაციის პროცესს აწარმოებს. ამ “ცენტრის” ინფორმაციით დ. ბანიონისის გადაბირება კა-გე-ბეს 1970 წელს მოუხდენია აშშ-ში ვიზიტის წინ. “ბრიუნისი” ამერიკაში ლიეტუველი ემიგრანტების მიუწვევიათ და კა-გე-ბეც ამ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდა. ლიეტუვის სსრ კა-გე-ბეს საიდუმლო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ აგენტ “ბრიუნისმა” წარმატებით გაართვა თავი დასახულ ამოცანას, დაამყარა კონტაქტი ლიეტუველ ემიგრანტებთან და წარმოადგინა მათი ლიდერების პიროვნულ-ფსიქოლოგიური პორტრეტები. ეს კი კა-გე-ბეს ლიეტუველი ანტისაბჭოთა განწყობის ემიგრანტების წინააღმდეგ ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციებისთვის სჭირდებოდა.

განსაიდუმლოებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დ. ბანიონისი აგენტურულ სიაში 1974 წლამდე ირიცხებოდა. “ბრიუნისის” დეპუტატად არჩევის შემდეგ, კა-გე-ბეს ინსტრუქციით, მისი აგენტურული საქმიანობა უნდა შეჩერებულიყო. თუმცა ჩემი ვარაუდით შემდგომ წლებში გამოჩენილი ლიეტუველი მსახიობი საბჭოთა “ჩეკისტების” რაიმე “მეგობრული თხოვნის” შესრულებაზე უარს ვერ იტყოდა.

dalia3-1665737430.jpg

გამოცენილი დირიჟორის, საულიუს სონდეცკისის (1928-2016) ოპერატიული დავალებაც ანალოგიური იყო. ისიც ლიეტუველი ემიგრანტების წინააღმდეგ კა-გე-ბეს მიერ დაგეგმილ ოპერაციებში იღებდა მონაწილებას. პარალელურად აგენტ “სალიუტასს” ევალებოდა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე დაეყოლიებინა აშშ-ში მცხოვრები მამა, იაცკუსს სონდეცკისი. ამ დოკუმენტების თანახმად საულიუს სონდეცკისი აგენტურულ სიაში 1982 წლამდე ირიცხებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო აღნიშნულმა ინფორმაციამ ლიეტუვაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოების ერთი ნაწილი უკვე უსარგებლოდ მიიჩნევს საბჭოთა პერიოდის აგენტურის ლუსტრაციას და მათი ძველი ცოდვების საყოველთაოდ გამომზეურებას. ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პროცესი აუცილებელია, რათა რომელიმე უცხო სახელმწიფომ ვეღარ შეძლოს კა-გე-ბეს ყოფილი აგენტებისა და მათი შთამომავლების დაშანტაჟება. მათ ერთ-ერთ არგუმენტად ის ფაქტიც მოჰყავთ, რომ დონატანას ბანიონისი და საულიუს სონდეცკისი სიცოცხლის ბოლომდე რუსეთის ხელისუფლების დიდ მეხოტბეებად რჩებოდნენ.

2015 წლის 30 მარტს ჰაკერებმა გატეხეს “ლიეტუვის მცხოვრებთა გენოციდისა და წინააღმდეგობის ცენტრის” ვებ-გვერდი და კა-გე-ბეს აგენტთა სიაში . . . ლიეტუვის მაშინდელი პრეზიდენტის დალია გრიბაუსკატეს “დოსიე’” განათავსეს.

dalia4-1665737430.jpg

დალია გრიბაუსკატე

საბჭოთა იმპერიის დიდ მოწინააღმდეგეს და დღეს რუსეთის ხელისუფლების დაუღალავ ოპონენტს ის დააბრალეს, რასაც თავად ებრძვის. „დოსიე“ აშკარად და უნიჭოდ გაყალბებული “დოკუმენტებისგან‘‘ შედგებოდა, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი კა-გე-ბეს აქტიური აგენტი იყო “მაგნოლია“-ს ფსევდონიმით. ამ დეზინფორმაციას უმალ მოჰყვა წინასწარ მომზადებული რუსი „ტროლებისა“და „ბოტების“ კომენტარები სოციალური ქსელების ფორუმებზე. ამ ფაქტმა კიდევ უფრო განამტკიცა ვარაუდი იმის შესახებ, რომ დეზინფორმაციის ავტორები რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ.

(მესამე ნაწილის დასასრული)