"ვითხოვთ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეების გადახედვასა და მათ გათავისუფლებას" - ევროპის საბჭო - კვირის პალიტრა

"ვითხოვთ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეების გადახედვასა და მათ გათავისუფლებას" - ევროპის საბჭო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას, - ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში - „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, რომელიც ასამბლეამ გუშინ დაამტკიცა.

რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია რუსეთის ფედერაციაში არსებულ რეპრესიულ გარემოზე.

„ხელისუფლება ახორციელებს სამოქალაქო თავისუფლებების დარბევას დაშინებისა და ღია დევნის საფუძველზე, რომლის მიზანი ფართო საზოგადოებაში პოლიტიკური მიზნებისთვის ტერორის მდგომარეობის პროვოცირებაა. დემოკრატიული მოღვაწეები რეპრესიების ქვეშ არიან, ან კლავენ, ოპოზიციური პარტიების სისტემა განადგურდა, სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი და ბევრი მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია დაიხურა. ბოლო წლებში გატარებული ბევრი ულმობელი ზომის მიუხედავად, ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებმა და საპროტესტო აქციებმა მთელ ქვეყანაში იფეთქა. ყველაზე გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა შორის, რომლებსაც დევნიან ომის წინააღმდეგ კრიტიკის გამოთქმისთვის, არის ვლადიმერ კარა-მურზა, რომელიც დაკავებულია 2022 წლის აპრილიდან. ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას ვლადიმერ ყარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ასამბლეა ასევე მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების, (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის), საქმეების გადახედვისა და მათი გათავისუფლებისკენ“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

შეგახსენებთ, რეზოლუციას, რომელიც ევროპის ქვეყნებს რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებისკენ მოუწოდებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 100 წევრიდან მხარი 99-მა დაუჭირა, ერთმა წევრმა კი, თურქმა დეპუტატმა „რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან“ - თავი შეიკავა.