"მარიტა საქართველოს ჩემპიონი იყო, მისი ცხოვრება იყო სკოლა და ჩოგბურთი - განადგურებულები ვართ, ძალიან მიჭირს საუბარი" - კვირის პალიტრა

"მარიტა საქართველოს ჩემპიონი იყო, მისი ცხოვრება იყო სკოლა და ჩოგბურთი - განადგურებულები ვართ, ძალიან მიჭირს საუბარი"

საშინელი ტრაგედიაა, განადგურებულები ვართ ყველა, - განაცხადა ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მისულმა ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მისი თქმით, მარიტა მეფარიშვილი ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო და სკოლის შემდეგ ყველაზე დიდ დროს კორტებზე ატარებდა.

„განადგურებულები ვართ ყველა, რა უნდა გითხრათ არც ვიცი. მარიტა ნაკრების წევრი იყო და ჩემს თვალწინ არის გაზრდილი. რომელი ერთი მიღწევა გავიხსენო, საქართველოს ჩემპიონი იყო და მისი ცხოვრება იყო სკოლა და შემდეგ ჩოგბურთი. საშინელი ტრაგედიაა, ყველა განადგურებულები ვართ და ძალიან მიჭირს საუბარი“,- განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა.

ვაკეში მდებარე სამების ეკლესიაში ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

13 წლის მარიტა მეფარიშვილს დღეს, 15:00 საათზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.