"გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე პოლიციის განყოფილებაში კვლავ გამოკითხვაზე იმყოფება - კვირის პალიტრა

"გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე პოლიციის განყოფილებაში კვლავ გამოკითხვაზე იმყოფება

ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვნიძის ხელმეორე გამოკითხვა მიმდინარეობს. ფურცხვანიძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ პოლიციის სამმართველოში გასული ორი დღის განმავლობაში იკითხებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე ის დღესაც დაიბარეს.

პოლიციის შენობაში შესვლამდე ფურცხვანიძეს მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ გუშინ უკვე გააკეთა მედიასთან კომენტარი.

მან უპასუხა შეკითხვას აბრალებს თუ არა ვინმეს რამეს მომხდართან დაკავშირებით. „გამოძიება გიპასუხებთ“, - აღნიშნა ლაშა ფურცხვანიძემ.

რაც შეეხება გუშინ გაკეთებულ კომენტარს, ლაშა ფურცხვანიძემ განაცხადა, რომ შადრევანი ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში მუშაობდა და ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

„ძალიან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთადერთი რაღაც წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს“, - განაცხადა გუშინ ლაშა ფურცხვანიძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.