ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი

საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს!

სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, მინდა ორიოდე სიტყვა საკუთარ თავზეც გითხრათ .

ჩემი, როგორც ბიზნესმენის წარმატების მთავარი საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს: მე შემიძლია სწრაფად შევაფასო სიტუაცია, მივიღო სწორი გადაწყვეტილება, სწორად შევარჩიო კადრები და კარგი მენეჯმენტის საშუალებით სწრაფად მივაღწიო დასახულ მიზანს.

გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საქმე სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე უნდა კეთდებოდეს.

ასე ვიცხოვრე, ასე მოვედი აქამდე და ასე მიცნობენ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამის დასამტკიცებლად მე გავიხსენებ რამდენიმე დეტალს ჩემი ერთადერთი ინტერვიუდან, რომელიც რუსულ გაზეთ "ვედომოსტს" მივეცი 2005 წელს (იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ვერაფერს გადაჭარბებულს ინტერვიუში ვერ ვიტყოდი, რადგან ელემენტარულ ცდომილებასაც არავინ მაპატიებდა).

ინტერვიუში კარგად ჩანს ჟურნალისტის გამძაფრებული მცდელობა როგორმე მამხილოს რაიმე არაკანონიერებაში, თუმცა ისიც კარგად ჩანს, რომ მან ვერაფერს მიაღწია, პირიქით, ამ ინტერვიუში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რამოდენიმე რუსეთისა და არამარტო რუსეთის ბიზნესისთვის უპრეცენდენტო მაგალითები, რომლებსაც დღესაც სიამაყით ვიხსენებ. აი, ერთ-ერთი მათგანი:

1998 წელს, როცა რუსეთის სახელმწიფომ დეფოლტი გამოაცხადა, ჩემი ბანკი ერთადერთი იყო იმ უმსხვილესი ბანკებიდან (სხვადასხვა ტიპის საბანკო რეიტინგებში მე-2–მე-5 ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო ფილიალების რაოდენობით მე-2 იყო "სბერბანკის" შემდეგ), რომელმაც პირნათლად შეასრულა მეანაბრეებთან და ბიზნესპარტნიორებთან ნაკისრი ყველა ვალდებუელბა.

იმავე ინტერვიუში მე ვიხსენებ, რუსეთის მაშინდელი ფინანსთა მინისტრის სიტყვებს ევროპისა და ამერიკის გაწბილებულ ბიზნესელიტასთან შეხვედრისას, სადაც ის ამბობდა თუ როგორ ზეწოლას განიცდიდა მათგან, რომ ასე უხეშად გადააგდეს ისინი, რის შედეგადაც უამრავი ფული დაკარგეს რუსეთში და რომ მის მძიმე პოზიციას როგორ ამსუბუქებდა ერთადერთი პრეცენდენტით, რომელიც ჩემი ბანკის საქმიანობით შეიქმნა.

ამ პრეცენდენტით და არამარტო ამით, მე უმწიკვლო სახელი მაქვს, როგორც რუსეთის, ისე ევროპის და ამერიკის ბიზნესელიტაში. ამიტომაც როდესაც სააკაშვილის აბსოლუტურად არადიპლომატიური, შეურაცხმყოფელი განცხადების შედეგად რუსეთის მთავრობის მისამართით, რუსეთის მთავრობა ისე გაღიზიანდა, რომ საერთაშორისო სამართლისთვის მიუღებელი და გაუაზრებელი ქართვეელბის დეპორტაცია დაიწყო. მაშინაც კი ვერავინ გაბედა ჩემი ბიზნესისთვის ხელის ხლება.

ვფიქრობ, ის გამოცდილება და ის თვისებები, რაც ბიზნესში მრავალწლიანმა მოღვაწეობამ შემძინა, ხელს შემიწყობს სწორად წარვმართო ჩემი საქმიანობა პოლიტიკაშიც.

როგორი მენეჯერი ვარ მე, ამის დასამტკიცებლად თუნდაც ის ფაქტი კმარა, რომ ცხრა წელია რუსეთში არ ჩავსულვარ, მაგრამ ჩემს მიერ აწყობილი ბიზნესსტრუქტურები აბსოლუტურად გამართულად მუშაობენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება და მის მიერ მართული საინფორმაციო საშუალებები ჯიუტად ცდილობენ რუსულ პოლიტიკასთან მიმაბან და ლამის რუსეთის აგენტად გამომაცხადონ, ვერავინ დამისახელებს ამის დამადასტურებელ თუნდაც ერთ ფაქტს, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

როგორც ვთქვი, ცხრა წელი რუსეთში არ ვყოფილვარ და ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ზარი ჩემს ტელეფონზე რუსეთის პოლიტიკური წრეებიდან, არ მქონია არცერთი შეხვედრა რუს პოლიტიკოსებთან.

საქართველოს ხელისუფლებას ამის გადამოწმება არ გაუჭირდება, თუმცა მათ ამის გადამოწმებაც არ სჭირდებათ – მათ ისედაც შესანიშნავად იციან, რომ არანაირი კავშირი არ მქონია და არ მაქვს რუსულ პოლიტიკასთან.

ხელისუფლების მიერ შეთითხნილ ბინძურ ჭორებზე და აბსურდულ ბრალდებებზე თავის მართლებას არ ვაპირებ, ვიტყვი მხოლოდ ერთს – საქმე, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვაკეთებ საქართველოში, თუ სინდისის ნატამალი აქვს, როგორ შეიძლება რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს დაუკავშიროს ვინმემ?

სად არის აქ ელემენტარული ლოგიკა?

საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ნათქვამია.

2008 წლის შემდეგ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, რის გამოც ამ ხელისუფლებასთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე, ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა მთელი სიმძლავღით ამუშავდა, წამოვიდა სიბინძურის ნიაღვარი ტელეეკრანებიდან, გაზეთებიდან, დაიწყო მუქარები, შანტაჟი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ – ჩემს საქმიანობაში შავი ლაქები და ხარვეზები ვერ იპოვეს – ვერც იპოვნიან მას, რაც ბუნებაში არ არსებობს.

სხვათაშორის, ამ უსაფუძვლო ბრალდებების გასაბათილებლად გამოიცა საკმაოდ დიდი მოცულობის წიგნი, სადაც ამომწურავი პასუხია გაცემული ცილისმწამებლურ და თითიდან გამოწოვილ ბრალდებებზე.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჟურნალისტებს ვთხოვ ხელახლა ნუ დაიწყებენ საუბარს იმ თემებზე და ხელახლა ნუ მომთხოვენ პასუხს იმ კითხვებზე, რომელზეც პასუხი უკვე გაცემულია.

და ბოლოს, რადგან გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა, მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში.

როგორც ზემოთ ვთქვი, მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს, ყოველთვის ვასრულებ ჩემს სიტყვას და ნაკისრ ვალდებულებას.

რადგან ქართველ ხალხს სიტყვას ვაძლევ, რომ მოვალ ხელისუფლებაში, ე.ი. აუცილებლად მოვალ!

ხოლო როცა ეს მოხდება, იმასაც გპირდებით, რომ მთელს ჩემს გამოცდილებას, ჩემს ყველა რესურსს საქართველოს აღორძინებას და აყვავებას, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას მოვახმარ.

ამასთან ერთად იმასაც გპირდებით, რომ ვიქნები სამართლიანი, ობიექტური, ლმობიერი, ჰუმანური და ამავე დროს უკიდურესად პრინციპული, მკაცრი და მომთხოვნი თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების ამა თუ იმ უბანზე მოუწევთ მუშაობა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მე ძალიან ახლობელ ადამინებსაც არ ვაპატიე, როცა მათ კანონით დაწესებულ ნორმებს და მორალურ-ზნეობრივ პრინციპებს გადაუხვიეს.

შეცდომების გამოსწორების შანსი ყველას მიეცემა, მაგრამ არავის არ მიეცემა იმის უფლება, რომ საქვეყნო საქმეები თავის პირად ინტერსებს მოარგოს და სხვის ხარჯზე, ხალხის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობა მოიწყოს.

ვიმეორებ, მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში, რადგან სიტყვა მოგეცით, აუცილებლად მოვალ!

რატომ მოვედი პოლიტიკაში

ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა?

ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია იმიტომ, რომ ვხედავ სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი, არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას.

ეს სიტყვები ჩვენს კომფორმიზმით დაავადებულ საზოგადოებაში შეიძლება ვინმეს ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს და სწორედ ამაშია ჩვენი ყოფის უბედურება. არ დავმალავ, სანამ პოლიტიკაში მოსვლას გადავწყვეტდი, ორჯერ დავაპირე საქართველოდან წასვლა.

ვისაც არ სჯერა შეუძლია გადაამოწმოს და ნახოს, როგორც დავაბრუნე უკან შეკვეთილი თვითმფრინავები, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ოჯახის წევრებმა, ჩემმა მეუღლემ და ჩემმა ვაჟებმა მითხრეს – შენ შეგიძლია წახვიდე, ეს შენი ნებაა, მაგრამ ჩვენ აქ ვრჩებითო.

ჩემმა უფროსმა ვაჟმა, უტამ მითხრა, თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო.

მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე უფრო კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადასწონა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა.

მე შევძელი მეჯობნა საკუთარი თავისთვის, დამეძლია ჩემს თავში შიში, ეჭვი, სკეპტიციზმი, ახლა კი ჯერი თქვენზეა.

ახლა თითოეულმა თქვენგანმა, ამ ქვეყნის თითეულმა მოქალაქემ, უნდა შესძლოს საკუთარ თავზე გამარჯვება და საერთო საქვეყნო საქმის გარშემო დარაზმვა.

ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი თანაბარნი და თანასწორუფლებიანი ვართ და ყველას თანაბრად გვაწევს პასუხისმგებლობა ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე.

პოლიტიკაში იმიტომ მოვდივარ, რომ მივხვდი, მხოლოდ ქველმოქმედებით, ფინანსური დახმარებით და სპონსორობით, ცალკეულ სფეროებში ინვესტიციების ჩადებით და ლოკალური ღონისძიებებით, ქვეყანაში არსებულ საერთო ვითარებას და საერთო მდგომარეობას ვერ შეცვლი, თუ ყოველივე ამას ქვეყნის ხელისუფალთა პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა არ უმაგრებს ზურგს.

მე მივხვდი ჩემს შეცდომებს და მივედი იმ დასკვნამდე, რომ საჭირო და აუცილებელია პირველყოვლისა შეიცვალოს პოლიტიკური გარემო ქვეყანაში, შეიცვალოს ზოგადად პოლიტიკოსის და პოლიტიკის არსის და დანიშნულების გაგება ჩვენს ცნობიერებაში.

მე მოვდივარ პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინმეზე შურის საძიებლად, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლად.

საქართველოს დასაკარგი კაცი არ ჰყავს, თითოეული ადამიანის პოტენციალი უნდა იქნეს სათანადოდ გამოყენებული და დაფასებული, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მე ყველას ვუწვდი ხელს სათანამშრომლოდ, მათ შორის ჩემს ოპონენტებსაც, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ სანამ გავერთიანდებოდეთ, ყველას და ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი უნდა დაერქვას, ყველა უნდა წარვდგეთ ერთმანეთის წინაშე არა ნიღბით, არამედ ჩვენი ნამდვილი სახით, ყველა უნდა გავთავისუფლდეთ ნებსით თუ უნებლიეთ წამოკიდული ტვირთისაგან.

მე მზად ვარ საზოგადოებისგან წამოსულ ნებისმიერ კითხვას გავცე ამომწურავი პასუხი და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც.

არც მე ვარ უშეცდომო და ჩემს შეცდომებს არ ვმალავ, ვფიქრობ, ასევე უნდა მოიქცნენ სხვებიც და რაღაცეებზე უარი უნდა თქვან, აი, ამის შემდეგ მე მზად ვარ ნებისმიერ მათგანთან ვითანამშრომლო, სხვანაირად და სხვაგვარად ჩვენი ურთიერთობა არ შედგება.

ჩემი აზრით, ჯერ უნდა გაივლოს სადემარკაციო ხაზი, უნდა შეიქმნას ორი პოლუსი და ნათლად უნდა ითქვას, მიზეზთა და მიზეზთა გამო ვისი გვერდით ვერ დავდგები და ვისთან ვერ ვითანამშრომლებ.

ვისთან ვერ ვითანამშრომლებ?

ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ.

ჩემი აზრით, სწორედ ფსევდოოპოზიციური პარტიებია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი ძალა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლების ყველაზე საიმედო მოკავშირედ და პარტნიორად გვევლინება.

სინამდვილეში სააკაშვილ.ის ხელისუფლება ამ ფსევდოოპოზიციური ძალების მხრებზე დგას – ეს ძალები უქმნიან სააკაშვილის რეჟიმს დემოკრატიულობის ფონს დანარჩენი მსოფლიოს წინაშე და ფაქტობრივად ერთპარტიულ ქართულ პარლამენტს თავიანთი ფსევდოოპოზიციური მოღვაწეობით მრავალპარტიული პარლამენტის იმიჯს უქმნიან.

სწორედ მათ შეაქვთ განხეთქილება და არეულობა ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალების ნებისმიერ წამოწყებაში, ისინი ახშობენ, ანეიტრალებენ და კალაპოტს უცვლიან ხალხის საპროტესტო განწყობას.

მე არ მოვერიდები მათ დასახელებას და ღიად ვაცხადებ: ვერ ვითანამშრომლებ "ქრისტიან-დემოკრატებთან", "ლეიბორისტებთან", "ახალ მემარჯვენეებთან", "ედპ"-სთან, "ქართულ პარტიასთან", თორთლაძის, დავითაიას პარტიებთან.

"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა უამრავ საეჭვო მომენტს შეიცავს, დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მის მიერ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისიფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა.

ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ ზემოთნახსენები პარტიების ლიდერები შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, ეროსი კიწმარიშვილი, ბაჩუკი ქარდავა.

დიახ, მე ვერ ვითანამშრომლებ ამ ადამიანებთან, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფსევდოოპოზიციური პარტიების ზოგიერთ წევრთან ურთიერთობაზე დავთანხმდე, თუ ისინი საკუთარი პოლიტიკური წარსულის რევიზიას შეძლებენ.

არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა სოზარ სუბარზე, ადამიანზე, რომელსაც ომბუდსმენის საპასუხისმგებლო პოსტზე ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და რომელსაც არაერთხელ დაუფიქსირებია მტკიცე პოზიცია ხელისუფლების თავნებობის წინააღმდეგ.

დიდი გულისტკივილით და სინანულით ვამბობ, რომ სოზარ სუბარი აღმოჩნდა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო.

თუ ბატონ სოზარს სურვილი ექნება ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას შემოუერთდეს, მე ამას მხოლოდ მივესალმები.

კიდევ ვიმეორებ, თანამშრომლობაზე უარს ვაცხადებ ზემოთ დასახელებულ ოპოზიციურ პარტიებთან და არა ამ პარტიების ცალკეულ კეთილსინდისიერ წევრებთან.

მასმედია

გამომდინარე იქედან, რომ ქართულ მედიასთან მიმართებაში ჩემს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია, საჭიროდ ჩავთვალე აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე განმარტების გაკეთება.

სიმართლე მწარეა, მაგრამ თუ ჩვენ არ მივეჩვიეთ მისთვის თვალის გასწორებას, ეს ქვეყანა განწირულია მუდმივ შიშსა და სიცრუეში არსებობისათვის.

მე ვეკითხები "მაესტროს" ჟურნალისტებს და თუნდაც მის ადმინისტრაციასა თუ დამფუძნებლებს – როდესაც ტელევიზიას მართავს ფსევდოოპოზიციონერის ეროსი კიწმარიშვილის კომპანია, ადამიანის, რომელმაც სხვას რომ თავი დავანებოთ, მისივე აღიარებით 2008 წელს დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად დაასამარა ხალხის რეალური არჩევანი, შეიძლება თუ არა რომ ვიღაცას ჰქონდეს ილუზია, რომ ასეთი ტიპის ადამიანი გახდება თავისუფალი სიტყვის გარანტი?

მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ მათ:

1. მზად ვარ თქვენს წინაშე ავიღო ყველა ის ფინანსური ვალდებულება, რომელსაც ზემოთ აღნიშნული პირი, კაცმა არ იცის საიდან მოტანილი დაფინანსებით, ასრულებს (ან არ ასრულებს) თქვენს წინაშე.

2. გავაფორმო სარედაქციო დამოუკიდებლობის საგარანტიო ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჟურნალისტის თავისუფლება, თუნდაც კრიტიკული დამოკიდებულება ჩემს პირად მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

3. დასაქმებული იქნება ყველა ქართველი ჟურნალისტი, რომლისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა და პროფესიული ღირსება. ჩვენ ერთად შევუქმნათ მათ საშუალება, გათავისუფლდნენ ფსევდო-კეთილდღეობის მარწუხებიდან.

4. ერთად უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება ხალხს და დავიწყოთ ეს მეოთხე ხელისუფლებით, ანუ თქვენით.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო "მაესტროს" წამყვან ჟურნალისტს შალვა რამიშვილს.

შალვა, შენ როდესაც "დარდუბალას" აკეთებდი, მე ჩემი ოჯახით პარიზში ვცხოვრობდი.

"დარდუბალა"-ს ყოველი გასვლა ეკრანზე ჩვენთვის იყო ნამდვილი დღესასწაული, ნიჭიერების, ტალანტის ნამდვილი ფეიერვერკი. შენ, მაშინ როგორც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის კუმირი იყავი, რომელმაც გასაოცარი ნიჭიერებით წარმოაჩინე ქვეყანაში არსებული დამყაყებულ-დაჭაობებული გარემო და ადამიანებს პირდაპირ უთხარი, რომ ამ ჭაობში ცხოვრება შეურაცხმყოფელია ადამიანის ღირსებისათვის.

დღეს რა მოგივიდა, დღეს რა დაგემართა, შალვა? შენ, ასეთი ელვარე ნიჭით დაჯილდოვებული კაცი უნიჭოს როგორ ემსახურები? ნიჭი ღვთისაგან ბოძებული მადლია და შენ ამ მადლს უღირსთა და უკეთურთა სამსახურში როგორ ფლანგავ?

შალვა, როგორ ვერ ხვდები, რომ შენს მიერ შექმნილი "დარდუბალა"-ს პერსონაჟებს დაემსგავსე თანდათან?

შენ ახლა ახალ "დარდუბალა"-ს უნდა ქმნიდე და ამ დროს სააკაშვილთან გარიგებული "მაესტროს" მეპატრონეები დაგარბენინებენ აღმა-დაღმა ხელისბიჭივით.

წამოდი შალვა და ახალი "დარდუბალა"-ს გადაღება დაიწყე, რომლის გამზადებული სიუჟეტი, ძვბელი "დარდუბალა"-ს სიუჟეტზე გაცილებით მძაფრი სიუჟეტი, ახალი ოდიოზური პერსონაჟებით, ცხოვრებამ მაგიდაზე დაგიდო, შენ კი მისი აღება გეზარება.

სახალხოდ გაძლევ სიტყვას, შენ დაიწყე ახალი "დარდუბალა"-ს გადაღება და მე დავაფინანსებ!

და ბოლოს: ჟურნალისტთა შესანიშნავი კორპუსი მუშაობს "მაესტროში", შესანიშნავი ახალგაზრდები არიან, ნიჭიერები, ლამაზები, განათლებულნი. მე მათ როგორც საკუთარ შვილებს ისე ვუყურებ და ძალიან განვიცდი იმ მდგომარეობას, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ.

ძალიან განვიცდი, რომ "მაესტროსთვის" ცდება ეკა ბერიძე, ეს უაღრესად ნიჭიერი და ამასთან ერთად მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ჟურნალისტი.

გამოსავალი ერთია: ერთად წამოდით ყველანი ამ ორსახოვანი თუ სამსახოვანი ტელევიზიიდან და თქვენი პროფესიით დასაქმების გარანტიას მე გაძლევთ!

ახლა კი დავით აქუბარდიას მინდა მივმართო, როგორც მას ქართველი ხალხი სიყვარულით უწოდებს, ბატონ აქუს.

ბატონო დავით, მე მახსოვს თქვენი გადაცემა 30 ივნისს, როცა თქვენ ყური აუწიეთ და პოლიტიკურ ფარისევლობაში ამხილეთ "ქრისტიან-დემოკრატები" და მამუკა კაციტაძე.

თქვენ მაშინ ბრწყინვალე იყავით, თქვენი არგუმენტები აბსოლუტურად დამაჯერებელი იყო, თქვენი პოზოცია აბსოლუტურად სწორი.

იმავე საღამოს თქვენ ეროსი კიწმარიშვილი გყავდათ სტუმრად და თუ პირველ გადაცემაში თქვენ ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იდექით, კიწმარიშვილთან საუბრისას საოცრად დათრგუნული, ყალბი, უნიათო ბრძანდებოდით და აშკარად გეტყობოდათ, რომ დაკვეთას ასრულებდით.

ბატონო დავით, თქვენ ერუდირებული, ანალიზის შესანიშნავი უნარის მქონე ჟურნალისტი ხართ, რომელმაც პროფესიონალურ დონეზე იცით ეკონომიკა, ისტორია, ლიტერატურა, ბრწინვალედ ერკვევით პოლიტიკური ცხოვრების ლაბირინთებში, მაგრამ ხშირად ღალატობთ საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს და სხვადასხვა მოტივით და მიზეზით ფსევდოოპოზიციურ, ფსევდოობიექტურ სუბიექტებს აძლევთ ასპარეზს.

ბატონო დავით, არ მინდა მე თქვენი "კავკასია" – ნურც მომყიდით და ნურც მაჩუქებთ, მაგრამ თქვენ იყავით ობიექტური, მართალი და ობიექტური ოღონდ არა დღეგამოშვებით, არა ხანდახან, არამედ მთლიანად, მთელი 24 საათის განმავლობაში.

ფინანსური პრობლემები გიშლით ხელს? არაფერი არ მინდა თქვენგან, ისე დაგეხმარებით, ოღონდ თქვენს თავისუფლებას და საკუთარ მრწამსს ნაძირლებზე ნუ გაყიდით.

ჩემი ამასწინანდელი განცხადება "კავკასიის" თუ "მაესტროს" ყიდვასთან დაკავშირებით ზოგმა არასწორად გაიგო.

მე ჟურნალისტების ყიდვა კი არა მათი გათავისუფლება მინდა იმ შეურაცხმყოფელი და შემოქმედებითი დამოუკიდებლობის შემზღუდველი ატმოსფეროსგან, რომელშიც დღეს მათ უწევთ მუშაობა.

მასმედიის მისამართით გაკეთებული ჩემი განცხადების მიზანი იყო, საზოგადოებისთვის დამემტკიცებინა, რომ ამ ვითომ ოპოზიციურ ტელეარხებს სინამდვილეში სააკაშვილი აკონტროლებს და მისი დასტურის და ნებართვის გარეშე, ამ ტელეკომპანიის მესვეურებს რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ.

მე მიზანს მივაღწიე – ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თავიანთი კომენტარებით ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ მათი ორგანიზაციების ნამდვილი მეპატრონე სააკაშვილია.

ფსევდოობიექტურობა

ფსევდოოპოზიციონერთა კვალდაკვალ უპრიანი იქნება თუ ფსევდოობიექტურობის იმ მავნე ზემოქმედებაზეც ვისაუბრებთ, რომელსაც ფსევდოობიექტურები ახდენენ საზოგადოებას ცხოვრებაზე.

დღეს, როდესაც სიცრუის მანქანა მთელი ძალით მუშაობს ადამიანთა ტვინების გამორეცხვაზე და მოდელირებული ვირტუალური ფსევდორეალობის რეალობად და სინამდვილედ წარმოჩენაზე, ძნელია გაარჩიო ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს!

ხელისუფლების ძალისხმევით ეგრეთწოდებულ ექსპერტთა, პოლიტოლოგთა, ანალიტიკოსთა, სოციოლოგთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მობილური ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ხელისუფლების მიერ დაწერილ სცენარს ახმოვანებს და უტიფრად ასაღებს შავს თეთრად და პირიქით.

ჩვენ ამ ადამიანებს ყოველდღე ვუსმენთ ტელეეკრანებზე, ვკითხულობთ მათ წერილებს, ინტერვიუებს, რომელიც სიმართლის წარმოჩენას კი არა სიმართლის მიჩქმალვას ემსახურება და ცხადია, ადამიანებს სწორი არჩევანის და სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას უხშობს.

იმდენად მრავალრიცხოვანია ფსევდოობიექტურთა ჭრელი გუნდი, ყველა მათგანის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა თავისი ნიჭიერებით გამორჩეულ რამდენიმე პიროვნებაზე მაინც შევჩერდები.

პირველ რიგში მინდა დავასახელო ია ანთაძე, გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონი, კარგი ანალიტიკოსი, რომელიც ეჭვი მაქვს რომ ზოგჯერ ძალიან ოსტატურად და შენიღბულად ემსახურება ხელისუფლების ინტერესებს.

ამის დამადასტურებელი მრავალი მაგალითის დასახელება შეიძლება, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთზე შევჩერდები.

ია ანთაძემ ამას წინათ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მე პრორუსულ ძალად, სააკაშვილი კი პროდასავლური ლიბერალური ღირებულებების აპოლოგეტად გამოაცხადა.

კი, ბატონო, ია ანთაძემ რაც უნდა ის მიწოდოს, არ მეწყინება, მაგრამ როგორ შეიძლება სააკაშვილში, რომელმაც ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა საქართველოში, ლიბერალობა და პროდასავლურობა დაინახო?

როცა გაქვს ავტორიტეტი, როცა საზოგადოება გიცნობს, როგორც კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ჟურნალისტს და ასეთ დასკვნებს აკეთებ, ეს უკვე დანაშაულის ტოლფასი ქმედებაა.

ნაკლები საფრთხის შემცველია, ვთქვათ, სოსო ცინცაძის პრიმიტიული და აბდაუბდა მოსაზრებები, რომლებსაც შეგიძლია ყურადღებაც კი არ მიაქციო, იმდენად სუსტი და ცალმხრივია მისი მსჯელობა, მაგრამ როცა ისეთი გონიერი და ანალიტიკური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, როგორიც რამაზ საყვარელიძეა, ზოგჯერ ორმაგი სტანდარტებით თამაშისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს, ეს უკვე საგანგაშოა.

ამასწინათ რამაზ საყვარელიძის და პაატა ზაქარეიშვილის პაექრობას ვუსმინე. პაატა ზაქარეიშვილი უდაოდ ინტელექტუალური და გონებაგამჭრიახი პოლიტიკოსი, ემოციური პიროვნებაა და თავის მოსაზრებებს ამ გადაცემის დროსაც ემოციურად გამოხატავდა, საყვარელიძე კი "ამშვიდებდა": – ნუ ნერვიულობ, ნუ გეშინია, შენ ექიმთან ხარ" ორჯერ გაუმეორა მან ზაქარეიშვილს ეს ფრაზა, რაც ხულიგნობას უფრო ჰგავს, ვიდრე ინტილიგენტის საქციელს.

ექსტაზში შესულმა რამაზმა ისიც კი თქვა, რომ ოპოზიციას იმდენივე მოეთხოვება, რამდენიც ხელისუფლებასო, რაზეც ზაქარეიშვილმა საკადრისი პასუხი გასცა.

ამდენი სიცრუისგან, ამდენი ტყუილისგან, ამდენი ფსიქოლოგიური ზეწოლის და ზემოქმედებისგან ჩვენი საზოგადოება შეიძლება მართლაც არის დაავადებული, მაგრამ მისი განკურნება მხოლოდ სიმართლით არის შესაძლებელი და არა ცინიზმით და ლამაზად შეფუთული სიცრუით.

დღეს დიდი სიმართლის თქმის დროა!

თუ გვინდა რომ ქვეყანა ამ ნახევრად მკვდრული მდგომარეობიდან, ამ შოკიდან გამოვიდეს, პირველ რიგში სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ და ვინც არ არის კახაბერი, კახაბერად არ უნდა გამოვაცხადოთ.

სახელისუფლო გუნდი

პირდაპირ მინდა განვაცხადო, სახელისუფლო გუნდთან და მის იდეოლოგებთან, ვინც სააკაშვილს ემსახურება, არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რადგან მათთან ყველაფერი გარკვეულია და აქედან გამომდინარე, ფსევდოპოზიციისგან განსხვავებით, მათი არჩევანი, მათი პოზიცია ღია და გამჭირვალეა.

ყველას აქვს უფლება უერთგულოს და მხარი დაუჭიროს მას, ვინც მოსწონს როგორც პოლიტიკოსი და როგორც ლიდერი. ამ ადამიანებს სააკაშვილი მოსწონთ, ის მათ პოლიტიკურ გემოვნებას ყოველმხრივ აკმაყოფილებს, გემოვნებაზე კი, როგორც იტყვიან, არ დავობენ. თუმცა ჩემი პირადი აზრით, სწორედ რომ გემოვნებაა მთავარი სადაო და საკამათო... დავით დარჩიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ზურაბ მელიქიშვილი, პალიკო კუბლაშვილი ამ ხელისუფლების გამოკვეთილი იდეოლოგები არიან.

მართალია, ეს იდეოლოგია ხშირად დემაგოგიაში გადადის და პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს მათი არჩევანია.

თავის დროზე სააკაშვილს ბევრი უჭერდა მხარს, მათგან ზოგმა კრიტიკულად გადახედა თავის პოზიციას და დროზე წამოვიდა მისი გუნდიდან, ზოგი კი დარჩა და დღემდე მასთანაა.

მე მესმის ამ ადამიანების მდგომარეობისა. შეიძლება ზოგს გულით უნდოდეს სახელისუფლო გუნდის დატოვება, მაგრამ ეს არც ისე იოლად მისაღები გადაწყვეტილებაა.

ისინი ერთხელ გაკეთებული მცდარი არჩევანის მძევლები არიან და მე მათ უფრო თანაგრძნობით ვუყურებ. მე არ მაქვს მათ მიმართ აგრესიული განწყობა, ის კი არა რომელიმე მათგანმა თავისი პოლიტიკური მრწამსი და პოზიცია რომ შეიცვალოს, არ გამოვრიცხავ, მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობასაც... მე ხელისუფლებასთან ვაიგივებ სამ ტელეკომპანიას: "საზოგადოებრივ მაუწყებელს" "რუსთავი-2"-ს, "იმედს" და რაც ზემოთ აღვნიშნე, ეს ამ ტელევიზიების თანამშრომლებსაც ეხებათ.

ჩემთვის არ არის პიროვნების შეფასების კრიტერიუმები ვინ მუშაობდა და ვინ მუშაობს სააკაშვილთან, ვინ მუშაობდა და ვინ მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებში. გადამწყვეტი ეს არ არის, მთავარია, ადამიანი დროზე მიხვდეს ჩადენილ შეცდომებს და სიკეთისკენ გადადგას ნაბიჯი.

როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს დასაკარგი და მისაკვეთი ადამიანები არ ჰყავს.

რადგან სახელისუფლო გუნდზე ჩამოვარდა სიტყვა, აქვე მინდა მივმართო მერაბიშვილს, რომელსაც ვიცნობ, როგორც კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას.

მერაბიშვილმა დიდი შრომის შედეგად მოახერხა და შექმნა გამართული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით. საპატრულო პოლიცია თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურული დანაყოფები რომლებსაც ის სადამსჯელო, ჯალათური ფუნქცია რომ მოვაშოროთ, შეიძლება საზოგადოებისთვის ძალზე სასარგებლო როლი ითამაშონ.

მერაბიშვილი ხშირად მაოცებდა ხოლმე ეკონომიკის სფეროში საკმაოდ სერიოზული კომპეტენტურობით, თუმცა მეც ბევრჯერ გამიოცებია იგი ჩემი პროფესიიდან შორს მდგარი ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას.

საკმაოდ ბევრი ფაქტიდან მხოლოდ ერთს შევახსენებ ვანო მერაბიშვილს.

გახსოვს ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება.

ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ.

ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ.

მე მაშინ შევძელი ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა.

სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც შენ გამოხატავდი ჩემი მისამართით. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც ის გეგმავდა, წმინდაწყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა: – ხომ შეიძლება თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა ვქნათო?

– სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქოთ ეს ტერიტორია, ხელი არ ახლოთ არაფერს – მეთქი, გავაფრთხილე.

მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა.

ჩემო ვანო, ერთი ამბავიც მინდა გაგახსენო და ამით დავამთავრებ.

ვარდების რევოლუციიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, სააკაშვილი სპეციალურად ჩამოფრინდა ბობოყვათში ჩემთან შესახვედრად (მე იმ დროს ურეკში ვიყავი) და მითხრა, მერაბიშვილი უნდა გავუშვაო.

მე მაშინ ყველაფერი გავაკეთე, რომ სააკაშვილს შენი გაშვება გადაეფიქრებინა. მე ის დავარწმუნე, რომ შენ ბუნებით ერთგული კაცი ხარ, გონიერი ორგანიზატორი და წინდახედული მენეჯერი.

სააკაშვილმა მაშინ დამიჯერა და არც უნანია, რაც უდაოდ შენი დამსახურებაა. მე მისთვის არასოდეს არ მიმიცია ცუდი რჩევა, არც მისთვის, არც შენთვის.

ახლა კი კიდევ ერთი რჩევა მინდა მოგცე – ურჩიე სააკაშვილს, რომ დროზე გადადგეს!

სააკაშვილი დაიღალა, გამოიფიტა და ქვეყანაც და საკუთარ თავსაც უფსკრულისკენ მიაქანებს, შენ და შენი მასწავლებელი ადეიშვილი კი მას დათვურ სამსახურს უწევთ და ძალაუფლებას უნარჩუნებთ.

ეს არ არის გამოსავალი, ეს არ შეიძლება მარადიულად გაგრძელდეს და ასე, ძალისმიერი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ერთ საბედისწერო დღეს შეიძლება დიდი კატასტროფით დამთავრდეს.

ურჩიე სააკაშვილს, რომ გადადგეს! ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მას საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება მიეცეს.

თუ სააკაშვილი შენს რჩევას ყურად არ იღებს, მაშინ შენ თვითონ გადადექი, რადგან შენთვისაც ეს ყველაზე საუკეთესო გამოსავალია და ამით შენ დარჩები საქართველოში საპატივცემულო და ღირსეულ ადამიანად.

მანამდე კი ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, ვანო!

ვიცი, მთელი მთავრობა, მთელი სახელისუფლო გუნდი გაოგნებული ხართ თუ რატომ გაიგეთ ასე დაგვიანებით ინფორმაცია ჩემი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ.

საქმე ის არის, მე ვისარგებლე ჩემს ორგანიზაციაში თქვენს მიერ დავერბოვკებული თქვენი აგენტის უფასო "მომსახურებით", რომელსაც პერიოდულად ვარწმუნებდი, რომ პოლიტიკაში არასოდეს არ მოვიდოდი, რომ ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებდა და მალე საქართველოსაც დავტოვებდი. თქვენი აგენტიც იჯერებდა ჩემს ნათქვამს და მერე თქვენც გარწმუნებდათ, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია. თქვენც მშვიდად და არხეინად ბრძანდებოდით, ამიტომაც იყო შოკის მომგვრელი და თავზარდამცემი ჩემი განცხადება თქვენთვის.

თქვენ ეს ადამიანი ახლა კი არა, სამი წლის წინათ გადაიბირეთ, ანუ მაშინ, როცა ჩვენს შორის ჯერ კიდევ ნორმალური ურთიერთობა იყო.

ასეთები ხართ თქვენ. ასეთი ზნე გაქვთ – დანდობა და სიყვარული არ იცით!

თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია.

ის ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს.

ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ.

"ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე, ვლაპარაკობდი...

თქვენთვის ამის გაგება დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ გაფრთხილებთ, ყველა თქვენი მცდელობა ჩვენს გარშემო ჯაშუშური ქსელის ხლართვისა, ზუსტად ისეთი კრახით დამთავრდება, როგორც ეს დამთავრდა.

2008 წლის წაგებული ომიდან ორი-სამი თვის შემდეგ შემდეგ, როცა ქვეყანას დიდი არეულობა და ქაოსი ემუქრებოდა, მე თვითონ გავუგზავნე წერილი მიხეილ სააკაშვილს და ვურჩიე გადამდგარიყო.

ქართველი ხალხი სულგრძელი, მიმტევებელი ხალხია და გაპატიებს, რაც შეგეშალა. გადადგომა შენ საშუალებას მოგცემს არა მარტო გააგრძელო შენს ქვეყანაში ცხოვრება, არამედ გააგრძელო პოლიტიკური საქმიანობაც – ვწერდი სააკაშვილს.

მიშა, შენ ის მიშა ხარ, ხელისუფლებაში რომ მოხვედი და აღმაშენებლის საფლავზე დაიფიცე, რითაც საქართველოს მიანიშნე, რომ აღმაშენებლობას აპირებდი, მაგრამ დრო გავიდა და აღმაშენებლის ნაცვლად ბრეჟნევს დაემსგავსე, ბრეჟნევის ეპოქას მიუახლოვდი.

ამის დასტურია თუნდაც შენი ბოლო შეხვედრა თელაველებთან, სადაც დაქირავებული ტაშის დამკვრელები კახელების სახელით გიკრავდნენ ტაშს და – მიშა! მიშას! გაყვიროდენ.

შენ და შენი გუნდი ქართველი კაცისათვის წმინდათაწმინდას, ეკლესიასაც კი შეეხეთ და მხცოვანი პატრიარქი, ეს ბრძენი ადამიანი უკიდურესად მძიმე სიტუაციაში ჩააყენეთ.

იმის ნაცვლად, რომ დახმარებოდით პატრიარქს, ეკლესიის შიგნით სულმოკლე ადამიანების ძებნა და მათი მოქრთამვა და მოსყიდვა დაიწყეთ.

შეჩერდი, მიშა, შენ უფსკრულის პირას დგახარ და შეჩერდი!

მე შენთვის არასოდეს მომიცია ჩემი პირადი ინტერესებით ნაკარნახევი რჩევა და ახლაც ჩემი კი არა შენი ინტერესებიდან გამომდინარე გეუბნები ამას – გადადექი!

რომელ პოლიტიკურ ძალებთან ვაპირებ თანამშრომლობას?

პირველ რიგში მინდა ვახსენო რესპუბლიკური პარტია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტია, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით.

თანამედროვე ყაიდის საინტერესო და იმედისმომცემ პოლიტიკურ ორგანიზაციად ვთვლი პარტია "თავისუფალ დემოკრატებს", ხოლო მისი ლიდერი ირაკლი ალასანია ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი წონადი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა. "რესპუბლიკელებისგან" განსხვავებით ირაკლი ალასანიასთან და მის პარტიასთან შეკითხვები არ მაქვს.

ცხადია, ამ მიმართვაში ყველა იმ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ორგანიზაციას ვერ ჩამოვთვლი, ვისთანაც თანამშრომლობას ვაპირებ.

უახლოეს ხანებში დრო ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს და ჩვენი მომავალი პარტნიორების სიაც უფრო დაზუსტდება და დაკონკრეტდება.

რესპუბლიკურ პარტიასთან მართლაც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ჩემი განცხადების შემდეგ, "რესპუბლიკური პარტიის" რამდენიმე წევრმა ჩემს მიმართ ძალზე აგრესიული კომენტარები გააკეთა.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან ბერძენიშვილს მინდა ვკითხო:

იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ "ალია-ჰოლდინგის" საშუალებით შემოგვიტია და ლაფის სროლა დაგვიწყო, ლევან ბერძენიშვილმა ორჭოფული პოზოცია დაიკავა და მრავალმნიშვნელოვანი ტონით განაცხადა, მე ვიცი, საიდან იშოვა ფული ივანიშვილმა და არ ამალაპარაკოთ ახლაო.

ჩვენ ამას მაშინვე გამოვეხმაურეთ და განმარტება მოგთხოვეთ, მაგრამ პასუხს თავი აარიდეთ.

თუ თქვენ მართლაც იცით კონკრეტული რამ, კეთილი ინებეთ და ღიად, საჯაროდ მითხარით, თუ არადა. ამ არაფრისმთქმელ ნართაულებს თავი დაანებეთ, ბატონო ლევან!

დიდ ბოდიშს ვიხდი, სამგზის ვიხდი ბოდიშს, მაგრამ აქვე მინდა ყველა ოპოზიციურ პარტიას დავუსვა ერთი საერთო და ყველასათვის სავალდებულო კითხვა: – რით არსებობთ თქვენ და საიდან იღებთ პარტიის შესანახ თანხებს, თუ ეს თანხები გაგაჩნიათ?

გულუხვ მეგობრებზე აქცენტის გაკეთება არ იკმარებს – ამ "არგუმენტს" ვერ მივიღებ!

ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და სანამ ზუსტი ინფორმაცია არ მექნება, თანამშრომლობაც ვერ შედგება.

და ბოლოს, ისევ ჩემს შესახებ...

არ მინდა ამ მიმართვის წაკითხვის შემდეგ საზოგადოებას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ, აი, მოვედი მე, ვიღაც უცოდველი კრავი და სხვებს განვიკითხავ და მორალს ვუკითხავ.

არა, ეს ასე არ არის, მეც ბევრი შეცდომა დამიშვია და ბევრჯერ შემშლია, რაც ხმამაღლა მიღიარებია და საკუთარი თავი გამიკიცხავს.

ჩვენ ყველანი თანაბარუფლებიანი და თანასწორი მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნისა და მე არასოდეს, ვიმეორებ, არასოდეს მიფიქრია, რომ მე ჩემი სიმდიდრით ვინმეზე, მატერიალურად თუნდაც ხელმოკლე ადამიანზე რაიმეთი მეტი ვარ.

არც ის მიფიქრია ოდესმე, რომ მე უფრო მეტ საქმეს ვაკეთებ ამ ქვეყნისთვის, ვიდრე უბრალო გლეხი, რომელიც ვაზს უვლის, კალატოზი, რომელიც აგურს აგურზე ადებს, პოეტი, რომელიც ლექსს წერს, სპორტსმენი, რომელიც სპორტში მოღვაწეობს.

მთავარია ყველამ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ საქვეყნო საქმისათვის.

მიმართვის დასაწყისში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, წასვლა მინდოდა აქედან და ჩემს გადაწყვეტილებას იმით ვხსნიდი, რომ პოლიტიკაში მოსვლით მე თვითონვე ვუარყოფდი ჩემს მიერვე სავალდებულოდ მიჩნეულ ნორმას, რომ მე არასოდეს მოვალ პოლიტიკაში. და მეორე, ქართულ პრესაში გამოქვეყნდა "ვედომოსტში" დაბეჭდილი ინტერვიუს გაგრძელება, სადაც მე ჩამოვაყალიბე ჩემი დამოკიდებულება ქველმოქმედებასთან, რომელშიც ჩემი მსოფლმხედველობა იყო ასახული, პოლიტიკაში მოსვლით კი, ამ მსოფლმხედველობას მთლიანად ვანგრევდი.

მაგრამ დიდი სულიერი ჭიდილის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ვცდებოდი, აქედან კი ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი იმის აღიარებამდე, რომ რასაც აქამდე ვაკეთებდი, ზოგი რამ შეცდომა იყო.

მე ვაპირებ გამოვასწორო ეს შეცდომა და სრულიად ახლებური მიდგომით და პერსპექტივაზე ორიენტირებული გათვლებით ცხოვრება გავუადვილო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

შეცდომა იყო, მე ვიტყოდი, ღალატის ტოლფასი შეცდომა იყო, საქართველოდან წასვლა რომ დავაპირე. წასვლა ერთია, მაგრამ მერე რა პირით უნდა დაბრუნდე უკან, როცა შენს ქვეყანას იმ დროს მიატოვებ, როცა ძალიან უჭირს. როცა დაბრუნდები, დაგხვდება კი აქ ქვეყანა?

როგორც გითხარით, ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა დამარწმუნეს, რომ ვცდებოდი, თუმცა არც იმის უთქმელობა ივარგებს, რომ ჩემი ოჯახიც, სხვა ქართული ოჯახებივით, ორი წლის განმავლობაში ჩურჩულით ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის იმედით და თანადგომით შიში ვძლიეთ.

შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა – ახლა ხმამაღლა, მთელი ხმით, მთელი საქართველოს და მთელი მსოფლიოს გასაგონად ლაპარაკის დროა, რომ მთელ საქართველოს, მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ ჩვენი სიმართლე.

ჩვენ ერთად უნდა ავიხდინოთ "ქართული ოცნება" – ეს არის ერთიანი, მთლიანი, ძლიერი, სამართლიანი საქართველო!