"კომპანიას, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნები დააპროექტა, ახლოს ჩავლილიც არ ჰქონდა შადრევნებთან" - რა ინფორმაციას აქვეყნებს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია?
არქიტექტორი, ურბანისტი და მოქანდაკე ირაკლი ჟვანია ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მორიგ პოსტს აქვეყნებს და უშუალოდ იმ კომპანიაზე წერს, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნები დააპროექტა.
მისი ინფორმაციით, საუბარია კომპანია LMC-ზე, რომელსაც შადრევნების პროექტირებაში გამოცდილებაც კი არ აქვს.
როგორც ირკვევა, კომპანიას მხოლოდ სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების პროექტირების გამოცდილება აქვს."ვაკის პარკის თემის გაგრძელება...ვინ დააპროექტა პარკის შადრევნები. 2019 წელს ჩვენს მიერ კონკურსში შეტანილი წინადადება ვაკის პარკის შადრევნებზე მერიამ გააუქმა და დისკვალიფიკაცია მოგვცეს. მიზეზი მოიყვანეს ის, რომ თანხის მოცულობით 100 შადრევანი უნდა გვქონოდა დაპროექტებული, რაც ჩვენ კი არა, ვერავის ვერ ექნებოდა ბუნებაში. 30 შესრულებული პროექტი არ ეყოთ გამოცდილებისთვის.
ჩვენ დისკვალიფიკაცია მივიღეთ. ამის შემდეგ ჩაატარეს ტენდერი და ხელშეკრულება გაუფორმეს კომპანია LMC, რომელსაც გამოცდილება გააჩნდა შემდეგი:
- ქ.გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში გამწმენდი ნაგებობის და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის პროექტირება
- დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ბულაჩაურში სასმელი წყლის სისტემის პროექტირება
- სხვადასხვა ლოკაციებზე სასმელი წულის სისტემების პროექტირება.
შადრევნებთან ახლოს ჩავლილიც კი არ ჰქონდა კომპანიას. მასალები საიტზე spa.ge, ტენდერის ნომერი NAT200006944" - წერს ჟვანია.