"ისეთ ადამიანებად წარმოგვაჩინეს, რომლებმაც ფულის გამო ყველაფერი გაწირეს" - ციაკო ფიფია არხიდან წამოსვლის მთავარ მიზეზებზე - კვირის პალიტრა

"ისეთ ადამიანებად წარმოგვაჩინეს, რომლებმაც ფულის გამო ყველაფერი გაწირეს" - ციაკო ფიფია არხიდან წამოსვლის მთავარ მიზეზებზე

ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებასთან ერთად, გაირკვა, რომ "მთავარი არხის" იუმორისტების ჯგუფი სხვა ტელევიზიაში გადავიდა... ტელეარხშეცვლილმა იუმორისტებმა ხალხის ნაწილისგან არაკეთილგანწყობილი კომენტარებიც მიიღეს. ჩვენ ციაკო ფიფიას დავუკავშირდით, რომელიც შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, გულახდილად გვესაუბრა...

- თავს გადასარევად ვგრძნობ, რადგან მუშაობა დიდი შემართებით, დადებითი განწყობით დავიწყეთ. პასუხისმგებლობის გრძნობა გუნდის ყველა წევრს გვაქვს - სხვაგვარად არასდროს არაფერი გამოგვივიდოდა, ახლა კი ჩვენი ძალები კიდევ უფრო გავაერთიანეთ და გვინდა, ყველაფერი მართლა ძალიან კარგად გამოგვივიდეს. თან, იმ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ვინც ეკრანთან გველოდება, გვგულშემატკივრობს, ჩვენი ამბავი განიცადა... გვინდა, ყველა გავახაროთ და გავახალისოთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმალურად ბევრს ვიშრომებთ... აბსოლუტურად ყველა ჩვენგანს მართლა კარგი განწყობა გვაქვს და გვგონია, რომ საქმეს თავს კარგად გავართმევთ.

- ახალ ტელევიზიაში როგორ შეგხვდნენ?

- ამ ტელევიზიაში იმხელა სითბო და სიყვარული ტრიალებს, რომ კომფორტულად ვართ. ყველამ შინაურულად, გულთბილად მიგვიღო. როგორ შეგხვდებიან, მიგიღებენ, ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს, არა? ყველას ყველაფერი ძალიან მოგვწონს.

- მაყურებლებისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ, როცა უკვე სხვა ტელევიზიის ეკრანზე გნახეს?

- როცა ისე მოხდა, რომ ყველანი სამსახურის გარეშე დავრჩით, მაყურებლები გველოდებოდნენ. ამბობდნენ, - თქვენი გუნდი არ უნდა დაიშალოს, ისევ ერთად უნდა იყოთო. ვანო ჯავახიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი გუნდი არ დაშლილიყო. მთელი ზაფხულის განმავლობაში, კაცმა თავი გადადო, რომ რაღაც გამოგვსვლოდა. ვფიქრობ, იმას მივაღწიეთ, რომ გუნდი მაინც არ დაშლილიყო - ისევ ერთად, კარგად ვართ. თან, საქმის თავიდან დაწყება უკვე მერამდენედ გვიწევს, არა? თითქოს ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყების უნარი გამოგვიმუშავდა.

- გადაცემების დახურვის მერე, თქვენი საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებული გაურკვეველი სიტუაციის გამო, ზაფხულის არდადეგების სათანადოდ გატარება, დასვენება მაინც მოახერხე?

- პირადად მე, მოვახერხე, რადგან სხვა ადგილასაც ვმუშაობ. ყველამ იცის, რომ მეც და თათიაც ბავშვთა გასართობ ცენტრში ვართ დაკავებულები. ამიტომ ვერ ვიტყვი, - ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ძალიან ცუდი იყო-მეთქი. სამსახური, შემოსავლის სხვა წყარო მაინც გვქონდა. დაბადების დღის ცენტრში პატარ-პატარა ივენთებსაც ვუძღვებოდი. ასე თუ ისე, ფინანსური კრიზისი ვერ ვიგრძენი, თუმცა ჩემს ბევრ თანამშრომელს სერიოზული პრობლემა შეექმნა, რადგან დასამალი არაფერია - "მთავარზე", 3 თვის განმავლობაში (აპრილი, მაისი, ივნისი) სრულიად უხელფასოდ ვიმუშავეთ. ვიღაცას ჰგონია, ცხოვრება ძალიან მარტივია, მაგრამ ასე არ ხდება. ელემენტარულად, მგზავრობის ფული გინდა ადამიანს. სადაც ვმუშაობდით, იმ ადგილას არც მეტრო იყო, არც ავტობუსი ან "მარშრუტკა" მიდიოდა და ან ფეხით უნდა მისულიყავი, ან - ტაქსით, ანუ ორივე შემთხვევაში ვზარალდებოდით. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ხმას არ ვიღებდით: ჩვეულებრივად ვმუშაობდით, გადაცემები ეთერში გადიოდა... ეს ისევ და ისევ ვანოს დამსახურებით ხდებოდა - ერთიანობა შევინარჩუნეთ. მხარში დგომაც ვიცით, ყველაფერი გვესმის, მაგრამ ჩვენ უკან ჩვენი ოჯახები, შვილები დგანან, ასევე - ბანკების წინაშე აღებული პასუხისმგებლობები. ბანკი ვერ გეტყვის: რაკი ასეთ სიტუაციაში ხარ, მოდი, სესხის გადახდა გადავავადოთო. ასე არ ხდება. როცა ადამიანებს პასუხისმგებლობები გვაქვს აღებული, როცა ვმუშაობთ, ვშრომობთ, თავი გადადებული გვაქვს, შესაბამისად, იქ ხელფასიც უნდა იყოს. როცა ხელფასი არ იყო, წლების განმავლობაში არხს გვერდით ვედექით.

- წლების განმავლობაში?

- ჰო. ხელფასი არ გვერიცხებოდა. ისე არ ყოფილა, რომ ზუსტად გვცოდნოდა, ხელფასი როდის ჩაგვერიცხებოდა, - "წიაწიად" გვერიცხებოდა: ახლა არაა? უი, მერეც არაა?.. დღეს ბანკიდან სესხი ყველა ადამიანს აქვს აღებული. ყველამ ვიცით, ეს პროცენტები როგორ იზრდება. რეალურად, თანხას მხოლოდ შენ იხდი, პრობლემები შენ გექმნება, ვინც სესხი აიღე... ამ არხზე გული ძალიან დამწყდა და იქაურობა საკუთარი გადაწყვეტილებით არ დაგვიტოვებია. უბრალოდ, გვითხრეს, რომ დაიხურებოდა "შაბათის შოუ", "მთავარი გოგოები", "მთავარი ბიჭები" და ეთერში მხოლოდ "ვანოს შოუ" გავიდოდა, მინიმალური ადამიანების მონაწილეობით. ვანომ ეს არ გააკეთა, თავისი გუნდი ვერ გაწირა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მაყურებელმა, ხალხმა უნდა დაინახოს. მართლა ჯვარს გვაცვეს, როცა გაიგეს, რომ სხვაგან გადავედით. თან ეგონათ, იმიტომ გადავედით, რომ ფინანსური თვალსაზრისით, რაღაც უკეთესი შემოგვთავაზეს. რეალურად, არავინ იცოდა, რა და როგორ ხდებodა... ჩვენ სხვა ტელევიზიაში იმიტომ გადავედით, რომ აბსოლუტურად ყველანი უსახსროდ დავრჩით: ტელევიზიაში სამსახური, ხელფასი აღარ გვქონდა. ჩვენი გუნდი ვანომ შეინარჩუნა და გადავწყვიტეთ, ყველამ ერთად ისევ ის საქმე ვაკეთოთ, რასაც მანამდე ვაკეთებდით.

- რეალურად, ვანოსგან თანადგომას ელოდით? სამსახურის გარდა, მეგობრობთ?

- ვანო ძალიან მიყვარს. მისგან მხარდაჭერას აბსოლუტურად ყოველთვის ვგრძნობ. სულ ცდილობს, ხელი შემიწყოს... ველოდი, რომ გუნდს არ გაწირავდა, რადგან ეს მანამდეც არაერთხელ დავინახე: ვანო ადამიანია, რომელიც არავის წირავს.

- ახალ ტელევიზიაში მუშაობის სპეციფიკა თქვენთვის ჩვეული სამუშაო პროცესისგან განსხვავდება?

- ნამდვილად არა. ისევ ისე ვმუშაობთ, როგორც ადრე. უბრალოდ, რაღაც სიახლეები გვექნება, ოღონდ - ჯერ არ ვიტყვი: მაყურებელმა თავად იხილოს... "ვანოს შოუ" ეთერში უკვე გავიდა. ოქტომბრიდან საეთერო ბადეში "შაბათის შოუც" ჩაეშვება... უბრალოდ, ხალხის კომენტარებმა მართლა გაგვაოგნა - ძალიან განვიცადეთ. გვეწყინა, გული გვეტკინა. ისეთ ადამიანებად წარმოგვაჩინეს, რომლებმაც ფულის გამო ყველაფერი გაწირეს, ყველაფერზე უარი თქვეს. ეს ასე რომ არ ყოფილა, ამის მტკიცებას აღარც დავიწყებთ. როცა 3 თვე უხელფასოდ ვიმუშავეთ, ხმა არ ამოგვიღია, მაშინ კარგი ადამიანები ვიყავით, ახლა ცუდები ვართ? გული მწყდება...

- სოციალურ ქსელში, თავად "მთავარი არხის" წარმომადგენლის საჯარო "პოსტზე" რას ფიქრობ - რატომ დაწერა, თქვენგან რას ელოდა?

- ნამდვილად არ ველოდით, რადგან ამ ტელევიზიიდან ცუდად არ წამოვსულვართ. ჩვენ შორის კონფლიქტი და დაპირისპირება არ ყოფილა, ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემდით და ვცემთ, "შიდა სამზარეულოში" (რამდენიმე ადამიანს კარგად ვიცნობთ, ახლო ურთიერთობა გვაქვს), თავადაც არ ელოდნენ. არ ვიცი, რა მოხდა. არხზე სულ სხვა თანადგომას ვგრძნობდით, "პოსტში" კი - სულ სხვა რამე ეწერა. მართლა ვერ ავხსნი, ეს რატომ მოხდა, მით უმეტეს, ის ყველაფერი "ვანოს შოუს" მართლა არ ეკუთვნოდა....

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"