"ჯანდაბას, გავაგრძელებ დახმარებას" - ილონ მასკის "ორმაგი თამაში"? ვის მხარეზეა მილიარდერი - უკრაინის თუ რუსეთის? – რას წერს Financial Times? - კვირის პალიტრა

"ჯანდაბას, გავაგრძელებ დახმარებას" - ილონ მასკის "ორმაგი თამაში"? ვის მხარეზეა მილიარდერი - უკრაინის თუ რუსეთის? – რას წერს Financial Times?

ბრიტანულმა გაზეთმა - „ფაინენშელ თაიმსი" (Financial Times) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „უკრაინაში Starlink-თან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები ქვეყნის ციფრული დამოკიდებულების რისკებს ზრდის“ (ავტორი - ჯილიან ტეტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ილონ მასკის ტექნოლოგიების გამოყენებამ ნათლად წარმოაჩინა საკითხი იმისა, თუ რამდენად შეიძლება ქვეყნის თავდაცვა დამოკიდებული იყოს ერთი მილიარდერის კაპრიზებზე.

ამ ცოტა ხნის წინათ, ბრიტანელმა პოლიტიკოსმა კრის ბრაიანტმა პარლამენტში დღემდე გაუგონარი რამ თქვა: „დადგება თუ არა ისეთი მომენტი, როცა ჩვენ ვიფიქრებთ ილონ მასკის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მიღებაზე?“, - იკითხა მან. რატომ? იმიტომ, რომ მილიარდერი, როგორც ჩანს, უკრაინის ომში „ორმაგ თამაშს“ ეწევა.

თავდაცვის მინისტრმა პოლიტიკოსს ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ კრის ბრაიანტმა ეს კითხვა ორი მიზეზის გამო დასვა: პირველი - ისეთი შეგრძნებაა, რომ თავის "ტვიტებში" უკრაინასთან მიმართებით, ილონ მასკი ვლადიმერ პუტინის იდეების ტრანსლირებას ახდენს (კერძოდ, წერს, რომ მოსკოვის პრეტენზიები ყირიმზე სამართლიანიაო); მეორე - ილონ მასკის კომპანიის SpaceX-ის მიერ შექმნილი თანამგზავრული ინტერნეტ-სისტემის Starlink-ის ირგვლივ უცნაური გაურკვევლობაა შექმნილი: მართალია, ომის გამო სიტუაცია გაუგებარია, მაგრამ ინვესტორებმა და პოლიტიკოსებმა ამაზე ყურადღება დროულად უნდა გაამახვილონ, რადგან მისმა შედეგებმა შეიძლება უკრაინის ფარგლებს გარეთაც მოახდინონ ნეგატიური გავლენა.

იმისთვის რომ მდგომარეობაში გავერკვეთ, ცოტა წინაისტორიას გადავხედოთ.

როცა რუსეთმა უკრაინაში ჯარი შეიყვანა, ილონ მასკმა თანხმობა განაცხადა კიევისათვის Starlink-ის ტერმინალები გადაეცა და ინტერნეტით უზრუნველეყო როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე სამხედრო მოსამსახურეებიც. ტერმინალები პატარა მოწყობილობებია, რომლებიც თავდაპირველად სამომხმარებლო ბაზრებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც მათ ერთმანეთთან SpaceX-ის კოსმოსურ თანამგზავრების მეშვეობით დააკავშირებდათ.

რა თქმა უნდა, ამისათვის ილონ მასკი ქებას იმსახურებს. Starlink-ის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ხომ იმაშია, რომ ის ერთგვარ „გამანაწილებელ სისტემას“ წარმოადგენს, რომლის ტერმინალები დიდ ტერიტორიაზეა გაბნეული. მისი რაკეტებით განადგურება უფრო ძნელია, ვიდრე ფიჭური კავშირის ანძებისა.

თვითონ ილონ მასკის თქმით, დღეისათვის უკრაინაში Starlink-ის დაახლოებით 25 ათასი ტერმინალი მუშაობს, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელ სამოქალაქო და ჰუმანიტარულ ფუნქციებს ასრულებს - საავადმყოფოებიდან დაწყებული, ბანკებით დასრულებული. გარდა ამისა, ტერმინალებს ფართოდ იყენებს უკრაინის არმიაც და მათი დახმარებით მნიშვნელოვანი ოპერაციების რეალიზებას ახდენს.

მაგრამ ამას წინათ, მოვლენებმა უცნაური სახე მიიღეს. გასულ თვეში ილონ მასკმა მოულოდნელად გამოაქვეყნა "ტვიტი", რომელშიც განაცხადა - Starlink-ის სისტემა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებით უნდა იქნეს გამოყენებულიო (თუმცა ამერიკელმა ჩინოვნიკებმა მანამდე განაცხადეს, რომ „სფეისიქსმა“ ათასობით ტერმინალი გაყიდა ნატოს ქვეყნებისათვის, თანაც მზარდი ფასებით). რისკების შემფასებელი კონსალტინგური კომპანიის Eurasia Group-ის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა იენ ბრემერმა თავის კლიენტებს აცნობა, რომ ილონ მასკმა უარი განაცხადა Starlink-ით ყირიმის ტერიტორიის დაფარვაზე, რადგან რუსეთის შურისძიებისა შეეშინდა. ამის საპასუხოდ, ილონ მასკმა თქვა, რომ "იენ ბრემერი რაღაცას "ჩმახავს" და არ დაუჯეროთო“, თუმცა პოლიტოლოგის ნათქვამი სხვა ჩინოვნიკებმაც დაადასტურეს.

შემდეგ, სექტემბრის ბოლოს, Starlink-ის ტერმინალებმა მუშაობა შეწყვიტეს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში, რომლებიც ვლადიმერ პუტინის არმიის ოკუპაციაში მოყვნენ, მაგრამ შემდეგ უკრაინის არმიამ დაიბრუნა. კიეველი ჩინოვნიკების თქმით, კავშირის გათიშვამ ჯარი რიგ „კატასტროფულ სიტუაციებამდე“ მიიყვანა.

შემთხვევითი თანხვდომაა? შეიძლება. ან თუნდაც ტექნიკური მიზეზი და რუსების მიერ შექმნილი დაბრკოლებები... მაგრამ საქმეში ჩახედულ ამერიკელ დამკვირვებლებს კითხვები გაუჩნდათ - ხომ არ ცდილობს „სფეისიქსი“ უკრაინის არმიის წინსვლის დამუხრუჭებას? თანაც ამ მოარული ხმების ფონზე, ახლახან რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმერ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ ილონ მასკმა პრორუსული პოზიცია იმიტომ დაიკავა, მოსკოვმა რომ მისი თანამგზავრები არ ჩამოაგდოსო.

სხვებთან ერთად, მეც დავინტერესდი ილონ მასკის გუნდის მოქმედებით, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. მახსოვს, რომ ადრე ილონ მასკმა "ტვიტში" განაცხადა, რომ ინტერნეტ-დაფარვასთან დაკავშირებით გაჩენილი პრობლემები "გასაიდუმლოებულია“, რომ SpaceX-მა უკრაინას 80 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია და რომ თვითონ მშვიდობის მხარდამჭერია. ისიც ცნობილია, რომ ორიოდე თვის წინათ, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხეილ ფედოროვმა ილომ მასკი დიდად შეაქო გაწეული დახმარებისთვის, მილიარდერმა კი საქვეყნოდ განაცხადა, „მოხარული ვარ, უკრაინას მხარი დავუჭიროო“.

მაგრამ სანამ ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა მოხდა (ან პირიქით, რა არ მოხდა), სიტუაცია დასავლელი პოლიტიკოსებისა და ინვესტორების წინაშე შემაშფოთებელ კითხვებს აყენებს. რას მოიმოქმედებენ ამერიკელი პოლიტიკოსები ჭირვეული მილიარდერის მიმართ? როგორ შეაფასებენ ინვესტორები პოლიტიკურ რისკებს, როცა კერძო კომპანიები სახელმწიფო სამხედრო უწყებას ამარაგებენ და კოსმოსში რაკეტებს უშვებენ? შეუძლია თუ არა აშშ-ის მთავრობას „სფეისიქსი“ „თავდაცვის წარმოების შესახებ“ კანონის ჩარჩოებში მოაქციოს? რამდენად დასაშვებია ილონ მასკისათვის რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკების წარმოება, როგორც Eurasia Group-მა ივარაუდა?

გარდა ამისა, იბადება კითხვა ტექნიკურ დამოკიდებულებასა და დივერსიფიცირებასთან დაკავშირებით. მიმდინარე წელს უკრაინა მთლიანად გახდა დამოკიდებული Starlink-ის ინტერნეტ-მომსახურებაზე. გასაგებია, რომ ეს ობიექტურმა გარემოებებმა გამოიწვია - კიევს მოუწია სწრაფად ემოქმედა, ილონ მასკის კომპანია კი საუკეთესო აღმოჩნდა ალტერნატივებს შორის და ძალიან იაფი. როგორც მინისტრი მიხეილ ფედოროვი აღნიშნავს, სისტემამ უკრაინას განუზომელი სამსახური გაუწია. მაგრამ მასზე დამოკიდებულება ქვეყანას პოტენციური მოწყვლადობის რისკს უქმნის (რაც ძალიან ჰგავს გერმანიის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე და ამერიკისა - ტაივანურ ინტეგრალურ სქემებზე).

უეჭველია, თუ უკრაინა სამომავლოდ მილიარდერისაგან დამოკიდებულების შემცირებას მოისურვებს, ამისთვის კიევი რაიმე გზას მოძებნის, მაგრამ ჯერჯერობით სხვა პატარა ქვეყნები - ტაივანიდან ესტონეთამდე, ამ მხრივ, დაუცველები არიან.

უფრო ფართო გაგებით, ეს ეპოპეა ერთგვარი საგანგაშო მინიშნება უნდა იყოს ყოველი მსხვილი მეწარმისათვის, ინვესტორისა და პოლიტიკოსისათვის. უკრაინის კონფლიქტი მწვავედ უსვამს ხაზს, თუ რამდენად ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ და რამდენად იქცნენ ციფრული პლატფორმები ეკონომიკის მაცოცხლებელ წყაროდ და არამარტო ეკონომიკის... ამრიგად, კითხვა, ვის ხელში არიან ასეთი კომპანიები და რამდენად გვჯერა მათი საიმედოობისა, სულ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დაკარგული ნდობის აღდგენა კი ძალიან რთულია. ამიტომ არის აუცილებელი დივერსიფიკაცია.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ილონ მასკი გვეტყვის - ბატონებო, მენდეთ - და მისი Starlink-ის ტერმინალები უკრაინაში სასწაულების მოხდენას გააგრძელებენ. მაგრამ თუ ისევ რაღაც ზიგზაგური სიუჟეტის მოწმენი გავხდებით, მაშინ ბრიტანელი კრის ბრაიანტის კითხვა გიჟურად აღარ მოგვეჩვენება. გარდა ამისა, ყველას დაგვჭირდება ჩაფიქრება საკუთარ ციფრულ დამოკიდებულებაზეც.

(წყარო)

P.S. რამდენიმე საათის წინ, ილონ მასკმა "ტვიტერში" განაცხადა, რომ იგი გააგრძელებს უკრაინაში Starlink-ის დაფინანსებას: „ჯანდაბას... მიუხედავად იმისა, რომ ამ ომში დიდ თანხას ვკარგავ, სხვა კომპანიები კი მილიარდობით დოლარს იღებენ გადასახადის გადამხდელების ფულიდან, მაინც გავაგრძელებ უკრაინის ხელისუფლების დახმარებას“. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ