"სანამ "ქართულ-ჯიგრული პონტი" კანონზე მაღლა იდგება, მანამდე სულ ასეთ დღეში ვიქნებით..." - კვირის პალიტრა

"სანამ "ქართულ-ჯიგრული პონტი" კანონზე მაღლა იდგება, მანამდე სულ ასეთ დღეში ვიქნებით..."

13 ოქტომბერს ტრაგედია დატრიალდა ვაკის ბაღში, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოს შემდგომ, სწორედ წინადღეს გახსნეს. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი - 55-ე სკოლის მოსწავლე, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, დაშავდა 2 მისი თანატოლი, რომლებიც მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოხვდნენ. საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. როგორც გაირკვა, სარეაბილიტაციო სამუშაოს მთავარი კონტრაქტორია კომპანია "გრინსერვის+", რომლის მეწილეები ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე რამდენიმე წლის წინ ფულის გათეთრებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. საქმეს 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებდა და უკავშირდებოდა კომპანია "გრინსერვისს". ბრალის წარდგენიდან ერთ წელიწადში ფურცხვანიძემ ბრალი აღიარა და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხარშილაძეს კი 2 წლით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიესაჯა. მათ 2010 წელს დააფუძნებს კიდევ ერთი კომპანია "გრინსერვის+", რომლის 33-33%-იანი წილის მფლობელებიც არიან. მერიამ ტენდერი ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად 2021 წლის სექტემბერში გამოაცხადა. სავარაუდო ღირებულება 13.4 მლნ ლარი იყო. "გრინსერვის+"-მა 5 ოქტომბერს გააკეთა ბოლო შეთავაზება და განაცხადა, რომ მოთხოვნილ სამუშაოს 11,8 მლნ ლარად გასწევდა და ხელშეკრულება სწორედ მათ გაუფორმეს. როგორც აღმოჩნდა, ტენდერში გამარჯვებულმა "გრინსერვის+"-მა დაიქირავა გარე კონტრაქტორი - შპს "ჯორჯიან იუნიონი", რათა ამ უკანასკნელს ეწარმოებინა "კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენებით უზრუნველყოფის სამუშაოები". თბილისის მერიამ აგვისტოს ბოლოს ოფიციალურად ჩაიბარა ვაკის პარკში შადრევანი. ინსპექტირების ჩამტარებელი კომპანია წერდა, რომ შესრულებული სამუშაო სამშენებლო ნორმებს შეესაბამებოდა. აქ კიდევ ერთი საეჭვო საკითხი წამოიჭრა - როგორც ირკვევა, ვაკის პარკის შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოზე 2021 წლის ნოემბრიდან 22 წლის სექტემბრამდე 6 ინსპექტირების ანგარიში არსებობს - მათგან 5 სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს ეკუთვნის, რომელიც 2022 წლის აპრილში სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შავ სიაშია შეყვანილი ტენდერის მოსაგებად ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო. მიმდინარეობს გამოძიება. ხელისუფლების მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება, მაგრამ ხელისუფლება, წესით, პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც უნდა გრძნობდეს მომხდარის გამო. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან.

vaxtangdzabiradze.jpg

- ნება მომეცით უპირველესად გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს მივუსამძიმრო. საშინელება მოხდა, შეძრული ვარ... უბედური შემთხვევისგან არავინ ვართ დაზღვეული, მაგრამ ახლა აშკარად სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე. ეს არც ერთი ოჯახის უბედურება და არც ყოველდღიურობიდან ამოვარდნილი ერთი შემთხვევაა. სამწუხაროდ, დღევანდელმა მართვის სისტემამ თავისი თავი ამოწურა. დღეს "ქართული ოცნება" სრულად აკონტროლებს მთელ სახელისუფლებო სტრუქტურას, შესაბამისად, კორუფციის მასშტაბიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საქართველოში "ნაციონალური მოძრაობიდან" მოყოლებული, ტენდერები იქცა კორუფციის ერთ-ერთ წყაროდ, სადაც ხდებოდა და ხდება საბიუჯეტო სახსრების მითვისება.

პრობლემა კომპლექსურია. ორ თემას გამოვყოფ: პირველი - სამართლებრივად ვინ არის პასუხისმგებელი ამ უბედურებაზე, ანუ ვინ შეასრულა ტექნიკური სამუშაოები და მეორე - პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს. მე ტექნიკურ მხარეზე ვერაფერს ვიტყვი, ამას სათანადო ექსპერტიზა და გამოძიება სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების კისერზეა. ტენდერი, მასში გამარჯვებული საეჭვო წარსულის კომპანია, ასევე საექსპერტოდ შერჩეული ბიურო, ნამდვილად ბევრ კითხვას აჩენს.

როცა ვამბობ ხელისუფლებამ თავისი თავი ამოწურა-მეთქი, გეტყვით, რასაც ვგულისხმობ.

ბოლო 30 წლის განმავლობაში დაახლოებით ასეთი ვითარება გვაქვს - ხელისუფლებაში მოსული ძალა ჯერ კოალიციურად მართავს ქვეყანას, რა დროსაც ქვეყანაში მეტ-ნაკლებად დემოკრატიული გარემო იქმნება, მერე მთავარი პოლიტიკური პარტია დანარჩენ კოალიციურ ძალებს იშორებს და იწყებს ერთპარტიულ მართვას. "ქართულმა ოცნებამ" 2016 წელს დაიწყო ამგვარ მონოლითად ჩამოყალიბება და 2020 წელს, ფაქტობრივად, ყველა დონეზე ხელისუფლება დააკომპლექტა არა მარტო თავისი ხალხით, არამედ მისი მონა-მორჩილი ადამიანებით, იმ პირებით, რომელთაც ძირითადად ფინანსური ინტერესები აქვთ. მესამე ვადით არჩეულ "ქართულ ოცნებას" უკვე აღარ ჰყავს მაკონტროლებელი და შესაბამისად, არც აღარაფერს დაგიდევთ. საბოლოოდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს ტენდერებში უკანონოდ ფულის მოჭრას უპრეცედენტო მასშტაბი აქვს. "ატკატები" სად როგორ ხდება, ამის მტკიცებულება მე ვერ მექნება, მაგრამ არაოფიციალურად ყველამ ხომ ყველაფერი ვიცით - საქართველო პატარა ქვეყანაა...

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანიები, რომლებიც იგებენ ტენდერებს, დიდწილად ვალდებული არიან სწორედ იმათთან, ვისთანაც "ატკატები" მიაქვთ, ანუ ფულს ვისაც უხდიან, და მერე რას როგორ გააკეთებენ, სულ ფეხზე ჰკიდიათ. სამწუხაროდ, ვფიქრობ, ეს არ იქნება უკანასკნელი ტრაგედია, რადგან ბევრი მიმართულებით იგივე კეთდება - სამუშაოს შემსრულებელი პასუხისმგებლობისგან თავისუფლად გრძნობს თავს მაშინ, როცა მისატანი მიაქვს იქ, სადაც "საჭიროა".

ტექნიკური ექსპერტიზა ჩატარდება და ყველაფერს ნახავენ, თუმცა შემიძლია ვივარაუდო, რომ ის მასალები და ელემენტები, რითაც ეს შადრევანი მუშაობს, არ შეესაბამება სტანდარტებს. დარწმუნებული ვარ, გამოყენებულია იაფფასიანი მასალა, თუმცა ქაღალდზე სხვა ექნებათ გაფორმებული. ეს ხელისუფლება სრულად გასულია კონტროლიდან და თვლის, რომ გაბატონებული კლასია.

ურთულესი ვითარებაა ქვეყანაში. როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ ამბავში მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის, ეს ასეც იქნება, რადგან კალაძეს ან რომელიმე საქალაქო სამსახურის უფროსს პირადად არ ჩაუტარებია სარეაბილიტაციო სამუშაო, მაგრამ სწორედ მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია ის, თუ ვინ და როგორ მოიგო ტენდერი სარეაბილიტაციოდ თუ ექსპერტიზის ჩასატარებლად. აგერ, ავლაბრის მეტროსთან შენდება უზარმაზარი კორპუსი ყოველგვარი გენგეგმის გარეშე. ვინმე დაიჯერებს, რომ ვინც იმ კორპუსს აშენებს, შემთხვევითი მშენებელია, რომელმაც განცხადება შეიტანა და ასე მოიპოვა მშენებლობის უფლება? ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობაც. სანამ ჩვენში მიღებული დამოკიდებულება, რომ ქართულ, "ჯიგრულ პონტში" ახლობელს უნდა დაეხმარო და ასეთ შემთხვევაში კანონის დარღვევა პრობლემა არ არის, მანამ ამ დღეში ვიქნებით.

- ოპოზიცია ითხოვს, რომ კალაძემ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს თბილისის მერის თანამდებობიდან...

- ამ ქვეყნისთვის ცალკე პრობლემად იქცა ოპოზიცია. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია კალაძე როგორმე გადადგეს, მაგრამ ეს რას შეცვლის? გადადგება ის და მოვა სხვა. ეს სისტემურად რას გამოასწორებს, ან ამით თვითონ ოპოზიციისთვის რა შეიცვლება? კი ბატონო, გადადგეს, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ეს პრობლემას ვერ მოხსნის. მით უფრო, როდესაც ამაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლაპარაკობენ, ეს საზოგადოების ნაწილს ძალიან აღიზიანებს. საკუთარი მმართველობა და იმ დროს ჩატარებული ტენდერები გაიხსენონ... ჯერ არ დაგვვიწყებია, რომ იმჟამინდელ პროექტებსაც არ ჩაუვლია უმსხვერპლოდ. თუმცა, როგორც წესი, ჩვენთან ხომ საკუთარ თვალში დირესაც ვერ ხედავენ. შენიანი თუ არღვევს კანონს, არა უშავს, მაგრამ ეს მიუღებელია, სხვა თუ დაარღვევს. აი, ასეთი მრუდე დამოკიდებულება აქვთ. ამგვარი მიდგომა ჩვენს საზოგადოებაში არა და არ მოისპო, რაც ქვეყნის განვითარებას ძალიან აფერხებს. დღეს ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, ისევ პოსტსაბჭოური საზოგადოებაა. მაინც იქ ვართ ჩარჩენილი. არადა, პრობლემების უფრო ფართო და სიღრმისეულად ხედვა გვჭირდება. განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც პოლიტიკაში არიან, და იმათაც, ვინც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში მეტ-ნაკლებად მონაწილეობენ. საუბედუროდ, საბოლოოდ ყველა პრობლემა საკითხის ამგვარად წარმოჩენამდე დადის: რა სჭირდება ხელისუფლებას და რა ოპოზიციას. არავინ ფიქრობს იმაზე, რა სჭირდება ქვეყანას...

- გიორგი ვაშაძის თქმით, იგეგმება დასავლური ორიენტაციის, ფართო ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბება და რომ თითქოს მოლაპარაკება დაწყებულია, თუმცა გაირკვა, რომ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა ამის თაობაზე ჯერ ბევრი არაფერი იციან. საინტერესოა, თუ არსებობს დღეს რესურსი ამგვარი ერთობის შესაქმნელად და თუ შეიქმნება, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს?

- თეორიულად ამგვარი რესურსი ნამდვილად არსებობს, მაგრამ რამდენად მოხერხდება ამის რეალობად ქცევა, რთული სათქმელია. ბატონი ვაშაძე ძალიან აქტიური ადამიანია, მუდმივად ეკრანზეა, რაღაც იდეებს ისვრის, მაგრამ პოლიტიკოსი მარტო კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ რასაც ამბობს, იმის ნაწილის შესრულება მაინც უნდა შეეძლოს. სიმართლე გითხრათ, ვაშაძე რატომ უნდა ლაპარაკობდეს დიდ გაერთიანებაზე, არ ვიცი, იქნებ ჯობს ჩაიხედოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებში და ნახოს, რა მხარდაჭერა მიიღო. პირადად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როცა ასეთი ინიციატივით გამოდიხარ, სულ ცოტა, საკუთარი შესაძლებლობები ხომ უნდა გქონდეს გაანალიზებული. იმისა არ იყოს, მრავალათასიან აქციებს რომ აანონსებენ ხოლმე, არადა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რუსთაველზე 20 კაცს ძლივს შეკრებენ. ვაშაძე ექსპერტი ხომ არ არის, იდეები რომ შესთავაზოს ვინმეს, პოლიტიკოსია, რომელმაც საჯარო განცხადებების გაკეთებამდე ჯერ უნდა მოსინჯოს ესა თუ ის ინიციატივა. ამგვარად წამოსროლილი განცხადებები ისევ ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობს.

ჩემი აზრით, გაერთიანებები აუცილებელია, მაგრამ მანამდე ელექტორატი უნდა გაანალიზდეს კარგად. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამომრჩეველი დაყოფილია სამ ნაწილად: 1. "ქართული ოცნების" მომხრეები; 2. "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები; 3. ელექტორატის ნაწილი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე. შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩევლის 2/3 ოპოზიციურია, მაგრამ ეს ხალხი საარჩევნოდ საით წავა, ესაა საკითხავი. დღემდე მნიშვნელოვანი ნაწილი "ქართული ოცნებისკენ" მიდიოდა, ნაწილი სულ არ მიდიოდა არჩევნებზე. მთავარია, მოხერხდეს ისეთი გაერთიანების შექმნა, რომელიც ამ ამომრჩეველს, რომელსაც არც "ნაციონალური მოძრაობა" უნდა და აღარც "ქართული ოცნება", თავისკენ გადაიბირებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები გაიძახიან, ჩავდივართ რეგიონებში და ხალხი მხარს გვიჭერსო. ბატონებო, ნუთუ ვერ ხედავთ, როდესაც ამა თუ რეგიონში თუ უბანში მიდიხართ, მხოლოდ თქვენი მხარდამჭერები მოდიან თქვენთან შესახვედრად და ეს მთელი მოსახლეობა არ არის. ბევრი რამის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა პატარა პარტიებს შეექმნათ გაერთიანება. აშკარად ჩანს, რომ მომავალ არჩევნებში ხელისუფლება 2 მიმართულებით იბრძოლებს: იქნება "ქართული ოცნება" და იქნება ეს ე.წ. "ხალხის ძალა", რომელსაც პარტიად ჩამოაყალიბებენ და შეეცდებიან პრორუსული ელექტორატი, რომელიც აქამდე "პატრიოტთა ალიანსს" თუ "ალტ-ინფოს" მხარდამჭერი იყო, საკუთარ ყულაბაში მიითვალონ, რადგან პროპორციულ არჩევნებში აღარ აქვთ მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვების შანსი. აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ უკავშირდება საქართველოს. იქ როგორც კი დასრულდება საომარი მოქმედებები და რაღაც გადაწყდება, ეს სარკისებურად აირეკლება საქართველოში არსებულ ვითარებაზე. რუსეთს ისე უჭირს, რომ გამარჯვების შანსი ნაკლებად აქვს, მაგრამ თეორიულად თუ დავუშვებთ რუსეთის უპირატესობას, ჩათვალეთ, რომ საქართველო რჩება რუსულ ორბიტაზე. მეტიც, შეიძლება ეს მთელ სამხრეთ კავკასიაზეც გავრცელდეს. თუ პირიქით მოხდა, მაშინ "ქართულმა ოცნებამ" ახლავე უნდა ეძებოს თავშესაფარი.

გარდა ამისა, ოპოზიციას აქვს სხვა პრობლემებიც, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების. ოპოზიციაში არიან პირები, გვარებს არ დავასახელებ, რომელთა შესახებ ელექტორატის აზრი ჩამოყალიბებულია და მათ აქტიურობას უფრო მეტი ნეგატივი მოაქვს, ვიდრე პოზიტივი. თუ ქვეყნის ინტერესებზეა ლაპარაკი, ეს ყველაფერი უნდა გაანალიზდეს და გადაწყვეტილებებიც შემდგომ მიიღონ.

- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო, მაგრამ მასში მოხვდა ჩანაწერი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეა მოითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ჩანაწერი სააკაშვილზე თავდაპირველ ვარიანტში არ იყო და ეს თურმე "შეაპარეს"...

- რა უნდა ვთქვა... ამგვარი აგდებული დამოკიდებულება ახალი არ არის. რაც უფრო ცუდად მიდის საქმე ქვეყანაში დემოკრატიის მხრივ, მით უფრო კატეგორიული ხდება დასავლეთი. შესაბამისად, მეტად ოდიოზური და ანტიდასავლური ხდება "ქართული ოცნების" რიტორიკაც. "შეაპარეს" მაგარი ნათქვამია, გამოდის, ევროპარლამენტში ხალხს სძინავს. თუ ასეთი მარტივია, იმუშაონ თვითონაც, გააკეთონ ყველაფერი, რომ მაგათი მხარდამჭერი ჩანაწერები "შეაპარონ" ევროპარლამენტს. ბოლოს და ბოლოს, მმართველი პარტიაა... თავის გასამართლებლად "ქართული ოცნების" ლიდერები უკვე ყველაფერს კადრულობენ. პირადად მე არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის ისე წარმოჩენას, თითქოს დამნაშავე არ არის და ტყუილად ზის ციხეში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან მართლაც უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ მის გათავისუფლებას არ ვეწინააღმდეგები. "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დღეს არაფერი ემუქრება, დასავლეთი იძულებულია გაუწიოს ანგარიში და ჩვენი ხელისუფლება მიიწვიოს ყველა მნიშვნელოვან ფორუმზე, თუმცა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კილო სულ უფრო მკაცრი ხდება.

დღეს საქართველოს, და არა მარტო ჩვენი, ბედი წყდება კიევში. როგორც აღვნიშნე, იქ პროცესების განვითარება ბევრ რამეს შეცვლის მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც. ეს მშვენივრად იციან "ქართულ ოცნებაშიც" და ცდილობენ გაჰყვნენ დინებას და საკუთარი ძალაუფლებისთვის უსაფრთხოება ასე უზრუნველყონ. შემდეგ როგორ იქნება საქმე, ჯერ ამაზე თავს არ იტკივებენ, იმედი აქვთ, რომ სიტუაციურად იმოქმედებენ და თავს ასე გადაირჩენენ.

რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებას, მიმაჩნია, რომ სულ ცოტა 2024 წლამდე სააკაშვილი სჭირდებათ საქართველოში. თუ მის ჯანმრთელობას მართლაც სერიოზული საფრთხე არ დაემუქრა, ვფიქრობ, მას ქვეყნიდან არ გაუშვებენ.