ვინ აგებს პასუხს?! - კვირის პალიტრა

ვინ აგებს პასუხს?!

13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიც­ოცხლე 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას შეეწირა. მოზარდებს იმ საბედისწერო დღეს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ და ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ულამაზეს მარიტას ვეღარ უშველეს, ის კლინიკაში გარდაიცვალა. მისი მეგობრები კი, ლაზარე და ანდრია, საბედნიეროდ, გადარჩნენ. ანდრია უკვე გაწერეს კლინიკიდან, ხოლო ლაზარე მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს და ექიმები იმედოვნებენ, რომ მალე გამოჯანმრთელებულს შინ გაუშვებენ. ტრაგედიის ადგილას მეორე დღეს მოქალაქეებს დილიდანვე მიჰქონდათ ყვავილები და სათამაშოები, სანთლებს ანთებდნენ. აუზი ახლა დაცლილია. ექსპერტებმა დიდხანს იმუშავეს, აუზთან ახლაც აწყვია წყლიდან ამოღებული კაბელები.

მარიტაზე წარსულში საუბარი ყველას უჭირს. ამ ულამაზესი გოგონას წარმატებით­ ყველა ხარობდა - ის ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო და სწავლობდა 55-ე საჯარო სკოლის მერვე კლასში. გოგონას ცხედარი ვაკის სამების ტაძარში დაასვენეს. იქ გაიმართა სამოქალაქო პანაშვიდები... ამ დროს სიტყვები უძლურია. "კვირის პალიტრა" თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

დღეს ყველას ერთი მთავარი კითხვა­ აქვს: როგორ გადავიდა დენი წყალში და ვინ აგებს პასუხს ამ უმძიმეს ტრაგედიაზე.­ გამოძიება სს კოდექსის 240-ე პრიმა-მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა მურადაშვილის თქმით, ამ დროისთვის 100-მდე პირია დაკითხული.

გამოძიებამ უკვე დაჰკითხა ყველა ის პირი, ვინ მუშაობდა პროექტსა და ასევე ობიექტზე. მათ შორის არიან შემსრულებელი კომპანიისა და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებიც, რომელთაც პროექტი ექსპლუატაციაში მიიღეს. ამ სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ირწმუნება, რომ შადრევანი ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე და იმავე დილითაც შემოწმდა და გაიწმინდა.

არც ერთი სამუშაო არ ჩაგვიტარებია, რომ არ ჩატარებულიყო ექსპერტიზა. ექსპერტიზით ნათქვამი იყო, რომ ჩატარებული სამუშაო სრულად შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტაციას და სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან - ამაზე მეტი დასკვნა ბუნებაში არ არსებობს. დასკვნა დიდია, დაახლოებით 500-გვერდიანი. მას აქვს დანართები ელექტროგაყვანილობის, მილების გაყვანილობის..."

"თუ რამე ხარვეზი იყო, უნდა გამოჩენილიყო ობიექტის მიღება-ჩაბარების დროს, როცა საექსპერტო დასკვნა დაიწერა. შეიძლება პროექტშიც იყო ნაკლი და შესრულებული სამუშაო სწორია, ან პირიქით - პროექტში სწორად იყო გათვლილი ყველაფერი, მაგრამ სამუშაოს შესრულების დროს, კაბელის ან დამცავი ხუფის მონტაჟისას, ან რაიმე სხვა მოქმედების დროს რაღაც დაირღვა და ამ დროს დაზიანდა კაბელი. თუ პროექტში იყო პრობლემა, დადგება პროექტის ავტორისა და საექსპერტო ბიუროს პასუხისმგებლობა, თუ შესრულებაშია პრობლემა, მაშინ ეს შემსრულებელი კომპანიის პასუხისმგებლობაა",­ - ამბობს თბილისის მერის მოადგილე ანდრია­ ბასილაია და ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.

"ძალიან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ეს წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს", - თქვა "გრინსერვის პლუსის" დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოკითხვის შემდგომ. მან თითქმის 24 საათი გაატარა პოლიციაში. სწორედ ლაშა ფურცხვანიძის კომპანია მუშაობდა ობიექტზე. ფურცხვანიძის თქმით, შადრევანი ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში მუშაობდა და დარღვევა­ ვერ აღმოაჩინეს. "ჩვენი თანამშრომლები წინადღეს 3 საათი მუშაობდნენ, ჩართულ აუზში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ ყველაფერს. მეტიც, სამჯერ ჩახტა ძაღლი, ამის ჩანაწერიც არსებობს და პრობლემა არ ყოფილა. ძალიან ბევრი დამთხვევაა..." რას გულისხმობს ლაშა ფურცხვანიძე დამთხვევაში, არ დაუკონკრეტებია. მისი მტკიცებით, სამუშაო ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა. მაშინ ისმის კითხვა, რა მოხდა?

ფურცხვანიძე და ხარშილაძე ფულის გათეთრების ბრალდებით იყვნენ დაკავებული

პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია, თუმცა ბევრი კითხვაა შემსრულებელ კომპანიასთან. მერიას კი იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ ტენდერი ამ კომპანიას მოაგებინა. კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისა და გიგი უგულავას მერობის პერიოდში ძველი თბილისის რაიონის გამგებელი იყო, ხოლო კიდევ ერთი მეწილე, კობა ხარშილაძე -­ მისი მოადგილე. ის თავის დროზე, ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი გახლდათ და 2015 წელს გასამართვებული იყო ჟვანიას საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით... მაშინვე გამოითქვა ეჭვი, რომ კომპანია მას დუმილის სანაცვლოდ შეუქმნეს, რათა ჟვანიას ბურუსით მოცული სიკვდილის შესახებ არ ალაპარაკებულიყო... შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ფურცხვანიძისა და ხარშილაძის კაბინეტებში მოსასმენი აპარატურები იპოვეს. უგულავამ ისინი თანამდებობებიდანაც გაათავისუფლა, თუმცა საზოგადოების თვალის ასახვევად. იმხანად სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირებაზე იყო ლაპარაკი და როგორც ჩანს, გიგი უგულავა იძულებული გახდა, მერაბიშვილთან ურთიერთობა აღარ გაემწვავებინა. რამდენიმე დღეში ხარშილაძე და ფურცხვანიძე "გრინსერვისის" 50-50%-იანი წილის მფლობელები გახდნენ და ტენდერები ერთმანეთის მიყოლებით მოიგეს... ახლა სწორედ მათ კომპანიას გადაუხადა მერიამ მილიონობით ლარი ვაკის პარკის შადრევნის რეაბილი­ტაციაში. დღეს მათ ძველ ბრალდებებს ახსენებენ და თვლიან, რომ მერიას ამ რეპუტაციის კომპანიასთან კონტრაქტი არ უნდა დაედო. ცნობილია, რომ ფურცხვანიძე და ხარშილაძე ადრე ფულის გათეთრებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული. ამ საქმეს 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებდა. მაშინ სამართალდამცავები ამტკიცებდნენ, რომ ფურცხვანიძემ თავის მოადგილესთან ერთად 2007 წელს ნაცნობების სახელზე ფიქციურად დააფუძნა შპს "გრინსერვისი", რომლის რეალური მფლობელები და ხელმძღვანელები მისი დაფუძნების დღიდან თავად იყვნენ. შპს "გრინსერვისის" დაფუძნების მიზანი იყო ამ კომპანიის მონაწილეობა ძველი თბილისის გამგეობის გამწვანებითი სამუშაოების ტენდერებში. ეს უკანასკნელები ტენდერებს აცხადებდნენ მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვით იმ რაოდენობისა და სახეობის ხემცენარეებზე, რომლებიც კომპანიას წინასწარ ჰქონდა შეძენილი და შესაბამისად, შპს "გრინსერვისმა" ფურცხვანიძისა და ხარშილაძის ძველი თბილისის გამგეობაში მუშაობის პერიოდში გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ ხუთ სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვა. ამ ბრალდებით ისინი გაასამართლეს კიდეც. ბრალის წარდგენიდან ერთ წელიწადში ფურცხვანიძემ ბრალი აღიარა და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო ხარშილაძეს 2 წლით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მოგვიანებით, მათ დააფუძნეს ახალი კომპანია შპს "გრინსერვის პლუსი" (ანუ შავ სიაში შეყვანილ "გრინსერვისს+" მხოლოდ პლუსი მიაწერეს) და 2022 წლამდე ეს კომპანია მილიონობით ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებს იგებდა. შესაბამისად ისმის კითხვა - რატომ აენთო მწვანე შუქი ტენდერებში იმ ბიზნესმენებს, რომლებიც სწორედ ტენდერებთან დაკავშირებული მაქინაციებისთვის იყვნენ დაკავებული. მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად 2021 წლის სექტემბერში გამოაცხადა ტენდერი, სავარაუდო ღირებულებით 13.4 მლნ ლარი. კომპანია "გრინსერვისმა+" 5 ოქტომბერს გააკეთა ბოლო შეთავაზება და განაცხადა, რომ მოთხოვნილ სამუშაოებს 11,8 მლნ ლარად შეასრულებდა და თბილისის მერიამ ხელშეკრულება სწორედ მასთან გააფორმა. ინსპექტირების ანგარიშის კვლევით ნაწილში მოცემულია ხარჯთაღრიცხვაც, სადაც ჩანს, რომ "ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენებით უზრუნველყოფის სამუშაოები" ჯამში 72.376 ლარი დაჯდა. როგორც ცნობილია, ტენდერში გამარჯვებულმა "გრინსერვის+მა", თავის მხრივ, დაიქირავა გარე კონტრაქტორი, შპს "ჯორჯიან იუნიონი". სწორედ მან აწარმოა კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენებით უზრუნველყოფის სამუშაოები. 15 აგვისტოს ამ ორ კომპანიას შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც წერია, რომ "ჯორჯიან იუნიონმა" შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, დააყენა ალუმინისა და ასევე მაღალი ძაბვის ალუმინის კაბელები; გაიყვანა სავენტილაციო გოფრირებული ორკედლიანი მილი, მიწა გაითხარა გვირაბული მეთოდით (კრიტით), ჩამოისხა რკინაბეტონის ჭა და ა.შ. ამ დოკუმენტს ხელს კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ბენდელიანი აწერს... ცნობილია ისიც, რომ თბილისის მერიამ აგვისტოს ბოლოს ოფიციალურად ჩაიბარა შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ინსპექტირების ჩამტარებელი კომპანია წერდა, რომ შესრულებული სამუშაოები სამშენებლო ნორმებს შეესაბამებოდა. მიღება-ჩაბარების აქტი 2022 წლის 26 აგვისტოს არის გაფორმებული და მას ხელს აწერს მერიის მხრიდან: გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი და ასევე "გრინსერვისის+" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. იქვე წერია, რომ სამუშაოები ინსპექტირებულია "აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს "მშენექსპერტის" ინსპექტირების ანგარიშით". სწორედ "მშენექსპერტის" 500-გვერდიან ანგარიშში წერია, რომ თბილისის მერიასა და "გრინსერვისს" შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან. მაშინ ისმის კითხვა: რა მოხდა, ვინ დაუშვა შეცდომა? რას შეეწირა 13 წლის მოზარდი?