„თუ სადენები გაყვანილია შადრევნის აუზში, მათი მექანიკური დაზიანება გამორიცხული და შეუძლებელი უნდა იყოს...“ - კვირის პალიტრა

„თუ სადენები გაყვანილია შადრევნის აუზში, მათი მექანიკური დაზიანება გამორიცხული და შეუძლებელი უნდა იყოს...“

სერგო მაისურაძე, სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" ტექნიკური დარგის ექსპერტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

- შადრევნები სხვადასხვა დანიშნულებისაა მათი ფუნქციონალური დატვირთვიდან გამომდინარე: არის მხოლოდ შადრევანი, შადრევანი განათებით, მუსიკალური შადრევანი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო ბათუმში დამონტაჟებული. ასევე არსებობს გამაგრილებელი შადრევანი, როცა დიდი სიცხეა, ადამიანს შეუძლია ჩასვლა. ამ გრადაციიდან გამომდინარე გაწერილია სხვადასხვა რანგის უსაფრთხოების ზომები. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის შადრევანი უნდა დამონტაჟდეს. წესით, ყველაფერი პროექტში უნდა იყოს გაწერილი. განათებიანი შადრევნის ნათურებს ელექტროენერგია წყალგაუმტარი იზოლაციით მიეწოდება. ყველაფერი, სანათები თუ სადენები, სივრცე, სადაც ნათურები მაგრდება, წყალგაუმტარი უნდა იყოს.

- ასეთ დროს ვოლტის სიმძლავრეს არ ექცევა ყურადღება?

- სიმძლავრეზე მეტად მთავარია იზოლირებული იყოს შადრევნის სივრცე და სპეციალური მასალით გაკეთებული, იმიტომ, რომ წყალი გამტარია. პროექტშივე უნდა იყოს მითითებული, დასაშვებია თუ არა კონკრეტულად ამ შადრევნის წყალში ჩასვლა. თუ შიგნით ელექტროგაყვანილობაა, ასეთ შადრევანს ჯებირი და მესერი უნდა ჰქონდეს, რათა შიგ იოლად ვერავინ ჩავიდეს. პარკის დაცვაც უნდა იყოს ინფორმირებული და რაც მთავარია, შადრევანთან გამაფრთხილებელი ნიშანიც უნდა იყოს გაკეთებული, რომ წყალთან კონტაქტი მიზანშეწონილი არ არის. ასეთი შადრევნის წყლის ჭავლი საშიშია.­ მისი ტუმბო ელექტროენერგიით მუშაობს. ამიტომ სადენების გარდა ტუმბო აუცილებლად დამიწებული უნდა იყოს. მეტიც, საჭიროა სარეზერვო დამიწებაც.

ტრაგედიის მიზეზებს ექსპერტები დაადგენენ. უპირველესად პროექტის ანალიზია გასაკეთებელი. მედიით გავრცელებულ ვიდეოფირში ჩანს, რომ ტრაგედიამდე წყალში არიან ბავშვები, თამაშობენ, მაგრამ შენიშვნა არავინ მისცა. შადრევანს ჯებირი რომ ჰქონოდა, ხომ ვერ ჩავიდოდნენ. მუსიკალური, განათებიანი შადრევანი აუცილებლად დაცული უნდა იყოს, მის ავზში ადამიანის ჩასვლა არ შეიძლება.­ ისიც გასარკვევია, იმ შადრევანს სად ჰქონდა გაყვანილობა. ინსპექტირების ორგანომ ინსპექტირება ჩაატარა და ვალდებულება აიღო ექსპერტიზაზე. გასარკვევია, რა და როგორ ჩატარდა.

shadrevani2-1665923695.jpg
პარიზი. შადრევანში მოჭყუმპალავე ბავშვებს დენის დარტყმის საფრთხე არ ემუქრებათ

- როცა დასრულებულ ობიექტს აბარებენ, მისი გამართულობა ხომ უნდა შემოწმდეს?

- აუცილებლად. უნდა გაირკვეს უსაფრთხოების საკითხები, უნდა გაიზომოს დამიწების წინაღობა, დადგინდეს, გადააქვს თუ არა დენი, არის თუ არა პროექტის შესაბამისად ობიექტი გაკეთებული. პროექტში მითითებული მასალის შესაბამისი თუ არის სადენები, ელექტრომოწყობილობები.პროექტში აუცილებლად უნდა იყოს მითი­თებული, რა სიმძლავრის ტუმბო, რომელი სახის სადენები უნდა გამოიყენოს მშენებელმა. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს შეერთებისა და გაყვანილობის სქემა და შადრევნის დანიშნულებიდან გამომდინარე­, ყველაფერი უპირობოდ წყალგაუმტარი, ორმაგი იზოლაციით უნდა იყოს. პროექტშივე უნდა იყოს ჩადებული უსაფრთხოების ყველა დეტალი.

- თქვენი აზრით, რა მიზეზით შეიძლებოდა ეს უბედურება მომხდარიყო?

- ერთი ვერსიით, იმ კომპანიამ, რომელმაც ეს გააკეთა, არ დაიცვა ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები. არც ის არის გამორიცხული, პროექტირების დროს შეცდომა იქნა დაშვებული. ხშირად ეს სწორედ პროექტირების დროს ხდება. ამის მიზეზი, ჩვენდა სამწუხაროდ, სათანადო კომპეტენციის უქონლობაა. 25-30 წელია საქართველოში ტექნიკური განათლება უდაბლეს დონეზეა. 15 წლის განმავლობაში პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიებს ვასწავლიდი. ახლა ეს ფაკულტეტი აღარ არსებობს, სხვა კათედრას შეუერთეს და სულ სამი კაციღაა კათედრაზე. არადა, საჭირო სპეციალობაა, რამდენი ტექნიკა მოძრაობს, რამდენი მანქანა დადის, სპეციალისტები კი არ არის. კარგი ელექტრიკოსიც სანთლით საძებარია. ტექნიკურ ექსპერტიზას ხშირად ვატარებ ამა თუ იმ კომპანიაში. ამას წინათაც ჩავატარეთ და ნურავის ეწყინება, ელიავას ბაზრობიდან მოყვანილი ხელოსნის გაკეთებულის დონის იყო საქმე. არც ერთი სტანდარტი არ ყოფილა დაცული, ელექტრობაში არაფერი გაეგებოდათ. ასე რომ, ერთ მიზეზი შეიძლება არაპროფესიონალიზმი იყოს. თუ პროექტირებაში ყველაფერი რიგზეა, მაშინ შესაძლოა შემსრულებელმა კომპანიამ ეკონომიის გამო მძიმე დარღვევით იმუშავა - წყალგაუმტარი მასალა ძვირია და იაფფასიანით გააკეთა რამე. ეს საქმე სპეციალისტმა უნდა გააკეთოს და შემსრულებელმა კომპანიამ ყველა ის მასალა უნდა გამოიყენოს, რაც პროექტშია.

- როგორ ფიქრობთ, მერიას არ ეყოლება ისეთი კადრები, რომელიც პროექტში დაშვებულ შეცდომებს გამოავლენს?

- ერთ მაგალითს მოგიყვანთ - ერთ-ერთ ახალაშენებულ სკოლაში, მაღალმთიან რაიონში, ექსპერტიზა ჩავატარე და ისეთი შეცდომები იყო დაშვებული, რომ სკოლა­ დაიწვა. ამ საქმეზე კრიმინალისტებმაც ვერ იმუშავეს ნორმალურად. ჩვენ ტექნიკური ნაწილის ექსპერტიზისთვის მოგვმართავენ, რადგან სამხარაული უარს ეუბნება მსურველებს, ჩვენ არა გვყავს სპეციალისტებიო. ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს ძველი სპეციალისტები გაუშვეს ბიუროდან და ტექნიკურ დარგში სპეციალისტი აღარ დარჩათ.

- სად შეიძლებოდა დენი გადასულიყო?

- თუ სადენები გაყვანილია შადრევნის ავზში, კიდევ ერთი ვერსიით, შეიძლება ბავშვებმა გაჰკრეს ფეხი და დააზიანეს, თუმცა მათი მექანიკური დაზიანება გამორიცხული და შეუძლებელი უნდა იყოს. საერთოდ, სადენები გაჰყავთ პლასტმასის ან ლითონის მილებში. თუკი ლითონის მილი იყო, შეიძლება ბავშვმა ფეხით გასრისა სადენის იზოლაცია და დენი ამიტომაც გადავიდა.

- როცა დენი გადადის, ავტომატურად არ უნდა იმოქმედოს დამიწებამ?

- დამიწება მუდმივად ჩართულია, დენის გადასვლის დროს ავტომატიკა არ მუშაობს. ავტომატური დაცვის საშუალება ჯერ არ მოუგონია მსოფლიოს, ამიტომაც არის დამცავი დამიწება და იზოლაცია საჭირო. ჩვენს სისხლძარღვებში სისხლი მოძრაობს, ის შეიცავს სპილენძსა და რკინას, ასე რომ, დენის შესანიშნავი გამტარია, მაგრამ ადამიანის სხეულს აქვს განსაზღვრული ელექტროწინაღობაც, რომლებსაც ქმნის სხვა ორგანოები, ძვლები, კუნთოვანი მასა... პლუს 50 ჰერცი სიხშირე ძალიან ახლოს არის ადამიანის გულის სიხშირესთან. როცა ერთ ფაზაში ხვდება ადამიანის გულისცემა და იქ არსებული ჰერცი, ეს აჩერებს გულს, ან დენის დარტყმის შედეგად გულის კუნთები იჭიმება და გული ჩერდება. ძაბვასა და სიხშირეზე ნერვული სისტემის რეაგირებაც სხვადასხვანაირია. ბავშვები შადრევანში ბავშვები რომ დარბოდნენ, გულისცემა უეჭველად ხშირი ექნებოდათ, მიახლოებული ძაბვის სიხშირეს. მეც დამარტყა წლების წინ 380 ვოლტმა ლაბორატორიაში, მაგრამ გადავრჩი, მხოლოდ ხელი დამეწვა. რამდენი ფაქტი ყოფილა, როცა ტროლეიბუსში ან ტრამვაიში 600 ვოლტი იყო, დაარტყა, მაგრამ გადარჩენილა ადამიანი.

- განათებიანი შადრევნის ავზში სიმძლავრე რამდენი უნდა იყოს?

- ეს დამოკიდებულია პროექტზე. რეკომენდაციები შეიძლება იყოს, მაგრამ ამდენი ვოლტის ზევით არ შეიძლებაო, ასეთი აკრძალვა არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია კონსტრუქციაზე - თუ ის არამდგრადია, შესაძლოა დენი გაატაროს. ვიმეორებ, მნიშვნელოვანია, რა წერია პროექტში.

- მერია ამბობს, რომ შადრევანი ექსპერტებმა შეამოწმეს, ჩვენც არაერთხელ დავტესტეთო. დასაშვებია, რომ შემოწმების გარეშე დაეწერათ დასკვნა?

- ეს ინსპექტირების ორგანომ უნდა შეამოწმოს. სხვათა შორის, ხშირია შემთხვევებიც, როცა დამიწებას ელექტროენერგიის მოსაპარავად იყენებენ. მიწიდან ნულს იღებენ და მრიცხველს სხვანაირად აერთებენ - მრიცხველი აღარ ტრიალებს, ელექტროენერგია იხარჯება, მაგრამ ხარჯი არ იწერება. სწორედ ამაში იყენებენ დამიწების კაბელს. თუ დამიწების კაბელი შეერთებული იყო ელექტროსქემაში, მაშინ უსაფრთხო იქნებოდა. თუ შეერთებული იყო გამომავალ კაბელზე, რომელიც მიდიოდა მრიცხველში, გამოდის, დამიწების კაბელი დენის მოპარვაზე მუშაობდა. ექსპერტიზის დროს ეს უთუოდ გამოჩნდებოდა.