„მექანიკურ დაზიანებას არ გამოვრიცხავ...“ - კვირის პალიტრა

„მექანიკურ დაზიანებას არ გამოვრიცხავ...“

ნუგზარ კირთაძე, ინსპექტირების­ ორგანოს ექსპერტი: - აქ შეცდომების კასკადთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე ერთ კონკრეტულ შეცდომასთან. დავიწყოთ დამიწების კონტურის საკითხით - ნებისმიერი ელმოწყობილობა მიერთებული უნდა იყოს დამიწების კონტურთან - მაგალითად, სარეცხი მანქანა, კონდიციონერი, უთო, ელჩაიდანი...

თუ დააკვირდებით, ყველა ამ მოწყობილობას ჩამრთველ ჩანგალზე აქვს მესამე ფეხიც. სწორედ ის არის დამიწებისთვის განკუთვნილი. იქაც უნდა ყოფილიყო დამიწების კონტური და ყველა დანადგარი: შტუცერები, ტუმბო და, ალბათ, განათებაც დამიწების კონტურთან უნდა ყოფილიყო შეერთებული. ამასთან, იზომება დამიწების კონტურისა და მასთან მიერთებული მოწყობილობების წინაღობა, რომელიც ძალიან დაბალი უნდა იყოს. დენის დინება გამტარებში შეგვიძლია შევადაროთ წყლის მოძრაობას მილებში. წყალი მიედინება იქით, საითაც ნაკლები წინაღობაა. ელექტრული დენიც ანალოგიურად იქცევა, საითაც ნაკლები წინაღობაა, იქით გაედინება. შესაბამისად, თუკი დამიწების კონტურს ექნება ძალიან მცირე წინაღობა, გაჟონილი დენი (თუ დაზიანდა ელექტროდანადგარი და დენი გადავიდა კორპუსზე), გაედინება დამიწების კონტურის გავლით მიწაში. წყლამდე, წესით, ვერ უნდა მიაღწიოს, რადგან მანამდე უნდა მოხდეს დენის გადინება დამიწების კონტურში. შემდგომ დამიწების სისტემამ უნდა იმოქმედოს და გათიშოს.

- გამოდის, დამიწების სისტემა ან არასწორად იყო დამონტაჟებული, ან რაღაცის გამო დაზიანდა...

- არც მექანიკურ დაზიანებას გამოვრიცხავ... ფაქტია, არ იმუშავა, წესით, უნდა ემუშავა. დიფერენციალური დაცვის სისტემა - ჟარგონზე ჩვენი ელექტრიკოსები გაზომვის ავტომატს უწოდებენ - ზუსტად ამისთვის არის შექმნილი, თუკი ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოხმარებას შორის შეიქმნა სულ მცირე სხვაობა მაინც, თუკი მიწოდებულმა ოდნავ მაინც გადააჭარბა მოხმარებულს, მაშინვე ამუშავდება დიფერენციალური დაცვა და სისტემას გამოთიშავს.

ვთქვათ, საათში მრიცხველი წერს 10 კუბმეტრ წყალს, თქვენ მოიხმართ 9-ს, ესე იგი, 1 კუბმეტრი სადღაც გაიჟონა. ამ მომენტს აფიქსირებს დიფერენციალური დაცვა. როგორც წესი, ძალიან ზუსტია, თუკი ეს სისტემა გამართულად მუშაობს, წამის მეათედებში ითიშება მთელი ქსელი. სპეციალისტმა უნდა დაადგინოს, რამ აამოქმედა დაცვის სისტემა. აღმოფხვრას, ისევ შეამოწმოს და თავიდან ჩართოს.

- გამოდის, დიფერენციალური დაცვის სისტემაც ან არ იყო გამართული, ან სწორად დამონტაჟებული, ან სულაც ძველი იყო?

- ვერაფერს გამოვრიცხავთ. მქონია შემთხვევები, შემიმოწმებია დაცვის სისტემა, კარგად მუშაობდა, მაგრამ მეორე მომენტში აღარ იმუშავა. მექანიკაა, საქმე გვაქვს რკინასთან, რა მომენტში როდის რომელი ჩამრთველი სად გაიჭედება, ვინ იცის.

დასადგენია, ჩატარდა თუ არა გაზომვები ან თუნდაც კაბელები, რომლებიც წყალში იყო გაყვანილი, იყო თუ არა წყალმედეგი. პროექტში იქნება დაფიქსირებული, რა კაბელების გამოყენება იყო გათვალისწინებული და რა ჩაიდო, იყო თუ არა სანათები წყალქვეშ დასაყენებლად გათვლილი... თუ გვინდა ასეთი რამ აღარ განმეორდეს, ყველა დეტალი უნდა შევისწავლოთ და თუკი სადმე შეცდომაა დაშვებული, დაფიქსირდეს. დამნაშავე კი არ უნდა ვეძებოთ, რომ ოთხში ამოვიღოთ, უნდა მივიღოთ სპეციალური ზომები, რომ ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს.