„ამბობენ, ექსპერტად მეზობელი დანიშნა, არაპროფესიონალიო“ - კვირის პალიტრა

„ამბობენ, ექსპერტად მეზობელი დანიშნა, არაპროფესიონალიო“

ირაკლი როსტომაშვილი, კომპანია "არსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი: - ვიდეოფირში თავიდან ბავშვები წყალში არიან ჩასული, მოცეკვავე შადრევანი ჩართულია და იმ დროს წყალში დენი არ არის. ამის მერე რა მოხდა, ეს არის გასარკვევი, შეიძლება რაღაც დაზიანდა. თავიდან ჩანს, რომ დენი არ იყო, ბავშვების მოძრაობიდანაც შეიძლება გამოჩნდეს, რა ადგილი დაზიანდა, 7 კამერაა აუზის გარშემო. ყველა ბოძზეა სათვალთვალო კამერა.

აუზის ელექტრომომარაგების სისტემაში ძირითადი დატვირთვა, რაზეც ყველაზე დიდი ოდენობის დენი იხარჯება, ტუმბოებზე მოდის, რომლებიც წნევას ქმნიან და შადრევანს ამუშავებენ. წრიულად დამონტაჟებულია შტუცერები, საიდანაც წნევით გამოდის წყალი, დაყენებულია სპეციალური ბლოკები, რომლებიც დავალებას იღებენ, ასე ვთქვათ, ტვინისგან, წყალი სხვადასხვა წნევით იფრქვევა და ქმნის დეკორატიულ ფორმას, ოღონდ ძრავები წყალში კი არა, მის გარეთაა. რაც შეეხება განათებას, სანათებად ეკონათურებია, 12 ან 24-ვოლტიანი, ანუ მათი ძაბვა არაფერ შუაში არ უნდა იყოს. სავარაუდოდ, დაზიანდა სატუმბო სადგური, რომელიც წნევას ქმნის და ძაბვა რკინის შტუცერებში გადავიდა.

- კაბელების, რომლებიც თვალსაჩინოა, ადგილი იქ არის?

- კაბელები შედის ცენტრისკენ, სადაც მოცულობაა, და იქ გადახურულია თუნუქის ხუფით. ცხადია, მათი ადგილი იქ არ არის. დენის წყალზე გადავიდა, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩართულიყო ამომრთველი.

- რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაყენებული.

- დაყენებული იქნება, ამ ტიპის საზოგადოებრივ ობიექტზე რომ არ იყოს, გამორიცხულია. პროფესიონალისთვის ამის გარკვევა ადვილზე ადვილია...

თუ პასუხისმგებლობაზე მიდგება საქმე, ეს ექსპერტიზის ბიუროს პასუხისმგებლობაა. პირობითად, კალაძეა მერი თუ სხვა, მნიშვნელობა არა აქვს, მერთან მიდის დოკუმენტი, რომ ყველაფერი კარგადაა შესრულებული. ეს დოკუმენტი ტყუილად კი არ იწერება - შემსრულებელი პროექტის დასრულებამდე წინასწარ დაფინანსებას იღებს, პირობითად 30%-ს, მერე იწყებს მუშაობას და მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მიიღებს სრულად ანაზღაურებას - ანუ დაქირავებული ექსპერტის დაწერილ დასკვნას, რომ ყველა თქვენი დავალება ზედმიწევნით შესრულებულია, იბარებს მერია და მერე ანაზღაურებს სამუშაოს. თუ ექსპერტი ეუბნება, რომ ობიექტზე სწორადაა ყველაფერი გაკეთებულიო, მერია აწერს ხელს. ამბობენ, ექსპერტად მეზობელი დანიშნა, არაპროფესიონალიო, თუ მართლაც ასეა და ნეპოტიზმით არის აყვანილი, მაშინ სხვა საქმეა და ეგეც დადგინდება. ასეა თუ ისე, თუ დაქირავებულმა ექსპერტმა ფული აიღო, სიყალბეზე მოაწერა ხელი და რაღაც არასწორად გააკეთა, ის არის პასუხისმგებელი ამ ტრაგედიაზე.

პროექტში ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი: გამოსაყენებელი მასალა, დანადგარები, ყველა დეტალი. თუ მშენებელმაც სწორად გააკეთა ყველაფერი და მაინც, ვთქვათ, მოკლე ჩართვა მოხდა, ან ამომრთველმა არ იმუშავა, ესე იგი, წუნიანი იყო. მაგალითად, ჩემს ახალგაზრდობაში ასეთი რამ შემთხვევა მოხდა - ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე ამწეს ისარი მოსძვრა. ატყდა ერთი ამბავი. გაირკვა, რომ სვერდლოვსკიდან ყოფილა შემოტანილი. პროკურორი წავიდა ქარხანაში და იქ დაადგინეს, რომ მეტალს, რომლითაც იყო დამზადებული, ჰქონია პრობლემა, არადა, მანამდე ტრესტის მმართველი დაიჭირეს.

მივყვეთ ჯაჭვს: პროექტი სწორია, შესრულებაც, მასალა, რაც იყო გათვალისწინებული, ნაყიდია, სწორად არის დამონტაჟებულიც, მაგრამ სად მოხდა გარღვევა - ამას შესწავლა სჭირდება. არ შეიძლება იმავე დღეს დასკვნების გამოტანა.

- შეიძლება თუ არა ეს ფაქტი გაკვეთილად იქცეს?

- ეს ტრაგედია გაკვეთილი ვერ იქნება, იმიტომ, რომ ზუსტად შარშან ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა და 9 კაცი დაიღუპა. იყო ვაი-ვიში და ერთი ამბავი, მას შემდეგ მიჰყვა ამ საქმე რომელიმე ტელევიზია და მოიძია რა ხდება? მთელი თბილისი ავარიულია, ლიფტებით და მიშენებებით... ვინმე დაინტერესდა მას შემდეგ? ყველას თავის დანაშაული ხომ აქვს ამაში? ეს არის ჩვენი საზოგადოების სახე. ქობულეთის სასტუმროში რომ ხანძარში ბავშვები დაიღუპნენ, ვინმე დაინტერესდა ამით მას შემდეგ?!