„ასე მგონია, მარიტა ჩემი შვილიც იყო“ - კვირის პალიტრა

„ასე მგონია, მარიტა ჩემი შვილიც იყო“

ცას პირი მოეღო, მასთან ერთად მთელი საქართველო მარიტას ტიროდა... ჩვენი დროის გმირად წოდებული დევი მეზურნიშვილის თვალზეც ბრწყინავდა ცრემლი... იცით, რა მითხრა? - ოღონდ ის ყოფილიყო ცოცხალი და თუნდაც მე ჩავრჩენილიყავი ფსკერზეო....

- შეიძლება იქ ჩემი შვილი ყოფილიყო, ან სხვისი შვილი, რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ბავშვზეა საუბარი... არაფერზე არ მიფიქრია, მხოლოდ მათ გადარჩენაზე ვიფიქრე იმწუთას, რომ მომესწრო და ეცოცხლათ. მე ზემოთ ვმუშაობდი, ამ აყოლებაზე, ხალხი რომ დახმარებას ითხოვდა, ჩქარა, უშველეთო! მაშინვე გამოვიქეცი. რომ მოვედი და წყალში დავინახე ბავშვები, ეგრევე ჩავედი შადრევანში.

- მიხვდით, რომ დენი იყო?

- ვიფიქრე, ეტყობა, წყალი ყლაპეს ბავშვებმა და მაგიტომ ვერ ამოდიან-მეთქი. მეტრამდე იყო წყალი, ფეხზე რომ მდგარიყვნენ, არაფერი მოუვიდოდათ, მაგას რა მომაფიქრებინებდა, რომ დენმა დაარტყათ. ჩავედი თუ არა, ვიგრძენი და დავიძახე, დენია-მეთქი. რაც ახლოს მივდიოდი, მით უფრო ძლიერი დენი მოდიოდა იქითა მხრიდან. ერთი ბავშვი ამოვიყვანე და მეორესთან ძალიან გამიჭირდა მისვლა. ვეღარ გამომყავდა, ორჯერ გავუშვი ხელი, იმიტომ, რომ დენი მაქცევდა. მიჭირდა, ფეხს ვეღარ ვდგამდი უკან გამოსასვლელად. მაინც მოვახერხე იმის გამოყვანა, ალბათ, უფალმა ინება. აღარ სუნთქავდა, უკვე ჩაძირული იყო. ხალხი ყვიროდა, მესამეც არის, მესამეც არისო. მესამედ შევბრუნდი, მაგრამ ვერ ვუახლოვდებოდი, იქ უფრო მეტი სიძლიერე იყო, ვერ ვჩერდებოდი, დენი სუნთქვას მიკრავდა. ვერ ვწვდებოდი. ხალხი ყვიროდა, შადრევანი გათიშეთ, შადრევანი გათიშეთო. ამასობაში გაითიშა და ამოვიყვანე.

- სანამ თქვენ არ დაიძახეთ, ვერ ხვდებოდნენ, რომ დენი იყო წყალში?

- რაღაც რომ მოხდა და სამი ბავშვი წყალში წაიქცა, ხალხი ყვიროდა, ვიღაც კაცები აქეთ-იქით დარბოდნენ, ალბათ, ვერ გაბედეს ჩასვლა, ხედავდნენ, რაღაც დაემართათ ბავშვებს, მაგრამ ვერ აცნობიერებდნენ, რა...

ვცდილობდი მალე მივტრიალებულ-მოვტრიალებულიყავი, რომ მეშველა ყველასთვის, ეგება გადარჩენილიყვნენ. დრო დაიკარგა, სანამ გამოვიყვანეთ. ბავშვები ჩაძირული იყვნენ, ერთი ატოკებდა ოდნავ თავს. მარიტა აღარ სუნთქავდა, როცა ამოვიყვანე. დავაწვინეთ, ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ვერ ვუშველეთ... ასე მგონია, ჩემი შვილი იყო... არ უნდა მომკვდარიყო...

- თქვენებმა რა გითხრეს, შინ რომ მიხვედით, მთელი საქართველო გეძებდათ და ვერ გპოულობდით.

- ჩემები მირეკავდნენ და ტიროდნენ გოგონას გამო.

- ახლა ყველა ამბობს თქვენზე, გმირიაო! რა განცდა გაქვთ?

- არაფერი... მინდა ის ბავშვი ცოცხალი იყოს და გინდა მე ჩავრჩენილიყავი ფსკერზე.

პ.ს. დევი მეზურნიშვილი 3 შვილის მამაა. ამბობს, თელავში ვარ დაბადებული, წინანდალში, გაზრდილიო. 7 წელია თბილისში ცხოვრობს ქირით. ამჟამად "ეკოსერვის ჯგუფის" თანამშრომელია და ვაკის პარკში უფროს მებაღედ მუშაობს.