რას გულისხმობს "კიევის უსაფრთხოების კომპაქტი“ - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს "კიევის უსაფრთხოების კომპაქტი“

ბოლო დღეების განმავლობაში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას უკანონოდ და არალეგიტიმურად აფასებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი "ტერორისტულ რეჟიმად" აღიარა, გაეროს უშიშროების საბჭოში მის წევრობას კი "უკანონო" უწოდა. ამას წინ უძღოდა "კიევის უსაფრთხოების კომპაქტის" შემუშავება, რომელზეც ყოფილი მაღალი რანგის ოფიციალური პირებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა იმუშავა. ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენისა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის თანათავმჯდომარეობით ჯგუფმა უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების უზრუნველსაყოფად შეადგინა რეკომენდაციების ნუსხა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტორებად აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, კანადას, პოლონეთს, იტალიას, გერმანიას, საფრანგეთს, ავსტრალიას, თურქეთს, სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის, ასევე ცენტრალური ევროპის ქვეყნებს მოიაზრებს. დოკუმენტის თანაავტორი, ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ "კიევის უსაფრთხოების კომპაქტი" ისრაელის მოდელზე დაყრდნობით შეიქმნა, ისრაელის მოდელი კი აშშ-ის უპრეცედენტო დახმარებას და თავდაცვის და საგარეო პოლიტიკაში კრიტიკულ მხარდაჭერას ითვალისწინებდა, რამაც, ფაქტობრივად, განაპირობა ისრაელის სახელმწიფოს ძლიერება. როგორი იქნება უკრაინისთვის ისრაელის მოდელზე აგებული მხარდაჭერა, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს პროექტი და რას გეგმავს საერთაშორისო საზოგადოებრიობა უკრაინის მხარდასაჭერად და უპირველესად სამხედრო თვალსაზრისით, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, GIPA-ს პროფესორს თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

tengiz-fxaladze.jpg

- მოსკოვმა დაიწყო დანაშაულების ახალი სერია, რაც არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაა და ამას დაემატა ენერგეტიკაც. სწორედ ამის საპასუხოდ გაიმართა სასწრაფოდ ნატოს მინისტერიალი, რამშტაინის მეექვსე შეხვედრაც, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. პირველი იყო ბირთვული შანტაჟის საკითხი, რადგან პუტინი ამას ფსიქოლოგიური ზეწოლის იარაღად იყენებს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნატომ გასაგებად თქვა, ის აკვირდება და მუდმივ მონიტორინგზეა ბირთვული მასალის ნებისმიერი გადაადგილება და ერთი უმნიშვნელო ინდიკაციის შემთხვევაშიც კი პასუხი შესაბამისი­ იქნება. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არავის წაუცდეს ხელი და არც კი სცადოს ბირთვული იარაღის გამოყენება. ყველას ნათლად უნდა ესმოდეს იმის ფასი, რასაც გადაიხდის. ნატო ამის დემონსტრირებას იმისთვის ახდენს, რომ ქმედება მოაყოლოს. ამას დაემატა ისიც, რომ ბირთვული წვრთნები, რომელსაც ალიანსი დროდადრო ატარებს, გადმოტანილ იქნა და ახლა ჩატარდება. გარდა ამისა, გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ, რეალურად მოჰყვება ცის ჩაკეტვა და აქ იგულისხმება არა მარტო დამატებითი, არამედ ხარისხობრივად აღმატებული საჰაერო თავდაცვის შეიარაღების მიწოდება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ის ქვეყნები, რომლებიც აქამდე ცოტა სკეპტიკოსები და უფრო კონსერვატორები იყვნენ დახმარების საკითხში, დღეს გაცილებით აქტიურობენ. ლაპარაკია ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არიან საფრანგეთი, გერმანია და სხვები, რომლებიც აქამდე განსაზღვრული ტიპის შეიარაღების მიწოდებაზე თავს იკავებდნენ. ახლა ისინიც კი ულტრათანამედროვე შეიარაღებას მიაწვდიან უკრაინას. მნიშვნელოვანია წვრთნის კომპონენტიც, რადგან ნებისმიერ თანამედროვე იარაღის მოხმარებას მომზადება სჭირდება.­ ახლა სერიოზული ეტაპი­ დასრულდა, წვრთნა გაიარა 10 ათასმა კაცმა და ბრუნდება ბრიტანეთიდან, მეორე, ასეთივე რაოდენობის ნაკადის წვრთნა კი ახლა იწყება. ასე რომ, ყოველივე ეს ერთად არის ის, რამაც უნდა უზრუნველყოს უკრაინის სწრაფი გამარჯვება. ხაზს ვუსვამ სისწრაფეს, რადგან უკრაინამ რომ უნდა გაიმარჯვოს, ეჭვი არავის ეპარება. დღევანდელი ამოცანაა ეს მოხდეს რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით და მალე.

- ამ ეტაპზე მთავარი რა არის, პირველად რისი გაკეთება იგეგმება?

- უკრაინის ფრონტს თუ გადავხედავთ, მთავარია, არ გაფართოვდეს შესაძლო თავდასხმების გეოგრაფია. მაგალითად, ლაპარაკია ბელარუსიდან ახალ შეტევებზე.

- როდის დაიწყება შეტევითი იარაღის მიწოდება? ცხადია, ამან უკიდურეს საჭიროებას მიაღწია, რადგან დღეს რუსეთი აგებს ბრძოლებს და თმობს პოზიციებს, მაგრამ მაინც ბომბავს ქვეყნის შიდა ტერიტორიებს, დიდ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.

- ძნელია თარიღებზე ლაპარაკი, მაგრამ­ არსებითი ის არის, რომ აუცილებლად­ იქნება. თარიღები, როგორც წესი, არ ხმაურდება, მაგრამ მთავარია, ყველაფერი კეთდება და კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, რომ უკრაინამ მეტი დახმარება მიიღოს. საქმე გვაქვს სამხედრო დამნაშავე რეჟიმთან, რომელიც დამნაშავეა მთელი კაცობრიობის წინაშე და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მზად იყოს პასუხი და ქმედებები არა მარტო იმ ტიპის საფრთხეებზე, რომლებიც ომს ახლავს ხოლმე, არამედ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სამხედრო დანაშაულის შესაძლებლობა, რადგან ეს არის კრიმინალური რეჟიმი, რომელსაც შეუძლია დაბომბოს მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველგვარი სამხედრო მიზნების გარეშე, ისე, რომ სამხედრო კომპონენტში ამან არანაირი წარმატება არ მოუტანოს და ეს იყოს მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობრივი აქტი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის. ბოლო პერიოდში რამდენიმე დიდ საერთაშორისო ღონისძიებაზე მომიწია ყოფნამ და ერთ-ერთზე გამოდიოდა უკრაინის გენპროკურორი, რომელიც ჰყვებოდა ათასობით სამხედრო დანაშაულზე, რომელთა მოსმენაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, შემზარავია. ეს არანაკლები სიმწვავის მასალაა, რაც იყო ნიურნბერგის პროცესზე.

- პუტინი ატომური იარაღის­ გამოყენებით იმუქრება მანამ, სანამ ამით შანტაჟის საშუალება აქვს. როდემდე მისცემს საერთაშორისო საზოგადოებრიობა და უპირველესად ნატო და აშშ ამის უფლებას?

- ამიტომაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-ისა და ალიანსის პოზიცია. ბირთვული იარაღის გამოყენება არ არის სახუმარო საქმე, რომ ვიღაცას მაგიდაზე წითელი ღილაკი აქვს, დააჭერს ხელს და აამოქმედებს. ამას სჭირდება ბირთვული მასალის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა, რათა შესაძლებელი გახდეს მისი გამოყენება. ამისთვის იწყება სადაზვერვო ფრენები, მონიტორინგი, ხომ არ ხდება საწყობებიდან ბირთვული მასალის გადაადგილება. ჯერჯერობით, რაც ლოიდ ოსტინისგან მოვისმინეთ, არც ერთი ინდიკატორი ამას არ აჩვენებს. ცხადია, მოდუნება არ შეიძლება და ეს უნდა იყოს 24-საათიანი მონიტორინგი, რასაც ნატო აკეთებს კიდეც.

- გასაგებია, რომ გადაადგილება არ დაუფიქსირებიათ, მაგრამ ომის დაწყებამდე არ იყო შესაძლებელი რუსეთს წინასწარ გადაეტანა ბირთვული მასალა?

- ეს ძალიან სპეციფიკური იარაღია და მალულად მისი გადაადგილება დღევანდელ ვითარებაში გამორიცხულია.

- ეს შეეხება სტრატეგიულ და ტაქტიკურ ბირთვულ იარაღსაც?

- რა თქმა უნდა. ბირთვული მარაგები­ არ არის ისეთი რამ, რომ სარდაფებში ინახებოდეს. მის დასაწყობებას აქვს სპეციალური წესები, ისევე როგორც გადაადგილებასაც. ალიანსს აქვს იმის საშუალება, რომ აღმოაჩინოს მისი გადაადგილება. არსებობს დაზვერვითი ტექნოლოგიები, მათ შორის აშშ-ის სამი თვითმფრინავი, რომლებიც სწორედ ამაზე არიან ფოკუსირებული და ნებისმიერი მოძრაობა რადარზე ფიქსირდება.

- როდესაც საერთაშორისო დონეზე ამ საკითხზე მსჯელობაა, ჩანს თუ არა, რომ რუსეთშიც მიმდინარეობს სადაზვერვო მუშაობა?

- ბირთვული იარაღის ამოქმედება კოლექტიური გადაწყვეტილების შედეგი უნდა იყოს. ყველასთვის გასაგებია, რომ თუ კრემლმა ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო, ეს განხილული იქნება როგორც საშინელი დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ჯეკ სალივანმა თავის დროზე განაცხადა, რომ ძალიან მაღალ დონეზე გაუგზავნა კრემლს სიგნალი, რომ შედეგები კატასტროფული იქნება რუსეთისთვის და ეს არ არის უბრალოდ განცხადება. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ იქ უშიშროების საბჭოს სხდომაც ჩატარდა და შესაძლოა მოდელირებაც გაიმართა. ასეთი განცხადებები ჰაერზე არ კეთდება.

- ასევე მნიშვნელოვანია ევროპის ენერგ­ო­რესურსებით მომარაგების საკითხი, რასაც პუტინი ისევ იყენებს შანტაჟისთვის. ცოტა ხნის წინ გაკეთდა განცხადებები, რომ ევროპა მზად არის, რომ მარაგები თითქმის შევსებულია... დღეს რა მდგომარეობაა, რუსეთი შეძლებს ენერგორესურსებით შანტაჟის გაგრძელებას?

- მე დავესწარი ამ საკითხებზე გამა­რთულ კონფერენციას ევროპაში და სიმართლე გითხრათ, ეს თემა საქართველოში­ უფრო ჰიპერბოლიზებულია. ევროპის გაზის მარაგების 95% სავსეა. რუსეთმა, როგორც თავის დროზე ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესებით სტიმული მოგვცა უკეთესი ბაზრების საპოვნელად და ჩვენი ღვინის ხარისხის გასაზრდელად, დაახლოებით ასეთი რაღაც მოხდა ახლა ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზეც, ცხადი შეიქნა, რომ ჩანაცვლებაც შესაძლებელია და დივერსიფიცირებაც. პრაღაში ალიევის ბოლო განცხადებაც, რომ ის მზად არის გააორმაგოს გაზის და ელექტროენერგიის მიწოდება ამაზე მეტყველებს. ევროკავშირსაც აქვს საამისოდ ახალი პროექტები. წელს პირველად ამერიკიდან შემოტანილმა გაზმა მოც­ულობით გადააჭარბა რუსეთისას. არც ძველებური შანტაჟი გამოსდის რუსეთს ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე. ევროპა ეჩვევა რუსული ენერგომატარებლების გარეშე ცხოვრებას. რუსეთისთვის იქნება ეს კატასტროფა და არა ევროპისთვის. იგივე მოხდება პროდუქტის ფასებზე - როდესაც რუსეთმა თავიდან ხორბლით შანტაჟი დაიწყო და დღეს იქამდე მივიდა, რომ ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვები ჯერ შეამცირა და მერე მოხსნა, მერე ფასიც შეამცირა, რადგან აქედან შემოსავალი თავად სჭირდება. ევროკავშირს დივერსიფიკაციის იმდენი საშუალება და შესაძლებლობა აქვს, რომ რუსეთის გარეშე ნამდვილად გაძლებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროკავშირმა შემოიღო მოსახლეობისთვის კომპენსაციის პაკეტი, რაც სხვადასხვა ღონისძიებას ითვალისწინებს. კი, პატარა დისკომფორტი იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავად საზოგადოებაა ამაზე თანახმა, რადგან ძალიან კარგად აცნობიერებს რუსეთის მიზნებს და მიაჩნია, რომ რუსეთს ეს არ უნდა შერჩეს. ურჩევნიათ ახლა ძვირი ფასი გადაიხადონ და მომავალში იცხოვრონ შანტაჟის გარეშე.

რუსა მაჩაიძე