"მიამიტურია ფიქრი, რომ კრემლს ახლა ჩვენთვის არ სცალია“ - კვირის პალიტრა

"მიამიტურია ფიქრი, რომ კრემლს ახლა ჩვენთვის არ სცალია“

"ომის ახალი ფაზა" უკრაინაში ყირიმის ხიდის აფეთქების სანაცვლოდ თუ პუტინის ბოლო გაბრძოლება ფრონტის ხაზზე სიტუაციის შესაცვლელად; რამდენად რეალურია რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა და როგორი იქნება დასავლეთის პასუხი - ამ თემებზე პოლკოვნიკი, სამხედრო ანალიტიკოსი ლაშა ბერიძე­ გვესაუბრა:

- სარაკეტო დაბომბვა, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანებაზეა გათვლილი, ომში გარდატეხას ვერ შეიტანს. რასაც რუსეთის ე.წ. მეორე ფაზას უწოდებენ, სინამდვილეში, სადამსჯელო ოპერაციაა და რუსეთის მოსახლეობისთვის არის გათვლილი, ჩვენს წინააღმდეგ მთელი დასავლეთი გაერთიანდა, მაგრამ არ ვმარცხდებითო. ეს აუცილებლად გამოიწვევს უკუშედეგს - უკრაინა უფრო მეტად შეიკვრება მტრის წინააღმდეგ. დასავლეთიდან სამხედრო დახმარება არ შეწყვეტილა, რაც პროცედურულად მარტივი არ არის, შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, რომელიც ახლა უკრაინას სჭირდება, დახლზე არავის უწყვია - მას მომზადება და ტრანსპორტირება სჭირდება. რაც უფრო აგრესიული იქნება რუსეთი,­ მით მეტ დახმარებას მიიღებს უკრაინა. მსოფლიო ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ მანამდე დაეხმარებიან უკრაინას, სანამ არ გაიმარჯვებს.

დაჩქარებული წესით გადაცემული სამხედრო დახმარება ორი სახის შეიარაღებას მოიცავს: სახმელეთო შეიარაღებას, არტილერიას, სხვადასხვა სახის საარტილერიო დანადგარებსა და საბრძოლო მასალას. მნიშვნელოვანია, უკრაინამ სწრაფად შექმნას რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რათა რუსული სარაკეტო დარტყმებისგან მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაიცვას. დახურონ უკრაინის ცა, რაზეც ამდენი ხანია ლაპარაკი. უკრაინას როგორც ტერიტორიულად, ასევე რესურსებით, შეუძლია მეორე ისრაელი გახდეს და მეტად წარმატებულიც. მისი მთავარი პრობლემა ოლიგარქიული რეჟიმი იყო, რაც ასუსტებდა. თუ ეს პრობლემა აღმოიფხვრება, ის ერი დაუმარცხებელია. ვფიქრობ, ოლიგარქებთან ბრძოლა გახდა რუსეთის თავდასხმის მიზეზი, რადგან ქვეყანა რუსული ორბიტისგან გათავისუფლებას ცდილობდა და მისი წარმატება ვერ აიტანა. რუსეთისთვის მეზობელი ქვეყნების განვითარება ტრაგედიაა.

- რუსეთი მოკავშირე ქვეყნებიდან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას. ირანმა მას 2400-მდე შაჰიდის დრონი გადასცა. ასევე აქვს ბელარუსის იმედიც...

- რუსეთი დიპლომატიურად იზოლირებულია. გაეროს ასამბლეაზეც ხმათა­ უმრავლესობით დამტკიცდა რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში ჩატარებულ რუსულ რეფერენდუმს და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიას გმობს. ირანისგან­ გასაკვირი არაფერია, მაგრამ ეს ცუდად მიუბრუნდება. ქვეყანაში საპროტესტო გამო­სვლებია და არც შეწყდება. ირანი ამ ომში რუსეთის მხარეს დგომით უფრო მკაცრ იზოლაციაში მოექცევა. არადა, საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაბალანსებას ირანის რესურსებით აპირებდნენ - ენერგორესურსების შესავსებად მისთვის სანქციების შემსუბუქებაზე ლაპარაკობდნენ. ირანისთვის ეს შანსი იყო. ალი ხამენეის­ რეჟიმმა უარყო, რუსეთისთვის დრონები არ გადაგვიციაო, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით. მსოფლიო პოლიტიკა მისთვისაც მოიცლის და დაუსჯელი არ დარჩება.­

ოპეკმა, რომელიც საუდის არაბეთში­ დიდ როლს თამაშობს, ნოემბრიდან დღეში­ ნავთ­ობის­­ მოპოვების ორი მილიონი ბარელით შემცი­რება გადაწყვიტა და ეს მაშინ,­ როდესაც­ ევროკავშირმა რუსეთს სანქცი­ის ფარგლებში ფასების ზედა ზღვარი დაუწესა, რაც "სიურპრიზია" დასავლეთისთვის, მაგრამ საუდის არაბეთში საკითხს პრაგმატულად უყურებენ. ეს მათი ომი არ არის და თვლიან, რომ არ ეხებათ. თანაც, საუდის არაბეთს ახსოვს, როდესაც იემენში კონფლიქტი ჰქონდა,­ დასავლეთი არ დახმარებია. ახლა კი ცდილობენ შექმნილი ვითარებიდან ფინანსური სარგებელი ნახონ.

რაც შეეხება ბელარუსს, თუ ლუკაშენკო გაბედავს და უკრაინაზე სამხედრო იერიშს მიიტანს, მისი რეჟიმი ამას გადაჰყვება. უკრაინის შეიარაღებული ძალები ძალიან მარტივად შეძლებენ მათ განეიტრალებას, რადგან ბელარუსს საბრძოლო დანაყოფები კი არა, გამოუცდელი, პოლიციური ჯარი ჰყავს. სავარაუდოდ, ბელარუსმა თავისი შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე გადასცა რუსეთს, რაც მოსალოდნელი იყო.

- რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, იმედი აქვთ, რომ დეკემბერში ახალ­წვეულებიც დაემატებიან. რას შეცვლის ეს ნაკადი ფრონტის ხაზზე?

- სამხედრო მობილიზაცია ეფექტური რომ იყოს, ქვეყანას მომზადებული სარეზერვო ქვედანაყოფები სჭირდება. რუსეთს კი ყველაზე მეტი პრობლემა ქვეითთა საბრძოლო დანაყოფებში აქვს. რეზერვი ქაღალდზე არაფერს ნიშნავს. ის ისეთივე მომზადებული უნდა იყოს, როგორც ძირითადი ჯარი. ამ ომში გამოჩნდა, რა მდგომარეობაშია რუსული არმია, კონტრაქტორები და რეზერვში რა ხდება, ადვილი წარმოსადგენია. არც რუსული საბრძოლო მასალაა­ ამოუწურავი. ამიტომ ახალი ნაკადის ომში ჩართვა უეფექტო იქნება. ამ ომში რუსეთს 200 ათასამდე სამხედრო სჭირდება, მოუყარა კიდეც თავი, მაგრამ ომს მათემატიკურ მეცნიერებასთან ერთად, მომზადება და პრაგმატული გათვლებიც იგებს. თუ ადამიანი ომისთვის მზად არ არის, ვერ იომებს.

წლების განმავლობაში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი ვიყავი­ და დიდი გამოცდილება მაქვს. სულ ცოტა, 100 ათასამდე კაცის მომზადებას, ექვსი თვე მაინც სჭირდება. როდესაც ავღანეთის­ სამშვიდობო მისიაში პროფესიონალურად გაწვრთნილ ბატალიონებს ვგზავნიდით, ნახევარი წლის განმავლობაში ვამზადებდით და დრო მაინც არ გვყოფნიდა. რუსეთის დაბალი სტანდარტებიდან გამომდინარე, ექვსი თვის განმავლობაში­ 200 კი არა, 100 ათასი კაცი პროფესიონალურ დონეზეც რომ მოამზადონ, 20 ათასი ინსტრუქტორი მაინც სჭირდებათ, რომლებიც არ ჰყავთ. არც თანამედროვე ქვეითი ტაქტიკის მიხედვით მოქმედება იციან - კოლონაში შემავალი ჯავშანმანქანებიდან ჩამოსვლისთანავე იკარგებიან, რადგან შემდგომი მოქმედებები არ იციან. იმ 200 000 კაცს ომიდან გაქცეული დეზერტირები ვერ მოამზადებენ. ამიტომაც აქვს რუსეთს ამხელა დანაკარგი­. რუსეთი შეცდომებზე არასდროს სწავლობს, ჩეჩნეთის ომში მიღებული გამოცდილებაც არ გაუანალიზებიათ. რეგიონში კონტროლი კი აქვთ, მაგრამ უდიდესი დანაკარგისა და კადიროვის ხარჯზე. ტაქტიკურად და ოპერატიულად საბჭოთა კავშირის ჯარისგან არ განსხვავდებიან. მათი უპირატესობა საჰაერო და სარაკეტო დარტყმებია.

- ოკუპირებულ აფხაზეთში გეგმური მობილიზაცია გამოცხადდა. ბჟანიამ სამხედრო მობილიზაციის მზადყოფნის გაძლიერების ბრძანება გასცა.

- თუ აფხაზებს რუსეთის მხარეს­ სურთ ბრძოლა და სიკვდილი, ეს ბრიყვული არჩევანი იქნება, მაგრამ მგონია, რომ ოსები­სგან განსხვავებით, მათ სწორი არჩევანის გაკეთება შეუძლიათ და დაიწყო კიდეც ლაპარაკი პროქართულ განწყობებზე. საინტერესოა, რას სთავაზობს ქართული მხარე, რადგან ახლა შექმნილი რეალობა უნიკალური შანსია მათ შემოსარიგებლად, ისე, რომ მათი კულტურა, იდენტობა, ღირსება­ გადარჩეს. აფხაზეთშიც დაიწყეს გააზრება,­ რომ მხოლოდ ქართულ მხარესთან ერთად გადარჩებიან, რუსეთთან პერსპექტივა არა აქვთ. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდება, მაგრამ საქართველოსთვის ის ყოველთვის შემოინახავს რესურსს, რომ უკვე მის კონტროლირებად ტერიტორიებზე გავლენა კი არ დაკარგოს, გააძლიეროს. დასუსტებული რუსეთი არ ნიშნავს, რომ მისგან საფრთხეებს არ უნდა ველოდოთ. ამიტომ ქართული მხარე მეტი ძალისხმევით უნდა მუშაობდეს აფხაზებთან და ოსებთან, უხსნიდეს ევროპის სიკეთეებს, საითაც ვისწრაფვით. აფხაზებისგან არის ამის ინტერესი, რადგან რუსეთის ზრახვებს­ უკვე ჩასწვდნენ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აფხაზეთის დასახმარებლად, ოღონდ მათი ინტერესების გათვალისწინებით და კიდევ, ანგარიშგასაწევი ძალა უნდა ვიყოთ. იმედია, საქართველოს ხელისუფლებაში მსჯელობენ, აფხაზეთში ანტისამობილიზაციო აქციების დაწყების შემთხვევაში როგორ უნდა ვიმოქმედოთ.

ზამთარი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ძალზე არახელსაყრელია. უკრ­აინას კი მაღალი დონის თანამედროვე სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა აქვს და თავის ტერიტორიაზეა, რაც უპირატესობას აძლევს. რუსული არმია ისედაც ცუდად არის აღჭურვილი, ზამთარში კი ჯარის შენახვა ბევრად ძვირია, მეტი ტანსაცმელი, საკვები, საწვავი სჭირდება, რუსული არმიის ლოჯისტიკა კი კატასტროფულ მდგომარეობაშია. ჯერჯერობით ამ ომში რუსეთის არმიის ერთადერთი უპირატესობა მისი რაოდენობაა.

- რუსული ФСБ-ს ცნობით, ყირიმის ხიდზე აფეთქებულ სატვირთო ავტომანქანას ბულგარეთიდან საქართველოში შემოსული და სომხეთში განბაჟებული ტვირთი გადაჰქონდა. რაზე მიანიშნებს რუსეთი?

- მისი ნებისმიერი განცხადება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია. როდესაც კრემლი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება გონივრულად იქცევა, სინამდვილეში ეს საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის დაწყებაზეა გათვლილი. ყველაფერში მოსინჯავს ნიადაგს, ყველა პროვოკაციულ გზას გამოიყენებს. ასეთია ყირიმის ხიდის აფეთქება, ФСБ-ს აბსურდული, პრიმიტიული სცენარი... რუსეთისგან საფრთხე ყველა მხრიდან მოსალოდნელია და ძალზე მიამიტურია ფიქრი, რომ კრემლს ახლა ჩვენთვის არ სცალია. მას ყოველთვის სცალია ჩვენთვის, სულ მზად არის, რომ საქართველოს დასავლური კურსიდან გადაახვევინოს, რადგან ძალიან ვჭირდებით გეოპოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურადაც. ამიტომ, თუ შესაძლებლობა მიეცა და ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდა, შეიძლება უკრაინისკენ მიმართული ძალისხმევა მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ ჩვენკენ გადმოიტანოს. უკრაინა ბელგოროდს, მის ქალაქს უბომბავს, ყირიმი აშკარად ნაღმზე ზის, 21 სექტემბერს გამოცხადებული­ ნაწილობრივი მობილიზაციის გამო რუსეთში­ პროტესტია, ხალხი ქვეყნიდან გარბის, არმიაში დეზერტირობაა, მოწინააღმდეგეს ტყვედ ბარდებიან - მოკლედ, რუსეთს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ახალგორის მხარეს მავთულხლართების გავლება, მიწის მიტაცება არ ავიწყდება. ამ ყველაფერმა უნდა გვიკარნახოს, რომ საქართველომ უნდა დააჩქაროს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია.­ კიდევაც რომ დამარცხდეს რუსეთი, ეს საქართველოსთვის, თუ მას დასავლელი პარტნიორების დახმარების­ მტკიცე ფარი არ ექნება აღმართული, ყოველთვის საფრთხე იქნება.

- რუსეთი კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ლაპარაკობს, თუმცა ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მას ისევ დაყვავებით ესაუბრება.

- დღემდე ბირთვული სახელმწიფოები ურთიერთშეკავების პოლიტიკას იცავდნენ, ანუ ერთმანეთს თავს არ ესხმოდნენ, რადგან ამას ურთიერთგანადგურება მოჰყვებოდა. ამბობენ, რომ პუტინი ჩიხშია, თუმცა­ მე ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ­ აქვს რესურსი.­ ტაქტიკურ ბირთვულ იარა­ღის გამოყენებაზე კი ხელაღებით საუბარი არასერიოზული მგონია. ასეთი იარაღი ამერიკამ ჰიროსიმა-ნაგასაკიში გამოიყენა და მსოფლიომ ნახა მისი საზარელი შედეგები. ვფიქრობ, მსოფლიო ამის გამეორებას არ დაუშვებს­. ბირთვული იარაღის გამოყენების კი არა, არასანქცირებული გადაადგილების გამოც კი დასავლეთი ბირთვული შეკავების პროტოკოლს გაააქტიურებს. ბირთვული შეკავება არ ნიშნავს, რომ დასავლეთში მშვიდად­ უყურებენ, როდის გამოიყენებს რუსეთი მას, რათა პოსტ ფაქტუმ უპასუხონ. მათ სტრატეგიული ბირთვული­ მოქმედებების ძალები, სადაზვერვო ქვედანაყოფები ჰყავთ. როგორც კი გაიგებენ, რომ რუსეთი ბირთვულ თავდასხმას აპირებს, დაასწრებენ თავდასხმას. ამიტომ, თუ პუტინი ამ სიგიჟეზე წავიდა, უპირველესად, თავისი ქვეყნის მოსახლეობას შეუქმნის უდიდეს საფრთხეს. თუ ამას დააპირებს, ბურიატიას კი არა, პირდაპირ კრემლს დაარტყამენ, რომ მთავარი საფრთხე გაანეიტრალონ.